საინფორმაციო ტექნოლოგიები ელვის სისწრაფით ვითარდება. ჯერ კიდევ ორიოდ ათეული წლის წინათ, ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ ინტერნეტი მათი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდებოდა, რომ ნებისმიერ კონტინენტზე, ნებისმიერ ქვეყანაში ადამიანები არა მხოლოდ ერთმანეთთან უპრობლემოდ ისაუბრებდნენ, არამედ თანამოსაუბრესაც დაინახავდნენ. დღეს უკვე ნებისმიერი ტელეფონიდან შეიძლება ინტერნეტში შესვლა. ეს ყველაფერი Information Technology-ს დამსახურებაა.
და მაინც, რა არის IT? ეს არის ყველაფერი, რაც უკავშირდება ინფორმაციის გადაცემას, დამუშავებასა და შენახვას. მარტივად რომ ვთქვათ, აი-ტი (IT) ტექლონოგიები არის მრავალი სამეცნირო და ტექნიკური ცოდნის ურთიერთდაკავშირებული სფეროები, რომლებიც ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, გამოთვლითი ტექნიკის მეშვეობით შეისწავლიან და პრაქტიკაში იყენებენ.
IT ტექნოლოგიების გამოყენების ერთი შეხედვით მცირე წრეა: გართობა, (ფილმები, მუსიკა, თამაშები), ადამიანთა შორის ურითიერთობა (იქნება ეს სოციალური ქსელი, ელექტრონული ფოსტა თუ სხვა); სასწავლო (ვებინარები, ცნობარები, ინტერაქტიული გაკვეთილები); ინფორმაციის დამუშავება, კერძოდ, მათემაკური გამოთვლების პროგრამები, გრაფიკის, ხმისა და ვიდეოს რედაქტორები და ასე შემდეგ; აი-ტი ტექნოლოგიების შესაძლებლობები ამით როდი სრულდება. დღეს უკვე ძნელი წარმოსადგენია კომპანია, თუ რიგითი დაწესებულება კომპიუტერული აღჭურვილობის გარეშე, შესაბამისად იზრდება მოთხოვნა მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებზე.
IT სფეროში ტექნოლოგიები მუდმივად იცვლება და უმჯობესდება, ეს კი IT სპეციალისტს უბიძგებს მუდმივად გაიუმჯობესონ პროფესიული ჩვევები. IT სისტემის ადმინისტრატორი და ქსელის ინჟინერი – პოპულარული სპეციალობაა მთელს მსოფლიოში. ხელფასის დონე დამოკიდებულია კვალიფიკაციასა და პრაქტიკულ გამოცდილებაზე, თუმცა საქართველოში კვალიფიკაცია დიდად არ ფასობს და ახალგაზრდა სპეციალისტები, ხშირ შემთხვევაში იძულებულნი არიან დაბალანაზღაურებად პოზიციებსაც დათანხმდნენ.
ინფორმაციული ტექნოლოგიები საქართველოში ერთ-ერთი ის სფეროა, სადაც ვაკანსიების რაოდენობა აღემატება კვალიფიციური სპეციალისტების რაოდენობას. იზდება მოთხოვნა ქსელისა და ტექნიკურ ინჟინრებსა და სისტემურ ადმინისტრატორებზე. ქართული ბაზრის განვითარებისთვის კი უპირველესად საჭიროა კარგი სპეციალისტები. საქართველოში ამ სფეროში უმეტესად თვითნასწავლი ახალგაზრდები გვყავს, რომლებიც პრაქტიკის მიხედვით იძენენ გამოცდილებას. ბოლო ხანებში მომრავლდა კერძო სასწაბლებლებიც, მაგრამ IT სპეციალისტების უმეტესობას მიაჩნია, რომ ამ მხრივ ქვეყანაში მაინც განათლების დაბალი დონე გვაქვს და რეფორმები, პირველ რიგში, განათლების სისტემის შეცვლით უნდა დაიწყოს.
“ის სპეციალისტები, რომლებიც საქართველოში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე მუშაობენ, წარმოადგენენ ინტელექტუალურ ელიტას, რომლებსაც განათლება საზღვარგარეთ, ან საკუთარი სახსრებით აქვთ მიღებული. რამდენიმე კარგი პროგრამისტი, საერთო ჯამში, ამინდს არ ქმნის, ამიტომ ქართული ბაზრის განვითარებისთვის საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება. კარგი იქნება ამ სფეროს განვითარებით ქვეყნის ხელისუფლება თუ დაინტერესდება”, – განაცხადა Dalma News-სთან საუბრისას 24 წლის პროგრამისტმა ირაკლი პაპაშვილმა.
თავად ირაკლი ჯერ კიდევ სკოლის ასაკში დაიტერესდა კომპიუტერული ტექნიკით. დროთა განმავლობაში პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებს წაასყდა და თავად დაიწყო მათი გადაჭრის გზების ძიება. დაინტერესდა კომპიუტერის ტექნიკური შემადგენლობით და, როდესაც დარწმუნდა, რომ მოუგვარებელი პრობლემა არ არსებობდა, დაიწყო არა მხოლოდ ინჟინერიის, არამედ პროგრამირების საფუძვლიანი შესწავლა ონლაინ ინფომარციიისა და პირადი ტექნიკის დამხარებით. დღეს იგი საკმაოდ კვალიფიციური სპეციალისტია, თუმცა, მიღებული ცოდნა არ აკმაყოფილებს და ამბობს, რომ თანამედროვე ტექნიკის განვითარებისთვის ფეხის აწყობაა საჭირო, რაც საქართველოში არც თუ ადვილია.
