საქართველოს ხელისუფლება, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ქმნის, რომელსაც ფარული მოსმენა-მიყურადების ექსკლუზიური უფლება ექნება. სააგენტოს უფროსს 7 კაციანი კომისია, სუს-ის უფროსის მიერ წარდგენილი სამი კანდიდატიდან შეარჩევს. თანამდებობაზე კი მას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანიშნავს. სააგენტოს დებულებას მთავრობა დაამტკიცებს.

ფარული მოსმენების თემა ბოლო ხანებში ოპოზიციაში მყოფი, ყოფილი სახელისუფლებო პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და მისი შვილობილი გაერთიანებებისთვის მმართველ გუნდთან “ჭიდილის” მთავარ საფუძვლად იქცა. არადა, ყველას კარგად გვახსოვს, რომ ფარული მოსმენების ბინძური თემით თავს, წლების წინათ, სწორედ ყოფილი ხელისუფლება იწონებდა.

საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით განიხილა და 87 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაამტკიცა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელსაც 20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, ვეტო დაადო, რადგან მიაჩნია, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. 22 მარტს პარლამენტმა 93 მომხრე, 21 წინააღმდეგ, პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა. “ქართული ოცნება” გიორგი მარგველაშვილის ვეტოს არცერთ ნაწილს არ იზიარებს. პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების სააგენტოს არა სუს-ისთვის, არამედ პრემიერ-მინისტრისთვის დაქვემდებარებას ითხოვდა, მის პოზიციას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა და მესამე სექტორი.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, ანა დოლიძეს თქმით, პრეზიდენტი პატივს სცემს საკონსტიტუციო სასამართლოს და მის გადაწყვეტილებას და ხელს აწერს პარლამენტის მიერ მიღებულ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონს.

“საქართველოს პარლამენტმა არ გაითვალისწინა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები, ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით ვეტო და ამით, ფაქტობრივად ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, შეგვექმნა თვისობრივად ახალი, დამოუკიდებელი სისტემა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

უმრავლესობის, უმცირესობის და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტო არა კანონს, არამედ მოქალაქეების უსაფრთხოებას დაადო. კერძოდ, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, ხელისუფლების შესაძლებლობას, გაუმკლავდეს ტერორიზმის რისკებს, რომ საზღვრები ეფექტიანად მართონ და ქვეყანაში მშვიდი განვითარების შესაძლებლობა არსებობდეს.

დეპუტატის შეფასებით, ეს კანონი არის ბალანსი ადამიანის უფლებებსა და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის. თალაკვაძის თქმით, საქართველოს მთელი მსოფლიო უყურებს, როგორც საიმედო პარტნიორს და ხელისუფება არ აპირებს, საკუთარი უსაფრთხოების სისტემაზე ექსპერიმენტების ჩატარებას.

ვიდრე პრეზიდენტი კანონთა პაკეტს ვეტოს დაადებდა, თავისი პოზიცია საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმაც გამოთქვა და განაცხადა, რომ ყურადღებით განიხილეს პრეზიდენტის შენიშვნები, მაგრამ მისი არგუმენტების მიღების საჭიროება ვერ დაინახეს.

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომელზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში. განსაკუთრებული, თვისობრივი ცვლილება ამით ვერ მოხდებოდა”, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა.

პრეზიდენტის შენიშვნებსა და მოსაზრებებს იზიარებენ საპარლამენტო ოპოზიციის რიგებში და ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის გასაჩივრებას ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში გეგმავენ.

“ეს უნდა იყოს მართლაც დამოუკიდებელი ორგანო, ისეთი სტრუქტურა, რომელიც პარლამენტთან იქნება ანგარიშვალდებული. პარლამენტის ორ წევრს და სახალხო დამცველს, ნებისმიერ დროს ექნება ამ სისტემასთან წვდომა, როგორც სამართლებრივი, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით”, – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ზაზა ბიბილაშვილი.

