საქართველოს 7 ქალაქისთვის თვითმმართველი სტატუსის გაუქმებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტის ვეტოს განხილვას, 26 ივლისის სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივან ანა დოლიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არა თუ სუსტია, არამედ ნულოვანია, ამიტომ კოლეგებს ურჩია, აბსოლუტურად სუფთა და თავისუფალი სინდისით დაძლიონ პრეზიდენტის ვეტო. თავის მხრივ ანა დოლიძემ გააკრიტიკა პარლამენტის თავმჯდომარე და განაცხადა, რომ მისი გამოსვლები სავსეა თავდასხმებით, დაუმსახურებელი და ღირსებას მოკლებული კრიტიკით.

ირაკლი კობახიძემ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, რამდენჯერმე მიუთითა ეთიკის ნორმების დაცვისკენ და მოუწოდა, როგორც საჯარო მოხელეს პოლიტიკური შეფასებების ნაცვლად პარლამენტის ტრიბუნა თემასთან დაკავშირებით არგუმენტირებული მსჯელობისთვის გამოყენებიდან. მან ანა დოლიძეს პრეზიდენტის სახელიც კი დაუძახა:

 

“ბატონი გიორგი საუბრობს დღეს და ვთხოვთ გადავიდეს კანონპროექტზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგვიწევს სიტყვა შევაწყვეტინოთ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ პარლამენტის წევრებთან პოლიტიკურ პოლემიკაში შესვლა პრეზიდენტის პრეროგატივაა და არა მისი საპარლამენტო მდივნის.

ანა დოლიძემ კი უპასუხა, რომ “ქართული ოცნების” რეფორმის შედეგად, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ამოღებულია საჯარო მოსამსახურეთა ჩამონათვალიდან, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და ურჩია კიდევ ერთხელ ჩაიხედოს კანონში.

“საჯარო მოსამსახურე რომ არ შედის პოლიტიკოსთან პოლემიკაში ეს არის პოლიტიკის თეორიის ანა-ბანა”, – განაცხადა კობახიძემ.

პრეზიდენტის წარმომადგენელსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დაწყებული დებატები დღის ბოლოს ისევ გაგრძელდა. ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთებისას, პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის შარიკოვი უწოდა, რომელიც მისი აზრით, შემთხვევით მოხვდა პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე და ახლა გარშემომყოფებს განურჩევლად აყენებს შეურაცხყოფას.

დოლიძის აზრით, ათიათასობით საჯარო მოხელე აკვარიუმში მოთავსებული თევზივით არის, რომელთაც ხმის ამოღების უფლება წაართვეს. “დარწმუნებული ვარ ქართული საზოგადოება შესაბამის ადგილს მიუჩენს მსგავს ქცევას”, – აცხადებს იგი.

ცნობისათვის, მწერალ მიხეილ ბულგაკოვის ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოების – “ძაღლის გულის” პერსონაჟი, პოლიგრაფე შარიკოვი, ერთი ჩეულებრივი ქუჩის ძაღლი, სახელად შარიკა იყო, რომელიც პროფესორის ექსპერიმენტის წყალობით ამაზრზენ ადამიანად ჩამოყალიბდა. სწორედ მას შეადარა პრეზიდენტის წარმომადგენელმა ქვეყნის პირველი კანონმდებელი. ცხადია მისი ამგვარი შეფასება უპასუხოდ, არ დაუტოვებიათ “ქართული ოცნების” წევრებს და პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდეს, შეწყდეს მისი ადმინისტრაციის მხრიდან პარლამენტისადმი უპატივცემულო დამოკიდებულების გამოვლენა. მისი საპარალამენტო მდივანი კი, ეთიკისა და კონსტიტუციურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთობის ნორმების უხეში დარღვევაში დაადანაშაულეს.

“პარლამენტის შეურაცხყოფაზე ადეკვატური პასუხის ნაცვლად”, საქართველოს პრეზიდენტმა ანა დოლიძე დაიცვა, უმრავლესობის წევრებმა კი, ანა დოლიძის ქმედება, პრეზიდენტის პარლამენტისადმი დამოკიდებულებად შეაფასეს და ამ ორ კონსტიტუციურ ინსტიტუტს შორის სამომავლო თანამშრომლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს.

“პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეები არღვევენ საქართველოს პარლამენტთან ურთიერთობის ნორმებს და შეურაცხყოფას აყენებენ ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს. როდესაც ეთიკის ნორმებს არღვევს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურე და ამას არ მოჰყვება სათანადო რეაგირება პრეზიდენტის მხრიდან, ეს არის თანაბრად პრეზიდენტის დამოკიდებულებაც პარლამენტის მიმართ “,- ნათქვამია უმრავლესობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამის შემდეგ, საპასუხო განცხადება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმაც გაავრცელა, სადაც განმარტა, რომ მისი პრინციპია ანა დოლიძის მსგავს ძლიერ, ღირებული ფასეულობების მქონე ადამიანებს მისცეს ქვეყნის სამსახურში ყოფნის შესაძლებლობა და ეამაყება, რომ მისნაირ ადამიანებთან ერთად ემსახურება სამშობლოს და ხალხს. მარგველაშვილს მიაჩნია, რომ სწორედ ანა დოლიძის მსგავსი ადამიანები ქმნიან ქვეყნის მომავალს და არა ის პიროვნებები, რომლებიც “ერგებიან ნებისმიერ მთავრობას, რთულ ვითარებაში კი საკუთარი სიჩუმის გადაფარვას აგრესიით და თავდასხმებით ცდილობენ”.

