ერევანში, თუმანიანის და თერიანის ქუჩების კვეთაზე, გედების ტბასთან არნო ბაბაჯანიანის ძეგლთან დაკავშირებით, რამდენიმე ასლი დაიმტვრა. უნდა ვაღიაროთ, რომ ძეგლი დანახვისთანავე გაოცებას, უჩვეულო გამბედაობას და უზომოდ დიდ ექსპრესიას იწვევს. ძეგლს ბევრი მოწინააღმდეგე ყავდა, თუმცა ისინი ძალიან მალე გაქრნენ და ახლა სომხეთის დედაქალაქის ცენტრი როიალთან მჯდომი არნო ბაბაჯანიანის გარეშე წარმოუდგენელია. იგი ცხოვრებაშიც ზუსტად ასეთი იყო: მუსიკაში ჩაფლული, სრული ექსპრესია. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა გენიალური მუსიკის დაწერა.

Arno_Babadjanyan1

ყველა პლანეტის კომპოზიტორი

იმის თქმა, რომ ბაბაჯანიანის სიმღერებს სსრკ-ს ყველა რესპუბლიკაში მღეროდნენ – არაფრის თქმას ნიშნავს. ამ სიმღერებს დღესაც მღერიან და მომავალშიც იმღერებენ, არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მთელს პლანეტაზე. არნო ბაბაჯანიანს ადვილად შეეძლო თავის ნაწარმოებებში მშობლიური სომხური მელოდიების გარდა, რუსული და ევროპული ინტონაციების შერწყმა, რაც განუმეორებელი ჰარმონიულობით გამოირჩევა. ეს ნამუშევრები მუსიკოსებს დღესაც აოცებს.

ცოტამ თუ იცის ეს ისტორია: მსოფლიოში ცნობილმა გიტარისტმა და კომპოზიტორმა კარლოს სანტანამ, გასული საუკუნის 60-იან წლებში თავისი ცნობილი კომპოზიცია “ევროპა” შეასრულა, რომელიც მის სავიზიტო ბარათად იქცა. კომპოზიციის დასაწყისში, დაახლოებით 8 ტაქტი მან ბაბაჯანიანის “ხიდებიდან” ისესხა, რომელიც არნომ 1959 წელს დაწერა და იმავე წელს დაარეგისტრირა სსრკ-ს მაშინდელი საავტორო უფლებების სააგენტოში. არნოს და მის ვაჟს არაერთხელ შესთავაზეს მექსიკელის წინააღმდეგ “საჩივრის შეტანა”. მაგრამ დიდი ხნის წინანდელი ამბის, თანაც ცნობილი გიტარის მუსიკის გურუს პატივისცემის გამო ეს არ გააკეთეს.

დღეს კი არა ბაბაჯანიანის დროდადრო შესაბამის ინსტანციებში სიარული უწევს, რათა დღევანდელ ტელეპროდუქციებში მამამისის ცნობილი მელოდიების არასანქცირებული შესრულების გამო სხვისი ინტელექტუალური საკუთრების მიტაცების მოყვარულებს აუხსნას, რომ ეს ცუდი საქციელია და რომ ეს არ არის მომგებიანი, რადგანაც ჯარიმის გადახდას დააკისრებენ.

Moscow. USSR. Armenian composer Arno Babadzhanyan. Photo TASS / Vladimir Zavyalov; Vladimir Savostyanov Москва. Армянский композитор, пианист Арно Бабаджанян. Фото Владимира Завьялова и Владимира Савостьянова /Фотохроника ТАСС/
მოსკოვი. სომეხი კომპოზიტორი და პიანისტი არნო ბაბაჯანიან. ვლადიმერ ზავიალოვის და ვლადიმერ სავოსტიანოვის ფოტო / ფოტოქრონიკა ТАСС

მას გულწრფელად უხაროდა ცხოვრება და რაც მთავარია, ამ სიხარულს სხვებსაც უზიარებდა. იგი მიზეზის გარეშე აწყობდა დღესასწაულებს და ეპატიჟებოდა ყველას, ვისაც მასთან ერთად მხიარულება სურდა. მთელი მისი ცხოვრება სიყვარულის ერთგვარი ისტორიაა, რომელიც შესანიშნავი სიმღერების სახით მთელს მსოფლიოში დაფრინავს. ასეთი გულისშემძვრელი სიმღერების წერა მხოლოდ მას გამოსდიოდა.

იანვარში დაბადებული

არნო ბაბაჯანიანი 1921 წლის 21 იანვარს ერევანში დაიბადა. ოჯახის თავის – მათემატიკის მასწავლებლის, არუთინ ბაბაჯანიანის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. სამი წლს შემდეგ კი ლენინი გარდაიცვალა, რის გამოც ყოველწლიური გლოვა გამოცხადდა. მაშინ მამამ ვაჟის დაბადების დღის საზეიმოდ აღნიშვნის მიზნით, დაბადების მოწმობაში თარიღის შეცვლა განიზრახა და არნოს დაბადების დღედ 22 იანვარი ჩააწერინა.

