რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობით ამ დღეებში, სანკტ-პეტერბურგში სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები – სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი, მთიანი ყარაბაღის რეგულირების საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდნენ ერთმანეთს. შეხვედრის ინიციატორი რუსული მხარეა, ხოლო ეუთოს მინსკის ჯგუფმა მონაწილეობა, მხოლოდ შეხვედრის დასკვნით ნაწილში მიიღო.
სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს რუსეთის პრეზიდენტი ცალ-ცალკე შეხვდა. ამის შემდეგ, სამმხრივი შეხვედრა თანმხლები და დამხმარე პირების გარეშე შედგა, რის შედეგადაც მხარეებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს.
პუტინ გამართულმა ორმხრივმა შეხვედრებმა ცხადყო, მსგავსი შეხვედრის მიმართ, რამდენად განსხვავებული მოლოდინები აქვთ კონფლიქტურ მხარეებს და რამდენად რთული დავალება დაეკისრა რუსეთის ლიდერს.
ამგვარად, სომხეთის პრეზიდენტმა აქცენტი კონფლიქტის, მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და წინა ხაზზე მომხდარი ინციდენტების გამოძიების აუცილებლობაზე გააკეთა. “სამწუხაროდ, ასეთი კონფლიქტები მხოლოდ ერთი მხარის სურვილით ვერ გვარდება. ჩვენ რა თქმა უნდა, მოხარულები ვიქნებით, თუ დღეს შერიგების რეჟიმის დარღვევასთან დაკავშირებული საგამოძიებო მექანიზმების შესახებ ვენაში მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაცია წინ წაიწევს. ეს მოლაპარაკებების წარმართვისთვის სამუშაო განწყობას შექმნის”, – განაცხადა სარგსიანმა.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნისთვის მიუღებელია კონფლიქტის ზონაში სტატუს ქვოს შენარჩუნება. “კონფლიქტი გაიწელა. რუსეთმა და ეუთოს მინსკის ჯგუფის სხვა თანათავმჯდომარეებმა განაცხადეს, რომ სტატუს ქვო მიუღებელია. ჩვენ ამ განცხადებას სრულად ვუჭერთ მხარს. მაგრამ ცვლილებებისთვის საჭიროა აზერბაიჯანის ტერიტორიის დეოკუპაციის პროცესის დაწყება. იგი 20 წელიწადზე მეტია ოკუპირებულია”, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ყველაფრის მიუხედავად, პრეზიდენტებმა მაინც მოახერხეს ერთობლივი განცხადების შეთანხმება. შედეგად მათ დაადასტურეს 16 მაისს, ვენაში მიღწეული შეთანხმება, რომელიც მიმართულია კონფლიქტის ზონაში სტაბილური ვითარებისა და ისეთი ატმოსფეროს შექმნისაკენ, რომელიც ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესის წინსვლას. ამ მიზნით, სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები კონფლიქტის ზონაში საერთაშორისო დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდაზე შეთანხმდნენ.
“შედგა საფუძვლიან აზრთა გაცვლა რეგულირების არსებით საკითხებთან დაკავშირებით. სახელმწიფოს ხელმძღვანელებმა მთელ რიგ საკითხებზე ურთიერთშეთანხმების მიღწევებზე ისაუბრეს, რაც მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებაში პროგრესის მისაღწევად საჭირო პირობებს შექმნის”, – ნათქვამია განცხადებაში.
ალიევმა და სარგსიანმა კმაყოფილება გამოთქვეს ურთიერთშეხების ხაზზე, ბოლო ხანებში არსებულ რეჟიმთან დაკავშირებით. მათ ასევე თავიანთი რეგულარული კონტაქტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ რომ, იგივე ფორმატს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების მუშაობა დაემატოს.
სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შეჯამებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის დამატებითი დინამიკის შემატებაზე შეთანხმდნენ.
მისმა აზერბაიჯანელმა და სომეხმა კოლეგებმა სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის შედეგები დადებითად შეაფასეს. “ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის რეგულირების პროცესში პროგრესის მიღწევის შესაძლებლობებს უმოკლეს დროში შექმნის”, – განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.