ამგვარად, პრეზიდენტმა “ქართულ ოცნებას” მოუწოდა, გამოგონილი დაპირისპირებების შექმნით ნუ შეეცდებიან ხალხისთვის მნიშვნელოვან დღის წესრიგს გაექცნენ. ვინ სად გაიქცა არ ვიცით, მაგრამ საბოლოო ჯამში საპარლამენტო უმრავლესობამ პრეზიდენტის სამივე ვეტო დაძლია და კანონპროექტი ძველი რედაქციით მიიღეს.

პრეზიდენტის პოზიციის მიმართ უკმაყოფილება არ დაუმალავს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისაც. მისი აზრით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა უკადრებელი იკადრა და ასეთი, არაეთიკური გამოსვლის შემდეგ, ანა დოლიძე ამ თანამდებობაზე არ უნდა რჩებოდეს. ვოლსკის აზრით, სიტყვები და ეპითეტები, რომელიც ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით გამოიყენა, მხოლოდ ირაკლი კობახიძეს არ უკავშირდება, ის სახელმწიფოსა და სახელმწიფო სტრუქტურას – პარლამენტს ეხება.

“პარლამენტის თავმჯდომარემ მას განუმარტა, რომ არსებობს საკითხი და მასთან დაკავშირებით მსჯელობის გარკვეული ფორმა. გამომდინარე აქედან, არ გადასულიყო სხვა თემებზე და არ შესულიყო ისეთ პოლემიკაში, რომელიც პოლიტიკურ პოზიციას შეიცავდა”, – განმარტავს ვოლსკი.

როგორც Dalma News-ს კონსტიტუციონალისტმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის დაძაბული ურთიერთობა დიდი ხანია არსებობს და ის პერიოდულად მწვავდება. იმისათვის, რომ ამ დაპირისპირებამ არ მიიღოს მწვავე ფორმა, საჭიროა ყველამ აკონტროლოს საკუთარი ლექსიკა, რადგან, ერთი მხრიდან წამოსული მოუზომელი ფრაზა, იწვევს საპასუხო რეაქციას და როგორც წესი უფრო აღმატებულ ხარისხში.

“სამწუხაროდ, როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, ხშირად კეთდება ისმის თავშეუკავებელი განცხადებები, რაც ბუნებრივია სხვადასხვა ხარისხის, მათ შორის, პიროვნულ დაპირისპირებას იწვევს. სახელმწიფო ინსტიტუტების ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს თანამშრომლობასა და ოპონირებას, უნდა იყოს თემატური საუბარი, გამოითქვას არგუმენტები, კონტრარგუმენტები, ხშირად არ იქნება პოზიციების თანხვედრა, შესაძლოა შეთანხმებასაც ვერ მიაღწიონ, მაგრამ ასეთი არის ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებაში და სახელმწიფოში ხელისუფლების არსი, რომ სახელისუფლებო შტოები ერთმანთთან უნდა იყვნენ, როგორც თანამშრომლობის, ისე ოპონირების რეჟიმში, მაგრამ არანაირად არ წაადგება ქვეყნის განვითარებას ისეთი ურთიერთობა, როცა ყველა ერთ დუდუკზე ცეკვავს”, – აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

მისი შეფასებით, ხშირ შემთხვევაში პრეზიდენტის პარლამენტის მიმართ ოპონირება არის საგნობრივი, მაგრამ ყოველთვის შემდგომ გადაიზრდება ხოლმე პიროვნულში.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება გამოიყენა თვითმმართველობის შესახებ კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც 7 ქალაქისთვის ამ სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. მისი აზრით, მსგავსი ტიპის გადაწყვეტილება ქვეყანაში აუარესებს დემოკრატიის ხარისხს, ზღუდავს ქალაქებისა და სოფლების სამომავლო განვითარებას და რაც მთავარია, ეწინააღმდეგება თავად “ქართული ოცნების” მიერ დაწყებულ რეფორმას. თვითმმართველის სტატუსი ხომ ამ ქალაქებმა, სწორედ კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შედეგად მიიღეს, დღეს კი მთავრობაში მიაჩნია, რომ ეს ქვეყნის ბიუჯეტისთვის ზედმეტი ხარჯია.

ექსპერტ ნიკა ჩიტაძეს მიაჩნია, რომ პრეზიდენტისა და პარლამენტის ურთიერთობაში კრიზისი მას შემდეგ არსებობს, რაც ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის პიროვნულად აღარ მოსდის თვალში მარგველაშვილის ქმედებები, “ამას კი ქვეყნის კონსტიტუცია ეწირება”, – მიაჩნია ექსპერტს.

ერთი მხრივ “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობა და მეორე მხრივ უფლებებშეზღუდული პრეზიდენტი, რომელიც ვეტოს გამოყენებით ახსენებს პარლამენტს, რომ ის ჯერ კიდევ სახელმწიფო მეთაურია.

როგორც Dalma News-სთან საუბრისას ნიკა ჩიტაძემ განაცხადა, ვეტოს გამოყენებით პრეზიდენტი წინაწარ წაგებულ თამაშში ერთვება, რადგან მის თითოეული ვეტოს ადვილად დაძლევს პარლამენტი. ამ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების მიზანია, დაანახოს საზოგადოებას, რომ ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესების საზიანოდ მიაჩნია.

P.S. გარდა ამისა, როცა პარლამენტარები აცხადებენ, რომ ისინი ხალხის არჩეულები არიან, ავიწყდებათ, რომ პრეზიდენტიც ხალხმა აირჩია, ხოლო, თუ მარგველაშვილის არჩევა თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტმა განაპირობა, “ქართული ოცნებაც” ამავე ფაქტორის გათვალისწინებითაა არჩეული. არიან თუ არა ქართულ პოლიტიკაში „შარიკოვები“ ეს ცოტა, ფართო მსჯელობის საგანია.

ავტორი: გიორგი ქართველი