დიდგორის ველზე, დიდგორობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მთავრობის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც პრემიერმა ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დიდგორი საქართველოს სიძილიერის, ხალხის თავისუფლების, ერთიანობისა და გამარჯვების სიმბოლო, წინაპრების მიერ დატოვებული მყარი საფუძველია, რომელზეც მტკიცე და წარმატებული სახელმწიფო უნდა ააშენონ.

“ჩვენ დავით აღმაშენებლის მებრძოლების შთამომავლებს შეუპოვრობა და თავდადება გვმართებს. ჩვენი დიდგორი გრძელდება და ვალდებულნი ვართ, თავდაუზოგავად ვიბრძოლოთ ჩვენი ქვეყნის მთლიანობისთვის, ჩვენი სამშობლოს ბედნიერი მომავლისთვის. დღეს ჩვენი თავდადებული ბრძოლა არის თავდადებული შრომა, ჩვენი უანგარო სამსახური ქვეყნის წინაშე, სწორედ ჩვენი სწორი პოლიტიკა და სტრატეგია, რითაც შევძლებთ გავაერთიანოთ და ფეხზე დავაყენოთ საქართველო, ავაშენოთ ძლიერი და ევროპული ტიპის ქართული სახელმწიფო,“- განაცხადა პრემიერმა და დიდგორობის დღესასწაულზე შეკრებილებს მოუწოდა განსაკუთრებული სიამაყე იგრძნონ ამ მიწაზე დგომით და კიდევ ერთხელ გაიხსენონ და პატივი მიაგონ სამშობლოსთვის დაღუპულ დიდ წინაპრებს, საქართველოს დიდ მეფე დავით აღმაშენებელს და კიდევ ერთხელ მოიხარონ ქედი მათი ხსოვნის წინაშე.

დიდგორობა 1121 წლის 12 აგვისტოს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად ყოველ წელს იმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დიდგორის ველზე ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. შესაბამისი დავალება პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილს დიდგორობის დღესასწაულზე მისცა. პროექტირებისა და რეკონსტრუქციის სამუშაოები მომდევნო დიდგორობამდე უნდა დასრულდეს.

პრემიერმა ასევე გამოთქვა სურვილი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იზრუნოს, რომ სკოლების დირექტორებმა მოსწავლეები დიდგორის ველზე ყოველწლიურად ჩაიყვანონ. ღაირბაშვილს ეს მომავალი თაობის აღზრდისთვის მნიშვნელოვანად მიაჩნია.