2017 წლის ივლისში სომხეთს ირანის ისლამისტური რესპუბლიკის მეცნიერების, ტექნოლოგიების და კვლევების მინისტრი მოჰამედ ფარჰადი ესტუმრა. ვიზიტის დროს იგი სომხეთის განათლების და მეცნიერების მინისტრს ლევონ მკრტჩიანს შეხვდა, რომელთანაც “ტექნოლოგიების, მეცნიერების და კვლევების სფეროში თანამშრომლობის” მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტის თანახმად, სომხურ და ირანულ უნივერსიტეტებს და სამეცნიერო ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის გაფართოება იგეგმება.
საუბარია ფიზიკის, ნანო და ბიოტექნოლოგიის, ეკოლოგიის, ინოვაციების, წყლის პრობლემების სფეროებში, ასევე ზოგიერთ ჰუმანიტარულ, კერძოდ, ენათმეცნიერების და კულტუროლოგიის დისციპლინაში ერთობლივი პროექტების დაფინანსებაზე. გარდა ამისა, სომხეთიდან ირანში სამუშაოდ და სასწავლებლად 5 პედაგოგი და 15 სტუდენტი გაემგზავრება და იქ სპეციალურ სტიპენდიას მიიღებენ.
ორმხრივ სამეცნიერო ურთიერთობას საერთო კოორდინაციას ახალი სტრუქტურა – მეცნიერების, კვლევების და ტექნოლოგიების გაერთიანებული კომიტეტი გაუწევს, რომელიც ორ წელიწადში მინიმუმ ერთხელ შეიკრიბება.
ეს ინფორმაცია რეზონანსული არც სომხეთში ყოფილა, არც – ირანში, თუმცა ამ ორ ქვეყანას შორის მოსალოდნელი სამეცნიერო ურთიერთობების გადაფასება რთულია. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ამ საკითხზე მხარეები უკვე რამდენიმე წელია მუშაობენ. ჯერ კიდევ 2010 წელს, ირანის ისლამისტური რესპუბლიკის საგანგებო სრულუფლებიანმა მაშინდელმა ელჩმა სეიდ ალი საგაინანომ განაცხადა, რომ თავის ქვეყანაში სომხური დიპლომების აღიარებას უზრუნველყოფდა. ეს საკითხი გარკვეულწილად გაჭიანურდა და ირანულმა მხარემ სომხეთის 11 უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი მხოლოდ 2016 წელს აღიარა.
აღსანიშნავია, რომ ასეთი უმაღლესი სასწავლებლები ირანმა აზერბაიჯანში 9 გამოყო, ხოლო საქართველოში – 6. ამგვარად, რეგიონის საგანმანათლებლო სფეროში თეირანი სომხეთს უდავო ლიდერად განიხილავს.
ამ თვალსაზრისით, მხარეებს შორის მუდმივად კონსულტაციები იმართება. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა 2017 წლის 20 აგვისტოს, სომხეთის ელჩს ირანში არტაშეს თუმანიანს და ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების და კვლევების საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელს მეჰდი ზახედს შორის გაიმართა.
რას მოუტანს მხარეებს განათლების სფეროში კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა?
