შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საიუბილეო, ოცდამეხუთე სამიტი სტამბულში, 21-22 მაისს გაიმართა, რასაც თან ახლდა, არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურების და საგარეო საქმეთა მინისტრების ხმამაღალი განცხადებები, არამედ ქართული შიდაპოლიტიკური სკანდალები.
საქმე იმაშია, რომ შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი-ქვეყნების ხელმძღვანელების დასკვნით ფოტოზე, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი, ქვეყნის ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გვერდით აღმოჩნდა. ამას საქართველოში პროდასავლური ოპოზიციისა და ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული ნაწილის სერიოზული აღშფოთება მოყვა. პროტესტანტმა ლიბერალებმა, ქართველი მინისტრი „ოკუპანტი ქვეყნის“ ერთ-ერთ ლიდერთან არაფორმალურ ურთიერთობაში დაადანაშაულეს.
ამჯერადაც გამორჩეული იყო ოპოზიციური ტელეკომპანია “რუსთავი-2”, რომელიც არც მალავს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის და მასთან დაახლოვებული პირების – პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინტერესების გამტარებელია. თავის სიუჟეტში ტელეკომპანიამ თურქეთში გამართული ფორუმის დელეგაციების ხელმძღვანელების პროტოკოლური ფოტო, “ოკუპანტი ქვეყნის პრემიერთან სამახსოვრო ფოტოდ” გაასაღა.
მართლაც, პოსტსაბჭოთა პერიოდში საქართველოსა და რუსეთს შორის, არაერთხელ დაიძაბა ურთიერთობა, რომლის კულმინაცია 2008 წლის აგვისტოს ომი იყო. მას შემდეგ, ოფიციალურ თბილისსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღარ არსებობს. საქართველოს საგარეო პოლიტიკა რუსეთისადმი პრეტენზიებით და სიძულვილით არის გაჯერებული, ხოლო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის თანახმად რუსეთი “დესტაბილიზაციის წყარო” და “ოკუპანტი ქვეყანაა”.
თუმცა, 2012 წლის ოქტომბრიდან, ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლის და სათავეში ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ, ოფიციალური თბილისის რიტორიკაც შეიცვალა. ეს უკანასკნელი დასთანხმდა სახელმწიფოთაშორისი დიალოგის “კარასინი-აბაშიძის” ფორმატის შექმნას, რომელშიც მონაწილეობა ორივე ქვეყნის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ, მხოლოდ იმ პირობით, რომ მხარეები არ პოლიტიკურ საკითხების გარდა, მხოლოდ სავაჭრო, სატრანსპორტო კავშირების და კულტურულ-ჰუმანიტარულ თანამშრომლობაზე ისაუბრებდნენ.
მოსკოვსა და თბილისს შორის სავაჭრო-ურთიერთობებში სერიოზული პროგრესის მიღწევის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ბოლომდე მაინც ვერ განთავისუფლდა სააკაშვილის დროინდელი ანტირუსული და აგრესიული რიტორიკისგან, რომელიც დროდადრო მაინც იჩენს თავს. საქართველოს ვიცე-პრემიერს და ფინანსთა მინისტრს, თავის მართლება “პროტოკოლური გარემოებების” გამო მოუწიათ, რათა “პროგრესული და ლიბერალი” ოპოზიციონერები არ გაეღიზიანებინათ.
“ჩვენ ყველა შესაბამისი პლატფორმა და შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის და მისი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნება. სწორედ ეს იყო მთავარი გზავნილი, რომელიც გუშინ, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე გავაკეთეთ. არავითარი შეხვედრა არ ყოფილა, ეს იყო მხოლოდ პროტოკოლით გათვალისწინებული ფოტოგადაღება, რისთვისაც ყველანი შეგვკრიბეს და ფოტოების გადასაღებად დაგვაყენეს”, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა.
საინტერესოა, რატომ უნდა გაემართლებინა თავი?! იმიტომ, რომ თავის სამუშაოს ასრულებდა და საკუთარი ქვეყანა მნიშვნელოვან ფორუმზე წარადგინა, თუ იმიტომ, რომ ფოტოზე რუსეთის პრემიერ-მინისტრის გვერდით მოხვდა?
ალბათ, საქართველოს მთავრობას უნდა შევახსენოთ, რომ რუსეთში მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. გარდა ამისა, რუსეთი – ეს არის ქვეყანა, რომელიც ფინანსური კრიზისის მიუხედავად, ქვეყნის კომერციულ ბანკებში ფულის გადარიცხვის მოცულობის მხრივ ლიდერია. მარტო ელექტრონული სისტემით, 2016 წელს რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 1,2 მილიარდი აშშ.დოლარი გადაირიცხა. “ოკუპანტმა ქვეყანამ” 2013 წელს, საკუთარ ბაზარზე ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქცია და ღვინო დაუშვა.
თუმცა, ქართულ პოლიტიკურ ველზე საღად მოაზროვნე ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც აცხადებენ, რომ დიალოგი ქართული მხარის ინიციატივითაც უნდა შედგეს. ამ მიდგომის მომხრეა საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელმაც პირველი ვიცე-პრემიერი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მან რუსეთის მთავრობის მეთაურთან დალაპარაკების შესაძლებლობა არ გამოიყენა.
“ძალიან ცუდია, რომ მან (ქუმსიშვილმა) არ გამოიყენა იმ ქვეყნის ერთ-ერთ ლიდერთან საუბრის შესაძლებლობა, რომელთანაც ყველაზე დიდი პრობლემა გვაქვს… მოვუწოდებ ყველას, ვისაც გულწრფელად სურს საქართველოს გაერთიანება, თვალები გაახილეთ და დამამცირებელ კომენტარებს ნუ აკეთებთ. დასაგმობია, როდესაც საქართველოს ხელისუფლება არ იყენებს მსგავს ფორუმებს, რათა რუსეთს დაეკონტაქტოს და ჩვენი პრობლემები მოაგვაროს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
ძნელია კომპეტენტური ქართველი პოლიტიკოსის აზრს არ დაეთანხმო. ყველა კონფლიქტი და პრობლემა დიალოგისთვის მზადყოფნით და მოლაპარაკებების გზით უნდა მოგვარდეს. თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკიდან გამომდინარე საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების გადახედვა მოსალოდნელი არ არის, ხოლო აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისადმი ძმური გრძნობების და მშვიდობისმყოფელობის შესახებ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია, თუ არა – პოპულიზმი.
EADaily-ის ანალიტიკური რედაქცია