საქართველოში “მხიარულთა და საზრიანთა კლუბის”, КВН-ის (ქართულად “მან-სან-კანი”) თამაშების ჩემპიონატი 1992 წელს ჩატარდა. სწორედ ეს თარიღი იქცა “მან-სან-კანის” გუნდებს შორის შეჯიბრის ათვლის წერდილად. ამ დროს შეიქმნა სხვადასხვა გუნდი, რომელიც “მან-სან-კანის” იუმორისტულ საღამოებში ღებულობდა მონაწილეობას. ორი წლის შემდეგ კი შეიქმნა მხიარულთა და საზრიანთა ფედერაცია, რომელსაც ამჟამად ნიკოლოზ მახვილაძე ხელმძღვანელობს. ის ერთ-ერთი ძველი “квн-შიკია” და რუსეთში გამართულ квн-ზე მიწვეულ ქართულ გუნდშიც თამაშობდა.
ფედერაციის შექმნის შემდეგ квн-ის თამაშებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონული გუნდები ჩაერთო. თბილისის, ბათუმის, გორის, თელავისა და სხვა ქალაქების ახალგაზრდები, ერთმანეთს გამჭრიახობასა და იუმორში ეჯიბრებოდნენ. ფესტივალში 30-მდე გუნდი მონაწილეობდა. 1994 წელს კი შეიქმნა საქართველოს პირველი ნაკრები გუნდი – “ნამდვილი თამადები”, რომლებიც წარმატებით მონაწილეობდნენ რუსეთში გამართულ квн-ში. საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს სახელს სხვადასხვა წლებში იცავდნენ გუნდები: “დინამო თბილისი”, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი “თსუ”, “თსუ+”, “ისევ ქართველები” და “დინამო”.
პოლიტიკური მოსაზრებებისა თუ ფინანსური პრობლემების გამო, დღეს ქართული გუნდები რუსული квн-ის ჩემპიონატზე იშვიათობაა. თუმცა ქართველ მხიარულებსა და საზრიანებს, თავის დროზე უმაღლეს ლიგაშიც უთამაშიათ. მართლია იუმორს ასაკი არ აქვს, მაგრამ აქვს ენობრივი და მენტარული ბარიერი. ამიტომ ხშირად ძნელია, იმაზე, რაც მშობლიური მაყურებლისთვის სასცილოა, განსხვავებული ენისა და მენტალობის მაყურებელი გააცინო. ამ რთული ვითარებიდან გამოსავალს ქართული გუნდები მუსიკალურ ნომრებში ნახულობდნენ და ქართული მრავალხმიანობითა და მაღალი მუსიკალური გემოვნებით შედგენილი ნომრებით იპყრობდნენ квн-ის ჟიურისა და რუსი მაყურებლის გულებს.
“ცოტა ენობრივი ბარიერიც არის, ცოტა პოლიტიკური მდგომარეობაც და მოთხნოვაც სხვანაირია. მათ პოლიტიკაზე არ უნდა იხუმრო, მაშინ ჩვენსაზე რატომ ვაცინოთ სხვები? ამდენად, აღარ გვაქვს აქტიური ურთიერთობა რუსულ квн-თან. ჩვენ ცოტა წინ წავედით მას შემდეგ, ვიდრე გასული საუკუნის 90-იან წლებში ვიყავით. ცოტა სხვა სოციალური პრობლემები გვაწუხებს. რუსული квн-ის ორგანიზატორების მოთხოვნა, ხშირად არ ემთხვევა ჩვენს სურვილებს. მათ სურთ ისევ ის ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი “გრუზინები” ვიყოთ”, – განუცხადა Dalma News-ს ნიკოლოზ მახვილაძემ.
მისი თქმით, 90-იან წლებში ქართული “მსკ”-ს წევრები, ფესტივალებზე წასვლისა, თუ ადგილზე შეჯიბრებების ჩატარებისთვის სპონსორებს თავად ეძებდნენ. ხშირად ღონისძიებებს ენთუზიაზმითა და საკუთარი რესურსებით ატარებდნენ. არასაკმარისი ფინანსსების გამო “მსკ”-ს თამაშები XX საუკუნის მიწურულს შეჩერდა.
“ფინანსური პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება, რატომღაც ამ თამაშს საქართველოში ყველა სხვანაირად უყურებს, როგორც მასხარაობას. თუმცა, იყო სახელმწიფო დაფინანსებაც. ახლაც გვპირდება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წლევანდელი თამაშების სრულ დაფინანსებას,“ – გვითხრა ნიკოლოზ მახვილაძემ.
