თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოს სომხეთის პრემიერ-მინისტრი კარენ კარაპეტიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. იგი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.
იმას, თუ რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სომხეთის ხელისუფლება აღნიშნულ ვიზიტს, ადასტურებს დელეგაციის შემადგენლობა: ინვესტიციების და ეკონომიკური განვითარების მინისტრი სურენ კარასიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი იგნატი არაქელიანი, ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების მინისტრი აშოტ მანუკიანი, ტრანსპორტის, კავშირის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მინისტრი ვაჰან მარტიროსიანი, კულტურის მინისტრი არმენ ამირიანი, ჯანდაცვის მინისტრი ლევონ ალთუნიანი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შავარშ ქოჩარიანი.
კარაპეტიანმა საქართველოს ხელმძღვანელობასთან ერთად მთელ რიგ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის მთავარი საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობაა.
“დღეს ორმხრივი ურთიერთობებიდან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავედით. სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობა ურთიერთნდობის ატმოსფეროში განაგრძობს განვითარებას, რაც ჩვენი ურთიერთობების შემდგომი განმტკიცების და განვითარების საწინდარია. ჩვენი დელეგაცია მზად არის ეკონომიკური თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილოს, როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით და ჩვენ შევეცდებით თანამშრომლობის შემდგომი აქტივიზაციის ახალი გზების მოძებნას”, – განაცხადა კარაპეტიანმა კვირიკაშვილთან შეხვედრაზე.
საქართველოს გავლით სომხეთიდან რუსეთში გამავალი ახალი სატრანსპორტო დერეფნების გახსნის შესაძლებლობებზე საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში ერთობ გააქტიურდა. ბუნებრივია, ამ საკითხს გვერდი ვერც სომხეთის და საქართველოს ხელმძღვანელობამ აუარა, მით უფრო, რომ ზემო ლარსის საკონტროლო – გამშვებ პუნქტზე უამინდობის გამო მუდმივად პრობლემები იქმნება ზვავის და ღვარცოფების გამო, რაც სერიოზულ გავლენას ახდენს სომხეთიდან ტვირთის რუსეთში ექსპორტზე.
იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გამო რთული პოლიტიკური ურთიერთობაა, სომხეთი ამ თემაზე საუბრისას დიდ სიფრთხილეს იჩენს. სწორედ ამიტომ უპასუხა ჟურნალისტის მიერ სატრანსპორტო დერეფნის თაობაზე დასმულ კითხვას ტრანსპორტის მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა შემდეგი სიტყვებით: “რუსეთ – საქართველოს ურთიერთობები საკმაოდ მყიფეა, ამიტომ არ ღირს ამის შესახებ საჯაროდ საუბარი”.
აღსანიშნავია, რომ 7 თებერვალს პრაღაში, რუსეთთან ურთიერთობების რეგულირების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძეს და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინს შორის შეხვედრის შემდეგ, სომხეთისთვის იმედის მიმცემი ინფორმაცია გავრცელდა. რუსეთის ფედერაციამ და საქართველომ გადაწყვიტეს ამოქმედდეს, 2011 წელს ხელმოწერილი “რუსეთის ფედერაციას და საქართველოს მთავრობებს შორის საქონლით ვაჭრობის საბაჟო ადმინისტრირების და მონიტორინგის მექანიზმის ძირითადი პრინციპების შესახებ შეთანხმება”. ეს შეთანხმება მხარეებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით ვაჭრობის და სატრანსპორტო კომუნიკაციების განვითარების შესაძლებლობას აძლევს. თანაც ისინი არ შეეხებიან ორი რესპუბლიკის სტატუსის პრობლემებს, იმის წყალობით, რომ საბაჟო პუნქტების ოპერატორის როლს შვეიცარიული კომპანია SGS-ი შეასრულებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა, რუსეთში გამავალი ზემო ლარსის ალტერნატივის გამოჩენის შესაძლებლობების შესახებ პირველად იანვარში, მოსკოვში ვიზიტის შემდეგ განაცხადა. ამ საკითხთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმებების შესახებ თავის ქართველ კოლეგასთან ისაუბრა.
