24 აპრილს, ოსმალოს იმპერიის მიერ სომხების გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღეს, ერევანში საერთაშორისო პრემია „ავრორას“ დაჯილდოება ყოველწლიურად იმართება. აღნიშნული პრემია მსოფლიოს ნობელის პრემიის სომხური ანალოგია. აპრილის ღონისძიებებს ადგილობრივის გარდა მსოფლიო საზოგადოებაც ადევნებდა თვალს, ამას ადასტურებს ქვემოთ მოყვანილი მსოფლიოს წამყვანი მედიის პუბლიკაციები.
“ავრორას” მნიშვნელობის არდაფასება სომხური საზოგადოებისათვის ძალზედ რთულია – ბოლო ათწლეულის განმავლობაში იგი სომხეთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული განძია ცივილიზაციის ყულაბაში, რომელიც გამარჯვების სულის, სიყვარულისა და სისასტიკისა და არაადამიანობის გმობის ერთგვარი სიმბოლოა. “ავრორამ” საკუთარი ისტორიაც კი სხვაგვარად დაგვანახა. ამიერიდან 24 აპრილი, არა მხოლოდ გლოვის, არამედ აღორძინების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეა.
წელს პრემიის ლაურეატი გახდა შესანიშნავი, ყველაფრის მიუხედავად მომღიმარი და სიცოცხლის მოყვარული მარგერიტ ბარანკიტსი “სახლ შალომიდან” და ბურუნდის ჰოსპიტალ “REMA”-დან. მარგერიტი ობლებსა და დევნილებზე სამოქალაქო ომისა და მის შემდეგაც ზრუნავდა. ომის პირველ დღეებში ტუტსის ტომის წარმომადგენელმა ბარანკიტსმა მეზობელი ტომის ხუტუს 72 წარმომადგენლის გადარჩენა სცადა, თუმცა ისინი იპოვეს და დახოცეს, ბარანკიტსი კი აიძულეს მათი დასჯისთვის ეყურებინა. ამ საშინელი მოვლენის შემდეგ მარგერიტმა ობლებისა და დევნილების დახმარება აქტიურად დაიწყო. დაახლოებით 30 ათასი ბავშვი გადაარჩინა, ხოლო 2008 წელს საავადმყოფო დააარსა, სადაც დღემდე სამედიცინო დახმარება 80 ათასზე მეტმა პაციენტმა მიიღო.
მარგერიტ ბატანკიტსმა 100 ათასი აშშ დოლარის გრანტი და საქველმოქმედო მისიის გაგრძელების შესაძლებლობა მიიღო. მან სამი ორგანიზაცია დაასახელა, რომლებსაც ფულს გადაურიცხავს. ესენია: ლუქსენბურგის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ფონდი, ჟანა-ფრანსუა პეტერბროკის ფონდი (ფონდი JFP) და ფონდი Bridderlech Deelen. პირველი პრემია Aurora Prize for Awakening Humanity -ის გადაცემასთან დაკავშირებით, ღონისძიების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დანარჩენი სამი ფინალისტისთვის 25-25 ათასი აშშ დოლარი გადაეცათ და ამით მხარი დაეჭირათ იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებმაც მათ ეს საქმიანობა შთააგონეს.
“ეს პრემია ბურუნდელი ხალხის ნუგეშია. ეს ფული დედების დახმარებას მოხმარდება. ისინი მცირედ სესხს მიიღებენ და შვილების გამოკვებას შეძლებენ”, – განაცხადა პრემია Aurora Prize-ის ლაურეატმა მარგერიტ ბარანკიტსმა. “ამ გრანტის წყალობით ბევრ ბავშვს გავუშვებთ სკოლაში სასწავლებლად. დავეხმარებით დაჭრილ და დასახიჩრებულ ახალგაზრდებს, მათაც, ვინც ახლა კიგალის საავადმყოფოში მკურნალობს, დაუბრუნდნენ უნივერსიტეტებს და განაგრძონ სწავლა. გული მადლიერებით მევსება”.
