ახალი წელი კარს არის მომდგარი. მსოფლიოს სხვა ხალხების მსგავსად, 2016 წლის შესახვედრად აზერბაიჯანელებიც ემზადებიან და იმედოვნებენ, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით წინა წელთან შედარებით ნაყოფიერი იქნება. ამჟამად ეროვნული ვალუტის 48%-იანი დევალვაციის პირობებში, თითოეული აზერბაიჯანული ოჯახის წინაშე საახალწლო სუფრასთან დაკავშირებული პრობლემა დგას.
ცენტრალური ბანკის საახალწლო საჩუქარი
21 დეკმებერს, ახალ წლამდე ზუსტად 10 დღით ადრე, აზერბაიჯანელმა ხალხმა რესპუბლიკის ცენტრალური ბანკისგან “საახალწლო საჩუქარი” მიიღო – მანათის 48%-იანი დევალვაცია. მიზეზი თვალსაჩინოა: აზერბაიჯანი ნავთობის მომპოვებელი ქვეყანაა და ენერგორესურსების მკვეთრმა გაიაფებამ მანათის კურსზე იმოქმედა. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის განმავლობაში მანათის დევალვაციის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. პირველი 21 თებერვალს დაფიქსირდა, როდესაც ეროვნულმა ვალუტამ 34%-იანი დევალვაცია განიცადა. ამგვარად, 2015 წლის განმავლობაში 1 აშშ დოლარი 0,78 მანათიდან 1,55 მანათამდე, ანუ 98%-ით გაიზარდა.
მანათის დევალვაციამ ბუნებრივია ფასების ზრდაც გამოიწვია, როგორც იმპორტულ, ისე ადგილობრივ საქონელზე. ამან შესამჩნევლად იმოქმედა მოსახლეობის გადახდისუნარიანობაზე.
ქვეყნის ხელისუფლების რეაქცია
მანათის დევალვაციაზე საუბრისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნის მთავარი მიზეზი ნავთობის სამმაგად გაიაფებაა. “მთელი წლის განმავლობაში ვცდილობდით მაქსიმალურად აგვერიდებინა თავიდან მსგავსი რამ. ველოდით ნავთობის ფასის სტაბილიზაციას. როდესაც ფასი 50 დოლარის დონეზე გაჩერდა, დავმშვიდდით და გვეგონა, რომ დევალვაციის აუცილებლობა არ იქნებოდა. თუმცა, ახლა ნავთობი 36 აშშ. დოლარი ღირს. დოლარის შესახებ აშშ-ს მიერ მიღებულმა ბოლო გადაწყვეტილებამ ნავთობის გაიაფება გამოიწვია. ადგილი აქვს ასევე სხვა გეოპოლიტიკურ ფაქტორებსაც. პირადად მე მიმაჩნია, რომ ნავთობის მკვეთრ გაიაფებას ბუნებრივი ეკონომიკური საფუძველი აქვს”, – განაცხადა მან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ეკონომიკა ვარდნას განიცდის, ერთ წელიწადში ნავთობის ფასის სამჯერ შემცირების საჭიროება არ არსებობს. “პირადად მიმაჩნია, რომ ეს გამიზნული პოლიტიკაა. ამ პოლიტიკის მიზანი საიდუმლოს არ წარმოადგენს. ასეთ ვითარებაში უბრალოდ აზერბაიჯანი ზარალდება. მაგრამ ამის მიუხედავად, ჩვენ აუცილებლად შევეცდებით მძიმე შედეგები მინიმუმამდე დავიყვანოთ.
დასასრულს ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება შეეცდება მაქსიმალურად შეამციროს გარდაუვალი გადაწყვეტილების უარყოფითი შედეგები და დაისაჯის ის, ვინც ხელოვნურად გაზრდის ფასებს და მიმართავს სპეკულაციას.
თავის მხრივ, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელმან რუსტამოვმა განაცხადა, რომ მცოცავი კურსი მართვადია. რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური ბანკი არ დაუშვებს კურსის მნიშვნელოვან ცვლილებას და ყოველთვის გააკონტროლებს მას.
