Covid-19-ის პანდემიის მსოფლიო ციებ-ცხელების ფონზე საქართველოში წინასაარჩევნო ციებ-ცხელება იწყება. მმართველი პარტია «ქართული ოცნება» პირველია, ვინც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის 30-ვე ერთმანდატიან ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. მმართველმა პარტიამ მაჟორიტარობის კანდიდატების სია 20 ივლისს, კოჯორში წარადგინა. ყოფილი მინისტრები, მოქმედი გუბერნატორები და, ასევე, მოქმედი პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, რეგიონებში ცნობადი სახეები, ექიმები, ეკონომისტები, იურისტები და ა.შ. ერთი სიტყვით, როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ძველი სახეები. «ოცნებაში» კი განმარტავენ, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატურები შემდეგი კრიტერიუმით შეარჩიეს: საზოგადოებაში ცნობადობა, კავშირი მოსახლეობასთან, მათი საარჩევნო რესურსი, პროფესიონალიზმი, კვალიფიკაცია.

მმართველ პარტიას ქალი კანდიდატი მხოლოდ რუსთავში ჰყავს. 4 შვილის დედა, ნინო ლაცაბიძე 2017 წლიდან თბილისის საკრებულოში ისნის მაჟორიტარი დეპუტატია.

«ქართული ოცნების» კანდიდატები

«ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით. „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში. ეს წარმატება ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ განვაგრძოთ წინსვლა», — განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

პრეზენტაციას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო და სიტყვითაც გამოვიდა. ივანიშვილმა არსებულ ხელისუფლებას ხალხზე მზრუნველი და ეფექტიანი უწოდა და მიაჩნია, რომ ამაში თავად მოსახლეობაც დარწმუნდა. მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნებში «ქართული ოცნება» კვლავ დამაჯერებლად გაიმარჯვებს. ივანიშვილმა Covid-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღწეულ პროგრესზეც გაამახვილა ყურადღება და მადლობა გადაუხადა ქართველ ეპიდემიოლოგებსა და ექიმებს, რომელიც მთავრობასთან ერთად, «თავდაუზოგავად იბრძვიან და ქვეყანა დიდ განსაცდელს აარიდეს».

ბიძინა ივანიშვილი

«ჩვენმა ხალხმა უკეთ დაინახა, რომ ჰყავს მზრუნველი და ეფექტიანი ხელისუფლება, რომლისთვისაც ადამიანი და მისი სიცოცხლე ყველაზე ღირებულია. ასეთი იყო «ქართული ოცნება» და ასეთად დარჩება ყოველთვის. ჩვენ, ყველამ ერთად შევიტანეთ წვლილი იმაში, რომ საქართველოს დღეს ვირუსისგან თავისუფალ, მწვანე ზონად მოიხსნიებენ», — განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მომდევნო წლების განმავლობაში «ქართული ოცნების» სამოქმედო გეგმა განათლება და ეკონომიკური კეთილდღეობა იქნება.

2020 წლის პარლამენტში, საქართველოს მოსახლეობა 75-ის ნაცვლად, უკვე 30 მაჟორიტარს აირჩევს. მმართველი პარტია არჩევანს ძველ და პოზიტიურ სახეებზე აკეთებს და მოსახლეობას პარლამენტში ასარჩევად, რამდენიმე გადამდგარი, მაგრამ წარმატებული მინისტრების კანდიდატურებს სთავაზობს, ესენია, ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, რომელიც თბილისში, საბურთალოს რაიონში იბრძოლებს პარლამენტარის მანდატისთვის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ექსმინისტრი კახა კახიშვილი, ის ისანში, გაერთიანებული ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ვაშაძეს დაუპირისპირდება და ლტოლვილთა და განსახლების ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც სამგორშია წარდგენილი და «ნაციონალური მოძრაობის» წევრ ლევან ხაბეიშვილს გაუწევს კონკურენციას.

თბილისის დანარჩენ ერთმანდატიან ოლქებში «ოცნებას» მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ასევე, ეყოლება: ბექა ოდიშარია – მთაწმინდა-კრწანისი; ნოდარ ტურძელაძე – ვაკე; გიორგი (გია) ვოლსკი – დიდუბე-ჩუღურეთი; ლევან კობიაშვილი – გლდანი; მიხეილ ყაველაშვილი – ნაძალადევი.

