აზერბაიჯანისთვის და მათთვის, ვინც ამ ქვეყანასთან არიან დაკავშირებულნი, 31 დეკემბერი – მხოლოდ წარმავალი წლის ბოლო დღე კი არ არის, არამედ მსოფლიოს აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღესასწაულია. ამ დღეს მსოფლიოს დაახლოებით 70 ქვეყანაში მილიონობით აზერბაიჯანელი აღნიშნავს. Dalma News-ის კორესპნოდენტი აზერბაიჯანული დიასპორის წარმომადგენლებს გაესაუბრა, რომლებმაც საზღვარგარეთ თანამემამულეებს შორის ურთიერთობაზე და ამ დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

მსოფლიოს აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღე პირველად ჰეიდარ ალიევმა, რომელიც მაშინ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი მეჯლისის თავმჯდომარე იყო, 1991 წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა. ეს თარიღი შემთხვევით არ შეირჩა. 1989 წლის 31 დეკემბერს ასსრ-ის ნახიჩევანის ტერიტორიაზე ადამიანების ჯგუფმა გაარღვია საბჭოთა-ირანული საზღვარი და მდინარე არაზი გადალახეს, რათა თავიანთ ირანელ თანამემამულეებს შეხვედროდნენ. იმ დღეს სტამბულში ისტორიაში პირველი “აზერბაიჯანელთა მსოფლიო კონგრესი” გაიხსნა. 31 დეკემბერს მსოფლიო აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღედ გამოცხადებას სწორედ ეს ორი მოვლენა დაედო საფუძვლად.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, საზღვარგარეთ 50 მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. მათგან ყველაზე მეტი ირანში – 30 მილიონი, თურქეთში – 3 მილიონი და რუსეთში -2 მილიონი ეთნიკური აზერბაიჯანელია.

ხაკიმ იბრაგიმოვი, სპორტსმენი (აზერბაიჯანი)

“ჩვენ მართლაც მეგობრული და ყურადღებიანი ხალხი ვართ – ვცდილობთ გაჭირვებაში მარტო არ დავტოვოთ, არა მხოლოდ ახლობელი, არამედ უცხო ადამიანიც კი, რომელსაც ჩვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდება. სანამ ბაქოში გადმოვიდოდი, ჩემი ოჯახი დიდი ხნის განმავლობაში შუა აზიაში ცხოვრობდა და კარგად მახსოვს, ჩემი მშობლები თანამემამულეებთან მჭიდრო კავშირს რომ ინარჩუნებდნენ. ხშირად იყრიდნენ თავს ერთად, განსაკუთრებით, დღესასწაულებზე და ერთმანეთის დახმარებას ყოველთვის ცდილობდნენ”, – ამბობს ხაკიმ იბრაგიმოვი.

ხაკიმ იბრაგიმოვი

“ბოლო დროს ინდივიდუალიზმის ტენდენცია შეინიშნება, რაც ეგოცენტრიზმით გამოიხატება. შესაძლოა, ეს ევროპული კულტურის გავლენაა, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთობის უხილავი ძაფები არ დავკარგოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნის და ერის წინაშე არსებული პრობლემების გადალახვა. რაც შეეხება მსოფლიოს აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღეს, ამ დღესასწაულზე მრავალმხრივი დამოკიდებულება მაქვს. ერთის მხრივ, ამ დღესასწაულის არსებობის აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც ერის ერთობა და სოლიდარობა მხოლოდ დღესასწაულებზე არ უნდა გვახსენდებოდეს. მეორეს მხრივ, ეს კიდევ ერთი ოფიციალური საბაბია იმისა, რომ შევიკრიბოთ და ვისაუბროთ იმ საკითხებზე, რაც გვაერთიანებს”, – მიაჩნია ხაკიმ იბრაგიმოვს.

ელნარა მამედოვა, სტომატოლოგი (უკრაინა)

“ჩემი მშობლები უკრაინაში 1988 წელს გადავიდნენ. ადრე ხარკოვში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ბევრი ნათესავი და მეგობარი გვყავდა, მაგრამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანელების უმრავლესობა სამშობლოში დაბრუნდა. არ დაგიმალავთ, ჩვენი ოჯახიც სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს, თუმცა უკრაინა ჩვენთვის უკვე მეორე სახლია და რთული იქნება აქედან გამგზავრება. მიუხედავად იმისა, რომ აქ ნათესავები არ გვყავს, თავს მარტოდ სულაც არ ვგრძნობთ, რადგანაც უკრაინაში დაახლოებით ნახევარი მილიონი აზერბაიჯანელი ცხოვრობს და თითოეული მათგანი მზად არის ჭირში თუ ლხინში გვერდში დაგიდგეს”, – ამბობს ელნარა მამედოვა.

