ყველას ჩვენი საახალწლო ზღაპარი გვაქვს, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში ვწერთ, მერე, ნაძვის ხის სათამაშოებს შორის ვათავსებთ იმ იმედით, რომ მომავალი წელი, კიდევ უფრო წარმატებული და ბედნიერი იქნება. ხშირად მიფიქრია, რა მოხდებოდა, ყველა კეთილ საქმეს და ლამაზ ემოციებს ადამიანები მთელი წლის განმავლობაში საახალწლო სათამაშოებივით რომ ვაგროვებდეთ, მერე ერთმანეთს ვჩუქნიდეთ, ვუნაწილებდეთ. ალბათ, იმდენი სიკეთე მოიყრიდა თავს დედამიწაზე, რომ ბოროტებას ფეხის დასადგმელი ადგილიც აღარ დარჩებოდა. Dalma News-ის წლევანდელი საახალწლო ზღაპრის პერსონაჟები, დედა-შვილი ხათუნა შავგულიძე და თამარ ჯაფარიძე არიან. ისინი უკვე რამდენიმე წელია, ახალი წლის ზღაპარივით ლამაზ, პატარა-პატარა საოცრებებს ქმნიან და უკვე სურთ, სხვებსაც გაუზიარონ.
– გვიამბეთ თქვენს შესახებ, როდის დაიწყეთ ნაძვის ხის სათამაშოების შექმნა?
ხათუნა შავგულიძე: – ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი. თავიდან ამ ყველაფერს განწყობის ასამაღლებლად, განსამუხტად ვაკეთებდი. ერთი პერიოდი მინდოდა კერვა და ქსოვა მესწავლა, მაგრამ გული ვერ დავუდე. მერე ხატვა დავიწყე. ეს ერთგვარი განმუხტვა იყო ჩემთვის მძიმე 90-იან წლებში. ერთ მშვენიერ დღეს მოვხვდი რომში, სადაც ვიქტორიანულ სტილში შესრულებული, ხელნაკეთი საახალწლო აქსესუარები ვნახე, მაგრამ ისეთი ძვირი ღირდა, რომ ვერ შევიძინე. გონებაში კი ჩამრჩა. საახალწლო სუვენირები ჩემი სისუსტეა. ჩემი სახლი სავსეა წლების განმავლობაში შეგროვებული პატარა სათამაშოებით. ყველას ვაბარებ ხოლმე, უცხოეთიდან საახალწლო სათამაშოები ჩამომიტანონ. დიდხანს ვიფიქრე, როგორ გამეკეთებინა მეც ისეთივე სათამაშო, თვლებით მომექარგა და თან მსუბუქი ყოფილიყო. მოვიფიქრე, პენოპლასტის ბურთი ლამაზ ქსოვილში მოვათავსე და დავიწყე ქარგვა.
– ამგვარად სათამაშო პირველივე დეტალიდან თქვენს ხელში იბადება. რა პერიოდი სჭირდება თითო სათამაშოს შექმნას?
– ერთ სათამაშოს, სულ მცირე ნახევარი დღე მაინც ვუნდები, სანამ არ დავასრულებ, თავს ვერ ვანებებ, ვერ ვისვენებ. თითოეული დეტალი რთული გასაკეთებელია. დიზაინი, ფორმა, ფერი მუშაობის პროცესში მოდის. არც ერთი სათამაშო ერთმანეთს არ ჰგავს. ფერებს მუშაობის პროცესში ვუხამებ ერთმანეთს. წინასწარ არასდროს ვიცი როგორი გამოვა. შავ სამუშაოს შესრულებაში ჩემი შვილი მეხმარება.
თამარ ჯაფარიძე: – თავიდან მეც დავიწყე სათამაშოების გაკეთება, მაგრამ მერე ბევრი საქმე გამომიჩნდა და უბრალოდ ვეღარ ვახერხებდი ჩემი დიზაინერული იდეების რეალიზებას. ახლა მთავარი დიზაინერი დედაა, მეც ვაწვდი ხოლმე იდეებს. ამის გამო, ზოგჯერ ვკამათობთ კიდეც. ერთხელ დავიჟინე შავი ფერის სათამაშო გავაკეთოთ – მეთქი, ნაძვის ზის ასეთი სათამაშო იშვიათია. დედამ დაიჟინა ფერადი სჯობსო.
– შავი რატომ, მარკეტინგული გათვლაა?