Aurora Prize for Awakening Humanity-ის პირველი პრემიის გადაცემის ცერემონიალზე დასასწრებად ერევანში 400-ზე მეტი ადამიანი ჩავიდა. ცერემონიის დროს, რომელზედაც სერჟ ტანკანიანისა და შარლ აზნავურის კომპოზიცია გაჟღერდა, ოთხივე ფინალისტის მიღწევებზე ისაუბრეს. მარგერიტ ბანაკიტსის გარდა, ჰუმანიზმის საქმეში Mother of Mercy-ს საავადმყოფოს (მდებარეობს სუდანის ნუბიის მთებში) ექიმის ტომ კატენის, ჯგუფ “კაბალური შრომისაგან განმათავისუფლებელი პაკისტანური ფონდის” გენერალური მდივნის სედი გულამ ფატიმისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის ქალაქ ბოსემპტელის კათოლიკე მღვდლის ბერნარ კინვის უდიდესი დამსახურებებიც აღინიშნა.
სადღესასწაულო ცერემონიალზე გამოცხადდა, რომ პრემია Aurora Prize-სთან პარტნიორობით, ჟურნალისტებისათვის საერთაშორისო ცენტრის ახალი – “ჟურნალისტიკის პრინციპების ერთგულებისთვის” პრემია დაარსდა და ყოველწლიურად დაჯილდოვდებიან ჟურნალისტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ჰუმანიტარული კრიზისისადმი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების გამახვილებაზე. წელს, ლაურეატი გახდა გაზეთ New York Times-ის კორესპონდენტი რუკმინი კალიმაკი, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გაშუქების საქმეში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის დააჯილდოვეს.
პრემია “ავრორა”
“ავრორა” (Aurora Prize for Awakening Humanity) – ახალი საერთშორისო ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემათ ადამიანებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეხმარნენ სხვებს. ჯილდო იმ ადამიანების სახელით გადაეცემათ, რომლებმაც სომხების გენოციდი განიცადეს და რომლებმაც სომეხ ხალს დახმარების ხელი გაუწოდეს.
პრემია ავრორა (არშალუის) მარდიგანიანის სახელს ატარებს. მან საკუთარი თვალით ნახა, როგორ დაუხოცეს მამა და ძმები. მრავალი საფრთხის გადალახვის შემდეგ, უსაფრთხო ადგილს მიაღწია და 1915 წლის სასტიკი მოვლენების შესახებ მთელს მსოფლიოს მოუთხრო. 1919 წელს ავრორამ ფილმში „დაფლეთილი სომხეთი“ მიიღო მონაწილეობა.
ინიციატივის მთავარ მიზნად ორგანიზატორები გენოციდისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრობლემებისადმი ყურადღების გამახვილებას ასახელებენ. მათი აზრით, წარსულისგან უნდა ვისწავლოთ, როგორ შევქმნათ უკეთესი მომავალი. პროექტ 100 LIVES -ის ფარგლებში შეიკრიბა იმ ადამიანების ისტორიები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს გენოციდი. პრემიის ერთ-ერთი დამფუძნებლის რუბენ ვარდანიანის თქმით, ეს დღესაც კი გამაოგნებელი ისტორიებია.
პრემია “ავრორა“ პროექტ 100 LIVES-ის დამფუძნებლების: ვარდან გრეგორიანის, ნუბარ აფეიანისა და რუბენ ვარდანიანის ჰუმანიტარული ინიციატივაა, რომელსაც მწვანე შუქი 2015 წლის მარტში, ნიუ-იორკში აუნთეს.
“ავრორას” შესარჩევ კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ ნობელის პრემიის ლაურეატები ალი ვიზელი, ოსკარ არიასი, შირინ ებადი და ლეიმა გბოლი, ირლანდიის ყოფილი პრეიდენტი მერი რობინსონი, ადამიანის უფლებების დამცველი ხინა ჯილანი, ავსტრალიის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გარეტ ევანსი, ნიუ-იორკში კორპორაცია კარნეგის პრეზიდენტი ვართან გრეგორიანი და ცნობილი მსახიობი და ქველმოქმედი ჯორჯ კლუნი.
პროექტში ჯორჯ კლუნი შემთხვევით არ მოხვედრილა. იგი წლების განმავლობაში ეწევა ქველმოქმედებას. 2008 წელს გაეროს მშვიდობის ელჩად დასახელდა. ასევე მან დააარსა ფონდი “Not On Our Watch”, რომლის მიზანია გენოციდის შედეგებზე მსოფლიო საზოგადოების ყურადღების გამახვილება და პლანეტაზე სისასტიკისთვის წერტილის დასმა.
ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ კლუნმა ჰიტლერის სიტყვები გაიხსენა: “დღეს ვის ახსოვს სომხების გენოციდი?” და მანვე გასცა პასუხი: “მთელს მსოფლიოს“. “სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ დღეს ჩვენ ყველა ვიღაცის კეთილი საქმის წყალობით შევიკრიბეთ. ჩვენ, ყველანი კეთილ ადამიანებს ვეყრდნობით, რომლებმაც ზურგი არ შეგვაქციეს და დახმარების ხელი გამოგვიწოდეს, იმ დროს, როდესაც ეს გვჭირდებოდა, იქნება ეს 101 წლის წინ, თუ შარშან. თუ კაცობრიობას გადარჩენა უნდა, ჩვენ სხვების ტანჯვა არ უნდა უგულებელვყოთ”, – განაცხადა პრემია “ავრორას” შესარჩევი კომისიის თანათავმჯდომარე ჯორჯ კლუნმა.
“ავრორა – დიალოგი”
ერთ დღით ადრე, უძველესი ხელნაწერებისა და წიგნების მუზეუმში, მატენადარში საერთაშორისო ჰუმანიტარული საზოგადოების წარმომადგენლები, მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები, მედია-ექსპერტები, ქველმოქმედები “ავრორა – დიალოგის” დისკუსიებში მონაწილეობდნენ. თავის მოხსენებაში პრემიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა რუბენ ვარდანიანმა განაცხადა, რომ საკუთარ წარსულს სათუთად უნდა მოეკიდო, ამასთანავე უნდა შეგეძლოს ყველა დაბრკოლების გადალახვა და ყველაფრის მიუხედავად წინსვლა. “რა თქმა უნდა, სომხების გენოციდზე ბევრი დოკუმენტი არ დარჩა, თუმცა რაც მოვიპოვეთ, სიმართლის საჩვენებლად გამოვაქვეყნეთ. ვცდილობთ შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორია და არ მიეცეს მივიწყებას”, – დასძინა რუბენ ვარდანიანმა.
თავის გამოსვლაში ადამიანის უფლებების დამცველმა ხინა ჯილანმა განაცხადა, რომ მსოფლიოში სისასტიკის თავიდან აცილება შესაძლებელია თუ განვითარდება დემოკრატია და პლურალიზმი. მისივე თქმით, ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ისინი მსოფლიოს ნაწილები არიან და თითოეული ნაწილი მეორეზე მოქმედებს. ჯილანის აზრით, მხოლოდ სახელმწიფო არ აგებს პასუხს დევნილების ბედზე, არამედ თითოეული ადამიანი პასუხისმგებელია მეორე ადამიანზე. “გაეროს სტრუქტურა უნდა შეიცვალოს, საჭიროა გაერო მიუახლოვდეს ადამიანებს, და არა სახელმწიფოს. გაერო, როგორც ორგანიზაცია, შედარებით უფრო ღია და გავლენიანი უნდა გახდეს”, – დასძინა ჯილანმა.
დისკუსიებზე, სხვადასხვა საკითხებს შორის განიხილებოდა ასევე, ჰუმანიტარული პრობლემები, გლობალური მიგრაციის კრიზისი, ქალების როლი ჰუმანიტარულ ორგანიზაციაში და მედიის როლი ჰუმანიტარულ კრიზისებზე საზოგადოების ყურადღების გამახვილების საქმეში.
სპეციალისტები შეთანხმდნენ, რომ მსოფლიოში საჭიროა ცვლილებები, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ისე სამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დონეზე. ახალ გამოწვევებთან გამკლავება შეუძლებელია, თუ არ გადაიხედება როლები, რომლებსაც თითოეული სტრუქტურა ასრულებს, – მიაჩნიათ ექსპერტებს. კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივი კავშირების სკოლის (SIPA) საერთაშორისო კონფლიქტების მოგვარების სპეციალიზაციის დირექტორის, პროფესორ ედვარდ ლაკის თქმით, აუცილებელია შემუშავდეს კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე უშუალო რეაგირების ზომები, ასევე საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მსგავსი ტრაგედიების თავიდან არიდებას უზრუნველყოფს.
