ირანს დამშრალი ურმიის ტბის აღდგენა საქართველოდან და სომხეთიდან მიღებული წყლით სურს. თეირანმა ამ საკითხზე თბილისთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 10-15 წლის წინათ წამოიწყო. საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, აწ გარდაცვლილმა ედუარდ შევარდნაძემ პროექტს მწვანე შუქი აუნთო და 2002 წელს გამოსცა სახელმწიფო დადგენილება, რომლის საფუძველზეც მინისტრთა კაბინეტს დაევალა, ირანის მხარის წინადადების განხილვა.
შეიკრიბა სპეციალისტების ჯგუფი, ჩატარდა გეოლოგიური და ფიდროლიოგიური კვლევები და დაადგინეს, რომ სრულებით შესაძლებელი იყო საბჭოთა პერიოდში აშენებული ჭაბურღილებიდან არტეზიული წყლების ამოღება. ეს არის წყალგაუმტარ შრეებს შორის მოქცეული ჰიდრავლიკურ წნევიანი მიწისქვეშა წყალი. არტეზიული წყალი შეიძლება იყოს სასმელი, სარწყავი, თერმული და სამკურნალო. როგორც ცნობილია საქართველოს ტერიტორიაზე დიდი არტეზიული აუზებია, მათ შორის არის ალაზნის აუზი, რომელიც ერთი შეხედვით წყალმეჩხერი მდინარეა, მაგრამ დიდ პოტენციალს მალავს.
ერთი სიტყვით, გეოლოგებმა გულდასმით იმუშავეს და დადგინდა, რომ სრულებით შესაძლებელი იყო ირანისთვის სასმელი წყლის მიწოდება, სანაცვლოდ კი აშენდებოდა ინფრასტრუქტურა, რომელიც კახეთის რეგიონის ველებს მორწყვის პრობლემას მოუგვარებდა. მომზადდა სერიოზული პროექტი, მარტო ალაზნის წყლის აუზიდან მიწოდებული წყლით, საქართველოს ყოველწლიურად 14 მლრდ აშშ დოლარამდე მოგება უნდა დარჩენოდა. საუბარია იმ წყლებზე, რომლებიც ალაზანში იღვრება და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მინგეჩაურში ჩაედინება.
“მაშინ ამას საუკუნის პროექტი უწოდეს. საუბარი იყო ჩრდილოეთ ირანში, ქალაქ თავრიზისა და თავრიზის ოლქის წყალმომარაგებაზე და კახეთის ყველა რაიონის წყლით უზრუნველყოფაზე. იქმნებოდა დიდი რაოდენობით სამუშაო ადგილები. წყალს დიდი ზომის მილებში უნდა გაევლო. ჰიდრო გეოლოგებმა უდიდესი სამუშაო ჩაატარეს, განიხილეს კახეთის რეგიონის ყველა რესურსი, რომელი წყალი იკარგებოდა, რის გამოყენება შეიძლებოდა და ასე შემდე”, – განუცხადა Dalma News–ს გეოლოგმა გურამ რაზმაძემ.
იგი ერთ-ერთი იმათაგანია, ვინც უშუალოდ მონაწილეობდა პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევებში. მისი ინფორმაციით, ირანულ მხარეს საქართველოდან წამში 16 კუბამეტრი წყალი სჭირდებოდა, რაც ლამის მდინარე მტკვრის წყლის ნახევარია, ისიც ზაფხულში, როდესაც მტკვარში წყალი იმატებს და წამში დაახლოებით არის 35-36 კუბამეტრი. ამხელა რესურსი კი საქართველოს არ გააჩნდა, საჭირო გახდა პარტნიორის მოძებნა.
როგორც Dalma News-სთან საუბრისას ჰიდროლოგმა კორნელი დარსაველიძემ განმარტა, საქართველოს ირანისთვის წამში მხოლოდ 9 კუბამეტრი არტეზიული წყლის მიოწდება შეეძლო, დანარჩენის შესავსებად კი, ქართველმა სპეციალისტებმა პროექტში აზერბაიჯანი ჩართეს.
“10 წლის წინათ გავაკეთეთ სქემები. შევხვდი ირანის წარმომადგენლებს, მონაცემები დავამუშავე კახეთის ზონაში. მდინარე ალაზნის გასწვრივ, კახეთის ზონაში დაახლოებით 9 კუბამეტრი წყალი შევკრიბეთ, დანარჩენი უკვე ჩვენ ტერიტორიაზე აღარ იყო. დაველაპარაკეთ აზერბაიჯანელებს და დაგვპირდნენ, რომ პროექტში ჩაერთვებოდნენ. მაგრამ პროექტი გაჩერდა და იმის შემდეგ წლები. ის სქემებიც მგონი გადავყარე” – გვითხრა იმედგაცრუებულმა სპეციალისტმა.
საუკუნის პროექტზე ექსპრეზიდენტი ედუარდ შევადნაძე დიდ იმედებს ამყარებდა და ამბობდა, რომ ამ წყალი, რომელიც ნავთობზე არანაკლებ ძვირფასი სითხეა, საქართველოს რეგიონულ მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდიდა და ქვეყანას ფინანსურ საგებელსაც მოუტანდა. პროექტს მოწინააღმდეგენი მაშინვე აღმოაჩნდნენ, ზოგი მიზანმიმართულად ცდილობდა იგი არა თუ სახელმწიფო მნიშვნელობის ინვესტიციად, არამედ კერძო ბიზნესად და რამდენიმე კაცის გამდიდრების წყაროდ ექციათ.
განიხილებოდა საქართველოდან ირანისთვის წლის მიწოდების რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის არა მილსადენით, რაც საკმაოდ ძვირადღირებული და ხანგრძლივ სამშენებლო პროცესს გულისხმობდა, არამედ, მტკნარი წლის ტანკერებში ჩატუმბვა და ტრანსპორტირება.
გეოლოგ გურამ რაზმაძის აზრით, საქართველოსთვის ყალი, რომელიც შეგვიძლია გავცეთ, ძალიან სერიოზული შემოსავალია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს კერძო, ვიღაცის კონკრეტული გამდიდრების წყარო, არამედ სახელმწიფო პროექტი.
“ძირითადი ინვესტორი იყო ირანი. მთელი სისტემა უნდა აშენებულიყო, თავისი წყლის საქაჩი სადგურებით, საკომპრესოროებითა და გაყვანილობით. ეს უზარმაზარი წარმოებაა. უნდა აშენებულიყო საკონპრესორო სადგურები. წყლის მოპოვება იწარმოებდა წალკის რაიონში მდინარე ხრამისა და კახეთში, ალაზნის აუზიდან. ეს ყველაზე წყალუხვი რაიონებია. კარგი პარტონის ხელში საქართველოს კარგი მომავალი აქვს. ეს ძალიან სერიოზული შემოსავალია საქართველოს ბიუჯეტისთვის. მიმაჩნია, რომ მომავლის პროექტია”, – აცხადებს გურამ რაზმაძე.
მისივე თქმით, შორს არ არის ის დრო, როდესაც მსოფლიოში წყალს ნავთობზე მეტი ფასი ექნება. მაგრამ სხვა ქვეყნის საქართველოს წყლებით მომარაგება უნდა მოხდეს იმ რესურსების ხარჯზე, რის გაცემაც შეუძლია ქვეყანას და არა ისე, რომ გავანადგუროთ ჩვენი ბუნებრივი ნედლეული.
2003 წელს, “” შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ექსპრეზიდენტი მიხეილ “” მოვიდნენ, ზემოთ ხსენებულ პროექტს ვეტო დაედო. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამას უფრო პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ მომგებიან პროექტს ხელიდან არც ერთი ხელისუფლება არ გაუშვებდა. ეს ხომ ქვეყნისთვის უდიდესი ფინანსური რესურსია, რომელიც შეიძლებოდა საქართველოს მიეღო.
გაჩნდა კითხვა, რატომ სჭირდებოდა ირანს მტკნარი წყალი, რომელიც სავსებით წარმატებით შეეძლო ბირთვული ელექტროსადგურისთვის გამოეყენებინა.