– ამ სათამაშოებს თავიდან ჩვენთვის ვამზადებდით. დროთა განმავლობაში ძალიან ბევრი დაგვიგროვდა სახლში და გადავწყვიტეთ საახალწლო გამოფენა-გაყიდვაზე გავიტანოთ. როცა მათ რეალიზებაზე იწყებ ფიქრს, ყველა ადამიანის გემოვნება და მოთხოვნა უნდა გაითვალისწინო. იქნებ ვიღაცას მოსწონს თეთრი ნაძვის ხე შავი სათამაშოებით? შესაძლოა სახლის დიზაინი კლასიკურ ფერებში ჰქონდეს გადაწყვეტილი, მაშინ ასეთი სათამაშოები ოთახის გარემოს მოუხდება. ზოგი სათამაშო დატვირთულია დეტალებით, ზოგი კი უფრო სადაა. შავი სათამაშო ნაძვის ხეზე ძალიან უცხო და ლამაზია. საქართველოში ბევრ ლამაზ ხელნაკეთ აქსესუარებს ნახავთ. მათ შორის ახალი წლის თემაზე შექმნილს, ამიტომ გადავწყვიტე ბაზარი შემესწავლა. ძიების შედეგად მივედი დასკვნამდე, რომ ჩვენი სათამაშოები უკონკურენტოა.
– წელს პირველად შესთავაზებთ თქვენს ნაშრომს საქართველოს მომხმარებელს?
– დიახ. 2 წლის განმავლობაში უკვე 400 ცალი სათამაშო დაგვიგროვდა. ცხადია ყველა მათგანს ვეღარ გამოვიყენებთ. თითოეული სათამაშო ექსკლუზიურია. შეიძლება რაღაცა დეტალი გავდეს, მაგრამ ვერ იტყვით, რომ რომელიმე სათამაშო ერთმანეთს ჰგავს. რაც მთავარია ისინი არ იმტვრევა, არ სცვივა ბრჭყვიალა ნაწილები და არ იშლება. თუმცა, არც მისი დამზადება ჯდება იაფი, რომ აღარაფერი ვთქვათ ჩვენს დახარჯულ შრომაზე. გარკვეულ მასალას უცხოეთიდან ვიწერთ, რადგან საქართველოში იმ ხარისხის არ იშოვება, რაც ჩვენ გვჭირდება. ჩვენ ევროპა არ ვართ და ვითვალისწინებთ, რომ ერთი სათამაშო 100 ევრო რომ ღირდეს, როგორც რომსა და პარიზში, არარეალური იქნებოდა. პოლონეთიდან დაგვიკავშირდნენ, დაინტერესდნენ ჩვენი ნაკეთობებით, მაგრამ ძალიან ბევრი უნდათ და ამ ეტაპზე უარი ვუთხარით. ეს ყველაფერი ქართულია და გვინდა საქართველოში დარჩეს.
– სათამაშოების შეგროვების ჩვევა საახალწლო ზღაპრის რწმენას უკავშირდება?
ხათუნა შავგულიძე: – საახალწლო ზღაპრის ბავშობიდან მჯერა. ეს ისტორია აქამდე არავისთვის მომიყოლია. იყო საოცარი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში. პატარა ვიყავი დედა რომ გარდამეცვალა. რამდენიმე წლის შემდეგ მამამ სხვა ცოლის შერთვა გადაწყვიტა. სანამ ეს ულამაზესი ქალბატონი ჩვენს ოჯახში შემოვიდოდა, მანამდე 3 წლის განმავლობაში, ყოველ 31 დეკემბერს, ჩვენს სახლში სასაჩუქრე ყუთები მოჰქონდა ვიღაცას და გვეუბნებოდა, – თოვლის ბაბუამ გამოგვიგზავნაო. ძალიან მიხაროდა ამ ყუთების გახსნა. ვხვდებოდი ვინ გზავნიდა ამ საჩუქრებს, მაგრამ არ ვიმჩნევდი. იქ იყო უამრავი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სათამაშოები, რაზეც შეიძლება ბავშვი ოცნებობდეს. ქვეცნობიერად ეს ყველაფერი ჩემში ილექებოდა.
– თქვენი აზრით, ბავშვებს უნდა ჩავუნერგოთ ახალი წლის სასწაულის რწმენა, თუ უფრო რეალისტები უნდა იყვნენ?
– ნუ დავუკარგავთ ბავშვებს ბავშვობას, მერეც ეყოფათ. ჩვენ, უფროსები ვცდილობთ სინამდვილეს გავექცეთ და სილამაზეში ვიცხოვროთ ცოტა ხანს მაინც, თუნდაც ამ საქმის კეთებით. ამიტომ არ ვარ მომხრე რომ ძალიან რეალისტები გავხადოთ ბავშვები. ისედაც, იმდენ უსარგებლო ინფორმაციას ღებულობენ. სჯეროდეთ ახალი წლის ზღაპრის, თოვლის ბაბუის არსებობის, ამით რა შავდება? მთელი მსოფლიო ასე იქცევა და ჩვენ რატომ უნდა დავუკარგოთ ჩვენს შვილებს ბავშვობა?
