რუსულ ერენგო-კომპანია “გაზპრომთან” მოლაპარაკებების განახლებამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრსა და სამოქალაქო სექტორში მღელვარება გამოიწვია. საქართველო გაზის დამატებითი მოცულობის საჭიროების წინაშე დგას. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი, ვიცეპრემიერი კახა კალაძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანული კომპანია “სოკარისგან” მიღებული ბუნებრივი აირი საკმარისი არ არის და საქართველოს მთავრობა ისეთი პროექტის განხორციელებას გეგმავს, რომელიც ქვეყანას დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას მისცემს. თუმცა “სოკარი” კვლავაც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.
როგორც მინისტრი განმარტავს, დეფიციტის შესავსებად დამატებით, დაახლოებით 300-დან 400 მილიონამდე კუბამეტრი ბუნებრივი აირია საჭირო. ტექნიკურად შეუძლებელია საქართველომ აზერბაიჯანიდან იმაზე მეტი მოცულობის ბუნებრივი აირის მიიღოს, ამიტომ გადაწყვიტეს დეფიციტის შესავსებად “გაზპრომისთვის” მიემართათ.
“დღეისთვის ჩვენი ქვეყანა 2,5 მილიარდი კუბამეტრი გაზს მოიხმარს, რაც 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით არის გაზრდილი. ხოლო 2015 წლის მოცულობა, წინა წელთან შედარებით გაზრდილია 19%-ით. ყოველდღიურად დაახლოებით 11 მლნ-ზე მეტი კუბამეტრი გაზის შემოტანა გვიწევს მილსადენიდან, რომელსაც “სოკარი” საქართველოს აწვდის. ეს არის 6 მლნ-ის მოცულობა, რომელსაც დღეს ისინი ატარებენ. ფიზიკურად შეუძლებელია მეტი დამატებითი მოცულობების გატარება, გასაკეთებელი იქნება კომპრესორები”, – განაცხადა კალაძემ ქართველ ექსპერტებთან შეხვედრაზე, რომლებსაც რუსულ მხარესთან მოლაპარაკებების შესახებ ინფორმაცია გააცნო და განმარტა, რომ “გაზპრომთან” დაკავშირებით საუბარია არა გრძელვადიან, არამედ ერთწლიან ხელშეკრულებებზე.
კალაძის აზრით, ქართული მხარე უნდა დასთანხმდეს რუსული კომპანიის შემოთავაზებას, კერძოდ, ტრანზიტის სანაცვლოდ ქართულმა მხარემ ფული მიიღოს, თუმცა დასძენს, რომ შეთანხმება ბოლომდე არ არის მიღწეული და მოლაპარაკებების დასრულებამდე გარკვეული დეტალები კიდევ გაირკვევა.
მინისტრის განმარტებები ექსპერტების ნაწილისთვის დამაკმაყოფილები აღმოჩნდა, თუმცა არა ოპოზიციისა და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისთვის, რომლებმაც საახალწლო არდადეგების დასრულებისთანავე 15 იანვარს, თბილისში, საპროტესტო აქციები დაიწყეს და საქართველო-რუსეთის მომავალი ენერგოკავშირი გააპროტესტეს.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად “გაზპრომის” საწინააღმდეგო აქცია ჯერ ენერგეტიკის სამინისტროსთან გამართეს, სადაც სირცხვილის დერეფანი მოაწყვეს, შემდეგ კი იუსტიციის სახლთან გადაინაცვეს და მის მიმდებარე ხიდზე ბანერი გადაფინეს. სამართალდამცველებმა პროტესტანტებს ქალაქის იერსახის დამახინჯების მუხლზე მიუთითეს და აქციის დასრულებისთვის გონივრული ვადა მისცეს.
მეორე დღეს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ “გაზპრომის” წინააღმდეგ კიდევ უფრო მასშტაბური აქცია Facebook-ით დააანონსა და მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა დაამონტაჟეს. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქცია გამაფრთხილებელია და მისი მიზანია, ხელისუფლებას “გაზპრომის” მოწინააღდეგეთა რაოდენობა აჩვენონ.
ისინი ხელისუფლებას გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებში ადანაშაულებენ: “მაშინ, როდესაც აზერბაიჯანი მზად არის ნებისმიერი რაოდენობის ბუნებრივი აირი მოგვაწოდოს, ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს გასაიდუმლოებულ მოლაპარაკებებს ქვეყანასთან, რომელიც საქართველოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას განაგრძობს. გაზპრომთან მოლაპარაკებები და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტი საფრთხეს უქმნის საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, ჩვენს ევროატლანტიკურ კურსს და ქვეყნის დამოუკიდებლობას”.
“ნაციონალურ მოძრაობაში” მიაჩნიათ, რომ “გაზპრომთან“ მოლაპარაკებებში ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ინტერესები იკვეთება და არგუმენტად მოჰყავთ “სოკარ ჯორჯიას” წარმომადგენლობის მიერ ამ დღეებში გავრცელებული განცხადება, სადაც აზერბაიჯანული მხარე ადასტურებს, რომ შეუძლია ბუნებრივი აირი საქართველოს შუფერხებლად მოაწოდოს.
მთელს აჟიოტაჟში ოპოზიციური პარტიების მიერ საკითხის წინასაარჩევნო პოპულიზმისთვის გამოყენების მცდელობად ხედავდ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და ოპოზიციის კრიტიკას საპასუხო ბრალდებას უპირისპირებს.
