წიგნი განსაკუთრებული ანდამატია, ერთგვარი დროის მანქანაა, სადაც, სულ სხვა ეპოქიდან, სულ სხვა გარემოდან მისული დიპლომატივით, მარტომ უნდა იმოგზაურო. თან ისე, რომ იმ სამყაროს მთავარი პრინციპები არ დაარღვიო და უკან დაბრუნებისას ყველაფერი ხელუხლებლად დატოვო. წიგნი ერთი დიდი სახელმწიფოა, სადაც ცუდი განზრახვით ვერ შეაღწევ, ვერაფერს დაანგრევ, ან ააშენებ. ის საკუთარ წესებს გთავაზობს, თვალსაწიერს გიფართოვებს და უამრავ საკითხზე იწყებ ფიქრს.

წიგნის საერთაშორისო დღეს, 23 აპრილს, საქართველოს ეროვნული არქივი უნიკალური გამოფენით გამოეხმაურა. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა, პირველად ეხილა ეროვნული არქივის სამეცნიერო-საცნობარო ბიბლიოთეკაში დაცული, XVIII-XIX საუკუნეებში თბილისში, ქუთაისში, კონსტანტინოპოლში, კრემენჩუკში, მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში, ვენეციაში, რომსა და მონთობანში გამოცემული უნიკალური ქართული სასულიერო და საერო ხასიათის წიგნები. ექსპონატები ყვებოდნენ არა მხოლოდ საკუთარი შემქმნელების, არამედ იმ ქართული თუ უცხოური სტამბების შესახებ, სადაც ისინი იბეჭდებოდნენ. წიგნის შემკულობაში, მელნისა და ფურცლის ხარისხში, მის თემატიკაში, კარგად იკითხება ქვეყნის ისტორია, იმ ეპოქის კულტურული, პოლიტიკური, თუ ეკონომიკური ყოფა-ცხოვრება. საინტერესოა წიგნებში გაკეთებული მინაწერებიც, რომლებიც მომენტალურად ამოკლებენ იმ სამსაუკუნოვან გზას, რომელიც ქართული ნაბეჭდი წიგნის დაბადებასთან გვაშორებს. მაგალითად, 1812 წლის 15 აპრილს, თბილისში თოვლი მოსულა და თურმე, მთელი ერთი კვირის განმავლობაში უთოვია. ამის შესახებ, ერთ-ერთ ძველნაბეჭდ წიგნში გაკეთებული მინაწერიდან შევიტყეთ.

პირველი ნაბიჯები

პირველი ნაბეჭდი ქართული წიგნი 1629 წელს, რომში გამოვიდა – ქართული ანბანი ლოცვებითურთ და ქართულ-იტალიური ლექსიკონი. მე-18 საუკუნეში თბილისშიც მოეწყო სტამბა და უკვე 1709 წელს პირველი ქართული წიგნი, “სახარება” დაიბეჭდა, რომელიც ეროვნული არქივის საცავში ინახება. მეფე ვახტნაგ VI-მ სტამბა 1708-1709 წლებში, თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, სპეციალურად აგებულ შენობაში გახსნა. რუმინეთიდან, ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, ოსტატი მიხაი იშტვანოვიჩი მოუწვევია. აღსანიშნავია თავად ანთომოზ ივერიელის ღვაწლიც, რომელიც საკუთარი სახსრებით აშენებდა სტამბის სახლებს და ამგვარად ეხმარებოდა მეფეს მნიშვნელოვან წამოწყებაში.

ეროვნულ არქივში მოწყობილი გამოფენაც, სწორედ ვახტანგისეული სტამბიდან დაიწყო და ქრონოლოგიურად გაგრძელდა. წარმოდგენილი იყო არა ერთი ძველი წიგნი თუ ფოტომასალა. დამთვალიერებელს შეეძლო საკუთარი თვალით ენახა, პირველი ქართული შრიფტი, როგორ ზრუნავდნენ წიგნის დიზაინზე და რა გამოარჩევს ვახტანგის სტამბა სხვებისგან.

ქართული ძველნაბეჭდი წიგნი კონკურენციას ხელნაწერ წიგნს უწევდა. ამის გამო, თითქოს მესტამბეები თავსაც იმართლებდნენ და განმარტავდნენ, რომ წიგნის ბეჭდვა ტექსტის უცვლელად შენარჩუნების გარანტი იყო. ხელნაწერ წიგნში კი, დროთა განმავლობაში ტექსტი იცვლებოდა და მკითხველამდე პირვანდელი სახით ვეღარ აღწევდა. სიახლეს ქართველი სასულიერო პირები დადებითად შეხვდნენ და ძალიან მალე, ღვთისმსახურების წესის შესრულებისას ძველნაბეჭდი წიგნებით ხელმძღვანელობდნენ.

