1945 წელს, როდესაც საზარელი ომი ახალი დასრულებული იყო, საბჭოთა კავშირში იეგუდი მენუხინი ჩავიდა. გურგენ ასკარიანმა, რომელიც მაშინ ვიოლინოზე დაკვრას სწავლობდა, კონცერტზე დასწრების უფლება მიიღო. მას შემდეგ 17 წლის ჭაბუკმა გააცნობიერა, რომ მაესტროზე უკეთესად ვერასოდეს დაუკრავდა და მუსიკას სამუდამოდ დაანება თავი. ერთი წლის თავზე, სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, ექიმ მშობლებს სიურპრიზი მოუმზადა და საბუთები მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე შეიტანა. საბოლოოდ დამტკიცდა, რომ ასკარიანმა ორივე გადაწყვეტილება სწორად მიიღო.

სტრუდენტური სერიოზულობა

მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება უფრო ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე, სანუკვარ სპეციალობაზე მოხვედრა. იგი რადიოფიზიკის სპეციალობაზე ჩარიცხეს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგად სწავლობდა და წარმატებული სტუდენტი იყო, ოცნებობდა ისეთ განყოფილებაში გადასვლას, სადაც ნივთიერების აგებულებას შეისწავლიდა. რადიოფიზიკის განყოფილების პროფესორი გვოზდოვერი, დიდხანს ცდილობდა მის გადაბირებას და ჰპირდებოდა, რომ გურგენისთვის “მშობლიური მამა” გახდებოდა. მის დაპირებას სტუდენტმა კონტრარგუმენტი დაახვედრა იმ თვალსაზრისით, რომ დედა ამას არ დათანხმდებაო. პროფესორი არ განაწყენებულა გამბედავ სტუდენტზე და იგი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

დონალდ გლეზერ

ამ არაორდინალურმა სტუდენტმა პედაგოგებს უჩვეულო მოწყობილობა შესთავაზა, რომელიც ქვეყნის მთავარი უნივერსიტეტის პროფესორებმა სათანადოდ ვერ შეაფასეს. “იდეა კარგია, შეიძლება მისი განხილვა”, – ამბობდნენ ისინი. თუმცა ამ იდეის პრაქტიკულ გამოყენებაში აკადემიკოსების ჩათვლით, ყველას ეჭვი ეპარებოდა. რამდენიმე წლის შემდეგ, 1960 წელს, ამერიკელმა დონალდ გლეზერმა ნობელის პრემია მიიღო მოწყობილობისთვის სახელწოდებით “ბუშტების კამერა”, რომელიც სწრაფი დამუხტული ნაწილაკების კვალს აფიქსირებს. ამ ისტორიამ გურგენ ასკარიანი აიძულა, მთელი ცხოვრების განმავლობაში საკუთარი შრომებისადმი უკიდურესად ყურადღებიანი ყოფილიყო.

კამერებთან დაკავშირებული სასაცილო მარცხის მიუხედავად, ასკარიანმა სადიპლომო ნაშრომში დამუხტული ნაწილაკების რეგისტრაციის განსხვავებული მეთოდიკა წარადგინა. პროექტის განხორციელებამდე საქმე არც ამ შემთხვევაში მისულა, თუმცა მან ავტორს გარკვეული წარმატება მოუტანა, არაჩვეულებრივი იდეებისა და გამოგონებების ავტორის, ახალგაზრდა ფიზიკოსის მიმართ, მეტი ყურადღება გამოიჩინეს.

საავტორო უფლებებისთვის ბრძოლა

საერთოდ, საავტორო უფლებების დაცვის პრობლემა ასკარიანს მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეცნიერი თავის ნაშრომებს უყურადღებოდ ეკიდებოდა. უბრალოდ, იგი სტატიებს აქვეყნებდა, მათთვის “ბიძგის მიცემას” კი არ ცდილობდა. ამიტომაც მის ბევრ პუბლიკაციას ფიზიკოსთა ფართო აუდიტორია, დიდი დაგვიანებით ეცნობოდა. ამის ნათელი დადასტურებაა ელექტრომაგნიტური სხივების თვითფოკუსირებასთან დაკავშირებული ჩახლართული ისტორია. აღნიშნული ცდები ლაზერული ფიზიკის სფეროში ტარდებოდა.

