სომხები დიდი რუდუნებით იცავენ თავიანთ ტრადიციებს. როგორც უძველესი ქრისტიანული ერი, რითაც ძალიან ამაყობენ, ცხადია საეკლესიო დღესასწაულებსაც იცავენ, მათ შორის ზეიმობენ ქრისტეშობას. დღესასწაული რამდენიმე დღეს გრძელდება, მას თან ახლავს მრავალრიცხოვანი რიტუალი, რომლებიც ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ქრისტიანული ისტორიიდან იღებენ სათავეს.
ქრისტეშობას სომხეთი 6 იანვარს, მართლმადიდებლური ტრადიციით ერთი დღით ადრე, აღნიშნავს. ეს ისტორიული ფაქტებით აიხსნება. მეხუთე საუკუნემდე ქრისტეშობა და ნათლობა ბევრ ქრისტიანულ ქვეყანაში ერთიდაიმავე დროს – 5 იანვრის ღამესა და 6 იანვარს – აღინიშნებოდა. დროთა განმავლობაში ზოგიერთმა ქრისტიანულმა კონფესიამ ეს ტრადიცია შეცვალა. სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ შეინარუნა თავდაპირველი ქრისტიანული ტრადიციებისადმი ერთგულება. შობისა და ნათლობის ერთობლივ დღესასწაულს ნათლისღება ეწოდება. სომხეთში ნათლისღებას ასევე უწოდებენ “მცირე აღდგომას“.
შობის წინა დღეს “ჩრაგაუიცი“ (ლამპრების ანთება) ეწოდება და შესაბამისად 5 იანვარს აღინიშნება. საღამოს ეკლესიებში ლიტურგია ტარდება, ხოლო მორწმუნეებს ეკლესიიდან სახლში საშობაო ცეცხლი მიაქვთ, რაც ბეთლემის ვარსკვლავის სიმბოლოა. ათასობით სანთლისა და ლამპარის შუქი შობის დღესასწაულს ყოველმხრივ ანათებს.
6 იანვრის დილას ეკლესიებში საშობაო ლიტურგია ტარდება, რის შემდეგაც წყლის კურთხევა ხდება, რაც მდინარე იორდანეში ქრისტეს ნათლობის სიმბოლოა. წყლის კურთხევა ბრწყინვალე მშვიდობით, ლოცვითა და ჯვრით ხდება, რასაც შემდეგ მრევლს ურიგებენ. მიჩნეულია, რომ ნაკურთხ წყალს სამკურნალო თვისებები აქვს.
ყველაზე ხალხმრავალი ღვთისმსახურება სომხეთის უძველეს მონასტერ ეჩმიაძინში (სიტყვა-სიტყვით “მხოლოდშობილის წარმოშობის ადგილი“) ტარდება. ტაძარი ტრდატე III-ის დროს, სომხეთის გაქრისტიანებიდან 301-303 წლებში აშენდა. სწორედ ან ტაძარში იყო სრულიად სომხეთის კათოლიკოსის რეზიდენცია, რომელიც შემდეგ ერევანში გადაიტანეს. ამის მიუხედავად, ეჩმიაძინი მთელი თავისი მრავალრიცხოვანი ტაძრებით, სასულიერო სემინარიებითა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიით, კვლავ სომხეთის მთავარი სასულიერო ცენტრია.
ისევე, როგორც კათოლიკურ და მართლმადიდებლურ სამყაროებში, შობა სომხეთშიც ოჯახური დღესასწაულია, რასაც თან ახლავს სოციალური მენიუ, ანუ მაგიდაზე აუცილებლად უნდა იყოს თევზი (ქრისტიანობის უძველესი სიმბოლო) და ტკბილი ფლავი ქიშმიშითა და ჩირით (ბრინჯი მთელი კაცობრიობის სიმბოლოა, ქიშმიში კი რჩეულების). საშობაო სუფრის აუცილებელი ატრიბუტია ასევე წითელი მშრალი ღვინო. ზოგიერთ ოჯახში მიღებულია ასევე ვაზის ფოთოლში გახვეული ტოლმა და მწვანილი, ძირითადად ისპანახი.
ამ დღეს ახლობლები ვიწრო წრეში იკრიბებიან და თბილ გარემოში მშვიდად ატარებენ საღამოს, ხშირად მოიხსენიებენ ახლადგარდაცვლილ ნათესავებს. 7 იანვარს სომხეთის ეკლესიებში მიცვალებულების მოსახსენიებელი ლიტურგია და მათი სულების სიმშვიდისთვის წირვები ტარდება. ტრადიციის თანახმად, ამ დღეს, გარდაცვლილი ახლობლების საფლავებზე მიდიან.
ფოტორეპორტაჟი: საღამოს ლიტურგია (ჩრაგალუიცი), წმინდა გრიგორ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი, ერევანი, 2016 წლის 5 იანვარი
Lina Levine-ის ფოტორეპორტაჟი