აზერბაიჯანში ისლამთან დაკავშირებულ საკითხებზე, სახელმწიფოს და რელიგიის ურთიერთობებზე, რადიკალი ისლამისტების მხრიდან რესპუბლიკის შესაძლო საფრთხეების და რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსკოვის და ბაქოს თანამშრომლობის შესახებ Dalma News-ი აზერბაიჯანელ ექსპერტებს – აბდულ ნაგიევს და ტოფიგ აბასოვს ესაუბრა.
– აშურის ცოტა ხნის წინანდელმა ღონისძიებამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა აზერბაიჯანულ სოც.ქსელსა და მედიაში. რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს აზერბაიჯანში ისლამისტური განწყობილება ძლიერდება.
აბდულ ნაგიევი: – სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულსა და ღონისძიებაში მორწმუნეების მასობრივი მონაწილეობა აზერბაიჯანული საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. საბჭოთა კავშირის სამოცდაათწლიანმა ათეისტურმა მმართველობამ ქვეყანას თავისი კვალი დაამჩნია. სულიერი თვითგამორკვევის ზრდა ის მოვლენაა, რომელსაც თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა სახელმწიფო შეეხო. საზოგადოებრივი აზრის და ქცევის სტერეოტიპების ფორმირებით რელიგია, ძირითადად ისლამი, სერიოზულ გავლენას ახდენს საზოგადოებაში სოციალური და კულტურული ვექტორის განვითარებაზე.
ასევე, აზერბაიჯანული საზოგადოების ცხოვრებაში აქტიურად იჭრება “მოდერნიზმი”, რასაც ტრადიციული საზოგადოება მწვავედ აკრიტიკებს. საერთო ჯამში, უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური განწყობილების გაძლიერება რამდენიმე წელია შეინიშნება, რაც არ ფიქსირდება ფუნდამენტალიზმის ზრდის ტემპებთან დაკავშირებით.
ფუნდამენტალიზმი, ისევე როგორც “მოდერნიზმი” რადიკალური გადაწყვეტაა და საზოგადოებაში, ისევე როგორც სახელმწიფო დონეზე, ასეთი გადახრების კონტროლის მექანიზმის შექმნის მწვავე აუცილებლობა გაჩნდა. მასობრივ რელიგიურ ღონისძიებებში მორწმუნე ბაქოელების რაოდენობრივად ზრდა, სულაც არ მოწმობს საზოგადოების რადიკალიზაციას და საფრთხეს, არც ტრადიციული საერო ყოფისთვის წარმოადგენს.
ტოფიგ აბასოვი: – სოციალური ქსელების აქტიურობა ბევრი განსახილველი საკითხის ჰიპეროპოლიტიზირებას იწვევს. მიმაჩნია, რომ ბევრი წყარო გარკვეული თვალსაზრისით განზრახ აბუქებს ჭორებს ისლამური განწყობილების გააქტიურებაზე.
უდავოდ, არსებობს ფაქტები, რომლებიც უკიდურესი ტენდენციების არსებობას ადასტურებს, თუმცა საერო ქვეყანაში მათი პოზიციები არც ისე ძლიერია, რომ საზოგადოებაში შეშფოთების დანერგვა ღირდეს. ხელისუფლება საკმაოდ ადეკვატურად რეაგირებს პოლიტიკური რყევების ნიადაგზე წარმოქმნილ ექსცესებზე. მიმაჩნია, რომ რელიგიურმა პოლიტიკურმა მიმდინარეობებმაც ზუსტად უნდა დაიცვან კანონი. რელიგიური ორგანიზაციების მხრიდან ნებისმიერი კანონდარღვევის მცდელობის აღკვეთა და დამნაშავეების დაკავება დღემდე დროულად ხდება.
– აზერბაიჯანში ისლამი პოლიტიკურ ფაქტორად ხომ არ იქცა? რამდენად შეესაბამება რეალობას მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ საერო ოპოზიციის სისუსტის ფონზე “ოპოზიცია მეჩეთში წავიდა”?
