ახალი წელი მხოლოდ დღესასწაული როდია, მას თან ახლავს სასწაულისა და ჯადოსნობის, ახალი ცხოვრებისა და უკეთესობის მოლოდინი. დეკემბერი, როგორც წესი, წელიწადის ყველაზე ხარჯიანი თვეა. სუფრის გაშლა, საჩუქრების ყიდვა (განსაკუთრებით თუ სახლში ბავშვები არიან), საახალწლო აქსესუარები – ამ ყველაფრის ხარჯი ოჯახის ყოველთვიური შემოსავლის ფარგლებს სცდება.
მიუხედავად იმისა, რომ მთელს მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული წლის მთავარი დღესასწაულის გარეთ აღნიშვნის ტენდენცია, სომხები მაინც ცდილობენ ახალ წელს ტრადიციულად, ოჯახურ გარემოში შეხვდნენ.
ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ახალ წელთან დაკავშირებით განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს. შამპანიური და ოლივიე საახალწლო სუფრის განუყოფელი ატრიბუტია, მაგრამ სომხებისთვის კარგი სუფრის გაშლა ღირსების საკითხია, ის ერთგვარ შეჯიბრსაც ჰგავს: საუკეთესო, გემრიელი და უჩვეულო.
თუმცა,მოსახლეობის სამომხმარებლო შესაძლებლობები დღეს მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს, ძირითადად კი რუსეთის ეკონომიკის უარყოფითი გავლენის გამო, მოსახლეობის შემოსავლებმა იკლო.
მაგალითად, სუფრისთვის ნიანგის ხორცის შეძენა, რაც ბოლო დროის ტრენდად იქცა, მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ძალიან ბევრს წინასწარ შედგენილი სია აქვს, რომლის მიხედვითაც საახალწლო პროდუქტებს ყიდულობს. თუმცა, ბოლო დროს ახალი ტენდენციაც შეინიშნება – საახალწლო კრედიტის აღება.
ექსპერტების გაანგარიშებით, სომხურ ოჯახს საახალწლო სუფრის გაშლა, კავკასიური სტუმართმოყვარებისა და დიდი სანათესაოს გათვალისწინებით, საშუალოდ 220-300 ათასი დრამი, დაახლოებით 460-630 აშშ. დოლარი დაუჯდება.
ამ თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქტები. ძირითადად, ლორი, ინდაური, თევზი, ცხელი კერძებისა და სალათების კომპონენტები, ყველი, ხილი, ცომეული, ქიშმიში და თხილი, ასევე ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელი.
მოკრძალებული ოჯახი კი, რომელიც თავს ლორის ყიდვის უფლებას ვერ მისცემს, 30-40 ათას დრამში, დაახლოებით 60-80 აშშ. დოლარში ჩაეტევა. რაც შეეხება ოლივიეს, ის სუფრის შეუცვლელი ატრიბუტია, თანაც მისი მომზადება არც თუ ისე ძვირია, ოჯახის პირობებში 3300 დრამი, დაახელოებით 7 აშშ.დოლარი ჯდება.
რაკი 2016 მაიმუნის წელია, დიეტოლოგები ამბობენ, რომ ამით უნდა ისარგებლოთ და საახალწლო სუფრაზე შეამციროთ ხორციანი კერძების რაოდენობა და ისინი ხილითა და ბოსტნეულით ჩაანაცვლოთ, რაც სომხეთში უხვად არის. ეს სასარგებლოს გარდა ეკონომიურიც არის.
ახალი წლის აღნიშნვნის ტრადიცია საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა. მანამდე, სომხები, როგორც პირველი ერი, რომელმაც ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მიიღო, 30 დეკემბრიდან 5 იანვრამდე საახალწლო მარხვას იცავდნენ და სუფრასთან მხოლოდ 6 იანვარს, ქრისტეს შობაზე სხდებოდნენ. სუფრაზე კი მხოლოდ თევზი, ჩირისა და ქიშმიშის ფლავი, მწვანილი და ღვინო იდო.
ახლა საახალწლო მარხვას ძალიან ცოტა ადამიანი იცავს. მართალია, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ყველას არ მოუწოდებს მარხვისკენ, მაგრამ ურჩევს, სული, გული და ფიქრები გაისუფთაონ, ძველი ტვირთი დატოვონ და ახალი ცხოვრება სუფთა გულით დაიწყონ.
ნაირა მელკუმიანი