არცახის უძველესი სოფელი ჩარდახლუ ცნობილია იმით, რომ იქ დაიბადა და გაიზარდა ორი მარშალი, თორმეტი გენერალი, სსრკ-ს შვიდი გმირი და საბჭოთა არმიის ათზე მეტი უმაღლესი ოფიცერი. მათ გარდა არიან ის სამხედროები, რომლებიც მაღალი ჩინის მიღებამდე დაიღუპნენ.
სწორედ ამ სოფელში 1897 წლის 20 ნოემბერს ივან ბაღრამიანი დაიბადა, ხოლო 9 წლის შემდეგ, 1906 წელს – კიდევ ერთი მომავალი მარშალი – ამაზასპ ბაბაჯანიანი.
ივან ბაღრამიანის ოფიციალური ბიოგრაფია ყველამ კარგად იცის, თუმცა არაოფიციალურიც ცნობილია, მაგრამ მის ცხოვრებაში ბევრი ისეთი ეპიზოდიც არის, რაც ჩვეულებრივ საბჭოთა სამხედრო მეთაურის ცხოვრებისთვის არაჰარმონიული უნდა ყოფილიყო.
მოგითხრობთ მისი ცხოვრების არც ისე გახმაურებულ ეპიზოდებს: გარკვეული დეტალები მკვლევარებმა დაადგინეს, ინფორმაციის ნაწილი კი მისმა შვილიშვილებმა, ცხადია მარშალის მიერ მონათხრობის მიხედვით გაახმაურეს.
“9 წლის ასაკიდან დიდი მონდომებით და თავდაუზოგავად ვსწავლობდი ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ კი, მშობლებისთვის მძიმე მატერიალური ტვირთის მიუხედავად, სწავლა ტფილისის ტექნიკურ სასწავლებელში (1912-1915) გავაგრძელე. ორივე სასწავლებელი წარჩინებით დავამთავრე”, – წერდა ბაგრამიანი პირადი საქმისთვის საკუთარ ავტობიოგრაფიაში.
რკინიგზაზე რამოდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ, ბაგრამიანი ჯარში მოხალისედ წავიდა. თავდაპირველად სარეზერვო ქვეით ბატალიონში, შემდეგ კი ქვეითთა სასაზღვრო პოლკში მსახურობდა. 1917 წლის იანვრამდე კავკასიის სარეზერვო კავალერიის პოლკის რიგებში ირიცხებოდა, შემდეგ ბაგრამიანი პროპორშიკის სკოლაში გაგზავნეს, რომელიც იმავე წელს დაამთავრა.
თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბაგრამიანმა მხარი დაუჭირა “დაშნაკცუტუნის” და თურქული არმიის წინააღმდეგ სომხეთის პირველი რესპუბლიკის სომხური დივიზიის კავალერიის პოლკის რიგებში იბრძოდა. სარდლობდა ხმლებით აღჭურვილ ესკადრილიას. მაშინ, 1917 წელს, იგი პირველად გადაურჩა სიკვდილს: პროპორშიკი ბაგრამიანი წინ აეფარა თავის ქვეშევრდომებს და თურქული ტყვიებისგან დაიცვა. შემდეგ კი თუქრული ჯარი სარდარაპატთან გაჟლიტეს.
ამის შემდეგ მის ბიოგრაფიაში ჩავარდნაა, რაც დაახლოებით ორ წელს, მაგრამ ძალზედ მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს. შემდეგ არის 1920 წელი, როდესაც იგი დაშნაკური სახელმწიფოს წინააღმდეგ ამბოხს შეუერთდა, სომხურ წითელ არმიაში მოხალისედ ჩაეწერა და ესკადრილიის სარდლად დაინიშნა. სარდლის პოსტზე ირიცხებოდა ასევე მეთერთმეტე არმიაში, მონაწილეობდა დაშნაკების შეიარაღებული ქვედანაყოფების ლიკვიდაციასა და ჩრდილოეთ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების პროცესში.
საინტერესოა, რამ განაპირობა მისი პოზიციების ასეთი რადიკალური ცვლა. ამის შესახებ სანდო ცნობები არ არსებობს. ეჭვგარეშეა, რომ ამ საკითხზე, არც თავად ისაუბრებდა, თუნდაც ეს საბჭოთა კავშირისთვის საამებელი ვერსია ყოფილიყო.
შემდეგ ბაგრამიანმა კავალერიის სკოლა, კურსები და სამხედრო აკადემია დაამთავრა. 1935 წელს პოლკოვნიკის ჩინი მიანიჭეს. მომდევნო წელს, არმიის შტაბის ოპერატიული განყოფილების ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ, წითელი არმიის რიგებში მასობრივი წმენდა დაიწყო და “სომხური ბურჟუაზიული არმიის” რიგებში მებრძოლი პიროვნების წინააღმდეგ კომპრომატები საკმაოდ ოპერატიულად შეგროვდა. მაშინ მას თავდებად ანასტას მიქოიანი დაუდგა.
თუმცა, 1937 წელს იგი არმიიდან გარიცხეს, რაც ძალიან რთულად გადაიტანა. პრაქტიკულად ყველანაირი საარსებო გარეშე დარჩენილი ბაგრამიანი სამართლიანობის აღდგენას და სამსახურში დაბრუნებას ცდილობდა. მან ვოროშილოვთან აუდიენციას მიაღწია და ბაგრამიანი წითელ არმიაში დააბრუნეს.
ბაგრამიანი წითელი მედლის საბრძოლო ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 1941 წლის დეკემბერში გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიანიჭეს. ამას თან კიდევ ერთი გამოცდა მოჰყვა.
1942 წლის გაზაფხული: ბაგრამიანი – სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების შტაბის ხელმძღვანელია, მუშაობს ხარკოვთან შეტევითი ოპერაციის შემუშავებაზე. სხვადასხვა მიზეზების გამო ოპერაცია ჩაიშალა. ერთ-ერთ მიზეზად სტალინმა ბაგრამიანი, როგორც წარუმატებლობის მთავარი დამნაშავე დაასახელა.
თუმცა ბაგრამიანი გენ.შტაბის და ზემდგომების გარეშე ერთპიროვნულ და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებდა. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, ფრონტზე ბუდენი და ვოროშილოვი მივიდნენ და თითქმის პირდაპირ მიანიშნეს, რომ მას დახვრეტდნენ. სამხედრო ტრიბუნალის სასამართლოსგან ბაგრამიანი მაშინ ჟუკოვმა იხსნა, რომელსაც იგი ნიჭიერ სამხედრო მოსამსახურედ მიაჩნდა. მართლაც, ომის დასრულებამდე ბაგრამიანმა თავისი შესაძლებლობები არაერთხელ უჩვენა როგორც ჟუკოვს, ისე სტალინს და საკუთარ თავს.
1945 წელს ბაგრამიანს და მის დაქვემდებარებაში მყოფ ოპერატიულ ჯგუფს კენიგსბერგის, როგორც მას ადოლფ ჰიტლერი უწოდებდა – “გერმანული სულის შეუღწეველი ბასტიონის” აღება დაევალათ. ეს ბასტიონი ბაგრამიანმა სამ დღეში აიღო, რის გამოც კენიგსბერგის კომენდანტს ოტო ლაშს ჰიტლერმა სიკვდილით დასჯა დაუსწრებლად მიუსაჯა. ამ ოპერაციისთვის ოვან ბაგრამიანი სუვოროვის პირველი ხარისხის მედლით დაჯილდოვდა. შემდეგ იყო გამარჯვების აღლუმი მოსკოვში.
1958 წელს ბაგრამიანი სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს ლოგისტიკის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, სადაც სამხედრო მეთაურის და ორგანიზატორის უმაღლესი პროფესიონალიზმი გამოავლინა.