რეგიონებს რაც შეეხება, კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი – თელავის, ახმეტის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს და მასთან ერთად სხვა, რამდენიმე მოქმედი გუბერნატორი და მერი, მათ შორის, ზაურ დარგალი, შალვა კერესელიძე და სხვა.

«ოცნების» მიერ წარდგენილი დანარჩენი კანდიდატები არიან: დავით სონღულაშვილი, ზაურ დარგალი, გოგი მეშველიანი, შალვა კერესელიძე, გიორგი ხოჯევანიშვილი, ზაზა დუგლაძე, ანტონ აბოლაშვილი, სამველ მანუკიანი, ზაზა ლომინაძე, პაატა კვიჟინაძე, ბეჟან წაქაძე, გივი ჭიჭინაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ირაკლი ხახუბია, ალექსანდრე მოწერელია, ვასილ ჩიგოგიძე, რესან კონცელიძე, ზაალ მიქელაძე, ანზორ ბოლქვაძე და გოჩა ენუქიძე.

ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე «ქართული ოცნების“ სტრატეგიას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის ყველა კანდიდატი
საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სახეა დადებითი კუთხით. «ოცნებას» არ დაუწყია ახალი სახეების ძებნა, რომელთა საინფორმაციო და პიარუზრუნველყოფასაც დამატებითი დრო და რესურსი დასჭირდებოდა.

მისივე თქმით, რეგიონის ამომრჩეველი თბილისის ამომრჩევლისგან განსხვავდება. მისთვის უფრო ახლობელი და მისაღებია, ისეთი კანდიდატი, რომელსაც იცნობს და რომელსაც რეგიონისთვის რაღაც გაუკეთებია. არც იმას გამორიცხავს, რომ ჩატარებულიყო შიდა პარტიული კვლევები, მოსახლეობის ერთგვარი გამოკითხვა და ესეც ყოფილიყო ამგვარი გადაწყვეტილების საფუძველი.

ოპოზიციურ კანდიდატებს რაც შეეხება, ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებით, ყველაფერი წინასაარჩევნო დებატების დროს გამოჩნდება. წინასაარჩევნო კამპანია კი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული იქნება. ზაალ ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ კომპრომატების ნამდვილი ომიც გაიმართოს, დაიწყოს სახელისუფლებო კანდიდატების დისკრედიტაციის აქტიური კამპანია და სხვა. ასეთი მოლოდინის საფუძველს მას აძლევს «ენმ»-ის რადიკალიზმისკენ სწრაფვა.

«მე ვფიქრობ, რომ «ნაციონალური მოძრაობის» მხრიდან რეინკარნირებული „კმარას“ რესურსი იქნება გამოყენებული მაჟორიტარების დისკრედიტაციისთვის. ის მაჟორიტარები, ვინც გაერთიანებულმა ოპოზიციამ წარადგინა, მათ შორის, მელია, ხაბეიშვილი, ხოშტარია, ვაშაძე, ნათელაშვილი არიან ცნობადი სახეები და მათ წარდგენა არ სჭირდება, მაგრამ მათ საზოგადოება ძირითადად ნეგატიური კუთხით იცნობს, ვიდრე დადებითი», — განუცხადა Dalma News-ს ზაალ ანჯაფარიძემ.

მისი შეფასებით ოპოზიცია ვერ შეინარჩუნებდა ერთობას და ეს პროგნოზირებადიც იყო. მიზეზი კვლავ «ენმ»-ში მდგომარეობს, კერძოდ, ოპოზიციური პარტიების ერთიანობა სწორედ «ნაციონალურ მოძრაობას» სჭირდებოდა, რადგან დასავლეთისთვის ეჩვენებინა, საქართველოში ოპოზიცია ითხოვს საარჩევნო რეფორმებს. ამ ხერხმა იმუშავა. როდესაც დასავლეთში დაინახეს, რომ 18 ოპოზიციური პარტია ერთიანი ფრონტით ითხოვს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მათ ამ ინიციატივას მხარი დაუჭირეს. ახლა კი, როცა ნაციონალებმა მიაღწიეს მიზანს, მიიღეს მათთვის თითქოსდა სასურველი საარჩევნო სისტემა, ახლა კვლავ ორპოლუსიანი საარჩევნო გარემოს შექმნა სურთ.

«მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა ერთობამ თავისი ფუნქცია შეასრულა, «ნაციონალურ მოძრაობას» ზედმეტი ტვირთი აღარ სჭირდებოდა და მათ დაიწყეს პატარ-პატარა პარტიების ჩამოცილება. ერთი მხრივ ნაციონალურმა მოძრაობამ საკუთარი თამაში ათამაშა დანარჩენ ოპოზიცია, მაგრამ იმავე დროს, გაცოცხლდნენ მივიწყებული პარტიები. ამ გაერთიანებით ყველამ თავისი მიიღო», — აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ვლადიმერ ბოჟაძე

«ქართული ოცნების» სტრატეგიას დადებითად აფასებს ანალიტიკოსი ვლადიმერ ბოჟაძეც და მიაჩნია, რომ «ოცნების» გათვლა ოქტომბრის არჩევნების მოგებაზეა აქვს. მისივე მოსაზრებით, ოპოზიციისგან განსხვავებით, მაჟორიტარ კანდიდატებს „ქართული ოცნება“ არ წერს გამსვლელ პროპორციულ სიაში, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზღვევის მექანიზმი არ იქნება და ყველამ ბოლომდე უნდა იბრძოლოს გამარჯვებისთვის. რაც შეეხება ახალ სახეებს, შესაძლოა ვიღაც ელოდა, რომ «ოცნებას» 30-დან 29 ახალი სახე ეყოლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. მაჟორიტარულ ოლქში ახალი სახეების გამარჯვება რთულია, შესაბამისად ახალი სახეები, მაჟორიტარულ ნაწილში არც ოპოზიციას წარმოუდგენია. ლადო ბოჟაძის თქმით, ამომრჩეველი ახალ სახეებს უფრო პროპორციულ სიაში უნდა ელოდეს.

«მაჟორიტარულ ნაწილში 30 საარჩევნო ოლქი და 50% საარჩევნო ბარიერი დარჩა. ჯერ კიდევ 2016 წელს საარჩევნო ოლქების 2/3 -ში მეორე ტური ჩატარდა. იყო კონკურენტული საარჩევნო გარემო. ასეთივე კონკურენცია იქნება ახლაც, მით უფრო, პროპორციულ ნაწილში 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გვაქვს და პატარა პარტიებშიც გაიზარდა სურვილი მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. «ოცნების» გათვლა არის წარმატებაზე. წარმატებული მინისტრი იყო სერგეენკოც და კახიშვილიც. 2 ყოფილი მინისტრის წარმოდგენა მაჟორიტარულ ოლქებში ნიშნავს იმას, რომ «ოცნება» მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის იბრძვის. რაც შეეხება ძველ სახეებს, ანუ მოქმედი მაჟორიტარების შენარჩუნებას, ეს იმას ნიშნავს, რომ გუნდის ერთგულების პრინციპის გარდა ამ ადამიანებს აქვთ მხარდაჭერა საკუთარ მოსახლეობაში, ჰყავთ საკუთარი ამომრჩეველი, სხვა შემთხვევაში «ოცნება» არ გარისკავდა მათ წარდგენას», — განუცხადა Dalma News-ს ვლადიმერ ბოჟაძემ.

ექსპერტის მოსაზრებით, ბევრ საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში შეძლებს გამარჯვებას, მათ შორის, თბილისში, მაგრამ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში იქნება მეორე ტური.

ამ ეტაპზე ოპოზიციამ მაჟორიტარობის მხოლოდ 6 საერთო კანდიდატის დასახელება შეძლო და ისიც თბილისში. ბოჟაძის მოსაზრებით, დედაქალაქის 3 ოლქში, ოპოზიციის კანდიდატს უფრო მეტი რეიტინგი აქვს, რაც მხოლოდ და მხოლოდ ცნობადობის დამსახურებაა, ესენია ელენე ხოშტარია, ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე. რაც შეეხება ხაბეიშვილს, შავგულიძესა და ნათელაშვილს, ორგანიზაცია «ედისონ რისერჩის» ბოლო კვლევას თუ დავეყრდნობით, «ოცნება» თბილისის ამ რაიონებში ჯერ კიდევ დაუსახელებელი კანდიდატის შემთხვევაში იგებდა.

