რეტრო-ავტომობილებისა და ავტორარიტეტის მოყვარულებს თბილისში განსაკუთრებული სანახაობა ელით. ამიერკავკასიაში პირველი ავტომუზეუმი უკვე სამი წელია, საქართველოს დედაქალაქში არსებობს და დამთვალიერებელს კიდევ მეტ საინტერესო სიახლეს უმზადებს. სულ, რამდენიმე დღის წინათ, ავტომუზეუმში 1933 და 1936 წლებში გამოშვებული, ძველი საბჭოთა ავტომობილების GAZ 4-ისა და GAZ M1-ის პრეზენტაცია გაიმართა. ავტომობილების რესტავრაციაზე 6 რესტავრატორი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. GAZ-4 – პირველი საბჭოთა “პიკაპი” იყო და სულ 4 ეგზემპლარი არსებობს.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყო ცნობილი ქართველი კინორეჟისორი ელდარ შენგელაია. ძველი GAZ M1-ის დანახვაზე მას ბავშვობა გაახსენდა. როგორ გაირკვა, სწორედ ამ მარკის ავტომობილს მართავდა დედამისი, ქართული მუნჯი კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. სამწუხაროდ, მუზეუმის კოლექციაში წარმოდგენილი ავტომობილი არ აღმოჩნდა ცნობილი მსახიობის კუთვნილი GAZ M1-ი. გავრცელებული ინფორმაციით, ნატო ვაჩნაძეს ის ავტომობილი საბჭოთა ეპოქაში ჩამოართვეს და მისი კვალიც იმ ეპოქაში იკარგება.
ძველი ავტომობილების შეგროვება, ბიზნესმენმა გია მამულაშვილმა 20 წლის წინათ დაიწყო. პირველი ავტომობილი, 1967 წელს გამოშვებული “მოსკვიჩი 403” სრულიად შემთხვევით, ავტობაზრობაზე 700 აშშ დოლარად შეიძინა და სარემონტოდ კახეთში, დეიდაშვილებს გაუგზავნა. მათ “მოსკვიჩი” დაშალეს, გაწმინდეს, თავიდან ააწყვეს, შეღებეს, ერთი სიტყვით ძველ ავტომობილს ახალ სიცოცხლე შთაბერეს.
შედეგით კმაყოფილმა კოლექციონერმა გადაწყვიტა ამ საქმიანობისთვის სერიოზულად მოეკიდა ხელი. ძველ ავტომობილებს საქართველოს რეგიონებში, სოფლებსა და ქალაქებში ეძებდა, იძენდა, რესტავრაციას უტარებდა და ინახავდა. ყოველწლიურად კოლექცია 1-2 ავტომობილით მდიდრდებოდა. ბოლოს გადაწყვიტა ერთი დიდი ავტოფარეხის აშენება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მიწის ნაკვეთი შეიძინა და 6 500 კვადრატულ მეტრის ფართობზე დიდი ავტოფარეხი ააშენა. ამგვარად მომწიფდა მუზეუმის გახსნის იდეაც.
“მსგავსი მუზეუმი არა თუ თბილისში, მთლიანად საქართველოში და არც ამიერკავკასიის რეგიონში ყოფილა აქამდე. მეც შემთხვევით გამომივიდა”, – გვითხრა ბატონმა გიამ.
მუზეუმის გახსნის იდეა საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ოგბაიძემ მიაწოდა, როდესაც ერთ სივრცეში XX საუკუნის 30-მდე ავტომობილი დაინახა უთქვამს: – “ეს უკვე მუზეუმიაო”.
კოლექციის დათვალიერებისას თვალში მომხვდა საბჭოთა მილიციელის, ГАИ-ს ავტომობილი. როგორც ბატონმა გიამ ამიხსნა, ეს ნამდვილი ГАИ-ს ავტომობილი არ არის, უბრალოდ მაშინდელი ГАИ-ს ფერებშია შეღებილი. საბჭოთა მილიციელის ავტომობილის ფერებში ძველი “მოსკვიჩი” შეღება, სრულად აღჭურვა რაციით და რუპორებით. ნაწილიც ქარხნული ჩაუყენა. ერთხელ, ГАИ-ს ავტომობილით თბილისის ქუჩებში გასეირნება მოუსურვებია. გზაზე პატრულმა გააჩერა. დარწმუნებული იყო, რომ ამის გამო დააჯარიმებდნენ, მაგრამ, მისდა გასაოცრად, საპირისპირო შედეგი მიიღო. ГАИ-ს მანქანის დანახვაზე პატრულის თანამშრომლებს სიცილი აუტეხიათ, შემდეგ კი, მუზეუმამდე ესკორტით მიუცილებიათ.
ერთ სივრცეში შეკრებილი ისტორია…
გია მამულაშვილის კოლექცია დღეისათვის 40-მდე ავტომობილს ითვლის და ძირითადად საბჭოთა ეპოქაში გამოშვებული მანქანებისგან შედგება, თუმცა ერთი-ორი უცხოური ავტომობილიც ურევია. უცხოური ავტომობილების შეძენა და შემდგომ მათი რესტავრაცია გაცილებით ძვირი უჯდება, არც საბჭოთა ეპოქის მანქანების ქარხნული ნაწილების შოვნაა ადვილი საქმე. კოლექციაში ყავს: 1937 წელს გამოშვებული პირველი “იჟი”, 1936 წლის BMW – 350 და 1936 წლის “მერსედესი”.
