საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სულ უფრო ნაკლები დრო რჩება. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიების რეგისტრაცია დაასრულა. რამდენიმე თანამოაზრე პოლიტიკურმა ძალამ, ასე, თუ ისე, მონახა საერთო შეხების წერილები, ზოგან ჯერ კიდევ ვერ ინარჩუნებენ პარტიულ ერთიანობას, ზოგან კი, წინასწარ ითვლიან ახალი მოწვევის პარლამენტში მოპოვებული მანდატების რაოდენობას. არჩევნებამდე, რამდენიმე თვით ადრე, მთავარმა სახელისუფლებო ძალამ, პარტია “ქართულმა ოცნებამ” მმართველი კოალიცია დაშლა და ოქტომბრის არჩევნებში საკუთარი ძალების დამოუკიდებლად მოსინჯვა გადაწყვიტა. “ოცნების” გარეშე დარჩნენ “რესპუბლიკელებიც”, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ მათი, “ქართულ ოცნებასთან” ერთ კოალიციაში ყოფნა, “ოცნებას” დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანდა.
მემარჯვენე-ცენტრისტული მიმართულების მქონე, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე და ერთ-ერთი სტაბილური პარტიაა. 1993-1995 წლებში, ქართველი “რესპუბლიკელები” აქტიურად მონაწილეობდნენ საქართველოს კონსტიტუციის შექმნაში. 2003 წელს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად იყვნენ “ვარდების რევოლუციის” თანაავტორნი, შემდგომ კი “ნაციონალების” მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ. კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ყოფნამ ქართველ “რესპუბლიკელებს” პარლამენტის თავმჯდომარისა და მინისტრების თანამდებობები მოუტანა.
როგორია პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმა და როგორ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს კარს მომდგარ არჩევნებზე, ამის შესახებ Dalma News-ს “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი უცვლელი წევრი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა.
– ბატონო ლევან, როგორია თქვენი პარტიის წინასაარჩევნო პლატფორმა და ძირითადი გზავნილები გაქვთ ამომრჩევლის მიმართ?
– ჩვენი პარტიის ძირითადი მესიჯები არის, რომ საქართველოში გვინდა აშშ-ს სამხედრო ბაზა, რაც ძალიან სერიოზული ნაბიჯია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის.
გვინდა მეტი ქალი პოლიტიკაში. გვინდა, რომ გაზი და წყალი მივცეთ ყველა ოჯახს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. გვინდა, რომ გვყავდეს მცირერიცხოვანი, ე.წ. პატარა და იაფი მთავრობა, ამისთვის უნდა შემცირდეს სამინისტროების რაოდენობა. ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით გვინდა ამოქმედდეს ის დებულებები, რაც საქართველომ იკისრა ევროპის საბჭოსთან მიერთებით. ყველა პოლიტიკური პარტია არ ფიქრობს ამ ვალდებულებების შესრულებაზე, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ.
– თქვენი პარტია იყო მმართველი კოალიციის წევრი. ხელისუფლებაში ყოფნით მიღებული გამოცდილებიდან რას ითვალისწინებთ და რა ახალი მიმართულებები გაქვთ?
– ბევრი რამ მოხდა ისეთი, რასაც არ ვეთანხმებოდით. მაგალითად მოსმენების შესახებ კანონი, ჩვენ გავაჩერეთ ამის გამო, ახლაც გაგვლანძღა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა.
