იგი მეცნიერების ისტორიაში მათემატიკოსის სახელით შევიდა. გარდა ამისა, მისმა საორგანიზაციო ნამუშევარმა, რომელიც თავისი დროის სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინტუიციას სერიოზულად უსწრებდა, იმედები სრულად გაამართლა. როდესაც მას გენიოსს უწოდებდნენ, სერგეი მერგელიანი ყოველთვის ღელავდა და თავს უხერხულად გრძნობდა. შესაძლოა, სწორედ თავმდაბლობამ და მის მიმართ დაუფარავად გამომჟღავნებული შურისთვის წინააღმდეგობის გაწევის უუნარობამ გამოიწვია ის, რომ მან ყველა ის მწვერვალი ვერ დაიპყრო, რომელსაც ნამდვილად იმსახურებდა.
ზრდასრული ბავშვობის გარეშე
რა ბავშვობაზეა საუბარი, როდესაც 8 წლის ასაკში ნარიმის საფილტრაციო ბანაკში მოხვდა? მამამისი, ნიკიტა მერგელოვი სსრკ-ს შინაგან საქმეთა სამხედრო კომისარიატმა, 1936 წელს დააკავა და 2-3 წელიწადში გაათავისუფლა. ამის შემდეგ ოჯახი სიმფეროპოლიდან ერევანში გადავიდა, რომელიც თურქეთთან საეჭვო სიახლოვის გამო, მასობრივი ევაკუაციის ადგილი არ იყო. მერგელოვი, როგორც კარგი სპეციალისტი, სომხეთის საწარმო-კოოპერატივების კომისარიატმა მუყაოს ქარხნის ფეხზე დასაყენებლად მიიწვია.
ერევანში მთელი ოჯახი ერთ ოთახში ცხოვრობდა, თუმცა ციმბირის ბანაკის შემდეგ, ეს მათ სავანედ ეჩვენებოდათ. ავეჯიდან, სერგეის საწერი მაგიდის ნახევარი – გაკვეთილების მოსამზადებლად ერგებოდა. ჟურნალისტ გრიქორ აპოიანს, მოჰყავს მერგელიანის აღიარება იმის შესახებ, რომ იყო დრო, როდესაც სკოლის საგნებს შორის, მხოლოდ მათემატიკაში ჩამორჩებოდა. უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ შესაძლოა სწორედ ამ ჩამორჩენამ გააღვიძა სერგეი მერგელიანში სპორტული ჟინი, რომლის წყალობითაც 1943 წელს იგი მე-9-ე და მე-10-ე კლასების გამოსაშვებ გამოცდებს ერთად აბარებს და ერევნის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტის სტუდენტი ხდება.
პირველ კურსზე ერთთვიანი სწავლების შემდეგ, სერგეიმ განცხადება დაწერა გამოცდების ექსტერნად ჩაბარების შესახებ და მეორე კურსზე ჩაირიცხა. ამგვარად ხუთწლიანი საუნივერსიტეტო კურსი სამ წელიწადში დაასრულა და 1946 წელს დიპლომი აიღო. ამის შემდეგ მოდის ასპირანტურა მოსკოვის სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკურ ინსტიტუტში. დრო არც იქ გაუფლანგავს ფუჭად და ექვს თვეში დისერტაცია დაწერა, არც მეტი, არც ნაკლები მსტისლავ კელდიშის ხელმძღვანელობით. მერგელიანის დისერტაციის შესახებ, ცხადია, აქ არ ვისაუბრებთ, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, რომ იგი ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული თეთრი ლაქების და სამეცნიერო ამოცანების გადაჭრის შესანიშნავ მიგნებებს მოიცავდა.
ნაშრომის დაცვის შემდეგ, მეცნიერთა საბჭოს გადაწყვეტილება სერგეი მერგელიანისთვის ერთობ მოულოდნელი აღმოჩნდა. აკადემიის წევრ-კორესპონდენტებმა, პროფესორებმა საკანდიდატო ერთხმად აღიარეს სადოქტოროდ და გამონაკლისის სახით, ავტორს მაშინვე მათემატიკის დოქტორის წოდება მიანიჭეს. ამგვარად, მერგელიანი, რომელიც ჯერ კიდევ 21 წლის არ იყო, საბჭოთა მეცნიერების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა დოქტორი გახდა.
ოდესღაც გერმანელმა მათემატიკოსმა დავით გილბერტმა, ერთ-ერთ თავის მოსწავლეზე, რომელმაც მათემატიკა მიატოვა და საკმაოდ კარგი პოეტი გახდა, თქვა: “მან სწორი არჩევანი გააკეთა, რადგან მათემატიკისთვის საჭირო საკმარისი წარმოსახვა არ ჰქონდა”. აშკარაა, წარმოსახვის უნარით მერგელიანი ღმერთმა მართლაც დააჯილდოვა: 1952 წელს მას ლენინის ორდენით აჯილდოებენ, რაც მაშინ საკმაოდ დიდი თანხა იყო, ხოლო 1953 წელს კიდევ ერთ რეკორდს ხსნის და სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის ყველაზე ახალგაზრდა წევრ-კორესპონდენტი ხდება.