Arno_Babadjanyan
არნო ბაბაჯანიან და არამ ილიას ძე ხაჩატურიან

ოჯახში მუსიკოსი არავინ ყოფილა, თუმცა მამა ზოგჯერ ფლეიტაზე დაკვრით ერთობოდა. არნომ კი სამი წლის ასაკში ძველ გარმონზე უკრავდა, ხოლო 9 წლისამ თავისი პირველი ნაწარმოები – “პიონერული მარში” დაწერა. თუმცა, მანამდე მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა: არნო არამ ილიას ძე ხაჩატურიანმა შეამჩნია.

ჩვეულებრივ ერევანის საბავშვო ბაღში სტუმრად მისულმა სტუმარმა უჩვეულოდ დიდი ნიჭის მქონე ვუნდერკინდი შეამჩნია. თავის თანატოლებთან შედარებით, არნო გულივერს ჰგავდა. გამორჩეული იყო ფიზიკური პროპორციებითაც: მას ხელის დიდი მტევნები, დაუჯერებელი სიდიდის და კონფიგურაციის ცხვირი ჰქონდა. 6 წლის ბიჭუნას მოსმენის შემდეგ არამ ხაჩატურიანმა თქვა: “იგი რჩეულია!”. მოგვიანებით, ხაჩატურიანი არნო ბაბაჯანიანის შემოქმედებით ბიოგრაფიაში სწორედაც რომ საჭირო დროს ჩნდება – როგორც ჯინი ლამფიდან.

1928 წელს არნო ერევნის კონსერვატორიასთან არსებულ ნიჭიერ ბავშვთა ჯგუფში მიიღეს. “პიონერული მარშის” შემდეგ, 12 წლის ასაკში, ახალგაზრდა მუსიკოსების კონკურსში მიიწვიეს, სადაც ბეთჰოვენის “მეოთხე სონატა” და მენდელსონის “რონდი კაპრიჩიოზო” შეასრულა, სწორედ მაშინ მიიღო პირველი ჯილდო. ერევნის კონსერვატორიასთან არსებული ჯგუფის დასრულების შემდეგ სწავლა კონსერვატორიაში განაგრძო. 1936 წლიდან ვ.ტალიანის და ს.ბარხუდარიანის მოსწავლე იყო. შემდეგ იყო მოსკოვი.

არნო ბაბაჯანიანის ვარსკვლავური ათწლეული

დედაქალაქში ბაბაჯანიანი გნესინკის ბოლო კურსზე მოხვდა. ე.გნესინსკის ფორტეპიანოს კლასის და იმავდროულად კომპოზიციის კლასის დასრულების შემდეგ მან სწავლა ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორიაში (სპეციალური ფორტეპიანოს კლასი) გააგრძელა. 1942 წელს ერევანში დაბრუნდა და სწავლა ადგილობრივ კონსერვატორიაში განაგრძო. 1946-48 წლებში მოსკოვში, სსრკ-ს სომხური კულტურის სახლში. იგი გ.ი. ლიტინსკის კომპოზიციის კლასში დახელოვნდა.

საბჭოთა დედაქალაქის შემოქმედებითი ცხოვრების ისტორიაში ბაბაჯანიანის დიპლომის დაცვა უჩვეულო მოვლენად ჩაიწერა. საგამოცდო კომისიაში იმ დროის გამოჩენილი პიანისტები და პედაგოგები ისხდნენ: იაკობ ფლიერი, ალექსანდრე გოლდენვეიზერი და ჰენრიხ ჰეიგაუზი. სადიპლომოს დაცვაზე კლასიკოსი კომპოზიტორების გარდა საკუთარი ნაწარმოების შესრულებაც სავალდებულო იყო. ბაბაჯანიანმა ალექსანდრე სკრიაბინის სტილში დაწერილი საკუთარი კომპოზიცია შეასრულა. ამის შემდეგ კომისიის წევრებმა მის მიერ დაწერილი მელოდიის შესრულება სთხოვეს, მაგრამ როდესაც გაიგეს, რომ უკანასკნელი კომპოზიცია სწორედ ბაბაჯანიანს ეკუთვნოდა, გაოცდნენ.

rob muslim
რობერტ როჟდესტვენსკი, არნო ბაბაჯანიან, მუსლიმ მაგომაევ

როდესაც სიმღერას წერდა, ბაბაჯანიანმა წინასწარ იცოდა, ვინ შეასრულებდა მას. იგი ზუსტად გრძნობდა ამა თუ იმ სოლისტის ვოკალურ განსაკუთრებულობას. მასთან მუშაობდნენ: ლიუდმილა ზიკინა, სოფია როტარუ, იური გულიაევი, ჟანა ტატლიანა, იოსებ კობზონი, რომელიც ხუმრობით საყვედურობდა კომპოზიტორს იმას, რომ მთავარი ჰიტები მაგომაევს ხვდებოდა, მას კი ხანდახან უმართლებდა. თუმცა, ბაბაჯანიანის ცნობილი “ნოკტიურნის” პირველი შემსრულებელი სწორედაც რომ კობზონი იყო.