აბდულ ნაგიევი: – ისლამს, როგორც პოლიტიკურ ფაქტორს, ტრადიციულად აზერბაიჯანში ამბიციები არ ჰქონია. მორწმუნეები აზერბაიჯანში შორს არიან „ოპოზიციური“ განწყობისგან, მაგრამ ისინი შესაძლოა გარკვეულმა წრეებმა პოლიტიკურ ბრძოლებში გამოიყენონ. მოცემულ მომენტში საზოგადოებაში ისლამის საფუძვლების დაბალი დონის ცოდნამ შესაძლოა საერო ხელისუფლების ინტერესების წინააღმდეგ იმოქმედოს და ეს საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების სერიოზული შესაძლებლობაა.
ისლამის შესწავლით საზოგადოება ორმაგი – მუსლიმანური და თანამედროვე მენტალიტეტისგან განთავისუფლდება. ოცდამეერთე საუკუნე თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ახალი გამოწვევების და საშიშროებების ეპოქად. იმის დიდი ალბათობაც არსებობს, რომ რელიგიურ გაუნათლებლობას აზერბაიჯანული სახელმწიფოს მოწინააღმდეგეები საკმაოდ მოხერხებულად გამოიყენებენ, ამიტომაც ეს საკითხი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ადამიანი საზოგადოების საფუძველია და რომ მასზე ნებისმიერი სოციალური აღორძინების პროცესი იგება. სწორი გზით მიმავალმა საზოგადოებამ უნდა აღზარდოს ადამიანი და მასში კეთილი და კონსტრუქციული საწყისები უნდა განავითაროს.
ტოფიგ აბასოვი: -ისლამური პოლიტიკური აზრი აზერბაიჯანში არსებობს, თუმცა მას სუსტი მიმდინარეები ჰყავს. ისიც შესაძლებელია, რომ აქტიური პოლიტიკური პოზიციის მქონე ბევრი ადამიანი მეჩეთში წავიდა, მაგრამ იმის თქმა, რომ ამას მასობრივი ხასიათი აქვს, არასწორია.
ამასთანავე, აზერბაიჯანში ისლამური კოლონა საკმაოდ მრავალფეროვანია. იქაც არიან კლასიკური შიიტები, სუნიტები, რადიკალი სალაფიტები, რომლებიც სამ მიმდინარეობად არსებობენ. ანუ აზერბაიჯანელ ისლამისტებს შორის არ არის ერთობა და ესეც, გარკვეულწილად იმის შედეგია, რომ სხვადასხვა სკოლები და ტარიკატები არსებობს. გარდა ამისა, რამდენადაც ვიცი, არც კონსოლიდაციაზეა საუბარი. ზოგ მიმდინარეობას შორის საუკუნოვანი ანტაგონიზმი არსებობს და ისლამის ამ მიმდინარეობების დღევანდელი მიმდევრები ერთგულებას ინარჩუნებენ და სხვა კონკურენტული მიმდინარეობების მიმდევრებისადმი შეურიგებლები არიან.
– აზერბაიჯანში ისლამური განწყობის გაძლიერების უკან უცხოური სახელმწიფოები (ირანი შიიტების შემთხვევაში, საუდის არაბეთი, კატარი, ან თურქეთი სუნიტების შემთხვევაში) ხომ არ დგანან?
აბდულ ნაგიევი: -აზერბაიჯანი ისლამური სამყაროს ნაწილია და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ისლამის სწამს. დამოუკიდებლობის მოპოვების და საზღვრების გახსნის შემდეგ ისლამურ სამყაროსთან სულიერი ინტეგრაციაც დაიწყო. 25 წლის განმავლობაში კომუნისტური ღირებულებების მატარებელი მოსახლეობა შემცირდა და გაიზარდა თაობა, რომელსაც შედარებით გახსნილი რელიგიური მოსაზრებები აქვს.
საზოგადოებაში ისლამური განწყობის წარმოქმნა შიდა პროცესია. ისლამური სამყაროს ლიდერი ქვეყნები – ირანი, საუდის არაბეთი, კატარი, თურქეთი გარკვეულწილად დაინტერესებულები არიან აზერბაიჯანის ისლამურ აღორძინებაში.
ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ირანი. ირანი მსოფლიოში პოლიტიკური ისლამის გავრცელების საქმეში დღეს წამყვან როლს ასრულებს, სადაც ისლამური რევოლუციის ექსპორტი გეოპოლიტიკურ ამოცანებს შორის მოიაზრება. ამ კონტექსტში, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ ირანთან გეოგრაფიულ და ისტორიულ სიახლოვეს, აზერბაიჯანში ისლამური განწყობის გაძლიერება ირანის მხრიდან მცირედი ექსპანსიისთვის ნიადაგის მომზადებად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, სამხრეთ კავკასიის რეგიონი რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის ზონის ნაწილია და ამ თვალსაზრისით ირანის მხრიდან აშკარა და აქტიური მოქმედებები მოსალოდნელი არ არის.
