ბოლო დროს, სხვადასხვა ქვეყნის წინასაარჩევნო ბრძოლებში რუსეთის თემა სულ უფრო მნიშვნელოვანი და პოპულარულია. გამონაკლისი არც შეერთებული შტატებია, სადაც ვლადიმერ პუტინის სახელი, კანდიდატების სახელებზე ხშირად ისმის. თუკი მსგავსი რამ, მსოფლიო დემოკრატიის დამცველს ემართება, საქართველო რაღა გასაკვირია?!
კონკურენტების წინააღმდეგ ბრძოლაში, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე ძლიერი არგუმენტი მათი პრორუსულ ძალებად და პუტინის აგენტებად მონათვლა იყო. სასაცილო სწორედ ის არის, რომ საქართველოში პრორუსული პარტია არ არსებობს, თუმცა, ყველას, ვინც გახელებით არ ებრძოლა რუსოფობიას სწორედ ასეთ იარლიყს აკრავდნენ.
ერთადერთ პრორუსულ პარტიად საქართველოში შეიძლება ცენტრისტები მივიჩნიოთ, რომლებიც ამის შესახებ თავიანთ წინასაარჩევნო რგოლში ღიად აცხადებდნენ. უკრაინული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ექსპერტებმა, ამ პარტიის ხელმძღვანელები თემურ ხაჩიშვილი და ვლადიმერ ბედუკაძე დამნაშავეებად გამოაცხადეს. ხაჩიშვილი ჯერ კიდევ საქართველოს სამოქალაქო ომის დროს, აწ გარდაცვლილი ყოფილი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლების ძალოვანი მინისტრი იყო, ხოლო ბედუკაძემ გაასაჯაროვა კადრები, რომლებიც ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დროს გლდანის ციხეში პატიმრების უმოწყალო წამებისას გადაიღეს. ასეთია მათი შეფასების კრიტერიუმები!
სხვა დანარჩენი პოლიტიკოსები, რომლებსაც ანტირუსული პარანოია არ შეხებიათ, რუსეთის ფედერაციასთან მხოლოდ ურთიერთობების მოგვარებაზე საუბრობდნენ. მათმა უმრავლესობამ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახა. ეს მოსალოდნელიც იყო. დეპუტატ თამაზ მეჭიაურს და ჟურნალისტ ვალერი კვარაცხელიას, მათი სამოქალაქო პოზიციების და საყოველთაო პატივისცემის მიუხედავად, პოლიტიკური წონა არ აღმოაჩნდათ. მატ ფონზე ნინო ბურჯანაძემ ძალიან კარგ შედეგს მიაღწია აჭარაში, თუმცა საერთო ჯამში, 5%-იანი ბარიერი მაინც ვერ გადალახა. მან ამომრჩეველთა ხმების მხოლოდ 3,53% დააგროვა.
ნინო ბურჯანაძე ცნობილი პოლიტიკოსია. იგი პარლამენტის სპიკერიც იყო და პრეზიდენტის მოვალეობის დროებითი შემსრულებელიც. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირების გაწყვეტის შემდეგ, იგი ამ ძალის წინააღმდეგ უკომპრომისოდ იბრძოდა, თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად ახალი მოწვევის პარლამენტში თავისი პარტია ვერ შეიყვანა.
რატომღა დამარცხდა გამოცდილი და ვეტერანი პოლიტიკოსი?
სავსებით შესაძლებელია, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურ ავანსცენაზე დიდი ხნის განმავლობაში მყოფი პოლიტიკოსებისადმი ამომრჩევლის გაძლიერებული უნდობლობა იყოს. პოლიტიკაში გატარებული წლების განმავლობაში, როგორც ჩანს, ბევრად მეტი დაპირება უნდა შესრულებულიყო. ამომრჩევლების უმრავლესობა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების შესახებ მოწოდებას უკვე პოლიტიკურ სატყუარად მიიჩნევს, რადგანაც ამ მიმართულებით დაპირებების დიდი ნაწილი კვლავაც შეუსრულებელია.
სწორედ ამ ფაქტორებმა მოახდინეს გავლენა “მრეწველთა” პარტიის წარუმატებლობაზე. უმიზედოდ ხომ არ დაუტოვებია პარტია “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” ხელმძღვანელის თანამდებობა, მის ერთ-ერთ დამაარსებელ ზურაბ ტყემალაძეს?
აშკარაა ისიც, რომ ამომრჩეველს დეკლარაციებსა და ყველაზე კეთილ სურვილებზე მეტად, რეალური ცვლილებების მოხდენა ურჩევნია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა მიხვდეს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობიანი სოციალური შიდა და დაბალანსებული, მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა, რომელიც ოკეანის გადაღმა დიდ მფარველს, საშუალებას არ მისცემს მსოფლიო ჭადრაკის დაფაზე ქვეყანა პაიკად გადააქციოს.
რამდენად შეიძლება შეიცვალოს ქართული ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა “ქართული ოცნების” ტრიუმფალური გამარჯვების შემდეგ, რის შედეგადაც მან პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა მოიპოვა?
ჯერ კიდევ ოთხი წლის წინათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ ბრძოლის დასაწყისში, “ქართული ოცნება” თავის ამომრჩეველს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას დაჰპირდა. ამ მიმართულებით, რაღაც მართლა გაკეთდა, თუმცა სერიოზული ძვრები ამ ყოფილა.
2012 წლის პარლამენტის არჩევნებში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ყველა შესაძლო მექანიზმის და ფალსიფიკაციის მეშვეობით პარლამენტში 40%-იანი წარმომადგენლობა მიიღო. თითქმის ერთი წლით გაიხანგრძლივა პრეზიდენტობის ვადა მიხეილ სააკაშვილმა, რითაც საქართველოში პარადოქსული პოლიტიკური ვითარება შექმნა.
ამ ფაქტორების გამოყენებით ნაციონალებმა “ქართული ოცნების” მთავრობის ბევრი ინიციატივა დაბლოკეს და საერთოდაც, ხშირად აბრკოლებდნენ საკანონმდებლო პროცესს.
ამჟამინდელი არჩევნების პირველი ტურის დასრულებისთანავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა საკმაოდ მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, კერძოდ, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკა რუსეთის მიმართულებით სწორი იყო.
«საქართველო კვლავაც განაგრძობს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში არჩეულ რუსეთის ფედერაციასთან არსებული დაძაბულობის მოხსნის კურსს. კვლავაც განვაგრძობთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების შემდგომი მოწესრიგების გზების ძებნას, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეს არ მოხდება, ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ზარალის ხარჯზე», – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცხადია, ნებისმიერი ქართული მთავრობისთვის ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ძალზედ მნიშვნელოვანია. არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ფაქტის აღქმა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა მოსკოვის ნებაზე არ არის დამოკიდებული. ეს საკითხი მხოლოდ ქართველებმა, აფხაზებმა და ოსებმა ერთმანეთში, მშვიდობიანი მოლაპარაკებებით უნდა მოაგვარონ. ხოლო ის ფაქტი, რომ მოსკოვი ნებისმიერ სამშვიდობო ინიციატივას დაუჭერს მხარს, ეჭვგარეშეა.
ეჭვი შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს ხელისუფლების შეუსაბამო მოქმედებამ. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების შესახებ საუბრისას, საქართველო იმავდროულად ნატო-ს შავი ზღვის აუზში გაძლიერებას მიესალმება და ამის მოტივად იმას ასახელებს, რომ ამგვარად რეგიონის ატლანტიკური უსაფრთხოება იზრდება. სამწუხაროდ, იუგოსლავიის, ლიბიის, ერაყის, სირიის და უკრაინის მაგალითებზე, მსოფლიომ ნათლად დაინახა ასეთი უსაფრთხოების მაგალითები. იმედია, ამ ქვეყნების ჩამონათვალი მეტად აღარ გაიზრდება.
2017 წელს ქვეყანაში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების თავდაცვის მინისტერიალი ჩატარდება, რომელშიც, 2013 წლის ბათუმის მინისტერიალისგან განსხვავებით, საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას, როგორც სრულუფლებიანი წევრი.
მსოფლიო მასშტაბით რუსოფობიის ხელოვნურად გაღვივების პირობებში “ქართულ ოცნებას” სერიოზული ძალისხმევის გაწევა მოუწევთ, რათა სრულ შესაბამისობაში იყო მრავალვექტორულ პოლიტიკასთან.
ჩვენის აზრით კი, ქვეყნისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ირაკლი ჩხეიძე EADaily-სთვის