საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ეხმაურება სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც “ჩრდილს აყენებს, როგორც სამინისტროს მიერ განხორციელებულ “მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამას” ასევე შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”, – აცხადებენ განათლების სამინისტროში და საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე 2015-2016 სასწავლო წლების სახელმძღვანელოების შესყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებს ასაჯაროვებენ.
როგორც Dalma News-ს სახელმწიფო უწყებაში განუცხადეს, წინა წლებთან შედარებით, სახელმძღვანელოებსა და რვეულებს წელს უპრეცენდენტოდ დაბალ ფასად იძენენ. კერძოდ, განათლების სამინისტროს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სახელმძღვანელოების საშუალოდ ერთ ეგზემპლარს 1.81 ლარად ბეჭდავს. წიგნის მაღაზიებში დაფიქსირებული მინიმალური ფასების შესაბამისად იმავე სახელმძღვანელოების იმავე რაოდენობის შესაძენად სახელმწიფოს საშუალოდ ერთ ეგზემპლარში 8,00 ლარის გადახდა მოუწევდა.
დეტალური განმარტების მიუხედავად სამინისტროში მათი მისამართით ბრალდებების გაგრძელებას არ გამორიცხავენ, თუმცა “სამინისტროსთვის მთავარი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რაც წინა წლებში მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა. ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფი ღონისძიებების განხორციელებებისას კი, ერთ-ერთი მთავარი პრინიციპი საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვა და საზოგადოების სწორი ინფორმირებაა”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“გამომცემლობა “დიოგენეს”, “ინტელექტისა” და სხვა დაინტერესებულ პირებზე დაყრდნობით, ავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სამინისტრო რიგი დასახელების სასკოლო სახელმძღვანელოების შესყიდვას მაღალ ფასად ახორციელებს, რის გამოც არამიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო თანხები.
განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ხელშეკრულებიდან ფრაგმენტულად ამოღებულ ინფორმაციას ეყრდნობა.
“ხელშეკრულების ჯამური ღირებულებიდან გამომდინარე, გამარჯვებული კომპანიის მიერ განფასებული ერთეულისახელმძღვანელოს საშუალო ღირებულება 3.644 ლარი, ხოლო რვეულის 0.75 ლარია. აღნიშნულის შეფარდებითაც კი ერთეულის საშუალო ფასი როგორც სასკოლო სახელმძღვანელოსი ასევე, სავარჯიშო რვეულის ღირებულება გაცილებით მცირეა სასკოლო სახელმძღვანელოების გამავრცელებლებთან არსებულ საცალო ღირებულებასთან. ამასთან, ტენდერის პრინციპებიდან გამომდინარე, მომწოდებელი იმარჯვებს ჯამური ღირებულებით და არა საცალო ღირებულებით და თავად ტენდერში მონაწილე მომწოდებლები ახდენენ განფასებას სასკოლო სახელმძღვანელოებისა და სავარჯიშო რვეულების, თავიანთი შეხედულემისამებრ”, – აცხადებენ სამინისტროში.
მათივე თქმით, გამომცემლობების – “დიოგენესა” და “ინტელექტის” მოთხოვნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ტენდერი განხორციელებულიყო ცალკეული წიგნების შესყიდვის მიხედვით, გაუმართლებელია, რადგან არსებული კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
როგორც ცნობილია, გამომცემლობებმა სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელით მიმართეს. ამ ეტაპზე, საკითხი ორი ინსტანციის სასამართლომ უკვე განიხილა, მაგრამ მათგან არც საქალაქო და არც სააპელაციო სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
გამომცემლობა “არტანუჯის”, “ინტელექტის” “ლოგოს პრესისა” და “დიოგენეს” წარმომადგენლები სასამართლოსგან მოითხოვდნენ უკანონოდ ეღიარებინა სამინისტროს ქმედება გამომცემლების საკუთრებაში არსებული სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭვდასა და გავრცელებასთან დაკავშირებით და განათლების სამინისტროსთვის დაეკისრებინათ “არტანუჯის” სასარგებლოდ 3 მილიონ 845 399 ლარის, გამომცემლობა „ინტელექტის“ სასარგებლოდ – 13 მილიონ 005 083 ლარის, “ლოგოს პრესის” სასარგებლოდ 932 059 ლარისა და გამომცემლობა “დიოგენესთვის” 4 მილიონ 911 472 ლარის გადახდა.