მაშინაც და ახლაც მიგვაჩნია, რომ სახელმწიფოს ზედმეტი უფლებები არ უნდა ჰქონდეს მოსმენებთან დაკავშირებით, ანუ მოქალაქეები მეტად უნდა იყვნენ დაცული. არასამთავრობო ორგანიზაციებმა აღნიშნეს, რომ ყველაზე უკეთესი 5 კანონი, რომელიც მიიღო ამ პარლამენტმა, ამათგან 3-ის ინიციატორი “რესპუბლიკური პარტია” იყო. პარლამენტში, რაც შეგვეძლო ვმუშაობდით. ჩემი მიმართულება არის ევროპასთან ინტეგრაცია, ვიყავი ამ კომიტეტის თავმჯდომარის ჯერ მოადგილე, შემდეგ თავმჯდომარე. ჩვენი ამოცანა იყო ევროპასთან დაახლოება, ვიზა-ლიბერალიზაცია, ევროკავშირთან ასოცირებული წევრობის ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სიკეთეები. ამ თვალსაზრისით, ჩვენ საკამათო არავისთან გვქონდა. ამ მიმართულებით ჩვენმა ქვეყანამ და მათ შორის პარლამენტმაც, კარგად ვიმუშავეთ და წარმატებას მივაღწიეთ.
– როგორ შეაფასებთ კოალიცია “ქართულ ოცნებაში” თქვენი პარტიის მოღვაწეობას და იყო, თუ არა თქვენი იქ ყოფნა მომგებიანი “ოცნებისთვის”?
– ჩვენ, კოალიციაში ძალიან სასარგებლო ძალა ვიყავით. ჩვენი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, ძალიან სასარგებლო იყო კოალიციისთვის და ქვეყნისთვის. ჩვენ ჩვენს თანამდებობებზე, პარლამენტის თავმჯდომარე იქნებოდა ეს, იურიდიული, თუ ევროინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარე, თუ რესპუბლიკური პარტიის სხვა წევრი, ყველგან ვიმუშავეთ წარმატებით და ბევრი კარგი საქმე გავუკეთეთ მმართველ კოალიციას. მაგრამ თვითონ ისინი, ამბობენ, რომ ჩვენს გარეშე მეტ წარმატებას მიაღწევენ, თურმე მათთვის ვართ ტვირთი. არჩევნები გვაჩვენებს, როგორი წარმატება ექნება “ქართულ ოცნებას”. როცა ერთად ვიყავით, რა პროცენტები ავიღეთ და ცალ-ცალკე ვინ, რას და როგორ მიაღწევს, ამას წინასწარ ვერავინ გეტყვით. ჩატარდება არჩევნები და ხალხი თვითონ გადაწყვეტს.
ჩემის აზრით, ერთპარტიული მმართველობა, რომლისკენაც მიისწრაფვის “ქართული ოცნება”, არის დაბრუნება საბჭოთა კავშირში, ერთპარტიულობა დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელი ფუფუნებაა, არავის ამის საშუალება არ აქვს. აშშ-შიც კი, პრეზიდენტი არის ხოლმე, კონკრეტული ერთი პარტიის წევრი, მაგრამ ასეთ დროს, როგორც წესი, კონგრესში ან სენატში არის განსხვავებული სურათი. ანუ ქვეყანა ყოველთვის ორპარტიულია. მრავალპარტიული არის მთავრობები ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში. არა მგონია, რომ ეს დიდი სიკეთე იყოს, რასაც ჩვენი მეგობრები „ქართული ოცნებიდან“ აპირებენ. ჩემის აზრით ეს ქვეყნისთვის სასიკეთო არ იქნება, ჩვენ გვჯერა ქართველი ხალხის, რომ რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური ძალა აღმოჩნდეს საქართველოს პარლამენტში.
– როგორია თქვენი პარტიის საკადრო პოტენციალი, რაზე კეთდება ძირითადად აქცენტი?
– ჩვენი საკადრო პოტენციალი არის ძალიან მაღალი. როგორც ბევრმა ექსპერტმა აღნიშნა, ჩვენ გვაქვს სხვებზე უკეთესი სია და ეს არ არის გასაკვირი. პირველ ათეულში ის კანდიდატები წარმოვადგინეთ, რომლებიც გამოცდილები არიან, მათ იცნობს საზოგადოება. მათ შორის არიან ახალგაზრდები და ასაკოვნებიც, მაგრამ ყველა არის გამოცდილი, კვალიფიციური და პატიოსანი. რაც შეეხება, შერჩევის კრიტერიუმებს, რესპუბლიკურ პარტიაში არის მკაცრი შერჩევის კრიტერიუმი. ეს არის მუშაობის შედეგები, “რესპუბლიკური პარტიის” ყრილობებზე, სპეციალური გამოკითხვის შედეგები, ამას ყველაფერს, სიის სახით პარტიის თავმჯდომარე წარუდგენს ეროვნულ კომიტეტს, რომელიც ამას ამტკიცებს.