квн – დღემდე პოპულარულია მისი წარმოშობის ქვეყანაში – რუსეთში. იგი ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ტელეშოუა ბოლო 20 წლის განმავლობაში. ხანგრძივი პაუზის შემდეგ საქართველოში “მხიარულთა და საზრიანთა კლუბი” 2011 წელს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით აღდგა და ტელეეთერით პირველი თამაშები გავიდა, რასაც მაშინვე მოჰყვა მაყურებლის დიდი ინტერესი და მაღალი რეიტინგი. იმავე წლის თებერვალში “მან-სან-კანის” განახლებულმა ჩემპიონატმა აიღო სტარტი, რომელშიც 200-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. მართლია რამდენიმეწლიანი წყვეტის შემდეგ ახალგაზრდების იუმორიც მოიკოჭლებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში იმედია ესეც დაიხვეწება.
“ყოვეწლთვის არის წინსვლა თაობაში, მთავარია წყვეტა არ იყოს, თუნდაც ერთი ან ორწლიანი. რომ არ ყოფილიყო წყვეტა ახლა იუმორის სულ სხვა ხარისხი გვექნებოდა. ძნელია მხიარული განწყობის შენარჩუნება იმ ქვეყანაში, სადაც ხალხს ბოლო ხანებში სამხიარულოდ საქმე ნამდვილად არ გვქონდა”, – აცხადებს მხიარულთა და საზრიანთა ფედერაციის პრეზიდენტი.
ქართულ “მან-სან-კანს” არ აქვს საკუთარი დარბაზი, ესეც დამატებითი პრობლემაა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თამაშები აუდიტორიის სიმცირეს არასდროს განიცდის. წელს “მან-სან-კანის” ფესტივალი ოქტომბერში, აგრალური უნივერსიტეტის დარბაზში გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება საღამოს 7 საათზე იყო დაგეგმილი, 700 კაციანი დარბაზი სრულად გაივსო. წლევანდელ ფესტივალში დაახლოებით 15 გუნდი ითამაშებს. ნოემბერში პირველი თამაში გაიმართება. ფინალი სავარაუდოდ ახალ წლამდე იქნება. საპრიზო ფონდი 5 000 ლარს შეადგენს. გუნდების გამოსვლებს ხუთკაციანი ჟიური აფასებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან.
სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ტელე–წამყვანი, ან საზოგადოებისთვის ცნობილი სახე და “მან-სან-კანის” სამი ვეტერანი-მოთამაშე.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, შარშან მუსიკალურ ფესტივალ Голосящий КиВиН-ში КВН-ის საუკეთესო გუნდებს შორის, ქართველი მხიარულები და საზრიანებიც გამოჩნდნენ. ქართული გუნდის მხარდასაჭერად მისულ გულშემატკივრებს დარბაზში უზარმაზარი ბანერი გაეშალათ წარწერით: „ქართული იუმორის გარეშე რუსეთში არც ისე მხიარულებაა“. იმ წელს ქართველები პრემიერ-ლიგის ფინალში გავიდნენ. მანამდე მათ არც თუ ისე იოლი გზა გაიარეს და ჟიურისგან საკმაოდ კარგი შეფასებები დაიმსახურეს. ერთ-ერთი გამორჩეული გამოსვლა ქართველებს მეოთხდფინალში ჰქონდათ, სადაც მათ მუსიკალური ნომერი შეასრულეს.
სამომავლი გეგმებს რაც შეეხება, როგორც ფედერაციის პრეზიდენტმა ნიკოლოზ მახვილაძემ Dalma News-ს გვითხრა, ქართულველი КВН-ელები აქტიურად მონაწილეობენ აზერბაიჯანის საერთაშორისო ლიგაში. ასევე ახალი პროექტი შეიქმნა უკრაინაში, რომელშიც რუსული КВН -იდან წასული 170-მდე უკრაინული გუნდი გაერთიანდა. სატელევიზიო პროექტს იუმორისტი ვლადიმერ ზელენსკი უძღვება. სავარაუდოდ ქართველ “მან-სან-კანელებს” მალე ამ პროექტშიც ვიხილავთ. იუმორს ასაკი არ აქვს, ჩვენი სავიზიტო ბარათი კი მრავალხმიანი ქართული სიმღერაა. ალბათ, მანამდე ქართულ იუმორს რუსულ ენაზე უფრო გასაგებს გავხდით. რაც არ უნდა იყოს, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან საურთიერთოდ ეს ენა კვლავ პრიორიტეტულია.
შორენა პაპაშვილი