მისივე თქმით, ბაზარზე სერიოზულ გაუგებრობას გამოიწვევს, არსებული სავალუტო კურსიდან გადახრა. “დღეს პირველი აუქციონი ჩავატარეთ. ვალუტის კურსთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების ჩარჩოებიც შევცვალეთ. მანამდე სრულად დავაკმაყოფილეთ ბაზრის სავალუტო მოთხოვნა, თუმცა ახლა ბაზარს ვალუტას გარკვეული სააუქციონო გზით შევთავაზებთ და დავაკვირდებით, როგორი იქნება მიწოდება და მოთხოვნა”, – განაცხადა რუსტამოვმა.
ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის აზრით, მანათის კურსი სერიოზულად არის დამოკიდებული ბანკთაშორის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ფორმირებასა და ფასზე.
ექსპერტების აზრი
მანათის დევალვაციაზე საუბრისას, ეკონომისტმა ოგტაი ახვერდიევმა Dalma News-ს განუცხადა, რომ აზერბაიჯანისთვის მცოცავ კურსზე გადასვლა იძულებითი ზომაა, რომელიც მსოფლიო სავალუტო ბაზარზე განვითარებული პროცესებით აიხსნება. “დოლარის გაძვირების პროცესი 2016 წელსაც გაგრძელდება და დოლარის რეალური ღირებულება სამიდან ხუთ მანათამდე დაფიქრისდება. რომ არა ის პროცესები, რაც მსოფლიო სავალუტო ბაზარზე ხდება, არაფრის შეცვლა არ გახდებოდა საჭირო. მაგრამ რაკი აზერბაიჯანის საგარეო ვაჭრობა დოლარებში წარმოებს, ეს იძულებითი ნაბიჯია”, – დასძინა მან.
ეკონომიკისტი ფიქრეთ მამედოვის შეფასებით შექმნილი ვითარება საკმაოდ რთულია, მაგრამ არა უიმედო. “ნავთობის ფონდში გაცხადებული რეზერვები, ოქროს რეზერვები, არც ისე ცუდია, თუმცა არც ისე ეფექტიანად არის მოწყობილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანა შესაძლებელია სწორი რეგულატორების შემოღებით, ადმინისტრაციული და ფინანსურ-საგადასახადო სისტემების სისტემური რეფორმირების წყალობით. ის, თუ რამდენად შესაძლებელია ეს შექმნილ ვითარებაში, დრო გვიჩვენებს”, – განუცხადა მან Dalma News-ს.
ანალიტიკური დეპარტამენტის “ალპარის” დირექტორის მოადგილე დარია ჟელანნოვას აზრით, მანათის დევალვაცია აბსოლუტურად გარდაუვალი იყო, რადგანაც ნავთობი აზერბაიჯანის მთავარი საექსპორტო საქონელია, რომელიც საბიუჯეტო შემოსავლების 70%-ს იძლევა.
“ნავთობის ბაზარზე მიმდინარე მოვლენები, როდესაც ბარელი Brent-ის ფასმა 40 აშშ დოლარზე დაბლა დაიწია, ხელისუფლებას სხვა გამოსავალი არ დაუტოვა, გარდა იმისა, რომ ვალუტა თავისუფალ ცურვაში გაეშვა. ამასთანავე შეენარჩუნებინა აუცილებელი კონტროლი, რათა თავიდან აერიდებინა სოციალური პრობლემები. მანამდე, ასეთივე გზა რუსეთმა და ყაზახეთმაც გაიარეს. საერთო ჯამში, ვითარება არ იწვევს განსაკუთრებულ განგაშს. საბაზრო მექანიზმი მანათის თანასწორ კურს უზრუნველყოფს, ეკონომიკა ადაპტაციას განიცდის. გრძელვადიან პერსპექტივაში ხელისუფლებას მოუწევს დიდი ყურადღება მიაქციოს ეკონომიკას (არა ნავთობის სექტორს) შემოსავლების დივერსიფიკაციის უზრუნველსაყოფად”, – განუცხადა მან Dalma News-ს.
რას მოიმოქმედებს სახელმწიფო?
ხელისუფლება ჯერ-ჯერობით პრევენციულ ზომებზე საუბრობს, – განუცხადა Dalma News-ს Azeri İnvisibles-ის დამფუძვნებელმა, ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა ფიქრეთ მამედოვმა, აზერბაიჯანის ეკონომიკის გამოსაცოცხლებლად მთავრობის მიერ გატარებული ეკონომიკური პოლიტიკის განხილვისას.