“ლარსის ალტერნატივა თუ გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ალტერნატივა იქნება! თუმცა დეტალებზე ჯერჯერობით არ ვისაუბრებ. ჩვენ შევთანხმდით, როგორც ლარსზე, ისე ენერგეტიკულ დერეფანზე”, – განაცხადა კარაპეტიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
სომხეთის სახელმწიფო მართვის აკადემიის რეგიონალური კვლევითი ცენტრის მეცნიერ-მუშაკი, საქართველოს საკითხებში ექსპერტი ჯონი მელიქიანი, საქართველოში სომხეთის მთავრობის მეთაურის ვიზიტს დადებითად აფასებს და მიმაჩნია, რომ ეს ვიზიტი სომხეთს და საქართველოს შორის ძმური, თანაბარი და ურთიერთმომგებიანი ურთიერთობების გაღრმავებისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯია. “ვიზიტი შესაძლოა ერთგვარ კატალიზატორად იქცეს, როგორც უკვე არსებული რეგიონალური ინფრასტრუქტურების და ენერგეტიკული პროექტების საქმეში, ასევე, საფუძველი ჩაეყაროს ახალ პროექტებს”, – განაცხადა მან Dalma News-თან საუბარში.
ამასთანავე ექსპერტი საკმაოდ კრიტიკულად უყურებს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთში ახალი სატრანსპორტო დერეფნის გაჩენის შესაძლებლობას, მით უფრო მოკლევადიან პერსპექტივაში.
“რეალური ალტერნატივა ეს არის დღეისათვის გამოყენებული მარშრუტების, ძირითადად ყაზბეგი-ზემო ლარსის, მოდერნიზების და სამშენებლო პროექტების, ასევე ახალი გზების რეანიმაცია, რომლებსაც მოკლევადიან პერსპექტივაში საზღვაო მიმართულებით – საქართველოს ფოთის პორტი – რუსეთის ფედერაციის კავკასიის პორტი – ტრანსპორტის ნაკადის გაზრდა შეუძლიათ. გარდა ამისა, ჩემის აზრით, ახალი მარშრუტების შესაძლებლობებიც არსებობს, თუმცა მათი ამოქმედება დროის საშუალოვადიანი პერსპექტივის შუალედში მოხდება და შესაძლოა ეს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გავლით რუსეთ-საქართველოს დერეფნებს ეხებოდეს. ეს უკანასკნელი თეორიულად რეალიზებადია, თუმცა მათი ამოქმედება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების და ურთიერთ შეთანხმების კომპეტენციის სფეროა, მაგალითად, რუსეთის ფედერაციის და საქართველოს 2011 წლის შეთანხმება”, – დასძინა მელიქიანმა.
ექსპერტმა ასევე დასძინა, რომ კარენ კარაპეტიანმა სომხური სათვისტომოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ზემო ლარსის ალტერნატიული გზების თაობაზე ისაუბრა და საზღვაო მარშრუტზე მიანიშნა, რაც სხვა ზემოთ აღნიშნული მიმართულებების საკითხებში პროგრესს არ გამორიცხავს.
ნებისმიერ შემთხვევაში, სომხეთის ხელისუფლება ძალიან ფრთხილი უნდა იყოს ქართული მხარის, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთისთვის მნიშვნელოვან საკითხებში, რადგანაც გაუფრთხილებელი განცხადებებით რუსეთის და საქართველოს მთავრობების დიალოგს ხელი არ შეუშალოს და ორივე ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობების გამოყენებით, დიპლომატიური არხების მეშვეობით ამ პროცესის პროგრესს შეუწყოს ხელი.
ქართულმა საზოგადოებამ ასევე უნდა შეიტყოს, რომ ახალი სატრანსპორტო დერეფნები ეკონომიკურად მომგებიანი იქნება, არა მხოლოდ სომხეთისთვის, არამედ თავად საქართველოსთვისაც, როგორც თავის დროზე ეს, ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გახსნისას მოხდა, საიდანაც თავდაპირველად სომხური ტვირთის რუსეთის ფედერაციაში ტრანზიტი უნდა განხორციელებულიყო. ახლა კი ამ პუნქტით აქტიურად სარგებლობენ ქართველი ეკონომიკური სუბიექტები და საქართველოში დასასველებლად ჩასული რუსი ტურისტები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2011 წელს სატრანსპორტო დერეფნების შეთანხმებას ხელი მიხეილ სააკაშვილმა მოაწერა, რომელსაც რუსეთისადმი სიმპათიებს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ, ახლა კი მისი მომხრეები მოქმედ ხელისუფლებას, “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებენ აღნიშნული შეთანხმების შესაძლო განხორციელებაში.
რუსეთმა, თავის მხრივ, აღნიშნული დერეფნების ასამოქმედებლად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თანხმობა უნდა მიიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში პარადოქსული ვითარება იქმნება, რადგანაც რესპუბლიკები, რომლებიც უსაფრთხოების და სოციალური სფეროს დაფინანსების საკითხებში მთლიანად რუსეთზე არიან დამოკიდებულები, მოსკოვისთვის მნიშვნელოვან საკითხს ეწინააღმდეგებიან და შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე მეტად იკავებენ მკაცრ პოზიციას, როგორც ეს აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მოძრაობის აღდენასთან დაკავშირებით მოხდა.
მოამზადა აიკ ხალათიანმა