ისრაელი ერთ-ერთი განვითარებული ქვეყანაა მთელს დედამიწაზე სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მედიცინის სფეროში ინოვაციების თვალსაზრისით. გინდა – არ გინდა, მისი პოზიციები უნდა გაითვალისწინო, ხოლო მასთან თანამშრომლობა საკმაოდ სასარგებლოა. ის, რომ მოცემულ მომენტში სომხეთს და ისრაელს შორის ურთიერთობა არადამაკმაყოფილებელია, შეიძლება სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების უმოქმედობად ჩაითვალოს.

ამ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა. სომხეთში ისრაელის საელჩო არ არის, სამაგიეროდ, არის არარეზიდენტი ელჩი და მისი მუდმივი ადგილსამყოფელი არის არა თბილისში, როგორც ეს ბევრს ჰგონია, არამედ იერუსალიმში, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში. კავშირების დამყარებაში ისრაელის საგანგებო კონსული სომხეთში აშოტ შახმურადიანი ეხმარება.

2016 წელს, სომხეთში ისრაელის ელჩის, შმუელ მეირომის უფლებამოსილების ვადა ამოიწურა, ახალი ელჩის ვინაობა კი, ჯერ ცნობილი არ არის.

ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი სასაქონლო ბრუნვის შესახებ ვერაფერს ვიტყვით, რადგანაც ციფრები უმნიშვნელო და არადამაკმაყოფილებელია. მეზობელი აზერბაიჯანი კი, ისრაელში ნახშირწყალბადების მთავარი მიმწოდებელია. სასაქონლო ბრუნვა და ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობა ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. სახელმწიფოთაშორისი თბილი ურთიერთობები ურთიერთსასარგებლო ვაჭრობის საფუძველია, ხოლო სასაქონლო ბრუნვის პოტენციური მოგება სერიოზული იმპულსია ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.

სომხური მხარის უმოქმედობა – ირანში, სირიაში და ლიბანში მცხოვრებ სომხებზე ზრუნვით აიხსნება. სომხეთი სწორედ ამიტომ არ ხსნიდა ისრაელში საელჩოს, ანუ ფაქტობრივად ისრაელს არ აღიარებს.

დაძაბული ურთიერთობების კიდევ ერთი, არანაკლებ მნიშვნელოვანი მიზეზია, ისრაელის მიერ სომხების გენოციდის არცნობა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ამ მხრივ ძვრები შეინიშნება: 2016 წლის აგვისტოში ისრაელის ქნესეთის (პარლამენტი – რედ.) განათლების, კულტურის და სპორტის კომისიამ სომხების, 2015 წლის გენოციდი აღიარა.

ზემოთ აღნიშნული კომისიის ხელმძღვანელმა იაკობ მარგიმ განაცხადა, რომ “სომეხი ერის ჰოლოკოსტის” აღიარება, მათი მორალური მოვალეობა იყო და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ქნესეთი ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არ ღებულობს გადაწყვეტილებას. მან პარლამენტის სპიკერს, იოელ ედელშტეინს მოუწოდა, შეასრულოს შარშანდელი დაპირება და სომხების გენოციდის აღიარების შესახებ გამოაცხადოს. ედელშტეინი სომხეთის მიმართ საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, რაც ქნესეთში გენოციდის აღიარების პროცესის წინსვლის წინაპირობაა.

Йоэль Эдельштейн
იოელ ედელშტეინი

მისასალმებელია ამ ქვეყნების პარლამენტებს შორის არსებული კავშირებიც. 2015 წლის დეკემბერში ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელის არტაკ ზაქარიანის მეთაურობით, სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციის პირველი ვიზიტი იერუსალიმსა და თელ-ავივში შედგა. ვიზიტი ქნესეთის მიწვევით დაიგეგმა. ისრაელში დელეგატები ადგილობრივი პარლამენტის ვიცე-სპიკერს თალი პლოსკოვას, ახლო აღმოსავლეთის და აზიის საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელს არიელ შაფრანსკის, უსაფრთხოების და საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ქნესეთის მუდმივი კომიტეტის ხელმძღვანელს ცახი ანეგბის და სხვებს შეხვდნენ. სწორედ მაშინ გაჩნდა მუდმივი სომხურ-ებრაული ფორუმის შექმნის იდეა, რაშიც ჩართული უნდა ყოფილიყო ყველა ის ორგანიზაცია და კერძო პირი, რომლების დაინტერესებულები იყვნენ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებით.