“უმრავლეს შემთხვევაში ხელისუფლება სწორად საუბრობს. მაგრამ შეძლებს თუ არა ის ამ ზომების რეალურად შესრულებას – დრო გვიჩვენებს. ჯერ-ჯერობით ყველაფერი ლოზუნგების დონეზეა, მაგალითად: “მოდით იმპორტის ჩანაცვლება დავიწყოთ”. მაგრამ როგორ? რა რესურსებია ამისთვის საჭირო? რა თანმიმდევრობით? როგორ ეფექტს უნდა ველოდოთ? და ა.შ. უამრავი კითხვა რჩება პასუხგაუცემელი”, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, სინამდვილეში ყველაფერი საკმაოდ ადვილია. ნებისმიერი პროცესისთვის საჭიროა სამი რამ: მატერიალური რესურსი (აქტივები), ბიზნეს პროცესები (რეგულატივი) და ხალხი (შემსრულებელი). “პირველი ელემენტი ჩვენში პრობლემას არ არის, ხოლო დანარჩენ ორ ელემენტთან დაკავშირებით დიდი ინსტიტუციური პრობლემები არსებობს, რომლებიც ეფექტიანად და სწრაფად უნდა მოგვარდეს. არ ვიცი, შესაძლოა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელის განცხადება ჟურნალისტებმა დაამახინჯეს, მაგრამ თუ მართლაც თქვა, რომ მანათის დევალვაცია ავტომატურად გაზრდის ექსპორტს და უზრუნველყოფს იმპორტის ჩანაცვლებას, ეს სულ მცირე დიდი გულუბრყვილობაა. ეროვნული ვალუტის დევალვაციის ხარჯზე ექპორტის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ექსპორტირებისთვის რაღაც გაქვს”, – დასძინა მან.
ეკონომიკის გავლენა პოლიტიკაზე
Dalma News-ის შეკითხვაზე, როგორ იმოქმედებს მანათის დევალვაცია პოლიტიკურ ვითარებაზე და შეიძლება თუ არა ამან რაიმე ცვლილებები გამოიწვიოს, პოლიტოლოგმა ილგარ ვალიზადემ განაცხადა, რომ დევალვაცია უეჭველად შექმნის ხელსაყრელ ნიადაგს საზოგადოებრივი განწყობის სხვადასხვა მანიპულაციისთვის. ამ ვითარებით შესაძლოა ისარგებლონ, შიდაპოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციით დაინტერესებულმა გარეშე ძალებმაც.
“იმავდროულად, საერთაშორისო და რეგიონალური პოლიტიკის წამყვანი “მსახიობების” დაპირისპირების ზრდის ფონზე, თითოეული მათგანი დაიწყებს სწრაფვას აზერბაიჯანზე მეტი გავლენისთვის და ამას საკუთარი გეგმების ნაწილად აქცევენ. აზერბაიჯანისთვის ეს ნიშნავს გარეშე ზემოქმედების ზრდას და საფრთხეს შეუქმნის მრავალწლიან, მრავალვექტორულ კურსს. როგორც სჩანს, დევალვაცია სიგნალია მათთვის, ვისაც მიაჩნია, რომ მათი დრო დადგა და შესაძლოა გამოსცადონ ქვეყნის ხელისუფლების მდგრადობა”, – ამბობს ექსპერტი.
მისივე თქმით, არსებულ ვითარებაში ბაქომ საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტები უნდა შეინარჩუნოს. “ამერიკელი კონგრესმენები, რომლებიც მხარს უჭერენ აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, აიძულებენ ქვეყნის ხელისუფლებას ყველაზე ნეგატიური რეაგურება მოახდინონ, რაც კონფლიქტური ვითარების გაღრმავებას შეუწყობს ხელს. ამასთან დაკავშირებით, მოსკოვთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკაში პრორუსული კურსის ხილვადობას შექმნის, რაც სინამდვილეში არც ისე კორექტულია”, – დასძინა ველიზადემ.
ნიჯატ გაჯიევი