ბოლო წლებში სომხეთის ეკონომიკის ერთ-ერთ თავარ პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმი იქცა. ტურიზმმა უკვე დიდი ხანია დაამტკიცა თავისი ეფექტიანობა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკებში მნიშვნელოვან სფეროებს შორის მოხვდა. ტურიზმის მნიშვნელობა ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, რთულია არ დაფასდეს და მთავრობაც ამ სფეროს დიდ ყურადღებას უთმობს. ამგვარად, სომხეთის ტურიზმის განვითარების სახელმწიფო კონცეფციის ფარგლებში სხვადასხვა პროგრამები განხორციელდა, მათ შორის, ტრანსპორტის პრობლემების მოსაგვარებლად, სასტუმროების, რესტორნებისა და სხვა ბიზნესის განვითარების მიზნით. ყოველწლიურად სომხეთში რამდენიმე ათეული რესტორანი იხსნება, შენდება ახალი სასტუმროები და რესტავრაცია უტარდება ძველს. ასევე დიდი ყურადღება ეთმობა კვალიფიკაციური კადრების, ექსკურსიამძოლებისა და თარჯიმნების მომზადებას, რადგანაც ადგილობრივი პროდუქტის ინტელექტუალური შემადგენელი ნაწილი უკიდურესად მნიშვნელოვანია. სახელმწიფო ინიციატივის პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვაგვარი საქველმოქმედო ფონდების დონეზე, რაც სამუზეუმო კომპლექსებისა და გზების რესტავრაციის საქმეში დიდ მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ამასთანავე, გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, აღნიშნულ სფეროს მუდმივი ყურადღება და კონტროლი სჭირდება.
ბოლო დროს რუსი ექსპერტები ხშირად აქვეყნებენ პროგნოზებს იმის შესახებ, რომ 2016 წელს სომხეთი კავკასიის ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მოხვდება. მსგავსი მოსაზრება გამოხატეს პორტალ OneTwoTrip-ის დირექტორმა განვითარების საკითხებში არკადი გინესმა და ტურისტული სერვის Momondo-ს წარმომადგენელმა რუსეთში ირინა რიაბოვოლმა. მათივე აზრით, 2016 წელს რუბლის კურსის ვარნისა და თურქეთთან და ეგვიპტესთან ჩარტერული ავიაკავშირების შეწყვეტის გამო, რუსების დიდი რაოდენობა დასასვენებლად სხვა ქვეყნებს მოძებნიან და ბევრი მათგანი უპირატესობას სწორედ სომხეთს მიანიჭებს.
თუ რუსმა ტურისტებმა საქართველოში მოგზაურობა ამ მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყეს და ზემოთ ნახსენები პროგნოზები ქართველებისთვის სიახლეს ნამდვილად არ წარმოადგენს, სომხეთისთვის, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისმა ორგანოებმა ამ მიმართულებით ქვეყნის რეიტინგის ამაღლებაზე უკვე დაიწყეს მუშაობა, ტურისტების ნაკადი სწორედ რუსეთიდან – სერიოზული სიურპრიზი იქნება. ეს პროცესი დღეს არ დაწყებულა. სომხეთს ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, რომ უცხოელი სტუმრების საყვარელი დასასვენებელი და დასათვალიერებელი ადგილი გამხდარიყო. ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა, სომხეთის ბუნებრივი სიმდიდრე თავისთავად მიმზიდველი ფაქტორია ტურისტებისთვის. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობენ სომეხი ტუროპერატორები ისტორიული და კულტურული ტურისტული პაკეტების მოსამზადებლად. ეს განსაკუთრებით აქტუალურია იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანას პირველად ესტუმრებიან.
2009 წელს სომხეთის მთავარი (დღეს უკვე თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ) ტურისტული კოზირი არის საბაგირო გზა “ტატევას ფრთები”, რომელსაც ამ წლების განმავლობაში ასი ათასობით ტურისტი ესტუმრა. აღსანიშნავია ასევე, წარმართული ტაძარი გარნი, გეგარდის სამონასტრო კომპლექსი, სევანის ტბა და ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარი.
