საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც სხვა კითხებთან ერთად 15-16 ოქტომბერს დაგეგმილი “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის” მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავს.
როგორც Dalma News -ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, დავით დონდუა უკვე შეხვდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ჩენ გუო ფინს და ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ და კულტურულ სფეროებში არსებული თანამშრომლობა განიხილეს.
მათივე ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი, განსაკუთრებით, სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო “ახალი აბრეშუმის გზა ეკონომიკური სარტყელის” პროექტში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს.
მხარეებმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სამომავლო რეფორმირებასთან დაკავშირებული საკითხებიც განიხილეს და პოზიციები შეაჯერეს.