შემდეგ იყო საპასუხო ვიზიტი. 2016 წლის აპრილში საპარლამენტო დელეგაცია, იგივე თალი პლოსკოვოს ხელმძღვანელობით, პირველად ეწვია სომხეთს. დელეგაციაში ქნესეთის დეპუტატი დავით ბიტანი და სხვებიც შედიოდნენ.

 

ოფიციალური შეხვედრების გარდა, დელეგაცია გენოციდის მემორიალსაც ეწვია. თუმცა, ეს პირველი უმაღლესი რანგის დელეგაცია არ იყო, რომელმაც ციცერნაკაბერდის მემორიალი მოინახულა. 2015 წელს ქნესეთის წევრები ნაჰმან შაიდა და ანათ ბერკო ერევანში, სომხების გენოციდის ას წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ. ნაჰმან შაიმ მომხდარს “სომხების ჰოლოკოსტი” უწოდა და დასძინა, რომ ებრაელებს არ უყვართ, როდესაც სხვა ერის წარმომადგენლები ამ სიტყვას იყენებენ, მაგრამ ეს სწორედაც რომ ჰოლოკოსტი იყო.

მეორე ვიზიტის დროს ვიცე-სპიკერმა ქნესეთის მიერ გენოციდის აღიარების თემაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მსოფლიომ, 1915 წელს მომხდარის შესახებ უნდა შეიტყოს. იმავდროულად პირველი სომხურ-ებრაული საზოგადოებრივი ფორუმი შედგა, რომელშიც სომხეთ-ისრაელის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის წევრები ა.არზუმანიანიტ.პოღოსიანი, ხ.კოკობელიანი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რამდენად ეფექტიანი იქნება ფორუმი, ამას დრო გვაჩვენებს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ სახეზეა ორმხრივი ურთიერთქმედებების განვითარების დადებითი იმპულსი.

ცოტა ხნის წინათ, თელ-ავივში მეორე “სომხურ-ებრაული საერთაშორისო საზოგადოებრივი ფორუმი” შედგა, რომელიც შექმნილია სომხეთის ეროვნული კრების და ისრაელის ქნესეთის მეგობრობის პარლამენტთაშორისი ჯგუფის ფუნქციონირების ფარგლებში. სომხეთის დელეგაცია, ეროვნული კრების საგარეო კავშირების მუდმივი კომისიის თავმჯდომარის, სომხეთ-ისრაელის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის არტაკ ზაქარიანის მეთაურობით “ნეშერის” ქარხანას, სასოფლო-სამეურნეო “კფარ ვიცკის”, ასევე ჯანდაცვის ცენტრ “ასუტს” ესტუმრა. შედგა შეხვედრები ქნესეთში, რომლის დროსაც, როგორც ეროვნული კრების პრესცენტრი იტყობინება, ქნესეთის სპიკერი იოელ ედელშეტინი ისევ სომხების გენოციდზე ალაპარაკდა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან ქნესეთი მას აღიარებს.

ფორუმის ეფექტიანობას დრო აჩვენებს, თუმცა კავშირების ამგვარი გააქტიურება ორმხრივი ურთიერთობების განვითარების დადებითი იმპულსია.

ასე რომ, 2017 წელს სომხეთში ისრაელის მორიგი ელჩი დაინიშნება. ვიმედოვნებთ, ებრაული სახელმწიფოს ახალი წარმომადგენელი გამორჩეული იქნება ენთუზიაზმით და სომხურ-ებრაული ურთიერთობების განვითარებას ღირსეულ ლეპტას შესძენს.

მოამზადა ჰასმიკ რაფაელიანმა