რამდენიმე დღეში, კერძოდ, 21 ოქტომბერს, მთელს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდება. მოსახლეობა აირჩევს საკუთარი ქალაქის მერს (თბილისი, 4 თვითმმართველი ქალაქი და 59 საკრებულო) და 62 მუნიციპალური ერთეულის 2058 წევრს (სულ 17 035 კანდიდატი, მათგან 12 371 – პროპორციული და 4 644 -მაჟორიტარული სისტემით). ყველაზე საინტერესო ბრძოლა თბილისშია მოსალოდნელი, სადაც ქალაქის მმართველის სავარძლისთვის 13 კანდიდატი იბრძოლებს, ხოლო მუნიციპალური საკრებულოს წევრობაზე პრეტენზიას 1 243 კანდიდატი (994 – პროპორციული და 249 – მაჟორიტარული სისტემით) აცხადებს.

ეკონომისტი თენგიზ შერგელაშვილი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის “შენების მოძრაობის” წევრი და თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატია. როგორი წარმოუდგენია მას მომავლის თბილისი და რაზეა ორიენტირებული მისი სამოქმედო გეგმა, ამის შესახებ Dalma News-ს თენგიზ შერგელშვილი ესაუბრა.

tengiz_shergelashvili_15672

– რატომ გადაწყვიტეთ იყაროთ კენჭი მერის თანამდებობაზე?

– ეს იყო “შენების მოძრაობის” გუნდის გადაწყვეტილება. ბოლო 17-18 წლის განმავლობაში ჩემი საქმიანობა თვითმმართველობას უკავშირდება სხვადასხვა რანგში არასამთავრობო სექტორიდან, ოპოზიციური ფლანგიდან, თუ სამთავრობო სტრუქტურაში საქმიანობისას, მუდმივად ჩართული ვიყავი საქართველოს თვითმმართველობის განვითარების საქმეში. ხშირად ეს იყოს წინააღმდეგობრივი გზა. მიმაჩნია, რომ ამ სფეროში შეძენილი გამოცდილება, მაძლევს საფუძველს, რომ თბილისის მერობაზე გავაკეთო განაცხადი.

– თქვენი ძირითადი ხედვა…

– თბილისში უნდა შეიცვალოს მართვის სისტემა. დღეს ის დამოკიდებულია სახელისუფლებო ვერტიკალებზე, სხვადასხვა ჯგუფებზე, ის უნდა გახდეს მოქალაქეებზე ორიენტირებული, მოქნილი სტრუქტურა. მშენებლობის, ტრანსპორტის, ურბანული განვითარების, სოციალური, გარემოსა და ჯანდაცვის სფეროებში პრობლემების მოგვარება უნდა ხდებოდეს ავტომატურ რეჟიმში და არა კამპანიურად.

– რა არის ის უპირველესი პრობლემა, რაც დღეს ქალაქს აწუხებს?

– გარემოს დაცვითი, ურბანული განვითარებისა და სატრანსპორტო პრობლემები. ისევე, როგორც მთელს საქართველოში თბილისსაც აწუხებს სოციალური პრობლემები და უმუშევრობა, თუმცა, თბილისის მერია, თავისი კომპეტენციიდან გამომდინარე, უფრო მეტად კონცენტრირებულია ადამიანის ყოფითი გარემოს ცვლილებაზე.

– რას სთავაზობთ თბილისელებს ეკოლოგიური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით?

– ეს არის კომპლექსური თემა, ამ კუთხით რამდენიმე მიმართულება გვაქვს. უპირველეს ყოვლისა, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის პროექტმა, რომელიც ჯერ პროექტიც არ არის, უნდა გაიაროს გარემოს დაცვის ექსპერტიზა და ჩვენ უნდა ვიცოდეთ სამიზნე, საითკენ მიდის ქალაქი გარემოს დაცვის თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, უნდა შემუშავდეს დამატებითი სტანდარტები სამშენებლო პროექტებისთვის, რათა გამწვანების და მშენებარე ფართობების თანაფარდობა შეიცვალოს. ქალაქის ცენტრში ერთ სულ მოსახლეზე, გამწვანებული ფართობი უნდა ავიდეს 5 კვ.მეტრამდე, გარეუბნებში კი 10 კვ.მეტრამდე. ჩვენ გვაქვს 10 ახალი პარკის პროექტი, რომელიც 2-დან 4 ჰექტრამდე ფართობის იქნება. სკვერები საცხოვრებელ ადგილთან 100 – 500 მეტრის რადიუსში უნდა არსებობდეს.

