პირველად იყო “დიდებულ ღმერთ ჰალდის” მიერ წარმოთქმული სიტყვა. როდესაც “არგიშთმა, მენუას ვაჟმა, ეს მრისხანე ციხე-სიმაგრე აღმართა, მას ერებუნი, ბიაინის ქვეყნის ძლიერებისთვის და მტრების დასაშინებლად, უწოდა…”
ციხე-სიმაგრე. დასახლებული პუნქტი. ქალაქი. დედაქალაქი. იშვიათია, მსგავსი ევოლუცია ორი-სამი თაობის ცხოვრებაში ხდებოდეს. ერევანი ზუსტად ასეთი შემთხვევაა. ჯერ კიდევ ცოცხლები არიან ადამიანები, რომლებსაც “მდოგვის მარცვლის” დედაქალაქად გადაქცევა ახსოვთ. მათ თავად იხილეს, როგორ გაიზარდა ძლიერ და იმავდროულად მკაცრ მიწაზე ქალაქი, როგორ ეფიცებოდნენ ერთგულებას და როგორ უბრუნდებოდნენ იმ ადგილს, რომელსაც მათ ბედი მიაკუთვნებდა.
სამი ათასი წელი. ეს წამია უკიდეგანო სამყაროსთვის, საკაცობრიო მეხსიერებისთვის კი, დროის უდიდესი მონაკვეთი. ამ ხნის განმავლობაში იბადებოდნენ და იღუპებოდნენ ერები, ქარს მიჰქონდა ქალაქები და იმპერიები. არაფერია მზისქვეშეთში მარადიული, მაგრამ უძველესი მეფის საუკუნეებგამოვლილი ციხე-სიმაგრე, თავისი დაარსების 2798 წელს შეხვდა. ის სომხეთის სახელმწიფოს რიგით მეთორმეტე დედაქი უნდა გამხდარიყო.
***
პირველი რესპუბლიკის გამოცხადების და მისი გასაბჭოების დროისთვის ქალაქი, როგორც ასეთი, არ არსებობდა. მტვრიანი ქუჩები, 30 ათასიანი მოსახლეობა… ერევნის სახანოს და გენოციდის მემკვიდრეობით, მხოლოდ რამდენიმე სომხური რაიონი და ქუჩა იყო დარჩენილი, დანარჩენი (ატსაფიევის, კომენდანტის) – რუსული. დეზინტერია და ქოლერა სურდოსავით იყო მოდებული. იყო წყლის სერიოზული პრობლემა, თუმცა არც კლიმატი იყო საკურორტო. რამდენიმე ეკლესია და მეჩეთი. სახლები, ძირითადად თიხის. ასეთი იყო მაშინდელი ერევანი. შაუმიანის ძეგლის ადგილას მაშინ, ნიკოლოზის ტაძარი იდგა, ხოლო მოედანს ტაძრის მოედანი ერქვა. შემდეგ ტაძარი საკმაოდ საინტერესო მუზეუმად – ანტანტის ტექნიკის ნაძარცვად გადაიქცა, ხოლო 1931 წელს საერთოდ დაანგრიეს.
ასე, რომ ქალაქს საკუთარი ციხე-სიმაგრის გარდა არაფერი შემორჩა. 1920-იანი წლების დასაწყისში ერევნის მშენებლობას მდიდრები აფინანსებდნენ: აფრიკიანის ოჯახი, რომელიც ქარხნებსა და კომპანიებს ფლობდა; ესაი ჯანპოლადოვი – ერთ-ერთი პირველი თეატრის შენობა ააშენა, რომელიც ცნობილი იყო “ოფიცრების სახლის” სახელწოდებით; ვაჭარი ალექსანდრე აზიზიანი, რომლის შვილმა რადიოს სახლი დააარსა და ტყავის სპეციალისტები, გაბრიელიანები.