ბაბაჯანიანმა ეს მუსიკა თავისთვის დაწერა, რათა როიალთან შეესრულებინა და არაერთხელ შეასრულა  სილანტიევის ორკესტრთან ერთად. ერთხელ კობზონმა ბაბაჯანიანს უთხრა: “არნო, მოდი რობერტს ვთხოვოთ ლექსი დაგვიწეროს. ძალიან მინდა ამ სიმღერის შესრულება”.  იოსებმა კატეგორიული უარი მიიღო: „როდესაც აღარ ვიქნები, მერე რაც გინდათ ის ქენით”,- ასეთი იყო ბაბაჯანიანის პასუხი. მართლაც, კომპოზიტორის გარდაცვალების შემდეგ კობზონმა რობერტს მიმართა, რომელმაც შესანიშნავი ლექსი დაწერა.

1953 წელს საშინელი დიაგნოზი – სისხლის გათეთრება დაუსვეს. სიცოცხლის ბოლომდე – 1983 წლამდე ყოველდღე ებრძოდა სიკვდილს. შესაძლოა ამან განაპირობა ის, რომ მის მუსიკაში ასე ბევრი დრამატიზმია. თუმცა, იგი ბოლომდე მხიარული და უშუალო ადამიანი იყო. უყვარდა იუმორი, სიცილი და ანეგდოტები. ავადმყოფობასთან ბრძოლაში ბაბაჯანიანს სწორედ იუმორის გრძნობა და მუსიკა ეხმარებოდა.

რა თქმა უნდა, არნო ბაბაჯანიანი კლასიკოსი იყო. ამას ადასტურებს: “კაპრიჩიო”, “ვიოლინოს სონატა”, “ნოკტიურნი”. თუმცა დიდი ღვაწლი მიუძღვის სომხური და საბჭოთა საესტრადო მუსიკის განვითარებაში. უილიამ საროიანმა ერთხელ თქვა: “ის პირველი იყო, ვინც მე სომეხი ოსტატი-ვარპეტი მიწოდა. მეც იგივე ვუპასუხე და მასაც იგივე ვუწოდე. მას არც გაჰკვირვებია და არც იუარა. სწორედ ეს არის შესანიშნავი, რადგანაც ნამდვილმა ვარპეტმა საკუთარი თავის ფასი ყოველთვის იცის”.

46

მოვლენა მართლაც ფენომენალურია: არნო ბაბაჯანიანი მაგნიტივით იზიდავდა ადამიანებს. მის შესახებ ევგენი ევტუშენკო ამბობდა: “ის სწორედაც რომ მუსიკოსად დაიბადა. მისი ნიჭი   ყოველდღიური თავაუღებელი შრომის შედეგი არ არის. იგი ატიპიური, ამაზე თავად ბუნებამ იზრუნა”. კომპოზიტორის შესახებ მსგავსი სიტყვები თქვეს: ანდრეი ვოზნესენსკიმ, რობერტ როჯესტვენსკიმ და ანდრეი დემენტიევმა.

არნო ბაბაჯანიანი ყოველთვის სავსე და გასაოცარი ცხოვრებით ცხოვრობდა. ამბობდნენ, რომ მხოლოდ მისი გამოჩენით შეიძლებოდა ხეებს კვირტები დაბერვოდათ, გაყინული მდინარეები გამღვალიყო და გიჟი ქარი ჩაწყნარებულიყო.

“შოპენის, ან რახმანინოვის დროს ბევრად უფრო იოლი იყო – კრებებს არ აწყობდნენ, არც ნარდს და ჭადრაკს თამაშობდნენ. ცხოვრებაც ბევრად უფრო საინტერესო იყო. დღეს კიდევ აღარ იცი, მუსიკა დაწერო, თუ იცხოვრო. თუმცა, კომპოზიტორი რომ არ ვყოფილიყავი, სცენაზე ვითამაშებდი და კომიკოსს განვასახიერებდი. ვფიქრობ, გროტესკული იქნებოდა”, – თქვა ერთხელ მაესტრომ თავის თავზე.

რუბენ გიულმისარიან