აღსანიშნავია, რომ 19 ივნისს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორსაათიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციამ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის თბილისის 8 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 6-ში საერთო კანდიდატები დაასახელა. ესენია: ვაკე — ელენე ხოშტარია («ევროპული საქართველო»), გლდანი – ნიკა მელია («ენმ»), ისანი – გიორგი ვაშაძე («ახალი საქართველო»), სამგორი – ლევან ხაბეიშვილი («ენმ»), ​მთაწმინდა-კრწანისი – შალვა შავგულიძე («თავისუფალი დემოკრატები») და ნაძალადევი – შალვა ნათელაშვილი (ლეიბორისტული პარტია). დარჩენილ ორ ოლქთან (დიდუბე-ჩუღურეთი და საბურთალო) დაკავშირებით ოპოზიციის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უცნობია.

როგორც ლადო ბოჟაძე ამბობს, ოპოზიციის ვერ შეთანხმება ცუდად აისახება მათ რეიტინგზე. შეუთანხმებლობა მოწმობს იმას, რომ ვერ ერთიანდებიან და ვერ თანხმდებიან.

«​ჯერ კიდევ 2018 წელს, გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ქართველი ამომრჩევლისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ დაევიწყებინათ და ეთქვათ, რომ ეს არის სხვადასხვა პარტიების ერთობა და „ენმ“ მხოლოდ ერთ სუბიექტად არის წარმოდგენილი. საარჩევნო ნომერი — 5 მათი იყო, საპრეზიდენტო კანდიდატიც მათი იყო, შესაბამისად, ეს გაერთიანება იყო ხელოვნური და მისი მიზანი იყო ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანა. „ედისონ რისერჩის“ კვლევაში გიორგი ვაშაძის ცალკე გაყვანა უკვე ნიშნავდა იმას, რომ «ნაციონალური მოძრაობა» ამ გაერთიანების დასაშლელად ემზადება და პირველ რიგში ვინც ეს გაერთიანება უნდა დატოვოს, არის გიორგი ვაშაძე, რომელსაც აქვს საკუთარი რეიტინგი, გუნდი და რესურსი, რომ დამოუკიდებლად გადალახოს 1%-იანი ბარიერი», — ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე.

მისივე თქმით, 1%-იანი ბარიერის შემთხვევაში ოპოზიციის ხმები იქნება ძალიან დაქსაქსული, ბევრ პარტიას ექნება ბარიერის გადალახვის პრეტენზია. აქედან გამომდინარე „ენმ“-ს აღარ რჩება ფუფუნება გაიმეტოს «ოცნების» წინააღმდეგ განწყობილი ხმები სხვა ოპოზიციური პარტიებისთვის და ეცდება მაქსიმალურად წაიღოს ასეთი ხმები, ანუ მოახდინოს პროცესის პოლარიზაცია.

«ყველა შემთხვევაში გვექნება მრავალპარტიული პარლამენტი, მაგრამ „ქართული ოცნების“ მყარი უმრავლესობა და ერთპარტიული მთავრობა. გიორგი გახარია კი, დიდი ალბათობით დარჩება პრემიერობის კანდიდატად», — ასეთია ლადო ბოჟაძის მოლოდინი 2020 წლის არჩევნების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს დიპლომატთა შუამავლობით მიღწეული შეთანხმების თანახმად, შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები 120/30 ფორმულით უნდა ჩატარდეს, მოქალაქეები 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული, 30-ს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევენ. პარტიებისთვის ამოქმედდება 1%-იანი პარიერი, თუმცა ეს მხოლოდ 2020 წლის მოწვევის პარლამენტისთვის, 2024 წლიდან კი, კვლავ 5%-იანი ბარიერი აღდგება. 1%-იანი ბარიერი ბევრ პოლიტიკურ პარტიას აძლევს საშუალებას გავიდეს პარლამენტში, ხოლო უკვე იქ ვისთან შეკრავენ ალიანსს, დრო გვიჩვენებს.

შორენა პაპაშვილი