1961 წლის ბოლოს, გურგენმა გამოაქვეყნა ნაშრომი თემაზე, რომელმაც დასაბამი მისცა არაწრფივ ოპტიკაში გამოუკვლევი სფეროების შესწავლას. აღნიშნული შრომის შედეგები ყველა თანამედროვე სპეციალურ სახელმძღვანელოშია შეტანილი, სადაც ასკარიანის საავტორო უფლებაა დაცული.

townes01
ჩარლზ ტაუნსი

ეს იმის შედეგი იყო, რომ ამერიკელი ფიზიკოსი ჩარლზ ტაუნსი ნამდვილი მეცნიერი და ჯელტმენივით მოიქცა. 1964 წელს, უკვე ნობელის პრემიის მფლობელმა, იდენტური შედეგები ასკარიანისგან დამოუკიდებლად მიიღო. შედეგები მაშინვე გამოაქვეყნა ფიზიკური კვლევების ერთ-ერთ უმსხვილეს მსოფლიო ჟურნალში. ტაუნსი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იგივე შედეგები ასკარიანმა სამი წლის წინათ მიიღო და მას შემდეგ, რაც ამერიკელ ფიზიკოსს საბჭოთა კავშირიდან ასკარიანის ნაშრომის შესახებ შეატყობინეს, მან აღიარა კოლეგის პრიორიტეტი და თავის ნაშრომებში ყოველთვის დასძენდა, რომ ეყრდნობოდა მის პუბლიკაციებს. გურგენ ასკარიანი კი ამ ნაშრომის გამო ლენინის პრემიით დააჯილდოვეს. სამეცნიერო სამყაროში თვითფოკუსირების მოვლენა “ასკარიანის ეფექტის” სახელითაა ცნობილი.

ფიზიკის პროფესორმა ბორის ბოლოტოვსკიმ თავის დროზე მოგონებებზე წიგნი გამოსცა სახელწოდებით “გურგენას კარიანთან ურთიერთობის ფუფუნება”. პროფესორი იხსენებს, რომ არაერთგზის ურჩია კოლეგას თავისი სტატიები ერთდროულად, რამდენიმე გამომცემლობაში დაებეჭდა, ან არ ენერვიულა საავტორო უფლებების გამო, რადგანაც ერთ ადგილზე დაბეჭდილი სტატიაც კი საკმარისი იქნებოდა ავტორობის დასამტკიცებლად. ასკარიანი დიდხანს სდუმდა, ბოლოს კი თქვა, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ, ვიღაც დაწერდა მასზე წიგნს, რომელშიც ყველა მის მიღწევაზე ისაუბრებდა. თუმცა იმდროისთვის მისთვის უკვე ყველაფერი სულერთი იქნება.

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ასკარიანმა შემდეგი სიტყვები დაწერა:

“მეცნიერება ისევე უმოწყალოა, როგორც ომი. მასში უგზო-უკვლოდ დაკარგულებიც არიან, მზვერავებიც და მოროდიორებიც; გამარჯვების დიდებაც არის და მარცხისგან გამოწვეული მწუხარებაც. მაგრამ ომში, ორივე მხარეს ხელში იარაღი უჭირავს. მეცნიერებაში კი იარაღს ხშირად მაღალ თანამდებობაზე მყოფი ფლობს, მას აქვს ჯავშანჟილეტი, უცოდველობის ნომენკლატურა და თვალთმაქცი თანამერძოლების საკუთარი არმია ჰყავს. ასეთებს, როგორც წესი, ერთი, უიშვიათესი შემოქმედებითი გონების, სულის და მგრძნობიარე ადამიანი ეწინააღმდეგება – ამგვარად არის შემოქმედის სული მოწყობილი, რომელიც, რაღაც ახალს აღმოაჩენს. ეს ბრძოლა არის დუელი წესების გარეშე”

მუმიფიკაცია და მკურნალობა ასკარიანის მიხედვით

მეცნიერს სწორედ ეს “უცოდველობის ნომენკლატურა” უშლიდა ნერვებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ასკარიანი ყოველთვის ცდილობდა ამ პატარა ომებისთვის იუმორით შეეხედა, მაგრამ მათი ფასი მხოლოდ მან იცოდა. ერთხელ განცხადება შეიტანა, რომ დაეპატენტებინა გარდაცვლილი ადამიანის სხეულის რადიაციის მკაცრად განსაზღვრული დოზის ზეგავლენით გახრწნისაგან დაცვის მეთოდი. ორწლიანი დავისა და ქიშპის შემდეგ, დაპატენტების მოწმობა გადასცეს.

ხანგრძლივი ისტორია მწვავედ განვითარდა: ფიზიკოსმა კოლეგებმა დასხივების პროცესს “ცივი გურგენიზაცია” უწოდეს. შეადგინეს იმ კოლეგების სია, რომლებიც გარდაცვალების შემდეგ თავიანთი სხეულის დამუშავებას დასთანხმდებოდნენ. სია ასკარიანს ბ.ბოლტოვსკიმ გადასცა, რომელმაც ამასთან დაკავშირებით მოხსენებაც კი წაიკითხა. ასკარიანმა მას ყურადღებით მოუსმინა, მადლობა გადაუხადა კოლეგებს. სიასთან დაკავშრებით კი განაცხადა, რომ ამგვარად შენარჩუნდება იმ პატივცემული ადამიანების სხეულები, რომლებიც მნიშვნელოვან გვარებს შორის ახლოსაც ვერ მივლენ.

ლაბორატორიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი გაბერილ პორტფელს ყოველთვის თან დაატარებდა, რომლის ფორმაც არასოდეს იცვლებოდა. ასკარიანი ირწმუნებოდა, რომ ხელმძღვანელი პორფელს არასოდეს ხსნიდა და დანიძლავდა, რომ მას აგურს ისე ჩაუდებდა, ვერაფერს მიხვდებოდა. თქმა და შესრულება ერთი იყო. ლაბორატორიის ხელმძღვანელს აგური მოწმეების თანდასწრებით ჩაუდეს, ერთი თვის შემდეგ თვითმხილველების წინაშე აგური პორტფელიდან ამოიღეს.

ასკარიანს არ შეუწყვიტავს ექსპერიმენტების ლაზერებით ჩატარება. შედეგები კი მნიშვნელოვანი იყო. კერძოდ, მან გამოიგონა ლაზერის გამოყენების მეთოდი საავტომობილო გზებისა და ასაფრენი ბილიკების ზეთისა და საწვავისგან გასაწმენდად. 1980-იანი წლების დასაწყისში გამოიგონა ადამიანის ორგანიზმის გარკვეულ წერტილში ულტრაიისფერი და ინფრაწითელი სხივების გავლების შესაძლებლობა ისე, რომ გარშემო არსებული ქსოვილი არ დასხივებულიყო.

ექიმებმა მთელს მსოფლიოში დიდი ინტერესი გამოავლინეს აღნიშნული გამოგონების მიმართ. ფიზიკოსი ამერიკაში, სარძევე ჯირკვლების ონკოლოგიის თერაპიასა და დიაგნოსტიკაში აღნიშნული მეთოდის გამოყენების მიზნით, ერთობლივი სამუშაოებისთვის მიიწვიეს. ასკარიანი დედისა და დის მძიმე ავადმყოფობის გამო ვერ გაემგზავრა. უცხო ადამიანთან მათი დატოვება კი, გურგენ ასკარიანისათვის წარმოუდგენელი იყო.

მეგობრებმა მისი გადარწმუნების მცდელობა მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მან ამერიკელებისათვის წერილის მიწერა შესთავაზა: მიზეზთა გამო, გამომგზავრებას ვერ შევძლებ, მაგრამ თქვენთან თანამშრომლობისათვის მზად ვარ. გამოგზავნეთ მკერდი.

არა მხოლოდ ფიზიკით

გურგენ ასკარიანი გადაჭარბების გარეშე, მსოფლიო ფიზიკის ლეგენდაა, როგორც მეცნიერი და როგორც არაორდინალური პიროვნება. მთელი თავისი ცხოვრება დედისა და ფსიქიკური აშლილობის მქონე დის მოვლას შეალია – მათზე ახლობელი არავინ ჰყოლია. დანარჩენ დროს მეცნიერებას უთმობდა.

კოლეგებს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ საყოფაცხოვრებო საჭიროებების შეძენის შემდეგ, დარჩენილი მთელი თანხით წიგნებს ყიდულობდა. თანაც ერთდროულად თითოეული წიგნის, რამდენიმე ეგზემპლარს ყიდულობდა. შესაძლოა, ამას წიგნის იმდროინდელი დეფიციტის გამო აკეთებდა. თუმცა, ასკარიანის ანდერძის მიხედვით გაირკვა, რომ მას ამ წიგნების საბავშვო სახლებისთვის გადაცემა სურდა, ხოლო მის მიერ დახატული სურათების – მუზეუმებისთვის. იგი არც თუ ურიგო ლექსებსაც წერდა.

1997 წლის დასაწყისში გურგენ ასკარიანი ავად გახდა. თქვა, რომ სამკურნალოდ მიემგზავრებოდა და საერთოდ არავის შეეწუხებინა. ათი დღის განმავლობაში მეცნიერისგან არაფერი ისმოდა, რამაც კოლეგები სერიოზულად შეაშფოთა. იგი არც სატელეფონო ზარებს პასუხობდა და არც სახლის კარს აღებდა. ბოლოს გადაწყვიტეს უბნის ინსპექტორი გამოეძახათ და ბინაში შესულიყვნენ.

გურგენ ასკარიანი გარდაცვლილი იყო. იგი მაგიდის წინ წიგნებზე იჯდა, მისი და კი საწოლში იწვა. პათოლოგ-ანატომებმა დაადგინეს, რომ ისინი ერთ დღეს, ერთიდაიგივე – გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალნენ…

ph139746344632

მოამზადა რუბენ გიულმისარიანმა