ელნარა მამედოვა

“გულწრფელად, რომ გითხრათ, აზერბაიჯანელების სოლიდარობის დღის შესახებ, რამოდენიმე წლის წინ შევიტყვე, მაგრამ ბოლო დროს ვატყობ, რომ უკრაინაში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს შორის, რომლებისთვისაც ისტორიული სამშობლო და აზერბაიჯანელი ხალხის ერთობა მნიშვნელოვანია, სულ უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს. სხვათა შორის, უკრაინაში სოლიდარობის დღეს მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელები კი არ აღნიშნავენ, არამედ ისინიც, ვინც აზერბაიჯანში დაიბადა და გაიზარდა”, – დასძინა მან.

ბაირამ რუსტამოვი, პედაგოგი (უზბეკეთი)

“უზბეკეთში დაახლოებით 70 ათასი აზერბაიჯანელი ცხოვრობს. ყოველწლიურად აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო უზბეკეთში ჰეიდარ ალიევის სახელობის აზერბაიჯანულ კულტურულ ცენტრთან ერთად საბანკეტო დარბაზებში, ან კულტურული ცენტრის შენობაში ახალი წლის და აზერბაიჯანელების სოდირადობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ცერემონიალს აწყობს. რაც შეეხება, ჩვენი ოჯახის ტრადიციას, არცერთი საახალწლო სუფრა არ ჩაივლის აზერბაიჯანელების და ჩვენი ერის მშვიდობის სადღეგრძელოს გარეშე”, – ამბობს ბაირამ რუსტამოვი.

ბაირამ რუსტამოვი

“სინამდვილეში, სოლიდარობის დღე ძალზედ მნიშვნელოვან როლს ასრულებს მსოფლიოში გაბნეულ აზერბაიჯანელ ახალგაზრდობას შორის. უფროსი თაობა, უფრო მეტად ინარჩუნებს კავშირებს თანამემამულეებთან, რასაც ახალგაზრდობაზე და მომავალ თაობაზე ვერ ვიტყვით. ამიტომაც ამ დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, არა მხოლოდ დიასპორის წარმომადგენლების გაერთიანებით არის გამოწვეული, არამედ იმითაც, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა არ დაივიწყონ საკუთარი ფესვები, კულტურა და ისტორია. თუმცა, ჯერჯერობით, ამ დღეს აზერბაიჯანელები მასობრივად არ აღნიშნავენ, რის გამოც მას საერთო-სახალხო დღესასწაულს ვერ ვუწოდებთ. იმედია, მომავალში ვითარება შეიცვლება”, – დასძინა რუსტამოვმა.

ელნარა ნაზიროვა, მეან-გინეკოლოგი (გერმანია)

“2009 წელს, ევროკავშირის ცისფერი ბარათის ფარგლებში საოჯახო ვიზით გერმანიაში გადავედით. ცხადია, რთული იყო ახალ ცხოვრებასთან შეგუება, რადგან არც გერმანული ენა ვიცოდით და ევროპული მენტალიტეტიც უცხო იყო ჩვენთვის. ყველაფრის მიუხედავად, წარმატებით გადავლახეთ ყველა სირთულე და ახალი ცხოვრება დავიწყეთ. ძალიან დაგვეხმარნენ ჩვენი თანამემამულეები, რომლებიც გერმანიაში გავიცანით. იმ ქალაქში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ნიურნბერგში დაახლოებით ათასამდე აზერბაიჯანული ოჯახია, ხოლო მთელი გერმანიის ტერიტორიაზე -200 ათასზე მეტი აზერბაიჯანელი”, – ყვება ელნარა ნაზიროვა.

ელნარა ნაზიროვა

“გერმანიაში მცხოვრები აზერბაიჯანელები ყველანაირად ცდილობენ ერთად იყვნენ და ერთმანეთს მხარი დაუჭირონ, რადგანაც აქ ცოტანი ვართ და ძალიან გვენატრება სამშობლო. სამწუხაროდ, წელს თანამემამულეებთან ერთად ვერ აღვნიშნავ სოლიდარობის დღესასწაულს, რადგან 31 დეკემბერს საავადმყოფოში ვმორიგეობ. თუმცა ჩემი ოჯახის წევრები ამ დღეს მეგობრებთან ერთად იზეიმებენ”, – დასძინა ნაზიროვამ.

ლეილა ალიზადე