18033129_1743214182362718_2987086168103072744_nროგორც Dalma News–ს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა თეონა გელაშვილმა განუცხადა, ვახტანგის სტამბებში ძირითადად სასულიერო ხასიათის წიგნები იბეჭდებოდა, ერთადერთი საერო ხასიათის წიგნი, რომელიც 1712 წელს დაიბეჭდა, პოემა “ვეფხისტყაოსანია”. ძველნაბეჭდი წიგნების საკმაოდ დიდი კოლექცია აქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასაც.

“ვახტანგისეული სტამბის წიგნები გამორჩეულია თავისი სპეციფიკით. ბეჭდვა მიმდინარეობდა ორ ფერში – შავი და წითელი, რაც იმ დროისთვის ძალიან დიდი ფუფუნება იყო. წიგნში გამოყენებულია, როგორც ნუსხური, ასევე მხედრული დამწერლობის შრიფტი. თითქმის ყველა წიგნში ჩართულია ვახტანგის პორტრეტი და ბაგრატიონთა გერბი. ტექსტის ბოლოებს განსაკუთრებული თავსამკაულები აქვთ. ძალიან ხშირად გვხვდება მესტამბეებისა და ტექსტის გამავრცელებლების მიმართვები”, – აცხადებს თეონა გელაშვილი.

რამდენიმე წლის შემდეგ, საქართველოში განვითარებული პოლიტიკური პროცესების გამო, ვახტანგ მეექვსე მოსკოვში გაემგზავრა. მას თან გაჰყვა განათლებული ადამიანების დიდი არმია, მათ შორის სტამბის მუშაკები. ამგვარად შეიქმნა კარგი პირობა იმისთვის, რომ წიგნების ბეჭდვა მოსკოვსა და პეტერბურგშიც გაეგრძელებინათ.

“1738-1744 წლებში გამოცემულ წიგნები, ვახტანგის სტამბის სამართალმემკვიდრენი არიან. შრიფტი, გაფორმება, ტექსტის აწყობის პრინციპი თითქმის იგივეა. აქაც გვხდება ვახტანგის პორტრეტი, ბაგრატიონთან გერბი. ანუ მოსკოვისა და პეტერბურგის სტამბები, საქართველოში ვახტანგის სტამბის გაგრძელებაა, რომელიც ამიერკავკასიაში პირველი სტამბა იყო”, – განმარტავს ახალგაზრდა მეცნიერი.

ახალი სიცოცხლე

თბილისში სტამბის აღდგენა მეფე ერეკლე II-ის სახელს უკავშირდება. 1748 წელს, მას შემდეგ, რაც მეფემ თბილისი სპარსელებისგან გაათავისუფლა, ქვეყანაში კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესები დაიწყო. ერეკლეს სტამბაში პირველ ეტაპზე გამოცემული წიგნები შედარებით მდარე ხარისხისაა, სხვადასხვა ფურცელზე ბეჭდავენ, მელანიც ცუდია, არც შრიფტია საგანგებოდ ჩამოსხმული. მესტამბეები ხშირად ებოდიშებიან მკითხველს, იმის გამო, რომ ვერ სთავაზობენ მაღალი ხარისხის წიგნებს, რადგან ამას მთელი რიგი პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები ახლდა თან.

1780-იანი წლებიდან, ერეკლე მეორე კონსტანტინოპოლიდან იწვევს მესტამბეს და იმ პერიოდიდან იზრდება ერეკლეს სტამბის წიგნების ხარისხი, მრავალფეროვანია თემატიკაც. მესტამბე ქრისტეფორე გურამიშვილის ინიციატივით, წიგნებს ბოლოში კალენდრის სახით ურთავენ ინფორმაციას გარკვეული თარიღებისა და ისტორიული ფაქტების შესახებ, რაც ზრდიდა მკითხველის დაინტერესებას და წიგნის ტირაჟს.