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები მისაღებია მესამე სექტორისთვისაც. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ვეტო დაიძლევა და სამართლებრივი ნაბიჯებისთვის ემზადებიან. საჩივრის შეტანა პირველ ეტაპზე საკონსტიტუციო, შემდეგ კი სტრასბურგის სასამართლოში იგეგმება.

ექსპერტების შეფასებები

როგორც სამხედრო საკითხებში ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნის იდეა, მმართველმა გუნდმა მისგან აიღო, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ვახტანგ მაისაიას მიერ შეთავაზებული მოდელის მიხედვით, სააგენტო უნდა ყოფილიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც დაექვემდებარებოდა არა აღმასრულებელ, არამედ საკანონმდებლო ხელისუფლებას.

მისი აზრით, ამ თვალსაზრისით დროა საქართველოს პარლამენტში შეიქმნას დაზვერვის სპეციალური კომიტეტი, რომელიც გაუწევს მონიტორინგს ოპერატიული მოსმენების მიმართულებას, კონტრსადაზვერვო ოპერაციების მონიტორინგის მიზნით.

“სააგენტო არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც ახორციელებს ოპერატიულ-ტექნიკური ტიპის ღონისძიებას და შეასრულებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების, მათ შორის შსს-ს, სამხედრო თუ საგარეო დაზვერვისა და მთავარი პროკურატურის დაკვეთას. მათი საფუძვლიანი მოთხოვნის შესაბამისად, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს მოსმენების განხორციელება, მაგრამ თავად მოსმენების სანქციას იძლევა სასამართლო. კანონის მიხედვით ის არის ანგარიშვალდებული პრემიერ-მინისტრის მიმართ”, – აცხადებს ვახტანგ მაისაია და დასძენს, რომ სააგენტოს მიმართ მეტი სანდოობა იქნებოდა, თუ ის პარლამენტს დაექვემდებარებოდა.

მისივე თქმით, მართალია აშშ-ში მსგავსი სამსახური ქვეყნის პრეზიდენტს ექვემდებარება, მაგრამ ანგარიშვალდებულია კონგრესში დაზვერვის კომიტეტის მიმართ. “როგორც ჩანს, მმართველმა პოლიტიკურმა ძალა “ქართულმა ოცნებამ”, ცდუნებას ვერ გაუძლო, აიღო ამერიკული მოდელი, მაგრამ დატოვა აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაშიო”, – მიაჩნია მაისაიას.

ექსპერტი გაგებით ეკიდება ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას, რადგან საქართველო დიდი საგარეო საფრთხეების ზონაში იმყოფება, იქნება ეს ისლამური სახალიფოდან წამოსული საფრთხე, ჰაკერული შეტევები, რაც ბოლო დროს საკმაოდ პოპულარულია, თუ ექსტრემისტული დაჯგუფებების გააქტიურება, რასაც, მისი თქმით, მოწმობს ბათუმის ბოლოდროინდელი მოვლენები, სადაც ქვებით შეიარაღებულმა და ნიღბიანი ადამიანების ჯგუფმა, ქალაქის ერთ-ერთი ქუჩა დაარბიეს, ცეცხლი წაუკიდეს პოლიციის ავტომობილებს, მხოლოდ იმის გამო, რომ პოლიციის თანამშრომელმა ურჩი მძღოლი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავა. გამომდინარე აქედან, ექსპერტს მიაჩნია, რომ ტრაგიკული არაფერია იმაში, თუ მსგავსი ექსტრემისტული გამოვლინებებისგან თავის დასაცავად, ხელისუფლება გარკვეულ ზომებს მიმართავს, თუმცა, მისი აზრით, უფრო მოქნილი ელემენტების გამოყენებით ხელისუფლებას შეეძლო პოლიტიკური ოპონენტებისთვის გარკვეული თემებით მანიპულირების საშუალება არ მიეცა.

