საქართველოს მთავრობამ სოფლის განვითარების სტრატეგია წარადგინა, რომელიც 2017-2020 წლებში სოფლის განვითარების საკვანძო საკითხებს განსაზღვრავს. ღონისძიების გახსნაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, სტრატეგიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და გაეროს განვითარების პროგრამას და იმედი გამოთქვა, რომ სწორი მიდგომით საქართველოში სოფლის მცხოვრებთა მდგომარეობა შეიცვლება.
მისი თქმით, სოფლის განვითარების ახალი ხედვა საუკეთესო ევროპულ პრაქტიკაზე დაყრდნობით შეიქმნა ევროკავშირის (EU) დახმარებით და გაეროს ორი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
უნდა ითქვას, რომ კოალიცია “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სოფლის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ამოქმედდა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროგრამა. ამდენად, გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ ქართული სოფელი განვითარების ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს და თანამედროვე, სწორი დაგეგმარებით შექმნილ მიზიდულობის ახალ ცენტრად იქცეს, სადაც ახალი გზებით, რკინიგზის სადგურებით, აეროპორტებით ისარგებლებენ, როგორც სოფლის მაცხოვრებლები, ისე ტურისტები.
სოფლის განვითარების სტრატეგიული გეგმის ძირითადი დაფინანსების წყარო საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო ბიუჯეტია. აღსანიშნავია, რომ ENPARD – ევროკავშირის სამეზობლო პროგრამა სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის – ბიუჯეტი, 2013 – 2020 წლებისთვის 179,5 მლნ ევროთი განისაზღვრა. 2013 წელს დაფინანსებამ 52 მლნ ევრო შეადგინა, 2016 წელს – 50 მლნ ევრო, ხოლო 2017 წელს 77,5 მლნ ევრო დაიხარჯება.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ეფექტიან კოორდინაციას გაუწევს, როგორც სტრატეგიის განხორციელებას, ისე კონკრეტულ ინიციატივებს, რომლებიც სოფლის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობით დაიგეგმება.
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის აზრით, თანამედროვეა სოფელი, როდესაც ათვისებულია მისი აგრარული პოტენციალი, განვითარებულია ტურიზმი და აგროტურიზმი. დაწყებულია საყოველთაო ინტერნეტიზაციის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რაც უზრუნველყოფს წვდომას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე, რომელიც ყველა სოფელში ყველა ოჯახს გაუჩენს ახალ შესაძლებლობებს, შეიტანს მეტ ინფორმაციას და განათლებას.
“საქართველოს ხელისუფლების მთავარი ღირებულება არის ადამიანი, რომელსაც, როგორც ქალაქად, ისე სოფლად, უნდა ჰქონდეს ყველა შესაძლებლობა, ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც სახელმწიფო სთავაზობს”,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი იმედი გამოთქვა, რომ სოფლის განვითარების სტრატეგიის განხორციელება დიდი სტიმული იქნება სოფლად ბიზნესის განვითარებისთვის.
პრიორიტეტები…
საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული, სოფლის განვითარების სტრატეგიული ხედვა 5 ძირითად მიმართულებას ეფუძნება. ესენია: მდიდარი კულტურული ცხოვრება, მრავალფეროვანი ეკონომიკური შესაძლებლობები, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ხელმისაწვდომი სოციალური სიკეთეები და გარემოს დაცვა.
ხოლო პრიორიტეტული მიმართულებებია: კონკურენტუნარიანობის, სოციალური პირობებისა და ცხოვრების დონის ამაღლება.
სტრატეგიაში საუბარია ფერმერული საქმიანობის ეკონომიკურ გაჯანსაღებაზე, მის დივერსიფიკაციაზე ეფექტიანი მიწოდების ჯაჭვის განვითარების მეშვეობით; სოფლად ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე. ასევე, წყლის, ტყისა და სხვა რესურსების მართვის გაუმჯობესებაზე; კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო ნეგატიური გავლენის შერბილებაზე.
გეგმის თანახმად, სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავის თავზე იღებს 110-მდე ახალი ან არსებული საწარმოს ფინანსურ მხარდაჭერას; 5 000 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის დაზღვევას; 700 ჰექტარზე ახალი ბაღების გაშენებას და ასევე, 40-მდე კოოპერატივის საჭირო ინვენტარით აღჭურვას. სარწყავი წყლის უზრუნველყოფილი მიწების რაოდენობა კი, 12 000 ჰექტრით უნდა გაიზარდოს, რაც, საქართველოს ძალიან ბევრი სოფლისთვის კლიმატის ნეგატიურ შედეგებთან ბრძოლასთან ერთად, XXI საუკუნეშიც ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. ასევე, საუბარია რეგიონებში 1 300-მდე მიკრო და მცირე მეწარმე სუბიექტები შექმნაზე; 150-მდე პროექტის ფარგლებში 320 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელებასა და დამატებით 8 000-მდე ადამიანის დასაქმებაზე. ბუნებრივი აირი დამატებით ხელმისაწვდომი იქნება 35 000 ახალი აბონენტისთვის; 250 კმ-მდე საგზაო ინფრასტრუქტურა განახლდება.
