ისლამიზაციის დონე აზერბაიჯანში – რამდენად მაღალია, წარმოადგენს თუ არა პრობლემას აღელვებული საზოგადოებისთვის და რამდენად აქტუალურია აზერბაიჯანში შიიტებად და სუნიტებად დაყოფა? ამ თემასთან დაკავშირებით, Dalma News-ის კორესპონდენტი რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის ყოფილ ხელმძღვანელს, პროფესორ რაფიკ ალიევს და აზერბაიჯანელ რეჟისორს, ფილოსოფოსს თეიმურ დაიმის გაესაუბრა.

რაფიკ ალიევი: – ისლამი აზერბაიჯანში თანდათანობით ვითარდება. სულ უფრო მატულობს რელიგიური ადამიანების რაოდენობა. ბევრია მორწმუნე, თუმცა, რელიგია და რწმენა ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ. რელიგიური ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად მომრავლდნენ, ყურანში ჩაწერილ ყველა კანონს და წეს-ჩვეულებას იცავენ. ამასთანავე, ისინი ნაკლებად აგრესიულები გახდნენ, ვიდრე ადრე იყვნენ. ჯერჯერობით, ასეთი რელიგიური ადამიანების მხრიდან რაიმე საშიშროებას ვერ ვხედავ. ისინი მშვიდობიანნი და შეგნებულნი გახდნენ. გარდა ამისა, ქვეყანაში არ არსებობს რაიმე ორგანიზაცია, რომელიც რელიგიური პოსტულატებით იხელმძღვანელებდა და საზოგადოებას საერთო ისლამიზაციისკენ მოუწოდებდა.

ჰიჯაბის, ჩადრის ტარების საკითხი დღის წესრიგში აღარ არის. უფრო მეტი პლურალიზმია. არსებობს შიიტი იმამი, რომელიც ტელევიზიით ქადაგებს, არსებობენ სხვა იმამებიც, რომლებიც სხვა გაგებით ქადაგებენ, თუმცა არავინ დაობს.

დიახ, არსებობენ ოდიოზური პიროვნებები, რომელთა გამონათქვამებზე შიიტები რეაგირებენ, თუმცა ეს ყველაფერი მხოლოდ განხილვის დონეზე ხდება და არა – კონფლიქტის.

რა თქმა უნდა, აზერბაიჯანში შიიტების და სუნიტების დაყოფის საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, დღეს კი, ბევრად უფრო აქტუალურია, ვიდრე ოდესმე. ცხადია, შიიტები ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ. მათ რიგებს, სულ უფრო მეტი ადამიანი ემატება. ამ ყველაფერში გარკვეული საშიშროებაც არსებობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანში შიიტები ხელისუფლების წინააღმდეგ ხელს არ აღმართავენ.

ხშირად ამბობენ, რომ აზერბაიჯანი – უნიკალური ქვეყანაა, სადაც მეჩეთებში შიიტები და სუნიტები ერთად ლოცულობენ. არსებობს ისლამის სხვადასხვა მიმდინარეობების წარმომადგენლებს შორის ასეთი ღრმა ურთიერთგაგება?

— ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში შიიტები და სუნიტები ერთად, ერთ მეჩეთში ლოცულობდნენ. შემდეგ დაიწყო ვაჰაბიტების გავლენა სუნიტებზე, ხოლო ტრადიციული შიიტები ირანთან უფრო დაახლოვდნენ. ახლა უკვე მწვავე დავები მიმდინარეობს, მაგრამ მეჩეთამდე ჯერ ვერ აღწევს. ერთად ლოცულობენ. დიახ, დაყოფა არსებობს, მაგრამ ერთმანეთის მიმართ მტრული დამოკიდებულება არ აქვთ.

მიხარია, რომ შიდა წინააღმდეგობრიობა ასეთი პასიურია. მაგრამ, მომავალში რა იქნება – ვერ ვიტყვი. თუმცა, ისლამიზაციის საფრთხეებს, ისლამური რევოლუციის საშიშროებას აზერბაიჯანში ვერ ვხედავ. ისლამი პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან როლს არ ასრულებს. რელიგია – თითოეული ადამიანის პირადი საქმეა.

თეიმურ დაიმი: – დიახ, სინამდვილეში ისლამიზაცია მიმდინარეობს. დინამიკა ცხადია, თუ შევადარებთ მაგალითად, 5 წლის წინანდელ ვითარებას. აშკარად ვხედავთ რელიგიური ადამიანების მომრავლებას. ეს განსაკუთრებით თავდაბურული ქალების მომრავლებით ჩანს. სტატისტიკური მონაცემები არ მაქვს, ვიღაც ალბათ, შესაბამის დაკვირვებებს აწარმოებს, თუმცა ტენდენცია სახეზეა.

