მიმდინარე წლის 6 და 7 მარტს ერევანსა და გიუმრიში სომხურ-რუსული ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა. მთავარი თემა იყო რუსეთის იმპერიას და სპარსეთს შორის თურქმენჩაის სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების 190 წლისთავი. აღნიშნული შეთანხმებით დასრულდა რუსეთ – სპარსეთის 1826-1828 წლების ომი, რომლის მიხედვითაც ერევნის და ნახიჩევანის სახანოს ტერიტორიები რუსეთის დაქვემდებარებაში გადავიდა.
სომხებისთვის ამ შეთანხმებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგანაც შვიდი საუკუნის განმავლობაში რელიგიურად უცხო გარემოში არსებობდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცათ საშუალება საკუთარ ისტორიულ ტერიტორიაზე ქრისტიანული სამყაროს ფარგლებში გაეგრძელებინათ ცხოვრება.
ჯერ კიდევ წინა, 1801-1813 წლების რუსეთ-სპარსეთის ომის დროს, სპარსეთმა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მთელი რიგი სახანოების რუსეთისთვის შეერთება აღიარა. ამგვარად, XIX საუკუნის დასაწყისის რუსეთ-სპარსეთის ომების შედეგად, რუსეთს ისტორიული აღმოსავლეთ სომხეთის ტერიტორიები შეუერთდა, რაც ამ ერის ისტორიაში ეპოქალურ მოვლენად იქცა.
იმ დროინდელმა მოვლენებმა ბევრად განსაზღვრა სომეხი ერის შემდგომი განვითარების პარადიგმა და წინაპირობა შექმნა სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, რაც მოგვიანებით სამ ეტაპად განხორციელდა: 1918 წელს სომხეთის პირველი რესპუბლიკის შექმნა, 1920 წელს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის გაფორმება და ბოლოს, 1991 წელს სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება.
ამგვარად, რთულია სომეხი ხალხის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით თურქმენჩაის ხელშეკრულების მნიშვნელობის დაუფასებლობა. სომხეთის მოსახლეობა დიდ იმედებს ამყარებდა ქვეყანაში რუსული ჯარის შესვლაზე, ამიტომაც მას ყოველმხრივ ეხმარებოდა. ნიკოლოზ პირველის ბრძანებით, ახლად შეძენილ ტერიტორიებზე სომხეთის ოლქი შეიქმნა, რომლის დედაქალაქად ერევანი დასახელდა. მის შემადგენლობაში ერევნის, ნახიჩევანის სახანოს და ორდუბადის ოლქის მიწები შევიდა.
იმის შესახებ, რომ თურქმენჩაის ხელშეკრულება და სომხური ოლქის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯები იყო სომხური სახელმწიფოებრიობის აღსადგენად, სომხეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდადტმა ედუარდ შარმაზანოვმაც ისაუბრა, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე – “თურქმენჩაის ხელშეკრულება – 190 წლისთავი: ისტორია და თანამედროვეობა”, გამოსვლისას, რომელიც 6 მარტს, ერევანში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალში გაიმართა.
“სომხურ ოლქს თავისი გერბი და სიმბოლოები ჰქონდა – არარატის მთა ნოეს კიდობნითა და ეჩმიაძინის ტაძრით. სომხურმა კულტურამაც განვითარების ძლიერი იმპულსი მიიღო”, – განაცხადა შარმაზანოვმა.
მისივე თქმით, სომეხი ერის შვილებმა წარუშლელი კვალი დატოვეს რუსული დაუმარცხებელი არმიის გაძლიერებაში, ხოლო XX საუკუნის პირველი ნახევრის მიწურულს, ჰიტლერული ფაშიზმის წინააღმდეგ რუსი და სომეხი სამხედროები ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ.
“სომხურ-რუსული ურთიერთობების უახლესი ისტორია – ეს ორი ბუნებრივი მოკავშირის გზაა. ჩვენი მოკავშირეობა ვითარდება სამხედრო, პოლიტიკურ, კულტურულ, ეკონომიკურ, სულიერ სფეროებში”, – დასძინა მან.
სომხების ბედი მნიშვნელოვნად განსაზღვრა თურქმენჩაის ხელშეკრულების იმ ნაწილმა, რომელიც ითვალისწინებდა რუსეთში სპარსეთიდან შეუფერხებლად გადასვლას და იქ დასახლებას, მხოლოდ ეს ერთი წლის განმავლობაში უნდა მომხდარიყო. მიუხედავად იმისა, რომ გადასახლების მსურველებს სპარსეთის მმართველობა ფარულად უშლიდა ხელს, ათობით ათასმა სომხურმა ოჯახმა, მაინც მოახერხა ისტორიულ მიწაზე დაბრუნება.
გადასახლების პროცესს პოლკოვნიკი ლ.ე ლაზარევი ხელმძღვანელობდა, რომელიც არა მხოლოდ გადასახლების მსურველთა პროგრამას ადგენდა, არამედ გაღატაკებულებს ფულით ეხმარებოდა. ამ საქმეში ასევე, სერიოზული წვლილი გაიღო რუსეთის იმპერიის ელჩმა სპარსეთის შაჰის კარზე, დიდმა რუსმა მწერალმა ალექსანდრე გრიბოედოვმა. თურქმენჩაის ხელშეკრულების 190 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ერევანში გრიბოედოვის ძეგლის ყვავილებით შემკობით დაიწყო.
ამგვარად, რუსული ხელმძღვანელობა კონცენტრირებული იყო სომხების რეპატრიაციაზე, რომლებიც XVII საუკუნეში შაჰ-აბასმა იძულებით გადაასახლა ირანში. შემდგომში უკვე სომხეთის ოლქად გამოცხადებული ტერიტორიიდან სომეხი ხალხის გადინება 1828 წლამდე გრძელდებოდა.
იმ დროინდელი მოვლენების შესახებ, Dalma News-ის კორესპონდენტი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “თურქმენჩაის ხელშეკრულება – 190 წლისთავი: ისტორია და თანამედროვეობა” კიდევ ერთ მონაწილეს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს, სომხეთის რესპუბლიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის დირექტრის მოადგილეს, პროფესორ კარენ ხაჩატრიანს გაესაუბრა.
“თურქმენჩაის ხელშეკრულების წყალობით სომხებს ეკონომიკურად და კულტურულად განვითარების შესაძლებლობა მიეცათ. ძალზედ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ აღნიშნული შეთანხმების და რუსული მხარის მიერ ამის შემდგომი მოქმედებების შედეგად, აღნიშნულ ოლქში სომხური მოსახლეობის რაოდენობამ, აღმოსავლეთ სომხეთის და ამიერკავკასიის სხვა ხალხებთან შედარებით, პროცენტულად გადააჭარბა. თურქმენჩაის ხელშეკრულების მიხედვით, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ერევნის, ნახიჩევანის, ორდუბადის რაიონების შესვლამ, ამ ტერიტორიებზე სომხების კიდევ უფრო მეტად თავმოყრა განაპირობა. საზღვარგარეთ, სომხური დიასპორის წარმომადგენლებმაც თავიანთი ყურადღება რუსეთისკენ მიაპყრეს და რუსულ-სომხურმა ურთიერთობებმა საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს”, – განაცხადა მან.
თურქმენჩაის ხელშეკრულების ისტორიული მნიშვნელობის შეფასებისას პროფესორმა ხაჩატრიანმა დასძინა, რომ ზემოთ აღნიშნული მოვლენების შედეგი ის იყო, რომ 1918 წლის მაისში სომხეთის პირველი რესპუბლიკა იმ ტერიტორიებზე გამოცხადდა, რომლებიც ხელშეკრულების თანახმად, რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.
ხაჩატრიანი დარწმუნებულია, რომ რუსეთის სახელმწიფოსთვის სომხეთის აღმოსავლეთ ტერიტორიების შეერთებამ სომეხი ხალხის კულტურული პროგრესის საჭირო პირობა შექმნა, ხელი შეუწყო სახალხო განათლების, განმანათლებლობის, ლიტერატურის, ხელოვნების, მეცნიერების განვითარებას.
“ამ თვალსაზრისით, სომეხ ხალხთან მიმართებაში რუსეთმა ძალზედ პროგრესული როლი შეასრულა. ყველამ კარგად ვიცით, რა ბედი ეწია სომხეთის დასავლეთ ნაწილს: სრული განადგურება, დეპორტაცია, გენოციდი და პატრიოციდი – სამშობლოს დაკარგვა. შედეგი კი, მთელს მსოფლიოში გაბნეული სომხური დიასპორაა. დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ თურქმენჩაის ხელშეკრულების აქტუალობა და ისტორიული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ კონტექსტში სომხურ-რუსული ურთიერთობები – ძმური მეგობრობა, ურთიერთგაგება, მჭიდრო თანამშრომლობა ყველა სფეროში და სამხედრო-სტრატეგიული პარტნიორობა გაგვაჩნია”, – განაცხადა პროფესორმა.
ამგვარად, თურქმენჩაის ხელშეკრულების შედეგი სომხების ისტორიულ მიწაზე მასობრივად დაბრუნება იყო. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შესვლით, სომხებმა თავი დააღწიეს ასიმილაციის და ფიზიკური განადგურების საფრთხეებს. გაჩნდა კულტურის და ეკონომიკის განვითარების პირობები. ეს ყველაფერი კი საფუძვლად დაედო სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენას.
მოამზადა ზარუი ბაბუხანიანმა