ქალაქის აშენება კი ვასილი მირზოევმა და ბორის მეჰრაბიანმა დაიწყეს. მირზოევმა განათლება ტფილისში, მოსკოვსა და პეტერბურგში მიიღო. ფინეთში მიღებული პრაქტიკის შემდეგ, მუშაობის დაწყება სომხეთში ითხოვა. ასე აღმოჩნდა ერევნის გუბერნიის სამმართველოში, სადაც ერთადერთი სომეხი სპეციალისტი იყო. 1903 წელს მან წყალსადენი დააპროექტა, რომლის მშენებლობაც 7 წლის შემდეგ დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ორი წლის განმავლობაში იგი ტრამვაის გზას აპროექტებდა, რაც თავის მხრივ ძალზედ აუცილებელი იყო ქალაქის წყალმომარაგების უზრუნველსაყოფად. მირზოევმა ბევრი მნიშვნელოვანი შენობა, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობა ააგო, რომლებმაც ქალაქი მთლიანად შეცვალეს. საბჭოთა პერიოდში იგი სხვადასხვა, მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა, ჩამოაყალიბა “სომხეთის ტექნიკური საზოგადოება” და ერევნელი ტექნიკოსები გააერთიანა.
მეჰრაბიანი კი აშენებდა ქალაქის სამმართველოს, ბანკებს, საშემოსავლო სახლებს და იმ დროისთვის კარგად ცნობილი ლიმონათის ქარხანა გილანიანცს. მაგრამ, მის უმთავრეს ნამუშევრად უნდა ჩაითვალოს ქალაქის გეგმა, სადაც 1911 წლის მონაცემებით, ყველა შენობა-ნაგებობაა აღნიშნული. ათწლეულების შემდგომ სწორედ ეს გეგმა დაედო საფუძვლად თამანიანის გენგეგმას.
მირზოევის და მეჰრაბიანის მთავარი დამსახურება არის ქალაქის კომუნალური ინფრასტრუქტურის, სამეურნეო და საყოფაცხოვრებო კომუნიკაციების შექმნა. ამ ადამიანების ხსოვნას უწყლო და ცივ მიწიან ქალაქში ყოველი ფეხის ნაბიჯზე დადგმული სასმელი შადრევნები უკვდავყოფდნენ.
***
ალექსანდრე თამანიანი არის ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი დაწერილა და ბევრი თქმულა. იგი იყო ნიჭიერი და გენიალური პიროვნება. თამანიანი ყოველთვის ოცნებობდა ქალაქ-წალკოტზე, სადაც 150 ათასი ადამიანი იცხოვრებდა. ერევნის განსაკუთრებული კლიმატი, მთებით გარემოცული ადგილი, სადაც ჰაერი ცუდად ცირკულირებს, ასევე მტკნარი წყლის სიმწირე განაპირობებს იმას, რომ ამ მიწაზე ყველა მცენარე ვერ ხარობს. სწორედ ამის გამო თამანიანს ურჩევდნენ, დედაქალაქი დღევანდელი ქალაქ აბოვიანის ადგილზე აეშენებინა. იქ უკეთესი კლიმატი, სუფთა ჰაერი და შედარებით უფრო მეტი ადგილია. რომ არა თამანიანის მაშინდელი სიჯიუტე, ძნელი წარმოსადგენია, როგორი იქნებოდა დღევანდელი ერევანი მისი ქმნილების გარეშე.
თამანიანის მიზანი იყო, ქალაქის ისე გაფართოება, რომ მასში ორიენტირება ადვილი ყოფილიყო: ქუჩების რადიუსები ქალაქის ცენტრში რგოლებად უნდა გაერთიანებულიყვნენ. ცენტრში კი დღევანდელი მრგვალი ბულვარის მსგავსი ბაღი, სასეირნო ზონა უნდა ყოფილიყო, რომელიც მაქსიმალურად გამწვანებული იქნებოდა.
თამანიანის ქალაქში უნდა ყოფილიყო მთავარი მაგისტრალი, პირველ რიგში სტალინის გამზირი (იგივე ლენინის, ახლანდელი მაშტოცის), რომელიც მთავარ და ჩრდილოეთის გამზირებს გადაკვეთდა. ის კატეგორიულად არ ჰგავს დღევანდელს. გამზირი რესპუბლიკის მოედნამდე უნდა ჩასულიყო და მასზე მხოლოდ ადმინისტრაციული შენობები უნდა განლაგებულიყო. სხვათა შორის, თამანიანმა ოცსართულიანი ცათამბჯენიც დააპროექტა.