მერგელიანის ინსტიტუტი და სხვა დანარჩენი
მატემატიკური მანქანების ერევნის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს ერევნელები უბრალოდ „მერგელიანის ინსტიტუტად“ მოიხსენიებენ. გარდა ამისა, მერგელიანის სახელს ატარებს ქალაქის ის რაიონი, სადაც სწორედ აღნიშნული ინსტიტუტია. ამბობენ, რომ 1956 წელს ასეთი ინსტიტუტის დაარსების ინიციატორებმა, ამ იდეით მაშინ, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშოვი დააინტერესეს და მერგელიანის ავტორიტეტის წყალობით მან ეს ინსტიტუტი ერევანში გახსნა. იმ წლებში, საბჭოთა კავშირის სამხრეთ რეგიონებში მსგავსი სასწავლებელი არ არსებობდა. მეცნიერების ამ სფეროს თავისი შესანიშნავი ბაზით სომხეთი, დღემდე ამაყობს და დავიწყებას არც ის უნდა მიეცეს, რომ ეს ყველაფერი სერგეი მერგელიანის სახელის დამსახურებაა.
სერგეი მერგელიანი 30 წლისაც არ იყო, როდესაც ამ ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა და სომხეთის სსრ-ს მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა – მისთვის ეს უკვე ცხოვრების ჩვეული რიტმი იყო. პარალელურად მან კონსერვატორიაში, ვოკალის კლასი დაამთავრა.
მერგელიანი მეცნიერი იმიტომ არ გამხდარა, რომ პროფესორის კაბინეტში დამჯდარიყო. იგი სხვებისგან განსხვავებული ცხოვრებით ცხოვრობდა, მეგობრობდა მწერლებთან, პოეტებთან, კინორეჟისორებთან, ინდირა განდისთან და ჯავაჰარლალ ნერუსთან. თავისთავად, ასეთი ადამიანი ბევრს გააღიზიანებდა, თანაც არა ვიღაც შურიან წარუმატებელ ადამიანს, არამედ შემდგარ, მსოფლიო აღიარების მქონე მეცნიერს. ეჭვიანობა – ირაციონალური, თუმცა ამოუწურავი გრძნობაა.
საბჭოთა სამეცნიერო მნიშვნელოვანი დაწესებულებების ხელმძღვანელობის გემოს გასინჯვის შემდეგ სერგეი მერგელიანი მოსკოვში, ვ.ა. სტეკლოვის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტის კომპლექსური ანალიზის განყოფილებაში იწყებს მუშაობას. ამავდროულად, სსრკ-ს მეცნიერებათა აკადემიის მათემატიკის განყოფილების მდივან-აკადემიკოსის მოადგილეა და შესაძლოა, ყველაფერი კარგადაც გაგრძელებულიყო იქვე რომ დარჩენილიყო და ერევანში დაბრუნებას, სომხეთის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას არ დასთანხმებოდა.
მეცნიერი და ხელოვანი ადამიანისთვის ადმინისტრაციული სამუშაო, მით უფრო დაფინანსებების ძიება და გამოთხოვნა, უკუჩვენებითი აღმოჩნდა. არც არის გასაკვირი, რომ მისნაირ სუფთა სულის და გულუბრყვილო ადამიანს ამ საქმეში არაფერი გამოუვიდა. სამაგიეროდ, მერგელიანის ამ თვისებებით გარკვეულმა წრეებმა ისარგებლეს.
აქ არ დავიწყებთ მერგელიანის მოძულე პიროვენებების სახელების ჩამოთვლას, რადგანაც ჯერ ერთი, მათზე არ ვსაუბრობთ და მეორე, ვითვალისწინებთ უდანაშაულობის პრეზუმციის ცნებას. გარდა ამისა, იმ ადამიანებმა ალბათ, დიდი ხანია განისვენებენ. ერთი რამ ცხადია, რომ სერგეი მერგელიანმა ხელი მისთვის შესაფერისს საქმეს არ მოჰკიდა. ის შემოქმედი ადამიანი იყო, ადმინისტრაციული სამუშაო კი ამ საქმეში დახელოვნებული ადამიანების შესაფერია.
ცხადია, მერგელიანის კიროვაკანის პედაგოგიური ინსტიტუტის რექტორად დანიშვნა მისი დამცირება იყო. ეს უმაღლესი სასწავლებელი ყველანაირი თვალსაზრისით დასახურად იყო განწირული და ეს სერგეი მერგელიანს დაბრალდებოდა მანამდე საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო. 1990 წელს მეცნიერი აშშ-ში,პრესტიჟულ კორნელის უნივერსიტეტში გაემგზავრა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში ასწავლიდა და მხოლოდ ცოტა ხნით იყო მოსკოვში ჩასული.
სიცოცხლის ბოლომდე ამერიკაში ცხოვრობდა. უკანასკნელი წლების მოსკოვში ან ერევანში გატარების საშუალება მისმა სუსტმა ჯანმრთელობამ არ მისცა. სიკვდილამდე ცოტა ხნით, შორეულმა სამშობლომ როგორც იქნა გაიხსენა 80-იან წლებში გახიზნული თავისი მეცნიერი და წმინდა მესროპ მაშტოცის ორდენით დააჯილდოვა. გარდაცვალების შედეგ მერგელიანის ნეშტი მოსკოვში, მისი მეუღლის გვერდით დაასვენეს, როგორც ამის შესახებ თავად წერდა ანდერძში.
ბევრ ადამიანს სხვისი უპირატესობის აღიარება უჭირს. ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ და ამ თვისების არქონის გამო ადამიანის განსჯა იგივეა, რაც იგი კოლორატურული სოპრანოს შეუსრულებლობის გამო დასაჯო. მაგრამ უპატიებელია ისეთი შურის გამოვლენა, რომელიც აშკარად ძირს უთხრის დიდი წარმატებისთვის განწირულ ადამიანს. მით უფრო თუ ამ ადამიანს თავისი გულუბრყვილობიდან და კეთილი გულიდან გამომდინარე აზრადაც არ მოუვა ის, რომ ვიღაც მას ძირს გამოუთხრის.
მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა