7-9 მარტის მოვლენებმა ქვეყნის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში“ ახალი პროცესების პროვოცირება გამოიწვია. საპარლამენტო პოლიტიკური გაერთიანება „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ „უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს“ თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, საპროტესტო გამოსვლენი მოჰყვა რადიკალური ფორმით – ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, ვანდალიზმი, ახალგაზრდების მიერ რუსთაველის გამზირის დარბევა, პოლიციისთვის ქვების სროლა, პარლამენტის შენობის შუშების ჩამსხვრევა. პროტესტანტების რადიკალურ ქმედებას სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი დაუპირისპირეს. საბოლოოდ კანონპროექტი მმართველმა პარტიამ ჩააგდო და ვენეციის კომისიიდანაც უკან გამოიწვია.
ამის ფონზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კანონპროექტის ჩაგდების მიუხედავად მან ლუსტრაციის ეფექტი იქონია, კერძოდ, მისივე თქმით, ყველამ გაიგო, რომ გარკვეული ორგანიზაციები, სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულნი.
„იგივე მთავრობის გადადგომის მოთხოვნა, არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, ასევე, გაუყალბებელი არჩევნების გაყალბება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 10 მარტს.
თუმცა მეორე მხრივ, კანონპროექტმა ცვლილებები თავად მმართველ გუნდში გამოიწვია, პარლამენტის მანდატებს „ოცნების“ დეპუტატები ტოვებენ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობიდან ის დეპუტატები გადიან, რომლებმაც “ხალხის ძალის” კანონპროექტს მხარი პირველ მოსმენაზე არ დაუჭირეს.
ამ დღეებში, პარლამენტის დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ. მისი განცხადება საპროცედურო საკითხთა კომიტეტს უკვე გადაეცა. ეს ფაქტი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც დაადასტურა, თუმცა იქვე განმარტა, რომ ირაკლი კოვზანაძის მიერ მანდატის დატოვება უკავშირდებოდა მის სურვილს, დაუბრუნდეს საკუთარ პროფესიას.
“დიდი ხანია, სურდა, თავის პროფესიას დაჰბრუნებოდა, რომელშიც, იცით, რომ საკმაოდ დიდი ხანი წარმატებულად მოღვაწეობდა, ამიტომ ეს გახდა ძირითადი განმაპირობებელი მიზეზი. ჩვენი გუნდის ყოველი წევრი, იქნება ეს გადანაცვლება თუ ასე შემდეგ, ამასთან დაკავშირებით თავადაც ისაუბრებს, დროულად გაიგებთ ყველა ინფორმაციას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობას დავით სერგეენკო, ვლადიმერ ჩაჩიბაია, გიორგი ხელაშვილი და ნინო იობაშვილიც ტოვებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არც უარყოფენ და არც ადასტურებენ რამდენიმე დეპუტატის პარტიიდან წასვლას და აღნიშნავენ მხოლოდ, რომ არც პარტიას და არც საპარლამენტო უმრავლესობას „სერიოზული საფრთხე არ ემუქრება“.
პარლამენტისგან განსხვავებით დადასტურებული ცვლილებებია „ქართული ოცნების“ მთავრობაში. განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი მინისტრის სავარძელს გამოემშვიდობა, მის ადგილას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, დეპუტატი გიორგი ამილახვარი წარადგინა.
მიხეილ ჩხენკელის შეცვლაზე საუბარი 2 წლით ადრე დაიწყო, თუმცა, ისმის კითხვა, – რატომ ახლა? რას უკავშირდება „ქართულ ოცნებაში“ ეს საკადრო ცვლილება?
არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ყოველივე 7-9 მარტის აქციებმა გადაწყვიტა, სადაც გამოიკვეთა ის, რომ ახალგაზრდები, ადვილად ხდებიან გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ მართულები, რომ სტუდენტებს შორის დესტრუქციული, ანტისახელმწიფოებრივი მუშაობა მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ 9 მარტს მმართველმა პარტიამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მიუღებელი კანონპროექტი უკან გაიწვია და სტუდენტებმაც თავიანთი აქცია დასრულებულად გამოაცხადეს, გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები პროტესტის ტემპერატურის შენარჩუნებას ცდილობენ. ამჯერად დარტყმის ობიექტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდა, სადაც “არასასურველ ლექტორებს” აუდიტორიაში უვარდებიან და მათთვის ლექციის ჩაშლას ცდილობენ. თსუ-ში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესაც.
განათლების სფეროში ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ ახალგაზრდები არიან ადვილად სამართავები, მაგრამ ყველაზე ტრაგიკული ის არის, რომ ზოგი მათგანი ფულით იმართება. ამგვარად, ბოლო დღეების მოვლენებში, ნიკოლაიშვილი განათლების მინისტრის პასუხისმგებლობასაც ხედავს. მისი აზრით, ახალგაზრდების მხრიდან მსგავსი ქმედება საჭიროებს სამინისტროს მყისიერ რეაგირებას, რაც არ გვინახავს.
ჩხენკელის განათლების მინისტრის თანამდებობიდან წასვლის ფაქტს დადებითად აფასებს მანანა ნიკოლაიშვილი და ამბობს, რომ ჯერ კიდევ 2021 წლის ბოლოს იყო განსაზღვრული მინისტრის თანამდებობიდან ჩხენკელის გაშვება. 2022 წლის იანვარში განათლების მინისტრობის ახალი კანდიდატურების შერჩევა აქტიურად მიდიოდა.
“აუცილებლად ქართველი ხუნვეიბინები უნდა გაჩენილიყვნენ, რომ პროფესორებს აუდიტორიებში სდიონ? სანამ მმართველი პარტიის თავმჯდომარეს არ ჩაუშლიდნენ ლექციას, მანამდე ვერ უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ განათლების მინისტრი უნდა გადაეყენებინათ? მაგრამ, რატომ გაიწელა ამდენ ხანს არ ვიცი, ალბათ, ამერიკელები ლობირებდნენ ჩხენკელს“, – განუცხადა Dalma News-ს მანანა ნიკოლაიშვილმა.
7-9 მარტის მოვლენებში, იგი განათლების მინისტრის პასუხისმგებლობასაც ხედავს ნაწილობრივ. კერძოდ, იმიტომ, რომ სტუდენტები, როგორც ამბობენ, ორგანიზებული, დატრენინგებული ჯგუფების მიერ არიან მართულები. მაგრამ აქვთ კი, მათ ლექციის ჩაშლის უფლება?
როგორც ექსპერტი განმარტავს, თვით პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც კი, არ აქვთ ამის უფლება, რადგან ლექციის წუთები ეკუთვნით სტუდენტებს და ამის ფულს ხალხი იხდის.
“ამ ყველაფერს რა დაუპირისპირა ჩხენკელმა, რატომ არ დაიწყო იმ სტუდენტების დისციპლინარული დევნა, ან ამ დღემდე რატომ არ იწყება? რა შუაშია აქ პოლიცია? უმაღლესი განათლების კანონმდებლობის თანახმად, ამისთვის არსებობს უმაღლესი განათლების კომიტეტი. ვინც არღვევს უნივერსიტეტის შიდა განაწესს, მის მიმართ უნდა აღიძრას დისციპლინარული დევნა. ეს არის ის დანაშაული, რომელიც ექვემდებარება გარიცხვას, ანუ სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას. ხოლო, თუ პროფესორებს შეურაცხყოფას მიაყენებენ, უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია”, – აცხადებს ექსპერტი.
მისივე თქმით, პოლიტიკურად ანგაჟირებული ბევრი ლექტორია უმაღლეს სასწავლებლებში. მანანა ნიკოლაიშვილისთვის კატეგორიულად მიუღებელია სასწავლო დაწესებულებებში პოლიტიკური მუხტის შეტანა.
„რატომ შეუშვეს ნინო ლომჯარია თსუ-ში? არ შეიძლება პოლიტიკური შინაარსის კრებები და შეხვედრები იმართებოდეს უმაღლეს სასწავლებლებში. უნივერსიტეტში პარტიულ გემოვნებებზე საუბარი, გარჩევები – ვინ რაშია მართალი, ეს პოლიტიკური ღონისძიებებია. ამას კანონი კრძალავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ სრულს ქაოსს, რაც დღეს უკვე გვაქვს ქვეყანის პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – აცხადებს მანანა ნიკოლაიშვილი.
რაც შეეხება “ქართული ოცნებიდან” დეპუტატების გასვლას, ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამაში გასაოცარს ვერაფერს ხედავს. მისი შეფასებით, ეს სრულებით ბუნებრივია პროცესია, როდესაც უმრავლესობის გადაწყვეტილებას პარტიის ცალკეული წევრები არ ეთანხმებიან. მან იმედოვნებს, რომ მმართველი გუნდიდან წასული პოლიტიკოსები არ მიბაძავენ მათ ყოფილ ზოგიერთ კოლეგას და არ დაიწყებენ „ქართული ოცნების“ უსინდისო დამუნათებას, „არ გახდებიან მორიგი ბესელიები და გახარიები“.
ანალიტიკოსის აზრით, როდესაც გუნდს ტოვებ, უნდა წახვიდე მანდატის დატოვებით, რათა პარტიას მიეცეს საშუალება, სიიდან სხვა დეპუტატები შეიყვანოს პარლამენტში.
“რამდენიმე პარლამენტარმა თქვა, რომ ტოვებენ მანდატს და მმართველ პარტიას. მათგან, მგონი ყველაზე გულწრფელი და გულახდილი დავით სერგეენკო იყო. დანარჩენების პასუხი, პირადად ჩემთვის არადამაკმაყოფილებელია, განსაკუთრებით ჩაჩიბაიასი, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე პარლამენტარობის მესამე წელს აღმოაჩინა, რომ ამისთვის მზად არ იყო. არასერიოზული განცხადებაა და ბადებს კიდევ მეტს შეკითხვებს”, – განუცხადა Dalma News-ს გია აბაშიძემ.
მისივე თქმით, ხელისუფლება ფორმაში იქნება, როდესაც მას კონსტრუქციულ ოპონირებას უწევენ სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა სპეციალისტები, მაგრამ დეზინფორმაციის გამეორება და იმ მესიჯბოქსში ყოფნა, რასაც ჰქვია ლევან ხაბეიშვილისა და მერაბიშვილის პარტია, სამარცხვინოა ნებისმიერი ქართველი პოლიტიკოსისთვის.
როგორც გია აბაშიძე განმარტავს, “ხალხის ძალის” კანონპროექტმა ლუსტრაცია მმართველ პარტიაშიც მოახდინა. განსაკუთრებით იმ სეგმენტში, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ პოლიტიკაში. ასევე, არასამთავრობოებს, სხვადასხვა პროფესორ-მასწავლებლებსა და ჟურნალისტებს შორის.
“პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც აკეთებენ პოლიტიკურ განცხადებებს, არიან “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები, ლექტორობის გარდა არიან აქტივისტები მიტინგებზე და პოლიტიკური აქტივისტები ტელესივრცეში. მაგრამ ამ კანონპროექტმა ასევე გამოავლინა ის სუსტი რგოლი, რომელიც არსებობს მმართველ პარტიაში. გამოჩნდა ის, თუ ვინ არის ბოლომდე ერთგული და ვინ არა. წასულებს ვერ დავარქმევ მოღალატეებს. პრინციპული პოზიციის შენარჩუნება არის დასაფასებელი”, – აცხადებს გია აბაშიძე.
შ. ქარჩავა