ასე, რომ ჩვენს შემთხვევაში, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, არამედ ხანგრძლივი მუშაობის პროცესი და შიდაპარტიული დემოკრატიის მაჩვენებელია. აქ ვითვალისწინებთ ქვოტირებას, რომელიც პარტიაში მიღებული გვაქვს და რომელი გამოცდილებაც სამწუხაროდ ქვეყნის პარლამენტმა არ გაიზიარა. სიის პირველ ექვსეულში სამი ქალი გვყავს. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები გვყავს პარტიაში. საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი გამდიდრდება, როგორც აზერბაიჯანელი, ისე სომეხი ეროვნების პოლიტიკოსებით, რომლებიც პარტიულ სიებში წინა პოზიციებზე გვყავს.
– გარკვეული წარმოდგენა გექნებათ უკვე, რა იქნება არჩევნების შემდგომ და როგორ პარლამენტს მივიღებთ?
– ახალი მოწვევის პარლამენტში “რესპუბლიკური პარტია” იმაზე მეტი პროცენტული მაჩვენებლით წარმოსდგება, ვიდრე ამჟამად არის. სხვა პარტიების შედეგებს მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ. ამ წუთას ვიცით, რომ ჩვენ ვართ 10 კაციანი ფრაქცია და ვაპირებთ ვიყოთ წარმოდგენილი გაცილებით მეტი ხალხით. ხოლო, სხვის რამდენი დეპუტატი შევა პარლამენტში, ეს მათი ამოცანაა. არ იქნება ურიგო, რომ უმრავლესობა არც ერთ პარტიას არ ჰყავდეს.
– რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან წინასაარჩევნო ბლოგის შექმნის საკითხი არ განხილულა თქვენს პარტიაში?
– 27 მარტს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად გავალთ და მას შემდეგ ეს საკითხი აღარ განხილულა.
– არჩევნების შემდგომ ვისთან ითანამშრომლებთ?
-არავინ იცის რა მოხდება პარლამენტში. შესაძლოა არავისთან ვითანამშრომლოთ. ჩვენი მთავარი საგარეო ვექტორი ნაცნობია, ნატო, ევროკავშირი და აშშ-ს ბაზა საქართველოში. საგარეო პოლიტიკის ძალიან ნათელი კურსი გვაქვს.
– როგორც შეაფასებთ მმართველი კოალიცია “ქართული ოცნების” ამ 4 წლის განმავლობაში წარმოებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს?
– საგარეო პოლიტიკური მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას არც ერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია, რაც ჩვენზე იყო დამოკიდებული უკვე გაკეთდა.
– რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, როგორ უნდა წარიმართოს არჩევნების შემდგომ?
-დეოკუპაცია არის “რესპუბლიკური პარტიის” უმთავრესი მოთხოვნა. სანამ საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს რუსული სამხედრო ბაზა, მანამდე რუსეთთან გვექნება ზუსტად ის ურთიერთობა, რაც დღეს არის. შეიძლება იყოს სავაჭრო ურთიერთობები, მიმოსვლა, კულტურული ურთიერთობები, მაგრამ დიპლომატიური თანამშრომლობა და მეგობრობა, სანქციებზე უარის თქმა, ძალიან ძნელი წარმომადგენელია ოკუპირებულ ქვეყანაში.
– აბაშიძე-კარასინის ფორმატი არ უნდა შეიცვალოს, ის უცვლელად უნდა დარჩეს?
– ჩვენ თუ მოვალთ ხელისუფლებაში, კარასინ – აბაშიძის ფორმატი აღარ იქნება. არამედ იქნება, სულ სხვაგვარი ზემოქმედება რუსეთზე, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.
ესაუბრა შ. ქარჩავა