“უნდა ჩატარდეს მონიტორინგი მასობრივი მკვლელობების რისკებზე. ეს არის სპეციფიკური საქმიანობა, რომელიც თავიდან აგვაცილებს გენოციდებს. ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად სახელმწიფო ლიდერებსა და რიგით მოქალაქეებს უნდა უთხრა სიტყვები, რომლის მოსმენაც არ სიამოვნებთ. განვითარება სწორი მიმართუელბით მიდის, მაგრამ ჩვენ ჯერ გზის დასაწყისში ვართ”, – დასძინა ლაკმა.
ასევე გამოქვეყნდა “Humanitarian Index”-ის კვლევის შედეგები, რომელშიც განხილულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლიბანისა და ირანის 4600 მოქალაქეს შორის ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აქტუალური ჰუმანიტარული საკითხების აღქმა. კვლევების შედეგებმა ცხადყო, რომ ადამიანები მიგრაციულ კრიზისს სულ სხვაგვარად აღიქვამენ, ვიდრე ის სინამდვილეშია.
“ავრორა-დიალოგის” მიზანია საფუძველი ჩაუყაროს საჯარო განხილვებს, რომელთ წყალობითაც შესაძლებელი იქნება წარსულ შეცდომებზე ჭკუის სწავლა, აწმყოში სწორად მოქმედება და უკეთესი მომავლის შექმნა.
“ავრორას” ღონისძიებების ფარგლებში ჯორჯ კლუნი სომხეთში UWC Dilijan-ის კოლეჯს, საერთაშორისო სკოლა-ინტერნატს ეწვია და სკოლის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდა. საბჭო მსოფლიოს 61 ქვეყნის მოსწავლეებისაგან არის დაკომპლექტებული.
24 აპრილს, პრემიის ფინალისტებმა და “ავრორას” შესარჩევი კომისიის წევრებმა ციცერნაკაბერდში სომხების გენოციდის ხსოვნასთან დაკავშირებით, ყვავილებით შემკობის ცერემონიალში მიიღეს მონაწილეობა. შემდეგ კი მათთვის, სომხების გენოციდის მუზეუმ-ინსტიტუტში ექსკურსია მოეწყო.
წელს, 24 აპრილი სომეხი ხალხისათვის ახალ დასაწყისს უკავშირდება. სომხეთმა არა მხოლოდ გენოციდის 101 წლისთავი აღნიშნა, არამედ მთელს მსოფლიოს დაანახა, რომ არსებობს დანაშაული, რომელსაც დრო ჩარჩოებს ვერ უდგენს, თუმცა ეს ხელს არ უნდა უშლიდეს და არც უშლის, წინსვლაში. პრემია “ავრორამ” მილიონობით ადამიანის ცნობიერება შეცვალა, დაეხმარა მათ გამოსულიყვნენ საკუთარი უბედურებებიდან და დაენახათ, რომ მსოფლიოში უამრავი ადგილია,სადაც ადამიანები ყოველდღიურად უსამართლობისა და სისასტიკეს ემსხვერპლებიან. მწუხარება – დანაშაულთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდი არ არის. “მხოლოდ სიყვარულს შეუძლია წინ აღუდგეს ბოროტებას”, – განაცხადა მარგერიტ ბარანკიტსმა სადღესასწაულო ცერემონიალზე. სწორედ ამ პრინციპით ხელმძღვანელობდნენ “ავრორას” შემქმნელებიც. მსოფლოს სამშობლოსადმი არა მხოლოდ ჭეშმარიტი სიყვარულის მაგალითი აჩვენეს, არამედ სათუთი დამოკიდებულება ყველაზე მნიშვნელოვანი და ფაქიზი რამის მიმართ, რომლის შეწყვეტა ადვილია, მაგრამ დაბრუნება – შეუძლებელი – ეს ადამიანის სიცოცხლეა! 24 აპრილი – უდიდესი ხსოვნისა და მწუხარების დღეა, მაგრამ სანამ ცოცხლები ვართ მშვიდობისა და სამართლიანობისათვის ბოლომდე ვიბრძოლებთ!
მოამზადა ასმიკ ვანციანმა