ერეკლეს სტამბა 1795 წელს, აღა-მაჰმად ხანის შემოსევის გამო გაუქმდა, მაგრამ ქართულმა სტამბამ თავი ახლა დასავლეთ საქართველოში იჩინა. 1800 წლიდან სტამბა იმერეთში, სამ სხვადასხვა ადგილას იწყებს ფუნქციონირებას. იმერეთის მეფე სოლომონ მეორე ქუთაისში, საკუთარი სახსრებით აარსებს სტამბას, სადაც 1803 წელს პირველი წიგნი დაიბეჭდება. 1815-17 წლებში კი სტამბა გვხვდება საჩხერეში, თავადების გრიგოლ და ზურაბ წერეთლების სასახლეში, სადაც აქტიურად იბეჭდებოდა “სახარება”.

როგორც თეონა გელაშვილი განმარტავს, იმერეთის სტამბის წიგნები გამორჩეულია თავისი გარეგნული ფორმით, სხვა წიგნებთან შედარებით მინიატურული ზომისაა. მესტამბეები დიდ ყურადღებას უთმობენ დიზაინს, ყდის შემკულობას, ფურცლები ოქროსფრად არის დაფერილი.

“XVIII საუკუნის 60-იანი წლებიდან, ქართული წიგნები უკვე იბეჭდება ვენეციაში, კონსტანტინოპოლში და მონთობანში (საფრანგეთი). სამივე ადგილას ქართული წიგნის ბეჭდვა ერთ პიროვნებას, პეტრე ხარისჭარაშვილს უკავშირდება, რომელმაც ქართული შრიფტი პირველად ვენეციაში, წმინდა ლაზარეს მონასტრის, სომეხი კათოლიკე ბერების მონასტერში ჩამოასხა და პირველად იქ დაიბეჭდა ქართული წიგნი. უცხოეთში ქართული სტამბები არ არსებობდა, თუმცა ქართული წიგნები ადგილობრივი სტამბების ბაზაზე იბეჭდებოდა”, – აცხადებენ ეროვნულ არქივში.

XVIII საუკუნის 50-იანი წლებიდან, ქართული სტამბა არსებობს უკვე პეტერბურგში და მოსკოვში – სინოდის სტამბა. ხოლო 80-იანი წლებიდან თბილისში დაახლოებით 42 სტამბა იწყებს ფუნქციონირებას და ეს საქმე აღარ ჩერდება. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ძველ ქართულ სტამბებში იბეჭდებოდა წიგნები სომხურ, რუსული და სხვა ენებზე.

საქართველოს ეროვნულ არქივში 250 ძველნაბეჭდი წიგნი ინახება. ეროვნულ არქივის ბიბლიოთეკის საცავში არაერთი რესტავრატორი მუშაობს, რათა ამ უნიკალურ წიგნებს, რაც შეიძლება მეტად გაუხანგრძლივონ სიცოცხლე. წიგნის ძირითადი მტერია – მტვერი, ობი და ჭია, ხოლო მთავარი მტერი – დრო. 3 საუკუნე კი ამისთვის, საკმაოდ დიდი დროა.

“წიგნებზე დართული მინაწერები სხვადასხვა დროს არის შესრულებული: ზოგან წიგნის მფლობელი საკუთარ მოსაზრებებს წერს, ზოგი რამე ფაქტს ასახავს. მეფე ერეკლეს სტამბის წიგნებში ძალიან ხშირად შეხვდებით მინაწერებს, რომლებიც მისი საგმირო საქმეების შესახებ მოგვითხრობს, ზოგჯერ ხალხური ლექსიც აქვთ მიძღვნილი. ამით უფრო მეტად ცოცხლდება წიგნი და, თითქოს, იმ ეპოქასა და დღევანდელობას შორის წყვეტა აღარ არსებობს. ზოგ წიგნში უბრალოდ ოჯახის წევრების ჩამონათვალს წააწყდებით, ეს ყველაფერი იმდენად სასიამოვნოა, რომ გსიამოვნებს წარსულის კიდევ ერთხელ გახსენება. იმ ეპოქის მონაწილე ხდები”, – ამბობს თეონა გელაშვილი.

რარიტეტული წიგნების დროსა და სივრცეში მოგზაურობის, მისი მფლობელებისა თუ წიგნის თანადროული ისტორიული ფაქტების შესახებ ინფორაცია მალე, ერთ კატალოგში მოიყრის თავს, რომელიც წლის ბოლომდე გამოიცემა. პროექტი მიზნად ისახავს, ძველი წიგნების ტექნიკურ აღწერილობასთან ერთად, საზოგადოებას ბევრი საინტერესო მინაწერები და ისტორიული ფაქტი გააცნონ, რომლებიც წიგნის ფურცლებმა უნებურად შემოგვინახეს.

ავტორი – შორენა პაპაშვილი

ფოტო – საქართველოს ეროვნული არქივი