ჩვენი მეორე რესპოდენტი ალექსანდრე სარქისოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში IT – სპეციალისტების გლობალური ნაკლებობაა, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საქართველოში მათზე მოთხოვნა არ არის.
“სამწუხაროდ არსებობს ჩაკეტილი წრის პრობლემა: კარგი კადრები მიდიან საზღვარგარეთ დაბალი ხელფასებისა და ცუდი სამუშაო პირობების გამო, თუმცა, იმავდროულად, კომპანიები, რომლებსაც შეუძლიათ კარგი პირობების შექმნა და კონკურენტუნარიანი ხელფასის გადახდა ვერ შემოდიან ქვეყანაში, რადგან აქ კარგი სპეციალისტების ნაკლებობაა. ამასთან დაკავშირებით ბოლო დროს ვხედავ პოზიტიურ ცვლილებებს, თუმცა ჯერჯერობით ზოგადი სიტუაცია დიდად არ შეცვლილა, იმედს ვიტოვებ, რომ რამდენიმე წელიწადში გამოსწორდება“, – აცხადებს ალექსანდრე.
როგორც გვითხრა, ტექნოლოგიები და მეცნიერება ყოველთვის ძალიან აინტერესებდა და არჩევანი კომპიუტერულ მეცნიერებაზე შეაჩერა, თუმცა, პროფესიის არჩევაში ვაკანსიების რაოდენობამაც იმოქმედა.
“ძირითადად პროგრამისტი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი ვარ, მაგრამ სხვა მიმართულებებშიც მიმუშავია (სისტემების ადმინისტრირება, მონაცემთა უსაფრთხოების დაცვა). IT სპეციალისტი არის ადამიანი, რომელიც მუშაობს ინფორმაციის დამუშავების ტექნოლოგიებთან და მეთოდებთან. დღესდღეისობით ძირითადად ეს არის ხალხი, რომელიც ქმნის ან მართავს პროგრამულ უზრუნველყოფას, ახდენს მონაცემთა დამუშავებას, ასევე ის ხალხი, რომელიც აწყობს, მართავს კომპიუტერულ სისტემებს, რომელზედაც ზემოთაღნიშნული პროგრამული უზრუნველოყოფა მუშაობს“, – ამბობს ალექსანდრე სარქისოვი.
მისი აზრით, იმისთვის, რომ გახდე IT სპეციალისტი, ფორმალური განათლება დიდად არ არის მნიშვნელოვანი და უმეტეს შემთხვევაში დროის არამიზნობრივი ხარჯვაა. მთავარია ინტერესი, ინგლისური ენის ცოდნა და ინტერნეტთან წვდომაა. საქართველოში ამ სფეროს სპეციალისტების მომზადების მხრივ არც თუ ბევრი ბაზა არსებობს, მაგრამ, ალექსანდრეს აზრით, უმთავრესი პრობლემა მაინც ის არის, რომ კარგი სპეციალისტების უმეტესობა საზღვარგარეთ მიდის, სადაც დასაქმების უკეთესი პირობებია, “თუმცა, ბოლო დროს საერთაშორისო კომპანიებმა დაიწყეს საქართველოში IT ფილიალების გახსნა, ეს პროცესი ნელა მიდის, მაგრამ პროგრესი შეიმჩნევა”, – ამბობს იგი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამ სფეროს განვითარებით განსაკუთრებულად არის დაინტერესებული და მას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უმთავრეს ქვაკუთხედად მიიჩნევს. პრემიერის თქმით, ეს პრიორიტეტი უნდა აისახოს სახელმწიფო და დარგობრივ სტრატეგიებში. სწორედ მისი ინიციატივით მოეწყო საქართველოში პირველი, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი, ანუ ტექნოლოგიური პარკი, რომელიც შექმნის ერთიან ეკოსისტემას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით და ხელს შეუწყობს ინოვაციური იდეების განვითარებას. ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპით მომუშავე სივრცე ინოვატორებისთვის, რომლებიც მზად არიან პირველი ნაბიჯები გადადგას საკუთარი იდეის რეალურ ბიზნესად გადაქცევისკენ.
პირველი ტექნოლოგიური პარკის შექმნის მთავარი მიზანი არის ცოდნასა და ინოვაციებზე დაფუძნებული მცირე და საშუალო საწარმოების რაოდენობის გაზრდა და მათი განვითარება. ასევე საქართველოში დაფუძნდეს საერთაშორისო მაღალტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლობები და დამატებით მოიზიდონ უცხოური ინვესტიციები. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში განმარტავენ, ტექნოლოგიური პარკი დამწყებ და პატარა კომპანიებს შესთავაზებს ისეთ რესურსებს, რომლებიც მათთვის აქამდე ძნელადხელმისაწვდომი იყო.