“შეიძლება გამამართლებელი ფაქტორი იყოს ის, რომ ჩვენს ირგვლივ გარემო არის ძალიან ცვალებადი, არასტაბილური და ძალიან მოწყვლადი, აქედან გამომდინარე რა გვირჩევნია, უსაფრთხოება, თუ თავისუფლების ფაქტორების დომინირება? ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა არ იციან რა გარემოში უხდება ჩვენს ქვეყანას არსებობა. გარდა ამისა, თავდაცვის სფეროში შესაბამისი განათლების დეფიციტიც აქვთ, რაც მეტყველებს არა, მხოლოდ მათ არასათანადო კომპეტენციაზე, არამედ დიდ დაღს ასვამს ასეთი მნიშვნელოვან და სენსიტიურ გადაწყვეტილებას”, – მიაჩნია ვახტანგ მაისაიას.

რაც შეეხება მოსმენებს, სამხედრო ექსპერტის განმარტებით, მოსმენის უფლება კანონით არის განსაზღვრული და შესაბამისად, ძალოვანი სტრუქტურები ვალდებულნი არიან სასამართლოსგან აიღონ ნებართვა, რომ ოპერატიულად დაიწყონ ამა თუ იმ ეჭვმიტანილის მოსმენა და თვალთვალი. ამ შემთხვევაში უკვე საქმე გვაქვს მოსამართლეების კვალიფიკაციასთან. ისმება კითხვა, მოსამართლეები სათანადოდ ერკვევიან უსაფრთხოების საკითხებში, თუ მათი გაცურება ადვილია?

როგორც Dalma News-ს ვახტანგ მაისაიამ განუცხადა, მოსმენების არგუმენტი, რასაც ოპოზიცია იყენებს, იმ შემთხვევაში იქნებოდა ძლიერი, თუ საქართველო საგარეო უსაფრთხოების თვალსაზრისით სტაბილურ პირობებში იქნებოდა, რომლის ირგვლივ, მხოლოდ დემოკრატიული სახელმწიფოებია. მაგრამ, როდესაც საქართველო უხდება არასტაბილურ გარემოში არსებობა, მმართველ პოლიტიკურ ძალას აქვს მყარი არგუმენტი, თუ რატომ სურს ხელიდან არ გაუშვას მსგავსი ბერკეტები. ამ თვალსაზრისით ქვეყანას სჭირდება სპეციალიზებული სასამართლო სტრუქტურა, ან უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე პალატა, მოსამართლე, რომელიც ერკვევა სამხედრო და უსაფრთხოების საკითხებში. დღევანდელი მოსამართლეების განათლების დონე კი, ამ სფეროში, ვახტანგ მაისაიას შეფასებით, არასაკმარისია.

imagesანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე, მხარს უჭერს საგამოძიებო ბიუროს შექმნას მომავალში და მიაჩნია, რომ ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი ბოლო მოდელი, ადრინდელზე უკეთესია.

იგი ტექნიკური დეპარტამენტის სპეცსამსახურის შემადგენლობიდან გამოყოფის წინააღმდეგია, რასაც არასამთავრობო სექტორი მოითხოვს და აცხადებს, რომ მსგავსი მოდელი მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის. გარდა ამისა, მისივე თქმით, მესამე სექტორის წარმომადგენლები ვერ ასაბუთებენ მოსახლეობის უკანონო მოსმენებისგან დაცულობას, ასევე, იმას, თუ რა კონტიგენტით უნდა დაკოპლექტდეს ეს ცალკე სააგენტო, ვინ მიანიჭებს მათ საიდუმლოებასთან დაშვებას, ვინ უზრუნველყოფს, რომ არ მოხდება პირადი ინფორმაციის გაჟონვა, უკანონოდ გატანა და სხვა?

