XX საუკუნის თბილისში, მცირე საექსპლუატაციო ვადით აშენებული ე.წ. ხრუშჩოვკები თანამედროვეობის ნაწილად იქცა. საქართველოს დედაქალაქში სამშენებლო ბუმია. თავისუფალი ადგილები თვალსა და ხელს შუა ივსება თანამედროვე ცათამბჯენებით, მაგრამ “ხრუშჩოვკები” კონკურს გარეშეა. 3-4 წელიწადში ერთხელ, თბილისის მერის არჩევნების წინ, თემა ცოცხლდება და ამომრჩეველს, ახალ-ახალ ვარიანტებს სთავაზობენ. მაგრამ შეთავაზებები, წინასაარჩევნო პროგრამის იქეთ არ მიდის და ამომრჩეველიც მალევე კარგავს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების იმედს.
მართალია “ხრუშჩოვკებს” ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინათ გაუვიდათ, მაგრამ ბევრი მათგანი კვლავაც ინარჩუნებს მდგრადობას, ბევრი კი, ავარიულია და იქ ცხოვრება სარისკოა. ე.წ ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროცესი თბილისში შარშან, სამგორის რაიონიდან უნდა დაეწყოთ. რამდენიმე ავარიული კორპუსიდან გამოსახლებულ 200-ზე მეტ ოჯახს, გამგეობა დღემდე ქირას უხდის. ბევრი კი, ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გამო, საკუთარი ბინის დატოვებაზე უარს ამბობს და ძველ შენობებში სიცოცხლის რისკის ფასად რჩებიან.
ე.წ. ხრუშჩოვკების თემა ამ დღეებში მმართველი პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატმა კახი კალაძემაც გაიხსენა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ამ შენობების უმეტესობა ამორტიზებულია და მყარი, კომფორტული საცხოვრისით უნდა ჩანაცვლდეს. იქვე დასძინა, რომ “ხრუშჩოვკების” საკითხზე მოსახლეობას მალე, მეტად საინტერესო პროექტს წარუდგენს.
“თბილისის გათავისუფლდება ამ საბჭოთა გადმონაშთისგან და მისი მყარი, კომფორტული საცხოვრისით ჩანაცვლება, ჩვენი ერთ-ერთი მიმართულება იქნება. ჩანაცვლების პროცესში მოქალაქეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ბინით, ან შესაბამისი კომპენსაციით”, – განაცხადა კალაძემ.
მერობის კანდიდატის ამ ვიდემიმართვას თბილისელები დიდად არც აღუფრთოვანებია და არც გაუოცებია. უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეს მეტად ძვირადღირებული პროექტია და მისი რეალიზების იმედი თითქმის არ აქვთ. არც კერძო ინვესტორისთვის არის მომგებიანი, თორემ აქამდე დაინტერესებული პირი გამოჩნდებოდაო, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები. ნაწილი კი, მერობის კანდიდატს ურჩევს, თბილისის ძველი უბნების რეაბილიტაციაზე იზრუნოს, რომლებიც თვალსა და ხელს შუა ინგრევა და ნადგურდება.
როგორ შენდებოდა “ხრუშჩოვკები”
XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც საზოგადოებრივი ფენები უფლებრივად გათანაბრდენენ, საცხოვრისი პირობების გაუმჯობესების მოთხოვნილებაც გაჩნდა. საბინაო ფონდი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენდა, ამიტომ 50-იან წლებიდან მასობრივი მშენებლობა გაჩაღდა. ამ ფუნქციონალურ არქიტექტურას – საბჭოთა ლიდერის, ნიკიტა ხრუშოვის სახელი ეწოდა. სახლების უმეტესობა შენდებოდა, როგორც დროებითი საცხოვრებლები, მაგრამ ექსპლუატაციის ვადა დრო და დრო იზრდებოდა.
“ხრუშჩოვკები” მკვეთრად განსხვავდება სტალინის ეპოქის სახლებისგან. დაიწია ჭერის სიმაღლემ და 5 სართულში, მთელ ერთ სართულს იგებდნენ. წინა ეპოქის სახლებისგან განსხვავებით, ისინი მოკლებულია არქიტექტურულ დეტალებს.
როგორც Dalma News-ს არქიტექტორმა გიგა ბათიაშვილმა განუცხადა, “ხრუშჩოვკა” საბჭოთა პროექტი არ არის, თუმცა, საბჭოთა ეპოქაში გარკვეული მონახაზი შეიძინა. ასეთი ტიპის მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, მთელ მაშინდელ მსოფლიოში იყო აქტუალური, რათა ადამიანების საცხოვრისი გაეუმჯობესებინათ. ადამიანებს გაუსაძლის პირობებში უწევდათ ცხოვრება – მიწურებში, სარდაფებში, უკეთეს შემთხვევაში შენობის სხვენში. იყო შემთხვევები, როდესაც ერთ ოთახში 8-12 სული ცხოვრობდა.