ირანის ისლამური რესპუბლიკა ნანოტექნოლოგიების, ბიოლოგიის, ბიოქიმიის რობოტექნიკის სფეროებში მსოფლიო ლიდერებს შორისაა. ნანოტექნოლოგიების სფეროში ირანში დღეს, საშუალოდ 20 სამეცნიერო სტატია მზადდება, ამ მხრივ, ეს ქვეყანა მსოფლიოში მეექვსე ადგილზეა. ირანის ისლამური რესპუბლიკა ნანოტექნოლოგიური კვლევების განვითარებით იაპონიას და საფრანგეთს, ხოლო მეცნიერების განვითარების სიჩქარით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უსწრებს. ირანის სამეცნიერო-საგანმანათლებლო სივრცეში წამყვანი სასწავლებლებია: შარიფის ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, შაჰიდ ბეჰეშთის სახელობის და თეირანის უნივერსიტეტები. ამ სასწავლებლების კურსდამთავრებულები მუშაობენ, როგორც ირანში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ირანელი მეცნიერები უკვე დიდი ხანია კიბოს საწინააღმდეგო წამლის შექმნაზე მუშაობენ. პერიოდულად აქვეყნებენ თავიანთ ახალ გამოგონებებს. ბოლო ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინათ გავრცელდა – ისფაჰანის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიური სკოლის თანამშრომელმა ვაჰიდ საფაი-რიზიმ მკერდის კიბოს საწინააღმდეგო წამალი შექმნის შესახებ განაცხადა. მისივე თქმით, მცენარე ევფრაბიაზე (Eu[horbia) ჩატარებული ექსპერიმენტის დროს დაავადების პროგრესირების შეჩერება მოხდა. პროექტში უნივერსიტეტის სხვა მეცნიერებიც – მაჰმუდ აკაი და მოსტაფა კანნადიანიც არიან ჩართულები.
რაც შეეხება რობოტექნიკას, ირანული ნამუშევრები სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებებზე სტაბილურად იკავებენ პირველ და საპრიზო ადგილებს. მაგალითად, ირანელმა მეცნიერებმა 2012 წელს მეხიკოში სასარგებლო მაშველი რობოტების ლიგის თასი მოიპოვეს, ასევე, ნიდერლანდებში რობოტების ფეხბურთის ღია ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
ირანის რობოტოტექნიკის ცენტრად აზადის ისლამური უნივერსიტეტის ქაზვინის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და იეზდის რობოტექნიკის ასოციაცია.
სომხური მხარისთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია მეცნიერების დაფინანსების საკითხებიც. ამ საკითხში ირანი პერსპექტიული სომხური კვლევებისთვის ერთობ სასარგებლო როლს შეასრულებს, რადგანაც მეცნიერების დაფინანსება თანამედროვე ისლამური რესპუბლიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
2009 წელს მიღებული მეცნიერების განვითარების სახელმწიფოს გეგმის თანახმად, 2029 წლისთვის მეცნიერებისთვის გაღებულმა ხარჯებმა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს უნდა მიაღწიოს, რაც ითვალისწინებს 20 წელიწადში ოთხმაგ ზრდას პროცენტული თანაფარდობით. კარგად დაფინანსებული ირანელი მეცნიერების ერთობლივი პროექტები, ამგვარად, სომხური მეცნიერების ხსნა იქნება. 2007 წელს მხოლოდ 6,5 ათასი სპეციალისტი მოითვლებოდა (საბჭოთა ეპოქის დასასრულს ქვეყანაში 33 ათასი მეცნიერი იყო).
ეჭვგარეშეა, სომხეთსაც შეუძლია, რაღაც შესთავაზოს ირანს. კერძოდ, საუბარია, საერთაშორისო სამეცნიერო მოედანზე გასვლის დამატებით შესაძლებლობებზე – მარტო 2008 – 2016 წლებში რესპუბლიკის წარმომადგენლებმა საერთაშორისო მნიშვნელობის 39 შეთანხმება გააფორმეს. გარდა ამისა, სწრაფლგანვითარებად ირანულ მეცნიერებას მწვავედ სჭირდება ის ჭკუა-გონება, რომლითაც სომხეთი სხვა ქვეყნებს მანამდეც უხვად ამარაგებდა.
გარდა ამისა, ზემოთ აღნიშნულ მემორანდუმს ერევნისთვის ძალზედ დიდი მნიშვნელობა აქვს. ირანულ მხარესთან ერთად დაგეგმილი ერთობლივი პროექტების განხორციელება სომხურ მეცნიერებას ახალ იმპულსს შესძენს, ხოლო მკვლევარებს საჭირო და აუცილებელი საშუალებებით უზრუნველყოფს. მეორეს მხრივ, სომხეთს საკუთარი ახალი მეცნიერ-მუშაკები ეყოლება, ან ძველები დაბრუნდებიან სამშობლოში.
მოამზადა ანტონ ევსტრატოვმა