Dalma News-ი აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტს, მსახიობს, პუბლიცისტს და მსკ-ს ლეგენდარული ჯგუფის «Парни из Баку» წევრ ბაჰრამ ბაგირზადეს ესაუბრა, რომელმაც ცოტა ხნის წინათ თავისი გამოფენა ART IN BOXES² მოაწყო, შემოსული თანხა კი ქველმოქმედებას მოხმარდა.

– ბოლო ხანებში საკმაოდ ხშირად აწყობთ გამოფენებს. როგორ უთავსებთ ყველაფრის ერთმანეთს?

– ამბობენ, რომ მე ყოფილი მსკ-ნელი ვარ, თუმცა მიმაჩნია, რომ ყოფილი მსკ-ნელი არ არსებობს. მსკ და იუმორი ჩემში ცხოვრობს და ეს სიცოცხლის ბოლომდე გამყვება. ადამიანებისთვის სიხარული მომაქვს და შემიძლია სიყვარული, ამიტომაც გამომდის ყველაფერი. სიყვარული კი მხოლოდ ბედნიერ ადამიანებს შეუძლიათ.

რაც შეეხება გამოფენა ART IN BOXES²-ს, ეს უკვე მეორე მსგავსი ღონისძიებაა. ამ არც თუ დიდი პროექტის მიზანია, მაყურებელმა ყურადღება გაამახვილოს თანამედროვე ხელოვნების იდეებზე, ახალ სახეებსა და იდეებზე. წარმოგიდგენთ მშვიდობის ჩემეულ ხედვას სხვადასხვა მიმართულებაში და ესთეტიკურ ფორმატში, ასევე, სერიას “ევროპა ავტორის თვალით”. შევეცადე გარდამექმნა რეალობა მხატვრულ სივრცეში და შემექმნა არა აბსტრაქტული ინსტალაცია, არამედ ცხოვრების პატარა ეპიზოდები. რაც ყველაზე მთავარია, თითოეულ ქმნილებაში ემოცია, აზრი და ყველაზე გულწრფელი გრძნობები ჩავდე! მალე ჩემი გამოფენა ევროპაშიც გადაინაცვლებს. ვგეგმავ გერმანიაში, ბელგიაში, ლუქსენბურგსა და სხვა ქვეყნებში ჩასვლას.

– ფილმების გადაღებებში საკმაოდ ხშირად მონაწილეობთ. როგორ ვითარდება თქვენი კარიერა ამ მიმართულებით?

პავლე პრილუჩნი და ბაჰრამ ბაგირზადე

– დაახლოებით 30 ფილმში ვმონაწილეობ. ამ გაზაფხულზე რუსეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილია ფილმ “კილიმანჯაროს” პრემიერა, სადაც ჩემთან ერთად სხვა ცნობილი, აზერბაიჯანელი და რუსი მსახიობებიც მონაწილეობენ. მათ შორის პაველ პრილუჩნი, მაქსიმ ვიტორგანი, ტაირ იმანოვი, არტიომ სუჩკოვი, მურად მამედოვი და სხვები. ფილმის გენერალური პროდიუსერი ალექსანდრე ცეკალოა. ეს არის კომედიური ჟანრის ფილმი, რომელიც მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, როდესაც ქორწილში ნეფე არ გამოცხადდება. ფილმის მოკლე აღწერილობა ასეთია: “თუ ნეფე არ გამოცხადდა, საჭიროა მისი მოძებნა. სწორედ ასე იქცევა მარუსია, რომელიც შეყვარებულის საძებნელად მის სამშობლოში, აზერბაიჯანში მიემგზავრება. კარგია, როდესაც გვერდით გყავს ახლო მეგობრები და უბრალოდ ნაცნობები. ასეთ შემთხვევაში მარუსიას ბაქოში თავგადასავლები მარუსიას გარანტირებული აქვს”.

ვფიქრობ, ფილმის პრემიერის შემდეგ ბაქოში რუსი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ფილმი ძალზედ საინტერესოა და ჩემი საყვარელი ქალაქი ბაქო შესანიშნავად არის წარმოდგენილი.

გარდა ამისა, პირველ თებერვალს ფილმ “Бяхтузюю”-ს (“ბედნიერების ბეჭედი”) პრემიერა შედგება. მაყურებლისთვის სიურპრიზად რომ დავტოვო, შინაარსს ვერ გიამბობთ. გარდა ამისა, კიდევ სამი ფილმის გადაღებაში ვმონაწილეობ. მათზე მუშაობა სულ ახლახანს დავიწყეთ და ამიტომ მათ შესახებ ვერაფერს გეტყვით.

– თქვენს სხვა გატაცებაზე რომ ვისაუბროთ: ხშირად წერთ რეცენზიებს ჩვენს ქალაქში არსებულ მდგომარეობაზე. წამოჭერით ასევე უსახლკარო ცხოველების პრობლემაც. ყველაზე უფრო რა პრობლემა გაწუხებთ? ხომ არ გიფიქრიათ დეპუტატობაზე, რადგანაც ბევრი კარგი იდეა გაქვთ?