“წინასაარჩევნო კაპანიის დროს ჩვენს ძვირფას ოპონენტებს, ხელისუფლების საკრიტიკებლად სჭირდებათ თემები. ამიტომ, ენერგეტიკის სამინისტრომ რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანოს, სულ ბულბულები რომ ჩამოგისვათ მიკროფონებზე, მაინც, ეს კრიტიკა გაგრძელდება. თვითონ, თუ ასე აინტერესებდათ და წუხდნენ საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე, არ უნდა მიეყიდათ რუსული კომპანიებისთვის ამდენი ელექტროსადგური. საერთოდ, მგონი, მილის მიყიდვას აპირებდნენ”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
პოლიტიკური განცხადებების ნაცვლად საქართველოს მთავრობას “გაზპრომთან” ხელშეკრულების შინაარსზე დაფიქრებას ურჩევს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა და ამ სფეროს ექსპერტებს არითმეტიკული ამოცანის ამოხსნას სთავაზობს. მისი აზრით, საქართველოსთვის წამგებიანია რუსეთის შემოთავაზება, ტრანზიტის გადასახადი არა ნატურით, არამედ ფულით გადაუხადოს.
“საკვირაო სკოლა გავხსნათ ამ ექსპერტებისთვის, ნამდვილად მადლი იქნება! გაუგებარია, რატომ ვერ ანგარიშობენ, რამდენს წავაგებთ მილსადენში გატარებული გაზის 10%-ის ნატურით გადახდით? მილსადენში თუ გადიოდა 2 მილიარდი კუბამეტრი, სომხეთისთვის მისი 10%, ანუ 200 მილიონი კუბამეტრი, თუ ამ გაზის მონეტიზაციის ღირებულებად ავიღებთ სულ მცირე ე.წ “სოციალური გაზის” ღირებულებას – 143 აშშ დოლარი 1000 კუბამეტრი (რეალურად გაცილებით მეტი უნდა ავიღოთ, გაზს არავინ გვაჩუქებს), მაშინ, ამ ბუნებრივი გაზის 200 მილიონი მ.კუბის ღირებულება იქნება $28,6 მილონი. ახლა მარტივი ამოცანა. რა უნდა ღირდეს 100 კმ.-ზე 1000 კუბამეტრი ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების გადასახადი რასაც “გაზპრომი” ითხოვს, თუ ჩვენი მილსადენის სიგრძე 221 კმ.-ია და მოვახერხოთ ამავე მოცულობის (200 მილიონი კუბამეტრი) გაზის შესყიდვა თუნდაც $143″, – წერს მირცხულავა და ამოცანის ამოხსნისთვის “ექსპერტებს” დასაჩუქრებას ჰპირდება.
“გაზპრომთან” მოლაპარაკებების ამ ეტაპზე არსებული შეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობის წევრ თამაზ მეჭიაურსაც აფიქრებს.
“რუსულმა მხარემ მოითხოვა შესაბამისობაში მოსულიყო ჩვენთან დადებული ხელშეკრულება იმ ხელშეკრულებებთან, რომლებიც მსოფლიო პრაქტიკაში არსებობს. ეს არის განსხვავება წინა განხილვებთან შედარებით. ჩვენთვის ეს უფრო წამგებიანი გამოვა. შეიძლება შეგვექმნას პრობლემა ელექტროენერგიის მოწოდებაში, რომელსაც გვაწვდის რუსეთი და, თუ ჩვენ საჭირო რაოდენობის გაზს ვერ მივიღებთ, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება თბოელექტროსადგურების გაზით მომარაგება,” – განაცხადა მეჭიაურმა.
ენერგეტიკის მინისტრი ფრთხილობს. ერთმანეთის მონაცვლეობით, ხან “გაზპრომის” წარმომადგენლებს ხვდება, ხანაც მთავრობის ადმინისტრაციაში მიწვეულ SOCAR Energy Georgia-ს ხელმძღვანელებს არწმუნებს ერთგულებაში. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 2016 წელს იგეგმება გაზსაცავის მშენებლობა, რომელშიც, სავარაუდოდ აზერბაიჯანული კომპანიაც ჩაერთვება.
“ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ პროექტის განხორციელება, ზუსტად იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც დღეს გვაქვს ჩვენ ზამთარ-ზაფხულის მოხმარების თვალსაზრისით. “სოკარის” ორივე მილსადენი, რომლითაც ვიღებთ ბუნებრივ აირს, მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობს. თუმცა, სამომავლოდ ვგეგმავთ და არსებობს შესაძლებლობა, რომ განვახორციელოთ ისეთი პროექტი, რომელიც დამატებითი მოცულობების გატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ 2019 წლისთვის იგეგმება “შაჰდენიზის” პროექტის მეორე ფაზის დასრულება, რაც ასევე არის დამატებითი ბუნებრივი აირის მიღების შესაძლებლობა”, – განაცხადა კალაძემ.
“გაზპრომთან” მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძეც და განაცხადა, რომ საქართველო ბუნებრივ აირს ირანიდან მიიღებს, თუ რუსეთიდან, ყველა შემთხვევაში ის “გაზპრომის” მილებმა უნდა გამოატაროს.
საკმაოდ ბევრი აზრთასხვადასხვაობაა, როგორც მმართველ კოალიციაში, ასევე ოპოზიციისა და პროდასავლური საზოგადოებრივი ორგანიზაციების რიგებში, რამაც საკითხის გარშემო ბევრი კითხვის ნიშანი წარმოშვა. ყოველივე ამ ბუნდოვანების საფუძველს კი ენერგეტიკის სამინისტროს მუშაობა ქმნის. ვითარება სავარაუდოდ, მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე გაირკვევა, რომელიც ვენაში, 20 იანვარისთვისაა დაგეგმილი. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს ხანებში გაცილებით მეტი ინფორმაცია იქნება ცნობილი და ყველაფერს ნათელი მოეფინება.
გიორგი ქართველი