თბილისელებს ვთავაზობთ სატრანსპორტო სისტემის ცვლილებას, მიკროავტობუსების ოპტიმიზაციას და მათი მარშრუტების გადაწყობას. ავტობუსების არსებული ქსელის განვითარებას თანამედროვე, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებით სრულად ჩანაცვლების გზით; ვინც ამბობს, რომ ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს და ამისთვის რეგულაციებს არ შემოიტანს, ის იტყუება. თბილისში დღეს, მიკროავტობუსების აბსოლუტურად ქაოტური სისტემა გვაქვს, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ინერციით მოგვყვება. აბსოლუტურად გაურკვეველია ტაქსების რაოდენობა. ტაქსების სფეროში რეგულაციის შემოტანას ვაპირებთ, რითაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა საერთოდ ტაქსების მოძრაობის განრიგებში. მნიშვნელოვნად შემცირდება მომხმარებლის მაძიებელი ტაქსები.

– თვითდასაქმებული მძღოლების ხმების დაკარგვას ხომ არ რისკავთ?

– ამას ჩვენ გავაკეთებთ მათთან მჭიდრო თანამშრომლობით და ისინი საბოლოოდ მოგებულნი დარჩებიან. ჩვენი პროგრამა ორიენტირებულია მათ სტაბილურ შემოსავალზე. დღეს, ისინი თავს დასაქმებულად არ მიიჩნევენ. ჩვენ ისინი ისეთ სისტემაში უნდა მოვაქციოთ, რომ თავი დასაქმებულად იგრძნონ. გვექნება სუბსიდირება, რომ ტაქსების გარკვეული ნაწილი ჩანაცვლდეს ჰიბრიდული ავტომობილებით.

20624675_1383910285031953_529169770_n-640x427

ჩვენ ისიც კი არ ვიცით, რამდენი ტაქსი მოძრაობს ქალაქში. უნდა შემუშავდეს განრიგი, გარკვეულ დღეებში გარკვეული რაოდენობის ტაქსი უნდა მუშაობდეს. უნდა იყოს ტაქსების სადგომები, ტაქსების გამოძახების სისტემა და არ უნდა იყოს ქალაქი სავსე ამდენი ტაქსით. დღეს ადამიანს შეუძლია თავის ავტომობილს უბრალოდ დაადოს ტაქსის ნიშანი და იმუშაოს თვეში 2 დღე.

– ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მერია შექმნის თავის კომპანიებს და ყველა კერძო ტაქსი მათ დაექვემდებარება?

– ასე ნუ ვიტყვით. ამ სისტემაში ჩართულები იქნებიან კერძო ტაქსებიც და კომპანიებიც. სისტემური მოწესრიგება ნიშნავს იმას, რომ აღვრიცხოთ, დავუწესოთ მინიმალური მოთხოვნები, რათა მომხმარებლის უფლებები იყოს დაცული.

გარემოს დაცვის თვალსაზრისით ასევე, მშენებლობის მიმართულებით შემოვიღებთ ახალ სტანდარტებს შენობებთან მიმართებაში. ეს არის ენერგოეფექტური შენობები. ყველა ახალ ბინათმშენებლობას წაეყენება ახალი პირობები ენერგოეფექტურობაზე, გათბობის სისტემებზე. დღეს რა მდგომარეობა გვაქვს? აშენდება ვიზუალურად კარგი კორპუსი და ყველა ბალკონზე გამოშვერილია გათბობის სისტემები. შენობაში უნდა არსებობდეს ცენტრალური გათბობისა და ცხელი წყლის სისტემა. ამით, ერთი მხრივ შემცირდება მოსახლეობის ყოველთვიური დანახარჯი, მეორე მხრივ იკლებს მავნე სითბური გაზების გამოფრქვევა ჰაერში. ახალ შენობებთან დაკავშირებით ეს იქნება იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ძველ შენობებთან – ამხანაგობებთან ნებაყოფლობითი თანამშრომლობა. სადაც შესაძლებელია გათბობის ცენტრალური სისტემის მოწყობა, მერია შესაბამისი პროგრამით დააფინანსებს. ჩვენი მიზანია, მნიშვნელოვანი გარღვევა შევიტანოთ გარემოს დაცვის საქმეში.

– ლილოს ნაგავსაყრელის გამო, ამ დასახლების მოსახლეობას უკვე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. წლებია საუბრობენ იქ ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის აშენებაზე. თქვენ რას გეგმავთ?