7 წლის წინათ სომხეთში სააგენტო დაფუძნდა, რომელიც სასულიერო ტურებს – ქვეყნის ტაძრებსა და სიწმინდეებზე მომლოცველობას ხელმძღვანელობდა. სააგენტო Arahet Travel-ს დამფუძვნებელ ლილიტ სარგსიანს მიაჩნია, რომ ბევრად უფრო ეფექტიანია კერძო სეგმენტთან მუშაობა, ვიდრე ყველაფრის ერთდროულად კეთება. სომხეთს არც ზღვა აქვს, არც პლაჟი, ამიტომ ყურადღების კონცენტრირება უნდა მოხდეს ქვეყანაში უკვე არსებულ ღირსშესანიშნაობებზე.
“სააგენტო Arahet Travel-ის დაარსების მომენტში უკვე გარკვეული გამოცდილება მქონდა ტურიზმის სფეროში. ავირჩიე სასულიერო ტურიზმი, თუმცა, ბევრს ამ იდეის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა, რადგან კომერციული სარგებელი ვერ დაინახეს. ამბობდნენ, რომ ვიწრო ტურის პროფილის გამო ძალიან ცოტა მსურველი გვეყოლებოდა. მაგრამ დღეს ამ მიმართულებაში აშკარად დადებით დინამიკას ვხედავთ: წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ადამიანი მოგვმართავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. ჩვენი ტურებით დაინტერესდნენ ძირითადად, სომხური დიასპორის წარმომადგენლები, რომლებსაც ისტორიული სამშობლოს ღირსშესანიშნაობები, უმთავრესად სულიერი თვალსაზრისით აინტერესებთ. თუმცა, ბოლო მოვლენების ფონზე ჩვენი ტურებისადმი ინტერესი რუსმა ტურისტებმაც გამოთქვეს. 2016 წლის დასაწყისში შემოსული შეკვეთების დიდი რაოდენობა სწორედ რუსეთიდან განოხრციელდა. მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში ვაპირებთ სეგმენტის განვითარებას და უფრო მეტი ინტელექტუალური მასების მოზიდვაზე მოვბილიზდეთ”, – ამბობს ლილიტ სარგსიანი.
მიუხედავად ამისა, ქვეყანა დღესაც ვერ იყენებს თავის სრულ ტურისტულ პოტენციალს. როგორც ბევრ ექსპერტს მიაჩნია, მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, საზღვარგარეთ ხალხს არ აქვს ინფორმაცია სომხეთისა და მისი ტურისტული მომსახურეობების შესახებ. ბევრ კომპანიას არ აქვს სწორად და კარგად შემუშავებული ინტერნეტპორტალი. ადგილზე ადამიანები აწყდებიან უცხოენოვანი რუკების, ტრანსპორტის მოძრაობის სქემის, მუზეუმებისა და ა.შ. ინფორმაციის არქონის პრობლემას.
სააგენტო Best Trevel-ის მარკეტინგული მენეჯერის ნაზელი სარგსიანის თქმით, სომხეთში ტურიზმის განვითარებას ძირითადად ხელს უშლის ადგილობრივი მთავრობისა და სხვა ქვეყნებში სომხეთის ოფიციალური წარმომადგენლობის გულგრილობა.
“ჩვენი უცხოელი კოლეგები ხშირად ყვებიან, რომ ბევრ მათგანს, ვინც სომხეთის ღირსშესანიშნაობების ფოტოებს ნახულობს, ქვეყნის დათვალიერების სურვილი უჩნდებათ, მაგრამ ინფორმაციის სიმწირის გამო გარკვეული შიში და სიფრთხილე ეუფლებათ. ბევრი ვერ ბედავს უცნობ ქვეყანაშ მოგზაურობას. თუმცა, მას შემდეგ რაც ქვეყანას საკუთარი თვალით ნახულოვებ, გაოცებას ვერ მალავენ, თუ რაოდენ უსაფრთხო და მშვიდი ქვეყანაა სომხეთი, სადაც ყოველთვის შეიძლება შუა ღამით სეირნობა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანის რეკლამირება, რათა ხალხმა მეტი შეიტყოს”, – მიაჩნია ნაზელის.
პრობლემების მოსაგვარებლად მუშაობა მიმდინარეობს. ოქტომბრის ბოლოსსომხეთის ეკონომიკის სამინიტროს ტურიზმის სამმართველოს ხელმძღვანელმა მეხაკ აპრესიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტურიზმის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მიხედვით 2015 წლის მსგავსად, მიმდინარე წელაც 188 მილიონი დრამია გამოყოფილი.
აპრესიანის თქმით, 23 მიმართულებით აქტიური მარკეტინგის ჩატარება იგეგმება: მოეწყობა გამოფენები, ტურისტული ლაშქრობები. ჩატარდება ელექტრონული მარკეტინგი. ამასთანავე დაეხმარებიან ტურისტულ- ინფორმაციულ ცენტრებს, განსაკუთრებით მათ, რომლებიც ცალკეულ ტურისტებს აწვდიან საჭირო ინფორმაციას.
2016 წელს სომხეთში ორი დიდი ტურისტული ღონისძიების ჩატარება იგეგმება: გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის წარმომადგენლების (UNWTO ) წლიური კონფერენცია და ევროპის სასტუმროების ბიზნესისა და საზოგადოებრივი კვების ასოციაციის კონფერენცია (EURHODIP).
აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სასტუმროების სფეროშიც. 2013-2015 წლებში ქვეყანაში 20-ზე მეტი სასტუმრო აშენდა, მათ შორის, რამდენიმე ცნობილი სასტუმროს ფილიალი.
სომხეთში ტურისტებს შედარებით დაბალი ფასებიც იზიდავს. სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წლიდან მოყოლებული ტურისტს ერთი ვიზიტი სომხეთში $726,1 უჯდება. უცხო ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს აოცებთ და ახარებთ დაბალი ფასები და ტრანსპორტი, განსაკუთრებით ტაქსი.
ყველა ეს ფაქტორი იმაზე მეტყველებს, რომ სომხეთი წლიდან წლამდე იკრებს ძალას, რათა განავითაროს ტურისტული სფერო. ქვეყნის ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, 2015 წლის ივლის-სექტემბრში ქვეყანას 443.087 ტურისტი ესტუმრა, მათ შორის 55.372 სასტუმროებში დასახლდა, რაც წინა წელთან შედარებით 16,3%-ით მეტია, მაშინ როდესაც ტურისტების საერთო რაოდენობა 0.2%-ით შემცირდა. სასტუმროებში დასახლებულებს შორის 35.9% საქმიანი ვიზიტით ჩავიდა, 30.6% დასასვენებლად, ხოლო 32.8% – სხვადასხვა მიზნით.
დსთ-ს ქვეყნებიდან – 19.2%, რუსეთის ფედერაციიდან – 15.6%, ევროკავშირიდან – 28.8%, სხვა ქვეყნებიდან – 52% (18.1% – აშშ, 8.2% – ირანი). სხვათა შორის მეზობელი ირანიდან ჩასულ ტურისტებს სომხეთი უკვე შეეჩვია, რადგანაც ნორვუზ ბაირამის აღსანიშნავად სომხეთში ყოველწლიურად ძალიან ბევრი ირანელი ჩადის ასაკისა და სქესის მიუხედავად.
ამგვარად, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ სომხეთის საერთაშორისო ტურისტულ არენაზე რეიტინგისა და პრესტიჟის ასამაღლებლად ჩატარებული სამუშაოები უშედეგო არ არის. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum) მიერ 2015 წელს გამოქვეყნებულ გლობალურ რეიტინგში “მოგზაურობისა და ტურიზმის კონკურენტუნარიანობის ანგარიში” (The Travel and Tourism Competitiveness Report) სომხეთი 89-ე ადგილზე მოხვდა.
უსაფრთხოების დონის თვალსაზრისით სომხეთი 38-ე, ჯანდაცვის მიხედვით – 48-ე, ადამიანური რესურსების ხარისხით – 71-ე, ტურისტული სერვისის ინფრასტრუქტურის მიხედვით – 73-ე, ხოლო ხელმისაწვდომი ფასებით – 77-ე ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგების მიხედვით, სომხეთისთვის დღეს შეუძლებელია პირველობა, მაინც შეიძლება იმის თქმა, რომ ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია ეს არც ისე ცუდი მაჩვენებლებია.