ტექნოლოგიური პარკი თბილისში, ოქროყანაში, ინოვაციების ქუჩაზე 10063 კვ. მ. ტერიტორიაზე მდებარეობს.
მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი მოიცავს, როგორც მცირე ინკუბატორებს, სასწავლო ცენტრებსა და ლაბორატორიებს, ასევე დიდ ოფისებს კომპანიებისთვის, ერთობლივ სამუშაო ადგილებსა და რეკრეაციულ სივრცეს. პარკის ტერიტორიაზე იმუშავებს აქსელერატორი, მაღალტექნოლოგიური კომპანიების ტრენინგ-ცენტრები და შოუ-რუმები, იქნება მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, სამრეწველო ინოვაციების უნივერსალური ლაბორატორია, საკონფერენციო დარბაზი და სხვა სერვისები. ყველაფერი ის, რაც საჭიროა მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიის განვითარებისთვის.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაინტერესებულია იმ ახალგაზრდების დახმარებით, რომლებსაც აქვთ სამეწარმეო ინიციატივა, მაგრამ ვერ პოულობენ საკუთარი იდეების დასაფინანსებლად საშუალებას.
“ჩვენ წამოვიწყეთ არაერთი სახელმწიფო პროგრამა წარმოების განვითარებისათვის. შედეგად მივიღეთ არსებული ბიზნესების ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, ხოლო რაც შეეხება დამწყებ ბიზნესებს. მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი უნდა იქნას გამოყოფილი სახელმწიფოს მხრიდან იმისათვის, რომ დამწყებმა ბიზნესმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, რომელთაც ძალიან საინტერესო იდეები აქვთ და მე ვარ შეხვედრილი არაერთ ასეთ ადამიანს, შეძლონ საკუთარი ინიციატივის განხორციელება. რომ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ დასჭირდეთ სამუშაო ადგილის ძებნა სახელმწიფო სამსასხურში და შეძლონ საკუთარი ბიზნესის წამოწყება და ქვეყნის ეკონომიკაში ახალი აგურის დადება“, – მიაჩნია გიორგი კვირიკაშვილს.
მისივე თქმით, სტატისტიკით და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე, შესაძლოა ასეთი ბიზნესები წარუმატებელი აღმოჩნდეს, თუმცა ის ბიზნესები, რომელიც წარმატებული იქნება, მთლიანობაში ზრდის ტემპით ასწრებენ არსებული ბიზნესების ზრდის ტემპს, რაც საერთაშორისო გამოცდილებითაც დასტურდება.
“ქვეყნის ეკონომიკის ზრდისათვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია ენიჭება დამწყები ბიზნესის განვითარების მექანიზმების შექმნას. სწორედ ამ გზით ჩვენ შევძლებთ მყარი საშუალო ფენის ჩამოყალიბებას ქვეყანაში, რაც მნიშვნელოვანია მოხმარების ზრდისთვისაც. ეს იქნება ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება მინისტრთა კაბინეტისათვის უახლოეს პერსპექტივაში“, – განაცხადა პრემიერმა.
პრემიერ-მინისტრის იდეას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში. ზოგის აზრით, ეს იდეა თავიდანვე განწირულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც საქართველოა, სადაც ინტელექტუალურ საკუთრებას სათანადოდ არ იცავენ. გარდა ამისა, მათი აზრით, რიგითი მოქალაქის ბეგარიდან ამოღებული თანხა არ უნდა იხარჯებოდეს სხვების საინტერესო იდეების საცდელად და იღბლის შემთხვევაში განსახორციერლებლად.
“სტატისიკა საკმაოდ მყარია: start-up-ების ლომის წილი ლამაზ იდეად რჩება მხოლოდ. საქართველოს მთავრობამ პირველ რიგში უნდა განახორციელოს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პრაქტიკულად მოქმედი კანონ-სისტემა. სვანაირად სხვა ინვესტორი მას სერიოზულად არ განიხილავს. დაეხმაროს ქართველ გამომგონებლებს მათი იდეების ლეგალურად დაპატენტებაში, გაანთავისუფლოს ბეგარიდან start-up-ი და მისი დამატებითი ინვესტორიც ამ პროექტში ჩადებული თანხიდან“, – ვკითხულობთ გამოხმაურებებში.
ამასობაში კი, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ერთმანეთის მიყოლებით იმართება კვლევებისა და ინოვაციების საბჭოს სხდომები. როგორც მეოთხე შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტიდან (MIT) მოწვეულმა ექსპერტებმა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების პროექტების ანალიზი ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ საქართველოს მსოფლიო მასშტაბით ინოვაციების კომერციალიზაციის კუთხით, დიდი პოტენციალი აქვს. მისივე თქმით, 12 პროექტი იქნა იდენტიფიცირებული და ამ პროექტებს უკვე მრავალმილიონიან ბიზნესად გადაქცევის შესაძლებლობა აქვთ. პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გასაყვანად კონკრეტული სამოქმედო გეგმა შეიქმნება.
გიორგი ქართველი