“იმ ეპოქაში ეს სოციალური ამოცანა იდგა, რომელიც პოლიტიკურ ჟღერადობასაც იძენდა და ამას ხელისუფლება ცენტრალიზებულად ახორციელებდა. ამ ტიპის სახლებით მთელი საცხოვრებელი რაიონები შეიქმნა ტოკიოსა და ოსაკას გარშემო, შენდებოდა აღმოსავლეთ ბერლინში. ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში ტაპიოლას საბინაო ფონდის სახელით არის ცნობილი, ლონდონის გარეუბნებში ქალაქ-თანამგზავრებს უწოდებდნენ და სხვა. ასე, რომ “ხრუშჩოვკა” საბჭოთა ძეგლს არ წარმოადგენს, ეს იყო ეპოქის გარკვეული ბიძგი, საჭირო იყო ამოეყვანათ ადამიანები გაუსაძლისი პირობებიდან”, – აცხადებს გიგა ბათიაშვილი.
მისივე განმარტებით, სახელწოდება “ხრუშჩოვკა” მოსახლეობამ შეარქვა, რადგან ისინი მკვეთრად განსხვავდებოდა სტალინის ეპოქის კაპიტალური სახლებისგან, სადაც ჭერის სიმაღლე არანაკლებ 3,5 – 4 მეტრი იყო. იმის გამო, რომ ხრუშჩოვმა მასობრივი მშენებლობები გააჩაღა, სახლის ჭერის სიმაღლეც დასწიეს და მასალით, რომელიც მანამდე 4 სართულის მშენებლობაზე იხარჯებოდა, უკვე 5 სართულის აშენება იყო შესაძლებელი.
ბათიაშვილის ინფორმაციით, ე.წ. ხრუშჩოვკების მშენებლობა თბილისში გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, საბურთალოს კვლარტლებიდან დაიწყო და ძირითადად გარეუბნებში გაგრძელდა. განაშენიანდა პატარა და დიდი დიღომი. მშენებლობა განვითარდა თბილისის ზღვის მიმართულებით, გლდანში, ვარკეთილში და პარალელურად ე.წ. აფრიკაში.
არქიტექტორის თქმით, ყველა ესენი საძილე რაიონებია, სადაც მხოლოდ სოციალური ინფრასტრუქტურა – კვების და სასწავლო ობიექტები არსებობს, მაგრამ არ არის შრომითი დასაქმების დაწესებულებები. სკოლებში, ბაგა – ბაღებსა და მაღაზიებში მომუშავე პერსონალის გარდა, მოსახლეობის დიდ ნაწილს სამუშაოდ ქალაქის ცენტრალური ნაწილის სხვადასხვა უბნებში უწევს გადაადგილება. არადა, თბილისის მოსახლეობის 50%-ზე მეტი გარეუბნებში ცხოვრობს. შესაბამისად მათი გადაადგილება იწვევს ქანქარისებულ მოძრაობას, რაც ახდენს სატრანსპორტო საშუალებებისა და გზების გადატვირთვას, ამ პროცესში მოქალაქეები დროის დიდი ნაწილს კარგავენ.
ქართველი არქიტექტორები თანხმდებიან, რომ “ხრუშჩოვკების” ჩანაცვლება გარდაუვალია, მაგრამ, განსხვავებული მიდგომები აქვთ. არქიტექტორ გოგი აბაშიძის თქმით, საზოგადოებას მოსწონს თუ არა, “ხრუშჩოვკები” ქვეყნის ისტორიის ნაწილია და პირდაპირი მნიშვნელობით მათი წაშლა დაუშვებელია. ისინი ეტაპობრივად უნდა განახლდეს, ხოლო, თუ რა სახით, ეს დედაქალაქის მერიისა და კონკრეტული ინვესტორის გადასაწყვეტია.
“არსებობს განახლების ფორმები, რომლებიც არ გულისხმობს შენობის დანგრევას. მსგავსი ფორმა გამოიყენეს გერმანიაში საბჭოთა კორპუსებზე. შესაძლებელია ამ სახლებს უფრო ჰუმანური სახე მიეცეს”, – მიაჩნია გოგი აბაშიძეს.