– რეგიონული განვითარების სამინისტროში მუშაობისას ამ სფეროსთან აქტიური შეხება მქონდა და ვიცი, რამდენიმე ვარიანტები განიხილებოდა. 4 წლის განმავლობაში, თბილისში, მყარი ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოს ავაშენებთ და ძველ ნაგავსაყრელს დავაკონსერვებთ.

– დავით ნარმანიას მერობის პერიოდში მომზადდა თბილისის მიწათსარგებლობის განვითარების გენერალური გეგმა, რომელიც ჯერ არ არის დამტკიცებული. თქვენი გამარჯვების შემთხვევაში რა ბედი ეწევა დოკუმენტს, რომელზეც უამრავი რესურსი დაიხარჯა?

– ამ პროექტის გადაგდება არ შეიძლება, მასში ბევრი რამ საყურადღებოა. თუმცა, ეს არ არის პროექტი, ეს არის ერთ ფოლდერში ჩაყრილი სამეცნიერო ნაშრომების ერთობლიობა. დოკუმენტი, რომელსაც საკრებულომ კენჭი უნდა უყაროს, არ არსებობს. კომპანიას, რომელმაც ამ პროექტზე იმუშავა, ახალი მერი მოსთხოვს ის გენგეგმის შესაბამის პროექტად გადააქციოს. შემდგომ დამატებით ექსპერტიზას ჩავუტარებთ და რამდენიმე თვეში დავამტკიცებთ. ამის შემდეგ, ის არ იქნება თაროზე შემოსადები დოკუმენტი. მას უნდა მოჰყვეს შემდგომი – სატრანსპორტო სისტემის, მშენებლობის მარეგულირებელი, გარემოს დაცვის სტრატეგიული დოკუმენტები.

– გენგეგმის პროექტში ბევრი საინტერესო წინადადებაა, მათ შორის თბილისში ცენტრალური პარკის გაშენება…

– ჩვენ ვაპირებთ, ერთი ცენტრალური პარკის ნაცვლად 10 ახალი პარკი შევქმნათ. თბილისის ყველა უბანი მინი ცენტრი უნდა იყოს, თავისი გამწვანებითა და გასართობი ცენტრებით. სადაც რეკრეაციისთვის ნაკლები ფართობია, იქ გამოვიყენებთ ინოვაციურ პროექტებს, – ტერასული, ვერტიკალური, ქოთნების საშუალებით, აივნებზე გამწვანებით და სხვა. სკვერები ფეხით სასიარულო მანძილზე უნდა იყოს. გარდა ამისა, ადამიანს, რომელიც ცხოვრობს ზემო ფონიჭალაში და აუზზე უნდა სიარული, 8 გაჩერების გავლა არ უნდა სჭირდებოდეს. ასეთი ობიექტები ქალაქის ყველა რაინში უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

– თბილისში აქტუალურია ველობილიკები, რამდენიმე ადგილასაც გაკეთდა კიდეც, გააგრძელებთ ამ მიმართულებას?

– რასაკვირველია, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, ველობილიკები უნდა იყოს, თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ თბილისში ველობილიკებს აქტიურად გამოიყენებენ. ევროპაში ძირითადად ვაკე ქალაქებშია განვითარებულია. საქართველოში, სამტრედიასა და აბაშაში თვითონ განვითარდა ტრანსპორტის ეს სახეობა. თბილისში ბევრი აღმართ-დაღმართია, თუმცა, სადაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის კონტექსტში ჩაეწერება, შესაძლოა ველობილიკები გაკეთდეს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია შეიქმნას სწორი სატრანსპორტო დერეფნები, როგორც გრძივი ასევე განივი. რათა ქალაქში გადაადგილება გახდეს დინამიური და გაიზარდოს მობილობა. ვგეგმავთ ტრამვაის ხაზების გაყვანას. “დელისი” – ჭავჭავძის გამზირი – რუსთაველის გამზირი – ორთაჭალა იქნება ძირითადი კვანძი და დავიწყებთ სხვა გზებზე მუშაობას.

– მრავალეთნიკურობა თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, უნდა შენარჩუნდეს თუ არა ის?

– ჩვენი დივიზია თბილისი ყველასთვის, მიუხედავად ასაკისა, სოციალური სტატუსისა და ეთნიკური წარმომავლობისა. ყველა ის სარგებელი, რასაც თბილისის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს, თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის და ისინი სრულყოფილ თანამოქალაქეებად უნდა გრძნობდნენ თავს, პოლიტიკაც შესაბამისი გატარდება. გარდა ამისა, თბილისმა უნდა დაიბრუნოს კავკასიაში ცენტრის ფუნქცია.

