ისტორიულად, ისევე როგორც დიდ რუსეთში, პატარა საქართველოშიც მართლმადიდებლური ეკლესია უდიდეს როლს ასრულებდა. სწორედ მის ნიადაგზე მომწიფდა სახელმწიფოებრიობის იდეა და დიდებული მოღვაწეების. გვერდით ყოველთვის იდგნენ დიდებული სულიერი მამები. ერის ჩამოყალიბების პროცესი მათი შრომის გარეშე წარმოუდგენელია.
ამ თეზისის ბრწყინვალე მაგალითები არიან აშოტ ბაგრატიონის და გრიგოლ ხანძთელის მოღვაწეობა საქართველოში, ხოლო დიმიტრი დონსკის და სერგი რადონეჟსკის მოღვაწეობა რუსეთში.
საქართველოს და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიები თავიანთ ერს დღესაც ემსახურებიან. სანამ საქართველოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და მისი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, ძალაუფლების ხელში ჩაგდებით ორ მოძმე ერს შორის, მრავალსაუკუნოვანი კავშირების ყველა ხიდს ანგრევდა, სწორედ რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები აღუდგნენ წინ ამ სიგიჟეს და მნიშვნელოვანი სულიერი ხიდი შეინარჩუნეს, რითაც კრიმინალური ხროვის დამნაშავეობრივი გეგმები დიდწილად ჩაშალეს. ამგვარად, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გამწვავების პიკზე, ყველაზე რთულ წლებში ეკლესიებს შორის ურთიერთობა ერთადერთი დამაკავშირებელი ძაფი აღმოჩნდა.
იმ წლებში მმართველი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ახალი ხელმძღვანელის, მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს მისამართით საშინელი ჭორების გავრცელება ნამდვილად არ ყოფილა შემთხვევითი.
უფრო მეტიც, 2008 წლის აგვისტოში განვითარებული მოვლენების შემდეგ, რუსეთი იძულებული გახდა შეეცვალა თავისი პოზიციები თბილისთან ურთიერთობაში. სწორედ ამის შემდეგ, რუსეთი, რომელმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარა, ე.წ. სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამცველად გამოვიდა და მათი სახელმწიფოები აღიარა.
თუმცა, 2012 წელს ქვეყნის ხელისუფლებაში ოპოზიციური კოალიცია “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა – გაქრა გაცოფებული ანტირუსული რიტორიკა, ამუშავდა რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ახალი ფორმატი, რომელსაც მოგვიანებით “კარასინ-აბაშიძის” (რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძის სახელების მიხედვით – რედ.) ფორმატი ეწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წელზე მეტია ისტორიის ქარმა პოლიტიკური სცენიდან ის ადამიანები გადაყარა, რომლებიც ქვეყანას ქვესკნელისკენ ექაჩებოდნენ, სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის მიყენებული ჭრილობები ისევ ღიაა.
“საქართველო უწინდებურად მოითხოვს, რომ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით პოზიციებს გადავხედოთ. ეს არარეალურია დღეს და რეალური არც არასოდეს იქნება. აქედან უნდა გამოვიდეთ. ჩვენ ამას ვუწოდებთ ახალ რეალიებს რეგიონში… 2012 წლის ბოლოდან ვითარება შეიცვალა და საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ შემოგვთავაზა ვიფიქროთ იმაზე, როგორ მოვაგვაროთ რუსეთის და საქართველოს ურთიერთობები იმ სფეროებში, რომლებშიც ეს შესაძლებელია. ჩვენ კმაყოფილები ვართ იმით, რა ძლიერადაც გამოვასწორეთ ვითარება ჰუმანიტარულ, სატრანსპორტო, სავაჭრო ურთიერთობებში”, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ კარასინმა.
ამ ფონზე, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის ვიზიტი რუსეთში პატრიარქ კირილეს 70 წლისთავთან დაკავშირებით, სავსებით ბუნებრივია.