განსხვავებული მოსაზრება აქვს არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს. მისი აზრით, “ხრუშჩოვკებს” არანაირი ისტორიული ღირებულება არ გააჩნიათ და ამ შემთხვევაში, გაცილებით მნიშვნელოვანია, ჩანაცვლება განხორციელდეს კონკრეტული ტერიტორიის კომპლექსური გააზრების შედეგად. კერძოდ, ძველი რაიონები ახლებურად გადაგეგმარდეს და საქალაქო უბნებად გადაიქცეს თავისი თანმდევი ინფრასტრუქტურით. იდეა არ უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ ექსპლუატაციიდან გასული სახლის ადგილი, მასზე ბევრად მაღალმა კორპუსმა დაიკავოს.
“ე.წ. ხრუშჩოვკები მიზანმიმართულად საქარხნო მეთოდოლოგიით, ტიპიური პროექტით შენდებოდა. შედეგად მივიღეთ ერთსახოვანი, უგვარო, უძირო განაშენიანება, რომელსაც მხოლოდ თბილისური მისამართი გააჩნია. დღეს, როდესაც შეიცვალა ცხოვრების დონზე, ადამიანი განვითარების უფრო მაღალ კულტურულ საფეხურზე ავიდა, მისი საცხოვრებელი სივრცეც შესაფერისი უნდა იყოს. დრომოჭმული ხრუშჩოვკების საინჟინრო ინფრასტრუქტურასთან ერთად, განახლება სჭირდება წყალსადენს, კანალიზაციას და სხვა მოძველებულ კომუნიკაციებს”, – მიაჩნია გიგა ბათიაშვილს.
საბჭოთა ეპოქაში ასეთი სახლები, მოსახლეობის ნაკლებად შეძლებული ფენისთვის შენდებოდა. თავდაპირველად ახალი ბინით იმ ადამიანებს აკმაყოფილებდნენ, ვისაც 4 კვ.მ – ზე ნაკლები საცხოვრებელი ფართი ჰქონდა. გარკვეული ხნის შემდეგ ეს კრიტერიუმი 6 კვ.მ-მდე გაიზარდა. პერსპექტივაში იგეგმებოდა, რომ ფართი ერთ სულ მოსახლეზე, 15 კვ.მეტრამდე გაზრდილიყო, მაგრამ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა.
“ხრუშჩოვკების” თბილისური პერსპექტივა
“ხრუშჩოვკების” ჩანაცვლებასთან დაკავშირებით, 2014 წელს თბილისის საკრებულომ გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთ საინვესტიციო ჰოლდინგთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ძველი თბილისის რეაბილიტაციის მიმართულებასაც ითვალისწინებს. ინვესტორი “ხრუშჩოვკების” ნაცვლად 15 სართულიანი კორპუსების აშენებას გეგმავდა, რომელიც საოფისე ფართებს და გამწვანებულ ტერიტორიას მოიცავდა. პირველ ეტაპზე 800 სახლის დემონტაჟი იგეგმებოდა. ინვესტორი 600 მლნ აშშ დოლარის შემოტანას გეგმავდა, რომელსაც ამერიკიდან მოიზიდავდა, მაგრამ საქმე პრესასთან გაკეთებულ განცხადებებს არ გასცდენია.
დღეს კი თბილისელები სამართლიანად შიშობენ, რომ ხუთსართულიანი “ხრუშჩოვკების” ადგილს, მალე ცათამბჯენები დაიკავებს და მოსახლეობის მიერ შენარჩუნებული მწვანე სივრცეეც გაქრება.
თბილისის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალური გეგმაზე მომუშავე ჯგუფში მიაჩნიათ, რომ ქალაქის მთელს არეალზე უნდა აიკრძალოს შენობის სართულების მატება და უბნები, მათთვის მინიჭებული კოეფიციენტის ფარგლებში განვითარდეს. ობიექტების ჩანაცვლება არ უნდა მოხდეს წერტილოვნად, არამედ განსაახლებელი უბნები ერთიანი პროექტის ფარგლებში უნდა განიხილონ, რათა არ გაქრეს რეკრეაციული და სხვა სივრცეები, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს.
ავტორი შორენა პაპაშვილი
P.S. მასალის მომზადებისას Dalma News-ის კორესპონდენტი დაიტერესდა სტატისტიკით, თუ რამდენი „ხრუშჩოვკა“ არსებობს თბილისში და რამდენია მათგან ავარიული. დედაქალაქის მერიაში მსგავსი სტატისტიკა არ აღმოაჩნდათ, რაიონულ გამგეობებში კი ოფიციალური მიმართვა მოითხოვეს. არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში 512 ხრუშოვკაა, სადაც 12 ათასი ოჯახი ცხოვრობს. მათ ჩანაცვლებას კი, თითქმის 0,5 მილიარდი ლარი სჭირდება.