***
საბედნიეროდ, თამანიანის საქმეს შესანიშნავი გამგრძელებლები ჰყავდა. მის მიერ დასრულებული პროექტის ხორცშესხმას (მაგალითად, ახალი შენობების, მათ შორის ოპერის შენობის აშენებას) თავად უკვე ვეღარ მოესწრო და საქმე მისმა ვაჟებმა – იული და გევორქმა გააგრძელეს. თამანიანის თანამოაზრე იყო კარო ალაბიანი. ეს უკანასკნელი თავის მოდერნისტული სტილის, ნალბანდიანის ქუჩაზე, სახანძროს მოპირდაპირედ მდგარი სახლითაა ცნობილი. კინოთეატრ “მოსკოვის” წინ არსებული მოედნის, სასტუმროების: “ერევნის” და “სევანის” (ეს უკანასკნელი დღეს უკვე აღარ არსებობს), ასევე თუმანიანის და ნალბანდიანის გზაჯვარედინზე არსებული ორი, შესანიშნავად სიმეტრიული საცხოვრებელი შენობების პროექტების ავტორია, ნიკოლოზ ბუნიათიანი. სამუელ საფარიანს ეკუთვნის მთავარ მოედანზე სამინისტროების კომპლექსის და მეცნიერებათა აკადემიის მთელი კომპლექსის მშენებლობა. ზემოთ ჩამოთვლილ მოღვაწეთაგან ასევე მიხეილ მაზმანიანი და კოჩარიც უნდა ვახსენოთ.
ერევანი, თავისი განსაკუთრებული რელიეფის დამსახურებით, სამდონიანი ქალაქი გახდა. მსოფლიო ქალაქთმშენებლობის ისტორიაში ამ უნიკალური მოვლენის შესახებ, ჯერ კიდევ ათობით წლის წინათ, გერმანელი სპეციალისტები საუბრობდნენ.
ამ დროის განმავლობაში ერევანში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა ნახევარ მილიონს მიუახლოვდა.
***
ქალაქი მხოლოდ მისი შენობა-ნაგებობებით არ ფასობს. მის არსებობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ მათ, ვინც იქ ცხოვრობს, მოღვაწეობს, ქმნის კულტურულ და ჰუმანიტარულ დონეს. ერევნისთვის ამ მხრივ სერიოზული როლი შეასრულეს ალექსანდრე მიასნიკიანმა და ასკანაზ მრავიანმა. ისინი ორივე ბოლშევიკები, პარტიული მოღვაწეები იყვნენ, თუმცა მათი წყალობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე სომხებს, სამშობლოში მოუყარეს თავი. ეს რეპატრიაციის პირველი ტალღა იყო: თამანიანი, ალაბიანი, სარიანი და სპენდიაროვი.
თავდაპირველად საჭირო იყო განათლების სისტემის შექმნა. აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტის, ვუდრო ვილსონის დროს, რომელიც მხარს უჭერდა სომხებს და რომელიც ძალიან უყვართ სომხეთში, ე.წ. ამერკომები გაიხსნა. იქ, რა თქმა უნდა, კარგ განათლებას იღებდნენ გაუნათლებელი და მიუსაფარი ბავშვები, თუმცა აბსოლუტურად უგულებელყოფილი იყო ეროვნული კულტურა და ტრადიციული სომხური აღზრდის განსაკუთრებულობა. ასეთ პირობებში საუკეთესო აღმოჩნდა პირველი საბავშვო ბაღები და სკოლები, სადაც ერთმანეთის გვერდიგვერდ სწავლობდნენ სომეხი, რუსი, ქურთი და აზერბაიჯანელი ბავშვები.