ტოფიგ აბასოვი: -არსებობს ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ზემოთ ჩამოთვლილ სახელმწიფოებთან რელიგიურ ჯგუფებთან და პარტიებთან კავშირს. თუმცა, ქვეყანაში რამდენიმე სკანდალმა და ხმაურიანმა სასამართლო გარჩევებმა ზოგიერთი დაჯგუფების მიერ, აზერბაიჯანული კანონმდებლობის უგულებელყოფა გამოააშკარავეს. გამოძიებაში ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოც ჩართეს, რომელთა ბრალეულობა უკანონო მისიონერობასა და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში დამტკიცდა.
ზოგიერთი ასეთი სასამართლო პროცესი მართლაც ხმაურიანი იყო, რასაც ქვეყანაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩემის აზრით, ამან გავლენა მოახდინა საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც თავის დროზე უკანონობის ჩამდენ ადამიანებს უთანაგრძნობდა.
– ცოტა ხნის წინათ აზერბაიჯანში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ პატრუშევის ვიზიტი შედგა. ვიზიტის ფარგლებში რელიგიური ექსტრემიზმის პრობლემა განიხილებოდა. როგორ შეაფასებთ ამ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობას?
აბდულ ნაგიევი: – როგორც უკვე აღვნიშნე, აზერბაიჯანი რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესების ზონაში იმყოფება. რელიგიური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ორივე ქვეყნის ინტერესშია. აზერბაიჯანი და რუსეთი სტრატეგიული პარტნიორები არიან და არსებული დაბრკოლებების მიუხედავად, ამ ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობები უსაფრთხოების სფეროშიც ვითარდება.
ბაქოსა და მოსკოვში შესანიშნავად იციან, რომ თანამედროვე გამოწვევებთან და საფრთხეებთან, მათ შორის რელიგიურ ექსტრემიზმთან და ტერორიზმთან გამკლავება მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი. აზერბაიჯანში ტერორისტული ჯგუფების შეღწევა განიხილება, როგორ რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის დესტაბილიზაციის საფრთხე. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის ნიკოლოზ პატრუშევის ვიზიტი ადასტურებს უსაფრთხოების სფეროში ორი ქვეყნის ძალისხმევის კოორდინაციას, რეგიონში რელიგიური ექსტრემიზმის და ტერორისტული საფრთხეების შესაძლო გააქტიურების თვალსაზრისით.
ტოფიგ აბასოვი: -ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ისეთი ვითარებაა, რომ ჩვენი ქვეყნები განწირულნი არიან იქცნენ ხანმოკლე ოპერატიული და სტრატეგიული ინფორმაციების გაცვლის მოედნად ერთობლივი დამბლოკავი ოპერაციების ორგანიზების და ჩატარების კონტექსტში. რელიგიურ ექსტრემიზმს, საერთაშორისო ტერორს შენიღბვის დამაჯერებელი და კომბინირებული მეთოდები და ოპერაციები აქვს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ გარკვეულ სახელმწიფოებს ყოველთვის ჰქონდეთ კონტრმოქმედებების მკაფიო გეგმა.
აზერბაიჯანის და რუსეთის უშიშროების სამსახურების თანამშრომლებმა ურთიერთმოქმედების გეგმა შეიმუშავეს. ხშირად აზერბაიჯან-რუსეთის საზღვარზე ისლამისტების დაჯგუფებებს ისინი ერთობლივად განაიარაღებენ. მიმაჩნია, რომ ანტიტერორისტულ მოქმედებებში ორი ქვეყნის საბრძოლო თანამშრომლობის მაგალითი ბევრი წარმატებული ურთიერთობისთვის გახდება მისაბაძი. ამით აიხსნება ისიც, რომ ამ ორი ქვეყნის მდივნები ხშირად ხვდებიან ერთმანეთს მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმებზე მუშაობენ. ეს კი საზოგადოებაში იმედის და ოპტიმიზმის დანერგვას უწყობს ხელს.
მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა