საქართველოს გზებზე აგრესიულ მძღოლებს მალე, “ჭკვიანი კამერები” მოათვინიერებენ. იმ შემთხვევაში, თუ მძღოლს არ აღმოაჩნდება საკმარისი ჭკუა და საგზაო მოძრაობის წესების უგულვებელყოფით მოძრაობას არ მოიშლის, მას აუცილებლად დააფიქსირებენ ჩასაფრებული კამერები და ჯარიმაც გარდაუვალი იქნება.  საქართველოს გზებზე 3000 ვიდეოკამერა დამონტაჟდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდა.

“ჭკვიანი კამერებით” დაიფარება ავტობანები, ყველაზე მეტი კამერა კი თბილისში განთავსდება. ამის მიზეზი, სავარაუდოდ დედაქალაქში ავტომობილების სიმრავლეა, არც მძღოლები დაგიდევენ საგზაო წესების ზედმიწევნით დაცვას, ხან ღერძულა ზოლს კვეთენ, ხან ჩიხიდან, პირდაპირ მესამე, უკეთეს შემთხვევაში მეორე ზოლში დგებიან, ზოლიდან ზოლში გადასვლისას ციმციმას არაფრით ჩართავენ, არც შენსას ამჩნევენ, სიჩქარის გადაჭარბება აქ უკვე დამკვიდრებული წესია. ერთი სიტყვით, ქართველ მძღოლებს შორს გაუვარდათ სახელი, იმდენად შორის, რომ საქართველოში გამომგზავრებამდე ტურისტებს საკუთარ ქვეყანაში აფრთხილებენ, – ერიდონ ავტომობილებს…

მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობების ათბალიანი სისტემა ამოქმედდა, მძღოლებმა მეტ-ნაკლებად ისწავლეს ზებრა გადასასვლელზე სიჩქარის შენელება და ქვეითისთვის გზის დათმობა, მაგრამ ეს საერთო პრობლემას მაინც ვერ აგვარებს. თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეში ინოვაციური ტექნოლოგიები ჩართო.

“ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის”, – განაცხადა შს მინისტრმა ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრეზენტაციაზე.

“ჭკვიანი კამერების” ამოქმედება, პოლიციის მხარ-თეძოზე წამოწოლას არ ნიშნავს. როგორც ქვეყნის ძალოვან უწყებაში განმარტავენ, პოლიცია კვლავინდებურად დარჩება ქუჩაში და მძღოლებს დააჯარიმებს შუქნიშნის წითელ ფერზე გავლისთვის, ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, სიჩქარის გადაჭარბებისთვის, მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობისთვის. ადმინისტრაციული სამართალდარღვევები ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს ჯარიმის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინებით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება. ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში კი, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი ვიდეოჯარიმას, მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება, ხოლო რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება. საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარიმო ქვითარს უკვე საკუთარ ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოაქვეყნებს და 30-ე დღეს ის შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა. ფოტო, ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ახალი პროექტების გასაცნობად, შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში მედიის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევების გამოვლენისა და სატრანსპორტო ნაკადების მართვის პროცესთან დაკავშირებით. სტუმრებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს ცენტრში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე – “უსაფრთხო ქალაქი, უსაფრთხო რეგიონი, უსაფრთხო ქვეყანა”, რომელიც მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვიდეომონიტორინგის სისტემის შექმნას და საპოლიციო საქმიანობაში თანამედროვე ტექნოლოგიების უფრო მეტად გამოყენებას გულისხმობს.

“ჭკვიანი კამერების” იდეას მოქალაქეები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ. სიახლის მიმართ უმეტესობა ნიჰილისტურად განეწყო და ხელისუფლებას ურჩევენ, ცივილიზებულ მსოფლიოს ფეხი, მარტო ჯარიმების აღსრულებით კი არა, ხელფასების ზრდით აუწყონ. მოქალაქეების აზრით, უმჯობესია ხელისუფლებამ საგზაო ინფრასტრუქტურა მოაწესრიგოს და განათავსონ საგზაო მონიშვნები, რითაც უფრო აარიდებენ ადამიანებს ხიფათს.

არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, კამერების დამონტაჟების პროცესს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მიაჩნია, რომ ეს ღონისძიება საგზაო შემთხვევების და ზოგადად დარღვევების შემცირების თვალსაზრისით შედეგის მომტანი იქნება.

“3000 ათასი ჭკვიანი კამერების დიდი უმეტესობა, სავარაუდოდ თბილისში დამონტაჟდება, რადგან დედაქალაქში, რეგიონებთან შედარებით მეტი ავტომობილი მოძრაობს. ეს არის თანამედროვე ნაბიჯი გადადგმული თანამედროვე გამოწვევების აღმოსაფხვრელად, რაც დღეს გვაქვს არამარტო დედაქალაქში, არამედ მთლიანად ქვეყანაში. ე.წ. ჭკვიანი კამერების ჩართვა უკვე ძალიან დიდ შედეგს მოგვცემს საგზაო შემთხვევების და ზოგადად დარღვევების შემცირების თვალსაზრისით, ეს მექანიზმი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში მუშაობს და მან ძალიან კარგი შედეგები აჩვენა. ზუსტად ანალოგიური მოლოდინი გვაქვს აქაც”, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

მისი აზრით, ე.წ ჭკვიანი კამერები არა მხოლოდ ერთგვარი დამხმარე საშუალება იქნება პატრულისთვის, არამედ ამ ახალი ტექნოლოგიებს, საგზაო უსაფრთხოების თვალსაზრისით წამყვანი ფუნქცია ექნება. თანამედროვე ტექნოლოგიებს დღეს უკვე, ყველა გამოცდილ ქვეყანაში აქვს ძირითადი ფუნქცია, ვიდრე ადამიანურ რესურს და პოლიციას.

პოლიციის მიერ აღსრულება მაინც გუშინდელი ნაბიჯია, ხოლო – ხვალინდელი კამერების გამოყენება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, 2016 წელს გამოქვეყნებული ავტოავარიების სტატისტიკის თანახმად, საგზაო შემთხვევების შედეგად 581 ადამიანი დაიღუპა და 9 951 დაშავდა. 2015 წელთან შედარებით, საგზაო შემთხვევების რაოდენობა 7%-ით გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი 3%-ით შემცირდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 8%-ით არის გაზრდილი. წინა წელთან შედარებით საგზაო შემთხვევების რაოდენობამ 9%-ით მოიმატა თბილისში, დაღუპულთა რიცხვი ასევე 9%-ით არის გაზრდილი.

2016 წელს საპატრულო პოლიციის სამოქმედო ტერიტორიაზე 154 ქვეითი დაიღუპა, 2159 კი, დაშავდა. თბილისში, შარშან 59 ქვეითი დაიღუპა, 1410 – დაშავდა. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, დაღუპულ ქვეითთა მაჩვენებელი თბილისში 4%-ით არის გაზრდილი.

საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი მიზეზები მანევრირების წესების დარღვევა, მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება და საავტომობილო საშუალების ნასვამ მდგომარეობაში მართვაა.

ავტორი: გიორგი ქართველი