1921 წელი ღირსშესანიშნავი იყო იმით, რომ მხატვრებმა მარტიროს სარიანმა, სარქის ოგანესიანმა და სედრაქ არაკელიანმა ერთად პირველი სამხატვრო სასწავლებელი დააარსეს, რომელიც დღეს აკადემიაა. რომანოს მელიქიანმა, ოპერისა და ბალეტის პირველმა სამხატვრო ხელმძღვანელმა, მუსიკალური სტუდია დააარსა, რომელიც ორ წელიწადში კონსერვატორიად გადაკეთდა. 1924 წელს ერევანში ალექსანდრე სპენდიაროვი ჩავიდა, რომელმაც თავის მუსიკაში სომხების, რუსების, უკრაინელების და ყირიმელი თათრების ტრადიციები გააერთიანა. არშაკ ადამიანთან (ფერადი ტელევიზორის გამომგონებლის, ოვანეს ადამიანის ძმა) ერთად, სპენდიაროვმა 1925 წელს სომხეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი ჩამოაყალიბა.
***
შენდებოდა ქარხნები, აეროპორტები – ყველაფერი, რაც თანამედროვე, სრულფასოვან ქალაქს სჭირდება. 1950-60-იან წლებში ერევანში არქიტექტორ მარკ გრიგორიანის ვარსკვლავი აკაშკაშდა. სომხეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, ახლა უკვე ეროვნული საკრებულოს შენობა, ლენინის მოედნის, გაერთიანებების და კავშირების სახლების, სასტუმრო „სომხეთის“ და რაღა თქმა უნდა, მატენადარის ანსამბლის დასრულება, არქიტექტორის შემოქმედების და თანამედროვე სომხური არქიტექტურის შედევრია.
1970-იანი წლების ბოლოს მეტროპოლიტენის აგების საკითხი დადგა. სსრკ-ში სულელური წესი იყო: მეტრო მხოლოდ იმ ქალაქში უნდა აშენებულიყო, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მაშინ ერევანი ჯერ არ იყო “მილიონერი”, ამიტომ მეტროს მშენებლობა კოდური სახელწოდება “მიწისქვეშა ტრამვაით” დაიწყო. დაინტერესებული პირები ხვდებოდნენ, რომ საბჭოთა მოხელეებს ვერაფერს დაუმალავდნენ, ამიტომ ქალაქის აქტიური დასახლება და სოფლებიდან მთელი მოსახლეობის გადასახლება დაიწყეს. შედეგად, ქალაქი ჯერ არნახულ პრობლემებს წააწყდა. მათ შორის ფსიქოლოგიურსაც, რაც ადაპტაციას უკავშირდებოდა – თუმცა ეს საკითხი ცალკე თემაა.
ამგვარად, ერევნის მოსახლეობამ მილიონს გადააჭარბა. მეტროს მატარებლებმაც გაირბინეს. სპორტული და საკონცენტრო კომპლექსები გაიხსნა. ღია ცის ქვეშ გახსნილი კაფეს სტუმრებს და ცარიელი მაგიდის მოლოდინში მყოფ თანამოქალაქეებს ზაფხულის საღამოებს ნანატრი ნიავიც უმშვენებდათ. ქალაქის ცენტრში მედიდურად წამომდგარი სტადიონი “რაზდანი”, რომელიც სპორტის მოყვარულების და გულშემატკივრების გარდა ლექციებიდან გამოპარულ სტუდენტებსაც იზიდავდა, მეორე სართულზე არსებულ კაფეში უგემრიელესი ნაყინით და ყავით. ცხოვრება, თითქოს ლაგდებოდა.
მერე მოხდა ის, რაც მოხდა.
ქალაქის მომავლის შესახებ საკითხი კვლავაც ღიად რჩება. დრო ყველაფერს განსჯის. თავის დროზე, არც ისე ცოტა ასლი განადგურდა. ოპერის თეატრის მშენებლობასთან დაკავშირებით – ბევრს მიაჩნდა, რომ ის საყვარელი ქალაქის იერ-სახეს აბსოლუტურად არ შეეფერება.
სასაცილოა?..
რუბენ გიულმისარიანი