საჭირო გახდა ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციის, სახელწოდებით “ანადირის” ჩატარება. 1959 წელს კუბაში ფიდელ კასტროს ხელმძღვანელობით რევოლუციონერებმა გაიმარჯვეს. 1961 წლის გაზაფხულზე ოპერაცია “ზაპატას” ფარგლებში კოჩინოსის ყურეში ამერიკელი დესანტი გადასხეს. ოპერაცია წარუმატებელი იყო, თუმცა კუბას დაპყრობას აშშ კვლავ განაგრძობდა. თითქმის იმავდროულად სსრკ-ს სამხრეთ საზღვრებზე ამერიკელებმა ბირთვულქობინებიანი რაკეტა “იუპიტერი” განალაგეს, რომელსაც სსრკ-ს მთელი ევროპული ნაწილის განადგურება შეეძლო.
ამის საპასუხოდ საბჭოთა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა კუბაში საშუალო მანძილის რაკეტების განთავსება. ამის გაკეთება სსრკ-ს საზღვაო ფლოტის სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს დაევალა. ოპერაციის მატერიალური მხარე და აღჭურვა ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსს ივან ბაგრამიანს დაევალა.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ოპერაციის შესახებ მარშალი აბსოლუტურად არავისთან საუბრობდა. “ცოტა ხნის წინ შევიტყვეთ, რომ ამ ოპერაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი პირი ბაბუა იყო, – იხსენებს მისი შვილიშვილი – ოჯახში ამის შესახებ საერთოდ არ ვსაუბრობდით. მხოლოდ ის ვიცოდით, რომ 1960 წელს ბაბუა მივლინებით კუბაში უნდა გამგზავრებულიყო, მაგრამ რაღაც მიზეზით გადაიდო”.
საიდუმლო დავალების ფარგლებში საჭირო იყო კუბაში სარაკეტო დივიზიის (40 გამშვები მოწყობილობა თავისი რაკეტებით), ოთხი მოტომსროლელი პოლკი (ამ პოლკში ითვლებოდა მცირე მანძილის ბირთვული რაკეტა “ლუნა”), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ორი დივიზია (С-75-ის ზენიტური რაკეტების 144 გამშვები მოწყობილობა), ფრონტის ხაზის ორი ფრთიანი რაკეტა და ბომბდამშენ Ил-28-ს ესკადრილია, ვერტმფრენის ორი პოლკი, წყალქვეშა გემების და ხომალდების ესკადრილია, სარაკეტო კატერების ბრიგადა და კიდევ ბევრი რამ.
სრული საჯარისო შემადგენლობა 50 ათასი ადამიანი. ისინი ნორმალურ პირობებში და სამოქალაქო ტანსაცმლით უნდა ყოფილიყვნენ, როგორც ჯარისკაცები, ისე ოფიცრები. ცხადია, დივიზიების და სამხედრო ოლქების საწყობებში ასეთი დიდი რაოდენობის სამხედრო ტანსაცმელი არც მოიძებნებოდა. ამას ემატებოდა ტექნიკისთვის გათვალისწინებული ნორმალური პირობები, საკმარისი რაოდენობის საწვავი, ნაწილები და ტექნიკური ზეთი. ეს ყველაფერი კი არც ისე ახლოს – კუბაში.
ივან ბაგრამიანმა დავალებას შესანიშნავად გაართვა თავი. მისი ქვეშევრდომები სწრაფად, ზუსტად და განსაზღვრულ დროში, სრულ გასაიდუმლოებულ დონეზე მოქმედებდნენ.
მარშალის გარდაცვალების შემდეგ, მის საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოვიდა ერთ-ერთი გენერალი, რომელიც თავის დროზე მის დაქვემდებარებაში მსახურობდა და თქვა: “მარშალ ბაგრამიანის გვეშინოდა, მაგრამ არა ისე, როგორც ჟუკოვის, ერემენკოს და სხვების. უბრალოდ, გვეშინოდა მისთვის იმედი არ გაგვეცრუებინა”.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა