ბაქოში, 2017 წლის 12-დან 22 მაისამდე ისლამური სოლიდარობის მეოთხე თამაშები Baku 2017 ჩატარდება. ზოგიერთმა წამყვანმა სპორტულმა გამოცემამ ბაქოს ისლამიადას მიმდინარე წლის ყველაზე სასურველი სპორტული მოვლენა უწოდა. სკეპტიკოსების პროგნოზების მიუხედავად, სპორტული შეჯიბრებების ბილეთები თითქმის სულ წინასწარ გაიყიდა.
მართლაც ყველაფერი ისე იდეალურადაა, როგორც ამას აზერბაიჯანული ტელეარხებიდან ამბობენ, თუ მინუსებიც არსებობს. ამ და სხვა კითხვებზე პასუხების მოძებნას Dalma News-ის კორესპონდენტი ბაქოში შეეცადა.
ისლამიადის დაწყებამდე, ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, აზერბაიჯანის დედაქალაქში სპორტული შეჯიბრებების მოლოდინი იგრძნობოდა. ქალაქის ცენტრში სპეციალური ელექტრონული პლაკატები იყო განთავსებული, რომლებიც თამაშების დაწყებამდე დროს უკუღმა ითვლიდნენ, მოძრაობდა სპეციალური ტრანსპორტი ლოგოტიპებით, მიმდინარეობდა გზების, სპორტული ობიექტების და ა.შ. მშენებლობა.
ცოტა რამ თავად ისლამიადას შესახებ…
ისლამური სოლიდარობის თამაშები, ანუ ისლამიადა – ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს შორის საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებაა, რომელიც 57 ქვეყნიდან დაახლოებით მილიარდ-ნახევარ ადამიანს აერთიანებს.
პირველი თამაშები 2005 წელს საუდის არაბეთში ჩატარდა. 4 წლის შემდეგ მორიგი თამაშები ირანში უნდა გამართულიყო, მაგრამ ირანულ და არაბულ მხარეებს შორის სპარსეთის ყურის კონფლიქტის გამო ასე არ მოხდა. მესამე ისლამური თამაშები ინდონეზიურ ქალაქ პეკანდარუში 2013 წელს გაიმართა.
2013 წლის 24 ივლისს ქალაქ ჯიდაში, აზერბაიჯანი ისლამიადის მასპინძელ ქვეყნად, ისლამური სოლიდარობის სპორტული ფედერაციის გენერალური ასამბლეის მერვე შესარჩევ კონფერენციაზე აირჩიეს. ისლამიადის ჩატარების შესახებ ოფიციალური ხელშეკრულება 2015 წლის 7 აპრილს ბაქოში გაფორმდა.
თამაშების სპორტულ პროგრამაში ჩართულია სპორტის 20 სახეობა: მძლეოსნობა სუსტ და მძიმე წონით კატეგორიებში, წყალში ხტომა, ცურვა, წყალბურთი, კალათბურთი 3×3, ფეხბურთი, მხატვრული და სპორტული ტანვარჯიში, საბრძოლო ხელოვნება, მაგიდის ჩოგბურთი, ხელბურთი, ძიუდო, ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით ჭიდაობა, სროლა, ჩოგბურთი, ფრენბურთი, კრივი, კარატე, ტაეკვანდო. ისლამური სორიდარობის მეოთხე თამაშების “ბაქო-2017”-ის საორგანიზაციო კომიტეტმა, კიდევ ერთ შეთანხმებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც თამაშების ტრანსლირება ოთხივე კონტინენტის 58 ქვეყანაში უნდა განხორციელდეს.
ცოტა რამ პრემიების შესახებ
პირველ ადგილზე გასულ სპორტსმენებს აზერბაიჯანის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 50 ათასი მანათით დააჯილდოვებს, ხოლო მათ მწვრთნელებს – 25 ათასი მანათით. მეორე ადგილის მფლობელებს გადასცემენ 30 ათას მანათს (მათ მწვრთნელებს – 15 ათას მანათს), ხოლო მესამე ადგილზე გასულებს – 20 ათას მანათს (მწვრთნელებს-10 ათას მანათს).
გარდა ამისა, სახელმწიფოს მეთაურმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც გამარჯვებულებს გადაეცემათ: ოქროს მედალი -100 ათასი მანათი (მწვრთნელი – 50 ათასი მანათი), ვერცხლის მედალი – 50 ათასი მანათი(მწვრთნელი – 25 ათასი მანათი), ბრინჯაოს მედალი – 30 ათასი მანათი (მწვრთნელი-15 ათასი მანათი).
მთავარი პლუსი – ტურისტების მიზიდვა
ისლამიადის ჩატარება, როგორც მოსალოდნელია, ბაქოში კიდევ უფრო მეტ ტურისტებს მიიზიდავს. როგორც კულტურის და ტურიზმის სამინისტროში განაცხადეს, აზერბაიჯანის დედაქალაქი მაქსიმალურად დაიტევს 20 ათას ტურისტს. მათთვის დედაქალაქში სხვადასხვაგვარი გასართობი ღონისძიებები მოეწყობა, ასევე შეძლებენ თანამედროვე ბაქოს გაეცნონ.
“აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის სამინისტროს პროგნოზებით, 2017 წელს ქვეყანას ბევრი ტურისტი ეწვევა სხვადასხვა ქვეყნიდან. როგორც წესი, აზერბაიჯანში დასასვენებლად ჩასული ტურისტები კვირაზე მეტხანს რჩებიან. თითოეული ტურისტი თავისი მატერიალური მდგომარეობის მიხედვით, 500 დოლარიდან 30 ათას დოლარამდე ხარჯავს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიმდინარე წელს ქვეყანაში ისეთი დიდი ღონისძიებები ჩატარდება, როგორიცაა სოლიდარობის ისლამური თამაშები და “ფორმულა-1″, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად , მარტო ტურისტების ხარჯზე მინიმუმ 300 მილიონი დოლარით გაიზრდება”, – განუცხადა Dalma News-ს აზერბაიჯანელმა ეკონომისტმა სამირ ხაიამოვმა.
როგორც Dalma News-ს ახლო აღმოსავლეთიდან ჩასულმა ერთ-ერთმა ტურისტმა განუცხადა, ბოლო წლებში ის და მისი ოჯახი დასასვენებლად ბაქოში ჩადის. ახლა კი ისლამური თამაშების გახსნაზე დასწრების შესაძლებლობაც მიეცა.
“ამ ქალაქში ყველაფერი ტურისტების, განსაკუთრებით არაბი ტურისტების გათვალისწინებით არის გაკეთებული. სწორედ ამის გამო აქ თავს კარგად ვგრძნობთ. ჩვენს კულტურებს და სამზარეულოებს შორის ბევრი საერთოა. აქ ყოფნა ჩემს შვილებსაც შეუყვარდათ”, – დასძინა მან.
გახსნის ცერემონიალი და თამაშების დახურვა – მსოფლიო ვარსკვლავების გარეშე
ბაქოში ჩატარებული წინა მასშტაბური შეჯიბრებებისგან განსხვავებით, ისლამიადის გახსნაზე მსოფლიო “ვარსკვლავების” მონაწილეობა არ იგეგმება. ეს უკავშირდება არა ფინანსურ პრობლემებს, არამედ ისლამური შეჯიბრებების ფორმატს.
თუმცა, გახსნის ცერემონიალზე გრანდიოზული შოუა დაგეგმილი, რომლის მთავარი თემატიკა ისლამური სამყაროს ისტორიაა. ისლამიადის საერთო ბიუჯეტი 100 მილიარდი დოლარია და ამ თანხის სერიოზული ნაწილი თამაშების გახსნის და დახურვის ცერემონიალებზე დაიხარჯება.
უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა
სოლიდარობის მეოთხე ისლამური თამაშების უსაფრთხოება აზერბაიჯანში სრულად იქნება უზრუნველყოფილი,- განაცხადა თამაშების გახსნის წინ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა მადატ გულიევმა ჟურნალისტებთან საუბარში.
მისივე თქმით, ისლამური სოლიდარობის თამაშები სახელმწიფო მასშტაბის ღონისძიებაა.
“სამუშაოში ოთხი ათასი მოხალისე ჩაერთვება. ეს ძალზედ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა ჩვენი სახელმწიფოსთვის. ბუნებრივია, რომ უსაფრთხოებას სრულად ვუზრუნველყოფთ”, – დასძინა გულიევმა.
როგორც მოსალოდნელია თამაშებში სამი ათასზე მეტი სპორტსმენი 57 ქვეყანას წარმოადგენს. აზერბაიჯანი თითოეული სპორტსმენის და მონაწილე ქვეყნის ნაკრების წევრის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა.
მინუსები
არსებობს მინუსებიც. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, აზერბაიჯანმა თავის თავზე აიღო თამაშების ყველა მონაწილე გუნდის სატრანსპორტო ხარჯები. ეს გრანდიოზული ხარჯია.
მთელს ქალაქში უზარმაზარი საცობები. ათასობით უკმაყოფილო მძღოლი პარალიზებულ გზებზე. თამაშების ჩატარების დროს ქალაქის ცენტრში ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იქნება. დედაქალაქის ერთდროულად რამოდენიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროსპექტი მთლიანად გადაიკეტება.
“ეს ყოვლად წარმოუდგენელია, მე ტაქსისტი ვარ და ლუკმა პურს ამით ვშოულობ. გუშინ საცობში ზუსტად 4 საათის განმავლობაში ვიდექი. ყველა ეს გრანდიოზული ღონისძიება “პლიუსებს” ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის აგროვებს, უბრალო ადამიანებს კი ამაზე უფრო ის სჭირდებათ, რომ პენსიები გაზარდონ. მერე ნახეთ, საზოგადოება როგორ გაიხარებს”, – გაუზიარა თავისი აზრი Dalma News-ს ერთ-ერთმა ბაქოელმა ტაქსისტმა.
ასეა თუ ისე, აზერბაიჯანმა უკვე დაამტკიცა, რომ მას მაღალი დონის სპორტული და კულტურული ღონისძიებების გამართვა შეუძლია. ამას ადასტურებს: ევროვიზია, პირველი ევროპული თამაშები, ჭადრაკის ოლიმპიადა, ფორმულა ერთის ეტაპები. მომავალში კი ბაქოს ჩემპიონთა ლიგის ფინალური თამაშებს უმასპინძლებს. ასე, რომ ყველაფერი წინ არის…
მოამზადა ნიჯატ გაჯიევმა