– საახალწლოდ ნაძვის ხის მორთვა ერთგვარი რიტუალია. თქვენს ოჯახში როგორ ხდება, ყოველ წელს მოდის ნაძვის ხიდან საახალწლო სასწაული?
ხათუნა შავგულიძე: – ყოველ წელიწადს ირთვება ჩვენი ნაძვის ხე, სახლის თაროები ივსება საშობაო ანგელოზებითა და დეკორაციებით. სამზარეულოდან დაღლილი რომ გამოვალ და დავჯდები სასტუმრო ოთახში, შემიძლია საათობით ვუყურო ამ სილამაზეს და წავიდე მათ სამყაროში.
თამარ ჯაფარიძე: – ახალი წელი ჩემთვის, ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისია. არ ვიცი ეს ჯადოსნობაა, თუ სასწაულის რწმენა, მგონია, რომ რაც უფრო ლამაზად შევხვდებით ახალ წელს, ის წელი იქნება მხიარული და კარგი. ამიტომ ჩვენს ოჯახში ახალი წლისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. ნაძვის ხის თითოეულ სათამაშოს თავისი ისტორია აქვს. თითოეული მათგანი გარკვეულ მოგონებებს უკავშირდება. ამ წელს პირველად მოვრთავთ ნაძვის ხეს მხოლოდ ჩვენს მიერ დამზადებული სათამაშოებით.
– სათამაშოები, რომლებიც წელს პირველად გავლენ თქვენი ოჯახიდან, თან პატარა ზღაპარსაც ხომ არ გაიყოლებენ?
– თითოეული სათამაშო დამზადებულია ძალიან დიდი სიყვარულით, რასაც პირველ რიგში დედა განიცდის და მერე გვიზიარებს მთელს ოჯახს. თითოეული სათამაშოს კარგი აურა და ბედნიერება გაჰყვება თან.
– ახალ წელს ყველა ოჯახში სხვადასხვანაირი ნაძვის ხე გვხვდება, ალბათ, თითოეული მათგანი იმ ოჯახის ამბავს ყვება?
თამარ ჯაფარიძე: – გეთანხმებით. მაგალითად ჩვენს ნაძვის ხეს რომ შეხედავთ, მიხვდებით სად ვიმოგზაურეთ, რა გვიყვარს. ნაძვის ხის მიხედვით ოჯახის ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნა შეიძლება.
ხათუნა შავგულიძე: – როცა სტუმრად მივდივარ, პირველ რიგში ნაძვის ხისკენ ვაპარებ მზერას. ასეთი ჩვევა მაქვს. ზოგან პიანინოს თავზე უბრალოდ დადგმულ ნაძვის ხეს ვხედავ ხოლმე და ვხვდები, რომ იმ ოჯახში ნაკლებადაა ესთეტიკა, რომანტიკა. მარტო ბავშვის სიხარულისთვის არ მიხარია ნაძვის ხის დადგმა. აბსოლუტურად მეხსნება ყველანაირი დეპრესია და ცუდი განწყობა, როცა ამ სილამაზეს ვუყურებ. მე ასე ვცხოვრობ. არ შემიძლია ხელოვნების გარეშე. არ ვამბობ, რომ ჩემი შემოქმედება დიდი ხელოვნებაა, ეს უფრო ხელოსნობაა. ეს არის ჩემი პატარა მცდელობა, ცოტათი მაინც მივუახლოვდე ხელოვნების დიდ სამყაროს.
– თქვენი ხელები არაჩვეულებრივ სუვენირებს ქმნიან, მაგრამ როგორია ისინი სამზარეულოში, საახალწლო სამზადისის დროს?
– საახალწლოდ ჩვენს სამზარეულოში ქართული ჯადოქრობები ხდება. თამუნას სახით უკვე სერიოზული კონკურენტი მყავს. მას უფრო ევროპულ-აზიური სამზარეულო იზიდავს. უმაღლეს დონეზე მაქვს აყვანილი ტრადიციული კერძის, საცივის მომზადება. ამ დროს სამზარეულოში შემოსვლას ვერავინ ბედავს. ეს ერთგვარი რიტუალია. წლების განმავლობაში, სათამაშოების მსგავსად ვაგროვებდი საახალწლოდ ჭურჭელსაც. ბებია-ბაბუის დანატოვარს, ყოველ წელს რაღაც ახალს ვამატებ. ნაძვის ხის მსგავსად, საახალწლო სუფრაც მრავალფეროვანი და მხიარული გვაქვს.
ესაუბრა შორენა პაპაშვილი