მის კოლექციაში ისტორიული ფიგურების ნაქონი ავტომობილებიც ინახება. საბჭოთა ლიდერის, კონსტანტინე ჩერნენკოს ნაქონი, ძვირადღირებული, ბრონირებული, 8 მეტრის სიგრძის “ლიმუზინი”, მოსკოვიდან ჩამოუყვანია. ასევე, ყავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარე ასლან აბაშიძის ნაქონი “ჩაიკა”, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისა და საქართველოს ექს-პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ნაქონი ავტომობილები. დიდი სურვილი აქვს მუზეუმში ინახებოდეს ის ავტომობილიც, რომელშიც 1998 წლის ტერაქტის დროს, პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე იმყოფებოდა.
“შევარდნაძე რომ ააფეთქეს, ის “მერსედესი” სადღაც ფუჭდება და ყველას ვთხოვ, მე გადმომცენ. არ მინდა ყიდვა, მათი იყოს, მაგრამ მომცენ, რომ გავწმინდო, აღვადგინო და მოვუარო. მუზეუმში დავდგამ, რომ ხალხმა შეძლოს ამ ისტორიული ექსპონატის ნახვა. ამ მანქანების შეძენით ქონებას კი არ ვაგროვებ, უბრალოდ ხალხს მოსწონს და ბევრ ტურისტსაც მოვიზიდავთ”, – აცხადებს გია მამულაშვილი.
მის კოლექციაში ასევე ნახავთ ძველ საბჭოთა სახანძრო პრისელერს, ომგამოვლილ ორხიდიან “ურალს”, თავისი ტყვიამფრქვევის დასამაგრებლით და ა.შ.
“ძველი, საბჭოთა მანქანები ძირითადად სოფლებშია შემორჩენილი. ერთ-ერთი “ზაპაროჟეცი” წნორში ვიყიდე. ნახევარი დღე მისი მიწიდან ამოღებას მოვუნდი. 1933 წლის პირველი საბჭოთა “პიკაპიც” კახეთში შევიძინე. უკვე 84 წლისაა. უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში ერთ ადგილას ყავდათ გაჩერებული და ლამის მიწაში იყო ჩაფლული. “ზილი” კი, ტყეში ვიპოვე გადაგდებული”, – გვითხრა გია მამულაშვილმა.
ავტომუზეუმი 2014 წელს გაიხსნა. ამ დროისთვის 30 მანქანაა წარმოდგენილი, 10 კი რესტავრაციას ელოდება. ერთი ავტომობილის განახლებას დაახლოებით 6 – 9 თვე სჭირდება. რესტავრაციამდე ავტომობილს მთლიანად შლიან, ნაწილებს ყუთებში ახარისხებენ და სპეციალური ხსნარით ამუშავებენ. პარალელურად ეძებენ ქარხნული წარმოების ნაწილებს და მანქანას თავიდან აწყობენ. სალონის დიზაინი google -დან ამობეჭდილი სურათების მიხედვით იკერება. მუზეუმში წარმოდგენილი ყველა ავტომობილი მწყობრშია და მისი მართვა ჩვეულებრივად არის შესაძლებელი.
“ორი “პობედა” მყავს. ერთი 1954 წელს არის გამოშვებული. მეორე კი, კაბრიოლეტად გადავაკეთეთ. ხშირად მოდიოდნენ და ქორწილებისთვის მანქანის ქირაობას მთხოვდნენ. მე კიდევ მენანება ჩემი ავტომობილების გაქირავება. ამისთვის ერთი “პობედა” გამოვყავი, რომელმაც უკვე 9 პატარძალი მიიყვანა ტაძარში”, – გვითხრა ბატონმა გიამ.
მანქანების გაყიდვას არ აპირებს. თუ ვინმეს მოუნდება ძველი მანქანა, ავუწყობთ, მაგრამ ჩემსას ვერ შეველევიო, – განაცხადა.
მუზეუმში ავტომობილებზე 5 ადამიანი ზრუნავს. თვეში ერთხელ ქოქავენ და მოძრაობაში მოჰყავთ, რომ დიდხანს დგომისგან მექანიზმი არ მოიშალოს. დარბაზში არეგულირებენ ჰაერის ტემპერატურას. გია მამულაშვილის თქმით, მანქანას აფუჭებს ზედმეტი სინათლე, სიცივეც და სიცხეც.
“ეს არის ჩემი ჰობი, არანაირი კომერციული ინტერესი არ დევს ამაში. ბილეთების გაყიდვიდან ფული იმდენი შემოგვდის, რომ მუზეუმის დირექტორი დენის ფულს იხდის. რაც მეტი ტურისტი გვესტუმრება მუზეუმში, მით მეტად გავამდიდრებთ ავტომობილების კოლექციას”, – განაცხადა გია მამულაშვილმა.
თბილისის ავტომუზეუმი მალე 1200 კვმ-ის ფართობზე გაიშლება და მუზეუმში მისულ დამთვალიერებელს ექსპონატების დათვალიერება კომფორტულად შეეძლება. ერთადერთი, რასაც ბატონი გია დედაქალაქის მთავრობისგან ითხოვს, მუზეუმთან მისასვლელი 200 მეტრის სიგრძის გზაზე ასფალტის საფარის დაგებაა.
შორენა პაპაშვილი