“ჩვენს ეკლესიებს შორის ურთიერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი სახელმწიფოების და ხალხისთვის. ჩვენ მაგალითს ვაძლევთ პოლიტიკურ მოღვაწეებს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ ბოლო წლებში არასოდეს ყოფილა ამდენი დამსვენებელი რუსეთიდან, როგორც ახლა და ეს ჩვენ ძალიან გვიხარია”, – განაცხადა ილია მეორემ.
მისივე თქმით, ორივე ეკლესიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს რუსეთის და საქართველოს პოლიტიკურ მოღვაწეებს შორის ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
“ვფიქრობ, ჩვენ ეს გამოგვივა”,- აცხადებს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე და დასძენს:
როგორც მოგეხსენებათ, 11 წლის განმავლობაში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი და ეპისკოპოსი ვიყავი და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ერთად ოსებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. ჩვენ ვაფასებთ რუსული ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. 19 ნოემბერს ჩვენს შეხვედრაზეც იგივე მკაფიოდ ითქვა. რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ძალზედ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით… მართალია, ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და ამ სფეროში სერიოზულ ნაბიჯებს ვერ გადავდგამთ, სამაგიეროდ, ღმერთის დახმარებით, შესაძლოა პროცესებზე მეტ-ნაკლები გავლენა მოვახდინოთ
თავის მხრივ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლმა საქართველოს ეკლესიასთან ურთიერთობას “გულის დონეზე დამყარებული კავშირი” უწოდა, რომლის გარეშეც ერებს შორის კეთილი ურთიერთობები შეუძლებელია. მან ასევე განაცხადა, რომ სულ უფრო ხშირად აწერს ხელს თხოვნას, დალოცოს მოგზაურობა ქართული სიწმინდეების მოსანახულებლად და იმედოვნებს, რომ ილია მეორესთან საუბრისას საქართველოში მცხოვრები რუსულენოვანი ქრისტიანების ყოფით საკითხებს შეეხება.
ილია მეორეს ვიზიტი წმინდა გიორგის დღესასწაულს დაემთხვა, რაც ძალზედ სიმბოლურია. წმინდა გიორგი, ქრისტიანების ერთ-ერთი განსაკუთრებული წმინდანია, როგორც რუსეთში, ისე საქართველოში. იგი მოსკოვის გერბს ამშვენებს, ხოლო თბილისში მისი ძეგლი ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დგას. ყველა ევროპულ ენაზე საქართველოს წმინდა გიორგის ქვეყნად მოიხსენიებენ. “გიორგობის” დღესასწაულზე ილია მეორემ სადღესასწაულო მსახურება ჩაატარა მოსკოვის ქართულ ეკლესიაში და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამ შეხვედრაზე რუსი და ქართველი მღვდლები, ბიზნესმენები, კულტურის და მეცნიერების საზოგადო მოღვაწეებიც მონაწილეობდნენ.
ყველას ახსოვს ლერმონტოვის უკვდავი სიტყვები:
მას შემდეგ ცოტა გასულა ხანი:
სადაც მტკვრისა და არაგვის წყალნი
ერთმანეთს გრგვინვით უერთდებიან
და ჩახვეულნი, თითქოს დებია
დიდებული პოეტი ამ სურათს ჯვრის უძველესი ეკლესიის კედლებიდან ხედავდა, თავად უძველესი დედაქალაქი და მართლმადიდებლობის ერთ-ერთი ცენტრი – მცხეთა, ისევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როგორც ვატიკანის პატარა სახელმწიფო კათოლიკური სამყაროსთვის. კვლავ ღრმად სიმბოლურია ორი დის – რუსული და ქართული მართლმადიდებლური ეკლესიების ჩახუტება, რაც ერთმორწმუნე ერების ნათელი მომავლის იმედს იძლევა.
ირაკლი ჩხეიძე სპეციალურად Dalma News-სთვის