– არა, დეპუტატობა ნამდვილად არ მინდა. თავისუფლების მოყვარული ადამიანი ვარ. იქიდან გამომდინარე, რომ ბაქოში არსებულ პრობლემებს გულგრილად ვერ ვუყურებ, ყველა ბაქოს მერს მეძახის. ყველაზე უფრო სოციალური პრობლემები და ქალაქის ურბანული საკითხები მაღელვებს.

– იუმორს დავუბრუნდეთ, თქვენ მსკ-ს ლეგენდარული გუნდის “Парни из Баку”-ს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წევრი ხართ. თქვენის აზრით, რამდენად შეიცვალა აზერბაიჯანული მსკ და როგორ აფასებთ “Парни из Баку”-ს ახლანდელ თაობას?

– ძალიან მიჭირს დღევანდელი მსკ-ს შეფასება, რადგანაც თვალ-ყურს თითქმის არ ვადევნებ. რაც შეეხება “Парни из Баку”-ს დღევანდელ თაობას, ისინი პერსპექტიული ახალგაზრდები არიან. მე მათ აქტიურად ვეხმარები და მჯერა, რომ კარგი მომავალი ექნებათ. რაოდენ ხმამაღალი ნათქვამიც არ უნდა იყოს, აზერბაიჯანელები ნიჭიერი ხალხია. ეს მან “ევროვიზიაზე”, ევროპულ თამაშებზე და ისლამური სოლიდარობის თამაშებზეც დაამტკიცეს.

ჩემი ბოლო მოგონებები მსკ-ს შესახებ 2000 წელს დასრულდა, როდესაც ჩვენ “ჩემპიონთა ჩემპიონების” თასი მოვიპოვეთ. მაშინ ფინალში მოსკოვის, მინსკის, მახაჩკალას, ერევნის გუნდები მონაწილეობდნენ. ეს ყველაზე ტკბილი მოგონებაა და როგორც ამბობენ, მოგონებები ერთადერთი სამოთხეა, საიდანაც ვერავინ გამოგაძევებს.

– თქვენის აზრით, იუმორის აღქმის უნარი ქვეყანაში მთლიანად შეიცვალა? რაზე ეცინებათ დღეს აზერბაიჯანში?

– ვფიქრობ, რომ შეიცვალა. პირადად ჩემთვისაც შეიცვალა. ახალგაზრდების ხუმრობას ხშირად ვერ ვხვდები, სხვაგვარად ხუმრობენ. ამაში დამნაშავე არავინაა, ისინი იუმორის თავისებურად აღიქვამენ. ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი უარესობისკენ შეიცვალა, უბრალოდ თაობები იცვლება. პირადად მე ძალიან ვაფასებ კლასიკურ და აკადემიურ იუმორს, რაც დღეს აზერბაიჯანში ძალიან ცოტაა.

– როგორ აფასებთ აზერბაიჯანის ტელევიზიებში მომუშავე კომედიური ჟანრის მსახიობების იუმორს და პროფესიონალიზმს. რა შეიცვალა 90-იანი წლების შემდეგ?

– რა თქმა უნდა, გაუმჯობესდა. მომრავლდნენ კომედიური ჟანრის კრეატიული და ნიჭიერი მსახიობები. ახალბედებიც ბევრნი არიან და კარგი იქნებოდა მათი დონეც მაღალი იყოს, თუმცა საგანგაშო არაფერია, რადგანაც გზის დასაწყისში შეცდომები ყველას მოგვდის. ჩემის აზრით, დიდი პრობლემა ის არის, რომ ბევრი ჭეშმარიტად ნიჭიერი ადამიანია შეუმჩნეველი, რადგანაც ქვეყანაში პროდიუსერების დეფიციტია.

– როგორ ფიქრობთ, დღეს რა თემაზე ხუმრობაა მომგებიანი?

– ნებისმიერ ცხოვრებისეულ თემაზე შეიძლება ხუმრობა, მთავარია აქტუალური და სასაცილო იყოს. რაზეც ხუმრობა არ შეიძლება: ეს არის რელიგია და ეროვნება. ამას ყოველთვის ვითვალისწინებდი.

– და ბოლოს, გაამხიარულეთ ჩვენი მკითხველი?

– ერთხელ მკითხეს: “რატომ აქვთ აზერბაიჯანელებს ასეთი შავი თმა?” მე ვუპასუხე: “იმიტომ, რომ მათში თავიანთი ნათელი გონება დამალონ”. ბოლოს კი მსურს მკითხველს ვუსურვო სიკეთე, მშვიდობა ომის გარეშე. ვიცხოვროთ, გვიყვარდეს, ვისუნთქოთ და ვქმნიდეთ ერთად! ღმერთი ჩვენსკენ!