“დღევანდელ ვითარებაში, მზარდი ტერორისტული საფრთხეების პირობებში ყველა წამყვანი სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, გერმანია და სხვები, პირიქით ამკაცრებენ ზომებს და პროვაიდერებს ავალდებულებენ შეინახონ ინფორმაციები და სპეცსამსახურებს მოთხოვნისთანავე მიაწოდონ. ჩვენ არ ვცხოვრობთ მშვიდ გარემოცვაში და არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ სპეცსამსახურები დავასუსტოთ. თუ გვსურს, რომ მოსმენების და საგამოძიებო ფუნქციები გავმიჯნოთ, ვიფიქროთ ცალკე საგამოძიებო ბიუროს შექმნაზე. ეს სერიოზული რეფორმა იქნება, თუ საფუძვლიანად და ხარისხიანად მოვამზადებთ. თუმცა თითქმის ყველა ქვეყანაში ის ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც ახორციელებენ მოსმენებს, ასევე ახორციელებენ საგამოძიებო ფუნქციებსაც. ასევე თუ გვსურს უკანონო მოსმენების აღკვეთა, გავამკაცროთ პასუხისმგებლობა უკანონო დაკვეთაზე, აღსრულებასა და გავრცელებაზე”, – აცხადებს ამირან სალუქვაძე.

როგორც ანალიტიკოსმა Dalma News-სთან საუბრისას განმარტა, აშშ-ში მოსმენებს ახორციელებს ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო (NSA), რომლის უფროსი, იმავე დროს არის ცენტრალური უსაფრთხოების სამსახურის და კიბერსარდლობის მეთაურიც. NSA სტრუქტურულად თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შედის და იმავდროულად ეროვნული დაზვერვის დირექტორის განკარგულებებსაც ასრულებს. მისივე თქმით, აშშ-ს ხელისუფლება მეტად ფაქიზად ეკიდება სტრუქტურულ რეორგანიზაციას, რადგან ნებისმიერი სტრუქტურული ცვლილება დიდ გავლენას ახდენს იმ კონკრეტულ მომენტში მართვის, კონკრეტული სისტემის ფუნქციონირების ეფექტიანობაზე.

ამირან სალუქვაძის თქმით ამერიკას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ჩვენსავით ქრონიკული რეფორმების პირობებში იყვნენ. NSA-ს საქმიანობა მეტწილად დახურულია. შეგვიძლია აშშ დავადანაშაულოთ, რომ არადემოკრატიული მოდელი აქვთ?

“არც ამერიკაში, არც ძველ თუ ახალ ევროპაში (წარმატებულ სახელმწიფოებს ვგულისხმობ), არც აზიურ ქვეყნებში, არც ჩვენთვის ასე მისაბაძ ისრაელში, ცალკე სტრუქტურა, რომელიც ძალოვან უწყებებში არ შედის და მოსმენებს ახორციელებს, არ არსებობს“,- აცხადებს ექსპერტი ამირან სალუქვაძე, მოსახლეობას კი განუმარტავს, რომ უცხო ქვეყანაში სადაზვერვო (შპიონური) საქმიანობა დიპლომატიური მხარდაჭერის გარეშე ძალიან რთულია.

ვეტოდაძლეული კანონი ძალაში შევიდა, თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა კლავ შეიტანონ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში და კვლავ განხორციელდეს კანონის რევიზია. ეს პროცესი შესაძლებელია დაუსრულებლად გაგრძელდეს, სანამ კანონი შესაბამისობაში არ მოვა ქვეყნის კონსტიტუციასთან, რომელიც ბევრი ექსპერტის აზრით, დღეს, ფაქტობრივად მკვდარია. ახალმა საკონსტიტუციო საბჭომ კი, რომლის შემადგენლობაში უმრავლესობის წარმომადგენლები არიან, შესაძლოა კონსტიტუციაში ისეთი რამ ჩადოს, რომ “ფარული საგამოძიებო მოსმენების შესახებ” კანონთან შესაბამისობაში მოვიდეს. ვითარებას ამძიმებს იცის, რომ მთავრობასთან დაპირისპირებულ ბანაკში პრეზიდენტიც მოიაზრება.

შ.ქარჩავა