რაც შეეხება ტურიზმს, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული სტრატეგიის თანახმად, უნდა შეიქმნას, დამატებით 30 მარკირებული ტურისტული და 20 საფეხმავლო მარშრუტი, ხოლო 30-მდე პროექტის ფარგლებში ჯამურად 40 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ექსპერტების მოსაზრება
ეკონომიკის საკითხებში ახალგაზრდა ექსპერტის, ვახტანგ ჭარაიას აზრით, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას, საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ამდენად, “სოფლის განვითარების სტრატეგიული გეგმა” საკმაოდ დროული და საჭირო ინიციატივაა. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სოფლის მეურნეობა საქართველოს გადაარჩენს.
ექსპერტის აზრით, განსაკუთრებით სასიამოვნოა გადამამუშავებელი მიმართულების და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაციის საკითხები, რაც ქვეყანას, არა ნედლი, არამედ მზა პროდუქტის შექმნის და ექსპორტირების შესაძლებლობას მისცემს. ასევე, გარკვეულ დახმარებას გაუწევენ ქართული ღვინის პოპულარიზაციას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რაზეც 6 მილიონი ლარი უნდა დაიხარჯოს.
“გრძელდება პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომელზეც 2017 წელს 32 მილიონ ლარზე მეტი გამოიყოფა. არც კვალიფიკაციის ამაღლების და გადამზადების კურსების დაფინანსება გამორჩათ. მათ შორის სოფლის ექიმის მომსახურებისა და სოფლად სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისის მიწოდების გასაუმჯობესებლად, 50 მილიონ ლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს”, – აცხადებს ვახტანგ ჭარაია.
რაც შეეხება ხარვეზებს, ექსპერტის აზრით, სოფლად მოსახლეობის ბედზე ზრუნვისას, მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს ისეთ პროექტებს, რომელიც მცირე სამეურნეო საწარმოების განვითარებას შეუწყობს ხელს და ნაკლებად იქნება დატვირთული რთული პროცედურებით, მათ შორის ბანკთან ურთიერთობით. ანუ სახელმწიფო პროგრამები მოზრდილ ბიზნეს პროექტებთან ერთად, ცალკეული გლეხების საჭიროებებს უნდა ერგებოდეს.
“შესაძლოა, მათ პროდუქცია ექსპორტზე ვერ გაიტანონ, თუმცა იმპორტს მაინც ჩაანაცვლებენ, რაც არანაკლები წარმატება იქნება”, – მიაჩნია ახალგაზრდა ექსპერტს.
როგორც Dalma News-ს ვახტანგ ჭარაიამ განუცხადა, პროგრამა “აწარმოე საქართველოში”, რომელიც ნამდვილად წარმატებული პროექტია, დადებითთან ერთად, შეიცავს ისეთ მომენტს, როდესაც ბანკთან გართულებულ ურთიერთობას დამატებით დიდი ფინანსური სახსრების ქონის საჭიროებაც ემატება. ხშირ შემთხვევაში კი რეგიონებში, მით უმეტეს სოფლად, ფინანსური რესურსების ნაკლებობა შეინიშნება.
საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებულ, სოფლის განვითარების სტრატეგიას დიდად არ აღუფრთოვანებია ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში, დემურ გიორხელიძე და მას “საკმაოდ ცუდი გეგმაც” კი უწოდა, სადაც სოფლის მეურნეობისთვის აქტუალური არც ერთი საკითხი არ არის განხილული.
მისი აზრით, ზედმეტია საუბარი სოფლის ტურიზმის განვითარებაზე, მაშინ, როდესაც გეგმაში არ განიხილება სოფლის ინფრასტრუქტურა მთლიანობაში, კაპიტალის, მიწის და საკუთრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბაზარი, რაც სოფლის მეურნეობას სჭირდება.
“ვინ განსაზღვრა 40 და რატომ 400 კოოპერატივი არა? მეორეც – რაც ყველაზე აქტუალურია სოფლისთვის. სანამ ნიადაგების შესახებ არ გვექნება ძალიან გონივრული, მეცნიერული ნამუშევარი და არა ბანკის კრედიტოფიცრების დონეზე დაწერილი პროექტი, არაფერი შეიცვლება. სოფლის მეურნეობის აღორძინება სხვა ქვეყნებში ასე არ დაუწყიათ”, – აცხადებს გიორხელიძე.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა საკუთარ ბაზარზე კარგი პროდუქცია ჰქონდეს, ასევე აწარმოოს ე.წ. ბიო პროდუქცია. რაც იმას, არ ნიშნავს, რომ საქართველო ისევ აგრალურ ქვეყნად იქცეს.
“ეს გეგმა შეიძლება იყოს პირველი ეტაპი, არაფერი ვიცით გრძელვადიან პერსპექტივაზე. გარდა ამისა, ეს ყველაფერი არ არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე. სოფლის მეურნეობა ჩვეულებრივი ეკონომიკაა, მხოლოდ მისი სპეციფიკის გამო გამოყოფილია ცალკე. როდესაც არ არსებობს ერთიანი ეკონომიკური ხედვა და ამ ხედვაში სოფლის მეურნეობის, როგორც ეკონომიკის სპეციალური სფეროს კონცეფცია, არ არის გააზრებული, სამწლიან პროგრამაზე საუბარი სერიოზულად არც მინდა განვიხილო”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას დემურ გიორხელიძემ.
შორენა პაპაშვილი