აზერბაიჯანი – ეს არის ქვეყანა, სადაც შიიტი მოსახლეობა ჭარბობს. ისტორიულად ასეა. ამასთანავე, ისლამურ სამყაროში დომინირებს სალაფიზმი, ვაჰაბიზმი. სამწუხაროდ, ეს მიმდინარეობები აზერბაიჯანში საკმაოდ აგრესიული ფორმით იჭრება. სალაფიზმი და ვაჰაბიზმი – რადიკალური მიმდინარეობებია. თუ შიიზმის ზოგიერთი მიმართულება განჭვრეტას, ფილოსოფიურ ტოლერანტობას ითვალისწინებს, სალაფიზმი – მიმართულია აქტიური მოწოდებების და აგრესიულად გავრცელებისკენ.

სხვათა შორის, სალაფიზმის თანახმად, შიიტები მუსულმანები არ არიან და ისინი მტრებად მოიაზრებიან; უფრო მეტ მტრებად, ვიდრე მაგალითად, ამერიკელები და “ევროპელი ადამიანები”. სალაფიტების თვალსაზრისით, შიიტებმა თავდაპირველი ისლამი გარყვნეს.

მაგრამ აზერბაიჯანში შიიტები და სუნიტები ერთ მეჩეთში ლოცულობენ…

— აზერბაიჯანი – მულტირელიგიური სახელმწიფოა, ისტორიულად ასეა. ასე, რომ ტოლერანტობა ცხადია, არსებობს. თუმცა, არსებობს სალაფიზმის ფაქტორი. ვაჰაბიტი, სალაფიტი “ზომიერი სუნიტისგან” განსხვავებით, შიიტთან ერთად არასოდეს ილოცებს. საბედნიეროდ, “ზომიერი სუნიტები” უფრო ბევრნი არიან.

მაგრამ, რადიკალი სუნიტების რაოდენობა, სამწუხაროდ, იზრდება და ისინი შიიტური გავლენის აღმოსაფხვრელად დაჟინებით იბრძვიან. ეს ჩვენს თვალწინ ხდება. კიდევ ერთხელ ვიტყვი: აზერბაიჯანში, სუნიტები და შიიტები ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ. შეიძლება არსებობდეს სასულიერო განსხვავებები, რაც იწვევს მათ შორის გარკვეულ დავას. მაგრამ ახლა, რადიკალური სუნიზმი თავისი პოლიტიკური ვექტორით გააქტიურდა. ეს უკვე საზოგადოებისთვის არასასურველ გადახრებს იწვევს.

გარკვეული ხნის წინათ, ერთ-ერთმა მუსლიმმა თეოლოგმა განაცხადა, რომ ყველა სალაფიტი და ვაჰაბიტი სუნიტია, მაგრამ ყველა სუნიტი არ არის ვაჰაბიტი და სალაფიტი. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

— დიახ, ცხადია ვეთანხმები. სალაფიზმის და ვაჰაბიზმი – სუნიზმის რადიკალური ფრთა, რადიკალური განშტოებებია და ისინი სუნიტური საზოგადოების, გონების უმნიშვნელო ნაწილს მოიცავს. თუმცა, ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან. მოდით, გავიხსენოთ მაგალითად, რევოლუცია რუსეთის იმპერიაში. ქვეყნის მოსახლეობის 90-95%-ს ეს რევოლუცია არ სჭირდებოდა, მაგრამ უმცირესობის აქტიურობის წყალობით ის მაინც მოხდა. ასე, რომ ყურადღება ამ უმცირესობის აქტიურობასა და აგრესიულობას უნდა მიექცეს.

მიუხედავად ამისა, ისლამიზაციისგან რაიმე განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ვხედავ. ყოველ შემთხვევაში, ბაქოში ისლამური რევოლუციის წინაპირობები არ არსებობს. ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი საერო ხალხია. მათ, ასე ვთქვათ, “პირადი რწმენა” აქვთ. ბაქოში არ მინახავს სოციალური სტრუქტურის ელემენტის სეგმენტი, რომელიც ისლამურ რევოლუციას შეუწყობდა ხელს. ჩვენთან მსგავსი არაფერია. აზერბაიჯანში სეკულარიზმი ყოველთვის ჭარბობდა.

მამედ მამეზადე