ისევე, როგორც ყველა ხალხს, აზერბაიჯანელებსაც უყვართ ახალი წელი. ამიტომაც თითოეული ოჯახი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღესასწაულისთვის – რა თქმა უნდა, მათი ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში. ცნობილია, რომ აზერბაიჯანელები გემრიელი კერძების მომზადების დიდი ოსტატები არიან. მათი ეროვნული კერძები პოპულარულია აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთაც. ახალი წელი კი განსაკუთრებული შემთხვევაა. საახალწლო სუფრა თითქმის ყველა ოჯახში გადატვირთულია და თითოეული დიასახლისი ამაყობს საკუთარი კულინარიული ხელოვნებით.
ტრადიციული საკვები აზერბაიჯანში არომატული მწვანე ფოთლებიანი თეფშით იწყება, რომლესაც გოი (მწვანილი) ჰქვია. მასთან ერტად სუფრაზე იდება პური (ჩორეკ) და ყველი (პენდირ). ცხელი კერძები ხორცისა და თევზისგან მზადდება, რასაც თან ახლავს ძალიან ბევრი ბოსტნეულის სალათი.
თუ ახალი წლის ღამეს სტუმრად წასვლა განიზრახეთ, ნახავთ, რომ სხვადასხვა სუფრაზე ცხელი და ცივი კერძები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან. თითქმის ყველა სახლში, სუფრაზე ორი სახეობის სალათი – ქალაქური და ოლივიე დევს, რომლებიც საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული წარმატებით ავსებენ აზერბაიჯანულ ტრადიციულ სუფრას. ცხელი კერძების გარეშეც წარმოუდგენელია საახალწლო სუფრა, არის ლიავიანგი, აზერბაიჯანული ფლავი და ტოლმა.
აზერბაიჯანში არცერთი სუფრა არ არის არომატული ფლავის გარეშე. არსებობს რამდენიმე სახეობის აზერბაიჯანული ფლავი: კაურმა-ფლავი (ცხვრით), ტურშუ-კაურმა-ფლავი (ცხვრითა და მჟავე ხილით), ჩიი-დოშამია-კაურმა-ფლავი (ცხვრით, გოგრითა და წაბლით), ტოიუგ-ფლავი (მოხრაკული ქათმის ნაჭრებით), ტიარჩილო-ფლავი (ქათმით, ან წიწილის ფარშით), ჩიხირთმა-ფლავი (ქათმით, ჩახლილი კვერცხით), ფისინჟან-ფლავი ( გარეული იხვით, თხილით, მჟავე ხილითა და დარიჩინით), შეშრიანჩ-ფლავი (კვერცხის), სიუდლუ-ფლავი (რძიანი) და შირინფლავი (ტკბილი ხილით).
ლიავიანგი წიწილის, ან თევზის შესანიშნავი კერძია, რომელიც ტრადიციულად აზერბაიჯანის სამხრეთ რეგიონებში მზადდება. კერძის შიგთავსს ამზადებენ წვრილად დაჭრილი ხახვის, გატარებული ნიგვზის, აღმოსავლური და სხვა სუნელებისგან. თუ ლიავიანგას თევზისგან ამზადებენ, მაშინ შიგთავსს ხიზილალასაც უმატებენ. ამ შიგთავსს ათავსებენ წიწილას, ან თევზში, კერავენ და პირდაპირ ტანდირში უშვებენ.
რა ჯდება ახალი წელი აზერბაიჯანში?
ახალი წლის დადგომამდე ერთი კვირით ადრე აზერბაიჯანში მკვეთრად გაუფასურდა ეროვნული ვალუტა – მანათი, რამაც გავლენა იქონია “საახალწლო” ფინანსებზეც. საკვები პროდუქტები გაძვირდა, ამიტომ მოახლოვებული დღესასწაული აზერბაიჯანში ძლაიან ძვირი ჯდება.
საახალწლო სუფრის გაშლა, საშუალოსტატისტიკურ აზერბაიჯანულ, ოთხსულიან ოჯახში (პლიუს 2-3 სტუმარი) 250 მანათი ჯდება, რაც მიმდინარე კურსით 160 აშშ. დოლარია.
მაგრამ როგორც კავკასიის სხვა ხალხებს, აზერბაიჯანელებსაც გადატვირთული სადღესასწაულო სუფრა უყვართ. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბაზარზე პროდუქტების ფასმა დაახლოებით 20-30%-ით მოიმატა, 10-30 სტუმრის მისაღებად საშუალოსტატისტიკურ აზერბაიჯანულ ოჯახს 1000-1300 მანათი დასჭირდება, რაც დაახლოებით 645-774 აშშ. დოლარია.
ამის გამო, ზოგიერთი აზერბაიჯანული ოჯახი ახალი წლის აღნიშვნას რესტორნებში, ან საბანკეტო დარბაზებში ამჯობინებს, სადაც სულ რაღაც 200 აშშ. დოლარის დამატებით მყუდროდ დასხდებიან, გემრიელად ივახშმებენ და შესანიშნავად გაერთობიან.
აზერბაიჯანი მუსულმანური ქვეყანაა და თითოეულ ოჯახში ალკოჰოლური სასმელის განსაზღვრა ძალიან რთულია. თუმცა, ყველა საერო ოჯახში ძველი საბჭოთა ტრადიცია შენარჩუნდა და ახალ წელს შამპანიურით ხვდებიან. შამპანიურს ჭიქებში ზუსტად ღამის 12 საათზე ასხამენ. სუფრაზე ხშირად დაინახავთ არაყს, ღვინოს, ან უალკოჰოლო სასმელებს.
შუაღამის საათმა ჩამოჰკრა, ხალხი ძველ წელს აცილებს და ახალს ხვდება. ტრადიციის თანახმად, ამ მომენტში ტრადიციული აზერბაიჯანული ჩაი ისხმება და ტორტი იჭრება, რომელსაც სხვადასხვა ტკბილეულობასა და ხილთან ერთად მიირთმევენ. დღეც მიიწურა. უფროსი და საშუალო ასაკის თაობა ჩაის სვამს, საუბრობს სხვადასხვა თემებზე, ხოლო ახალგაზრდობა გასართობად და დღესასწაულის აღსანიშნავად კლუბებში, ან მეგობრებთან სტუმრად მიდიან.
ახალ წელს გილოცავთ!
ნიჯატ გაჯიევი