დღეს რა მდგომარეობაა…
საქართველოს ტერიტორიაზე საბჭოთა პერიოში შექმნილი უამრავი ჭაბურღილი მიტოვებულია, ჩახერგილია და იქიდან ამოსული წყალი ქაოტურად იღვრება. “საუკუნის პროექტზე” მომუშავე სპეციალისტების ჯგუფმა მოგვიანებით ისევ სცადეს იდეის გაცოცხლება და გრანტის მოპოვება სცადეს, რათა ერთი წლის განმავლობაში ეწარმოებინათ დავაკვებები და ყველა იმ ბუნებრივი რესურსის პასპორტიზაცია მოეხდინათ, რაც ქვეყანას გააჩნია მაგრამ უყურადღებობის გამო იფანტება და იკარგება. მაგრამ მცდელობა წარუმატებლად დასრულდა, თუმცა, მზად არიან, ხელისუფლების მხრიდან წამოსული დაინტერესების შემთხვევაში ჩაერთონ ამ პროცესში.
განიხილება თუ არა დღეს ირანისთვის წყლის მიწოდების საკთხი, ამასთან დაკავშირებით Dalma News-მა სცადა ოფიციალური ინფორმაციის მოპოვება საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის სამინისტროდან, მაგრამ, იქ ინფორმაციას არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. არაოფიციალურად იმასაც ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ირანელების იდეაა და ჯერჯერობით, რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება, ერთ-ერთის თანახმად, საქართველოდან ირანში წყალი, იქიდან კი ჩვენთან გაზის იმპორტი განხორციელდებოდა. ფაქტია, რომ ირანში საქართველოდან წყლის ექსპორტს იმედოვნებენ: “საქართველოს წყლის საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, რომელსაც შეუძლია დბა ურმიის წყლის”, – აცხადებენ თეირანში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ირანში ვიზიტის დროს ერთ-ერთ მთავარ განსახილველ საკითხს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობა და ენერგეტიკული სექტორი წარმოადგენდა. როგორც შეხვედრებზე აღინიშნა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად 200 მილიონ დოლარს შეადგენს. რაც შეეხება ურმიის ტბას, უკვე ცნობილია, რომ ირანი დამშრალი ურმიის ტბის აღდგენას საქართველოსა და სომხეთიდან მიღებული წყლით გეგმავს. როგორც ირანელმა პარლამენტარმა ალი ალილუმ ადგილობრივ პრესას განუცხადა, მხარეებთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
შეთანხმების თანახმად, მდინარე მტკვრისა და სევანის ტბიდან ურმიაში წყალი სამი სატუმბი სადგურის მეშვეობით გადაიტუმბება. სამივე სადგური ირანის ტერიტორიაზე მდებარეობს. დეპუტატის თქმით, კასპიის ზღვიდან წყლის მიღება ხელსაყრელი არ არის მისი მაღალი დაბინძურების გამო, ეკონომიკური თვალსაზრისითაც გაცილებით ძვირი ჯდება.
“ურმიის ტბაში 36 მილიარდი კუბური მეტრი წყლის მოცულობა დღეს 2 მილიარდამდეა შემცირებული, მდინარე არაქსი და მცირე მდინარეები კი, რომლებიც ურმიას უერთდებიან, მის შევსებას ვერ ახერხებენ. წყალს ორივე ქვეყნიდან ანშევისყიდით, ან ბარტერზე გავცვლით”, – განაცხადა ირანელმა პარლამენტარმა.
ურმიის ტბის აღდგენა, რომელიც იუნესკომ ბიოსფერული ნაკრძალების სიაში 1976 წელს შეიტანა, მსოფლიოს გარემოს დაცვის სპეციალისტთა საზრუნავია. როგორც თანამგზავრიდან გადაღებულმა სურათებმა აჩვენა, 1972 წლიდან 2014 წლამდე ტბის მოცულობიდან მხოლოდ 12% დარჩა. გარდა სოფლის მეურნეობაში მიყენებული ზარალისა, დამშრალი ტბიდან მარილიანი ქარები მოსახლეობაში სერიოზულ, მათ შორის, რესპირატორულ დაავადებებს იწვევს.
ამასთანავე, ურმია მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელებისთვის, რომლებიც ირანის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს, ეროვნული იდენტობის სიმბოლოა. თეირანი მზად არის ამ პრობლემის მოსაგვარებლად უახლოეს 10 წელიწადში 5 მილიარდი დოლარი დახარჯოს.
ჰიდროლოგი კორნელი დარსაველიძე მიჩნევს, რომ თუ ირანს ტექნიკური წყალი სჭირდება და არა მტკნარი წყალი, მაშინ იქვე აქვს მდინარე მტკვარზე წყალუხვი მდინარე არაქსი და წყალს იქიდან წაიღებს.
“ირანელები არც ისეთი უჭკუა ხალხია, რომ საქართველოდან სატუმბო სადგურებითა და ფოლადის მილსადენები, რამდენიმე კილოვატსაათი ელექტროენერგიის ხარჯვის ფასად ქაჩონ ალაზნის ველიდან ტექნიკური წყალი. არაქსი იქვეა, სადაც შაჰ-აბასის დროს 80 ათასი ქართველი ტყვე შეყარეს და დაიხრჩვნენ და იმ წყალს წაიღებს. ჩემის აზრით, სასმელი წყლის მიწოდებაზეა საუბარი. სასმელი წყლების ზედმეტი რესურსი კი, რაც საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება იმის ნახევარზე ცოტა მეტია, რაც ირანს სურს წაიღოს”, – აცხადებს იგი და დასძენს, რომ აზერბაიჯანის დახმარების გარეშე, საქართველო-ირანის ამ პროექტს მომავალი არ აქვს.
რამდენად მომგებიანი იქნება საქართველოსთვის ირანისთვის გაზის სანაცვლოდ წყლის მიწოდება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროექტი, ამასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიცია აქვს “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელ ნინო ჩხობაძეს. მისი აზრით, ალაზნის აუზიდან წყლით ასევე მილებით გატანა შეუძლებელია, რადგან ალაზანი თვითონ არის ძალიან დაკლებული და ეს გამოიწვევს სოფლის მეურნეობის პროდუქციის დეფიციტს კახეთში.
რაც შეეხება მტკვარს, ჩხობაძის აზრით, ეს მტკვრის დონეს დასწევს და ქვემო ქართლის რაიონებს მოაკლდება სარწყავი წყალი. ამ რეგიონში წყლის დეფიციტი ურწყავი სავარგულების რაოდენობას გაზრდის, ეს კი თავისთავად ნიშნავს მოსავლიანობის შემცირებას, შესაბამისად, ბაზარზე სოფლის მეურნეობის პროდუქტებზე ფასები აიწევს. ყველაფერი გაძვირდება, რაც ქვემო ქართლში მოდის.
“ძალიან კარგად მესმის სახელმწიფოს ინტერესები და ენერგეტიკის როლო ქვეყნის განვითარების საქმეში, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენთვის ნამდვილად წამგებიანია ნებისმიერი მდინარიდან ირანისთვის წლის მილებით მიწოდება. წლევანდელმა ზაფხულმა აჩვენა, რომ როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეებშიც იკლო წყალმა და მთლიანად საქართველოში არა მხოლოდ სარწყავი, სასმელი წყლის დეფიციტიც გვაქვს. ზოგან კატასტროფული ვითარებაა, სადაც წყაროებია, იქ არ არის წყალმომარაგების სისტემა”, – აცხადებს ნინო ჩხობაძე.
მისი აზრით, საქართველო აღარ არის ისეთი წყალუხვი ქვეყანა, როგორც ადრე იყო, თუმცა მიაჩნია, რომ ჩამოსხმით წყლის გაყიდვა შესაძლებელია, მაგრამ არა მილებით.
P.S. როდის დაიწყება საქართველოდან ირანისთვის წყლის მიწოდება და საერთოდ რომელ წყალზეა საუბარი, ტექნიკურ თუ არტეზიულზე, ამის გარკვევას Dalma News-ი კიდევ შეეცდება. მანამდე კი, როგორც ჩანს არც ხელისუფლება ჩქარობს “კარტების გახსნას” და არც ირანი ანებებს თავს ქართულ “წყალზე” ოცნებას. თუმცა, სპეციალიტები იმასაც ამბობენ, რომ ეს შანსი ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას და თუ პროექტი მართლაც ამუშავდება, ქვეყანამ წყალი გაზში, ან ნავთობში უნდა გაცვალოს. მათივე გამოთვლებით, 500 მილიონი კუბური მეტრი წყალი, დაახლოებით 10 მლრდ კუბური მეტრი გაზია. საქართველო კი 2 მლრდ-მდე კუბური მეტრ გაზს მოიხმარს. რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი ისევ თაროებსა და ჯიბეებში არ ჩალაგდება.
შორენა პაპაშვილი