– თბილისის ისტორიული უბნების უმეტესობა დანგრევის პირას არის, როგორ განიხილავთ ამ პრობლემას?

– ძველი თბილისის ტერიტორიაზე ძალიან ბევრ ქუჩას გადავაქცევთ ფეხით მოსიარულეთა ქუჩად, სადაც შეიზღუდება გარკვეული ტრანსპორტის მოძრაობა. ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა უნდა ვაქციოთ მოსახლეობისთვის და მთლიანად ქალაქისთვის შემოსავლის წყაროდ. ქალაქს უნდა ჰქონდეს ისეთი ადგილები, სადაც ადამიანები, მიუხედავად იმისა, “ჯიპით” მივიდნენ თუ “ზაპოროჟეცით”, თანაბარუფლებიან მოქალაქეებად იგრძნობენ თავს. ასეთი სივრცეები უპირველსად ყოვლისა ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მოიაზრება, სადაც შენობების ინვენტარიზაცია და რეაბილიტაციას განვახორციელებთ.

– რამდენად ეფექტიანად იყენებს თბილისი თავის ტურისტულ პოტენციალს?

– დინამიკა არის პოზიტიური, ყოველწიურად მატულობს ტურისტების რაოდენობა, თუმცა, ძალიან ბევრი რამ არის მოსაგვარებელი. ბევრგან მიმოგზაურია და მიკვირს, თბილისში ტურისტები როგორ აგნებენ რამეს. არსად არის ფირნიში, რუკა… არის საზოგადოებრივი ტუალეტების პრობლემა და სხვა. ტურისტებს გაცილებით კომფორტული ვითარება უნდა შევუქმნათ. უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენს ისტორიას. მაგალითად, “ლაღიძის წყლები” რუსეთაველის გამზირზე უნდა შენარჩუნებულიყო. ასეთი ადგილების შესახებ ევროპულ ქალაქებში ისტორიას გიყვებიან, რომ 2-3 საუკუნის წინ, აქ ცნობილი ადამიანი მოღვაწეობდა და მის სახელთან არის დაკავშირებული ესა თუ ის ობიექტიო. იმის ნაცვლად რომ “ლაღიძის წყლები” რუსთაველის გამზირზე შეენარჩუნებინათ, ის ადგილი თანამედროვე ბრენდულ მაღაზიად გადააქციეს. ასევე, თბილისის საკრებულოს შენობის პირველ სართულზე იყო ერთ-ერთი ყველაზე ძველი აფთიაქი თბილისში, აღარც ის არსებობს. ასეთ რამეებს ყველგან უფრთხილდებიან.

– პირველი რასაც მერად არჩევის შემთხვევაში, კაბინეტში შესვლის დღიდან გააკეთებთ?

– მერიის სტრუქტურული სერიოზული ანალიზი და სტრუქტურული ჩამოყალიბება. ჯანდაცვის პროგრამის დაწყება, რომელიც გულისხმობს 400 ათასამდე თბილისელის დაზღვევას და რაც მთავარია, არქიტექტურის სამსახურის რეფორმირება. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ მარეგულირებელი დოკუმენტი, რათა აპლიკანტი, რომელსაც განაცხადი შეაქვს, აღარ იყოს ვინმეს კეთილ ნებაზე დამოკიდებული. მოქალაქეს ექნება საშუალება ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით უყუროს კომისიის სხდომებს, სადაც მისი საკითხი განიხილება.

– კანდიდატებს შორის ვის მიიჩნევთ ყველაზე ძლიერ ოპონენტად?

– ჩვენ გვაქვს წინააღმდეგობა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც არსებობს თბილისში. ამ პრობლემების მოგვარებაში არ ვართ კმაყოფილი სახელისუფლებო პოლიტიკის, შესაბამისად ჩვენთვის ოპონენტი არის სახელისუფლებო კანდიდატი.

– წინა მერის საქმიანობას როგორ შეაფასებთ?

– რაღაცეები გაკეთდა, მაგრამ ქაოსი ვერ მოგვარდა. მშენებლობის, ტრანსპორტისა და გამწვანების სფეროში ქაოსიდან სისტემაზე ვერ გადავედით. ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში რაღაცეები კეთდება, თუმცა, რაღაცეები ფუჭდება.

ესაუბრა შორენა პაპაშვილი