თავის მხრივ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში შედგა. “სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრა საკმაოდ სასარგებლო იყო. გარკვეული სიფრთხილით ვიტყვი, რომ შეხვედრა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩატარდა. პრეზიდენტებმა ზოგიერთ საკითხში ურთიერთშეთანხმებას მიაღწიეს…თუ ამ საკითხებში შეთანხმება შედგება, მაშინ მოლაპარაკებების პროცესის წინ წასვლის შესაძლებლობა გაჩნდება, რაც კონფლიქტის რეგულირების პროგრესს უზრუნველყოფს”, – განაცხადა ნალბანდიანმა.
სომხეთის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის პარალელურად აზერბაიჯანი ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს ატარებს, რომელშიც ჩართულია 25 ათასი სამხედრო, ავიაცია, ჯავშანტექნიკა, არტილერია და სარაკეტო რეაქტიული სისტემები. წვრთნები ტარდება ასევე ურთიერთშეხების ხაზის მიმდებარე რაიონებში. “არა მგონია, რომ მსგავსი სამიტის წინ და მისი მსვლელობის დროს ამგვარი მოქმედებები კონსტრუქციულია”, – დასძინა მან.
თუმცა, სანკტ-პეტერბურგში გამართულ მოლაპარაკებებს ნეგატიურ ფონს უქმნიდა არა მხოლოდ აზერბაიჯანული არმიის წვრთნები, არამედ სომეხი და აზერბაიჯანელი საზოგადოების განწყობა, ასევე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელობის ურთიერთბრალდებები და მუქარა.
აღნიშნულ შეხვედრამდე ორი დღით ადრე ილჰამ ალიევმა განაცხადა: “თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ ჩვენ უაზრო მოლაპარაკებებს კიდევ 20 წელს განვაგრძობთ, ძალიან სცდება”.
სერჟ სარგსიანმა შეშფოთება გამოთქვა სომხეთის და პირადად მისი მისამართით, აზერბაიჯანის ხელმძღვანელის ილჰამ ალიევის გაუწონასწორებელი ქცევის და შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო, რასაც ადგილი ჰქონდა მოსალოდნელი შეხვედრის წინ, მსოფლიოს აზერბაიჯანელების მეოთხე კონგრესზე.
ამ ყველაფერთან ერთად ორი ქვეყნის საზოგადოება კომპრომისისთვის მზად აბსოლუტურად არ არის. სომხეთსა და მთიან ყარაბაღში უკიდურესად ნეგატიურად აღიქვამენ აზერბაიჯანისათვის რომელიმე ტერიტორიის დაბრუნებას, მით უფრო ცალმხრივი დათმობის სახით. ეს კი ქვეყანას სერიოზული შიდაპოლიტიკური რყევებით, ხელისუფლების მოსალოდნელი ცვლილებითაც კი ემუქრება.
თავის მხრივ, აზერბაიჯანში მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებაზე საუბარიც კი არავის სურს. ეს, თავის-თავად შეუძლებელს ხდის მოლაპარაკებების პროცესში სერიოზული პროგრესის მიღწევას.
ასეთ ვითარებაში რუსეთისა და სხვა შუამავლების მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევაა საჭირო, რათა მხარეთა პოზიციები, როგორმე დააახლოვონ და ახალი ფართომასშტაბიანი ომის ალბათობა თავიდან აიცილონ, რაც აუცილებლად გამოიწვევს ომში რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვას. აქედან გამომდინარე, ძალისხმევა ძირითადად მიმართული იქნება ურთიერთშეხების ხაზზე სტაბილურობის და აპრილის მოვლენების განმეორების თავიდან აცილებისკენ. ამ თვალსაზრისით, სანკტ-პეტერბურგში გამართული შეხვედრის შედეგების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ორივე რესპუბლიკის ხელმძღვანელობას თავიანთი ქვეყნის საზოგადოების წინაშე სახის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს.
თუმცა, საეჭვოა მათ ეს შეძლონ, განსაკუთრებით მსგავსი, მათ შორის რუსეთის ხელმძღვანელობის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმებების გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ.
მანამდე კი…სანკტ-პეტერბურგის შეხვედრის და იქ მიღწეული შეთანხმებების გაფორმების მეორე დღეს ქვეყნებმა ერთმანეთი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში დაადანაშაულეს. ჯერჯერობით მხოლოდ ცეცხლსასროლი იარაღით.
მოამზადა აიკ ხალათიანმა