ავტობიოგრაფია

ბაჰრამ არიფოღლი ბაგირზადე – აზერბაიჯანელი კომედიური ჟანრის მსახიობი, რეჟისორი, წამყვანი, მსკ-ს გუნდის «Парни из Баку»-ს წევრი. კინემატოგრაფისტთა კავშირის და აზერბაიჯანის კარიკატურისტთა გაერთიანების წევრი.

დაიბადა აზერბაიჯანის სსრ-ში, ბაქოში. დაამთავრა ბაქოს 189-ე საშუალო სკოლა. 1989 წელს მ.ა.ალიევის სახელობის ხელოვნების ინსტიტუტში, სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩააბარა. პარალელურად აქტიურად იყო ჩართული სპორტშიც, სადაც არაერთი ჯილდოც კი მოიპოვა.

1994 წელს აზერბაიჯანის სახელმწიფო ტელევიზიაში დაიწყო მუშაობა, სადაც თავისი პირველი საავტორო გადაცემა „ბაჰრამ-ვადო-შოუ“ და არაერთი კლიპი და სარეკლამო რგოლი გადაიღო. 2006 წლიდან სხვადასხვა აზერბაიჯანულ და უცხოურ არხებზე ტელეწამყვანად მუშაობდა.

 

1987 წელს საფეხბურთო გუნდ “Нефтчи”-ს ფან-კლუბი შექმნა, ხოლო 2014 წელს კლუბის სადამკვირვებლო საბჭოს წევრი გახდა. 1990 წლიდან მსკ-ს აზერბაიჯანული გუნდის Парни из Баку -ს წევრია, რომელმაც დსთ-ს ჩემპიონის წოდება მოიპოვა, ხოლო 2000 წლს “ჩემპიონთა ჩემპიონის” თასი მოიგო. 2005 წელს მსკ-ს თეატრ Планета “Парни из Баку”-ს მსახიობი გახდა.

1995 წელს გამოსცა თავისი პირველი წიგნი “კარიკატურები”. შემდეგია: “ვშიშობ, ვერ მოასწრო”, “მზის დაბნელება”, “უჩვეულო მკვლელობა”, “ჩემი ახალგაზრდობის ქალაქი” (ორ ტომად), “ანეკდოტები ბაჰრამისგან“ (10 კრებული), “წინ, აზერბაიჯანო!”, “რაზე საუბრობენ ქალები”, “სსრკ: პლუსები და მინუსები”, “წერილები მერს”, “ბაქოს არქიტექტურა 2003-2015წწ.”, “იჩერი შიახიარ კინოლენტებზე (1896-2016)”, “ბაქოს მეჩეთები”, “აზერბაიჯანფილმი: აფორიზმები და ფრთიანი გამონათქვამები”, “ჩემი საყვარელი კერძები”, ფოტოალბომი – “ორი ქალაქი, სამუდამოდ დაკავშირებულნი”.

ფილმოგრაფია: “გარეთ” (რეჟისორი ვ. მუსტაფაევი, 1991), “ძილი” (რეჟისორი ფ. ალიევი, 1994), “პატიმარი” (რეჟისორი ე. ჯაფაროვი, 1995), “ყველაფერი უკეთესობისკენ” (რეჟ. ვ.მუსტაფაევი, 1997), “ცას და დედამიწას შორის” (რეჟ. ვ. მუსტაფაევი, 1998), “ეროვნული ბომბი“ (რეჟისორი ვ. მუსტაფაევი, 2000), “გადამოწმება” (რეჟ. ვ. მუსტაფაევი, 2005),”იარაღი” რეჟ.ა.კასატკინი 2007 ) „ბრემენის მუსიკოსები“ (რეჟ. ა.აბდულოვი 1998), “სად არის ადვოკატი?” (რეჟისორი უ. კენული, 2009), “კაცი” (რეჟისორი შ. მაჰმუდბეკოვი), “სისხლიანი ფული” (რეჟისორი ე. მირაბდულაევი), “სამი გოგო” (რეჟისორი მ. იბრაგიმბეკოვი), “ერთხელ კავკასიაში” (რეჟისორი ჯ. იმამვერდიევი), „Ехрам ТВ“ (რეჟისორი აიაზ სალავი), “ნუ გეშინია, მე შენთან ვარ! 1919 “(რეჟისორი იუ გუსმანი),” წითელი ლიმუზინი “(რეჟისორი არზუ ურშანი),” პოლკოვნიკის საგანძური “(რეჟისორი ფიქრეთ ალიევი). რეჟისორ ემილ გულიევის მოკლემეტრაჟიანი ფილმები “რობინზონი და ცხრა პარასკევა” (საქართველო-აზერბაიჯანი). 1998 წელს მან გადაიღო საკუთარი პირველი დოკუმენტური ფილმი “სამი სიცოცხლე”, ხოლო 2016 წელს – “მკვდრები“ (რეჟისორი თ. იმანოვი).

ტატიანა ალეკპეროვა