ფარაჯანოვში ყველაფერი გაოცებს და გხიბლავს. მისი ფანტასტიკური კოლაჟებით დაწყებული, აზრებით, ორიგინალური გამონათქვამებით და ფილმებში მისი ნოვატორული სახეებით დამთავრებული, რომლებიც არც მანამდე და რაც მის შემდეგ, არავის შეუქმნია. “თავისუფალი ადამიანისთვის საშიში”, – ასე შეაფასა ერთ-ერთმა უკრაინელმა კრიტიკოსმა ფარაჯანოვი, რომელსაც წელს 95 წელი შეუსრულდებოდა.

მეამბოხე და ექსცენტრული

ფარაჯანოვი ერთ-ერთი ყველაზე არაორდინალური ფიგურაა კინემატოგრაფიის და საერთოდ, ხელოვნების ისტორიაში. ეპათია, გაურკვევლობა, პროვოცირება – მისი სტილი იყო, რისთვისაც, არც ცხოვრებაში და არც შემოქმედებაში არ უღალატია. 1964 წელს, ფარაჯანოვმა დაასრულა მუშაობა ფილმზე «Тени забытых предков» (“მივიწყებული წინაპრების აჩრდილები”). ამ ფილმისთვის მან, 1966 წელს, კიევში გამართულ საკავშირო კინოფესტივალის ჯილდო მიიღო. დასავლეთში იგივე ფილმი სახელწოდებით «Огненные кони» (“ცეცხლოვანი რაშები”) აჩვენეს. საბჭოთა გაზეთი «Правда» წერდა, რომ ამ ფილმის საყურებლად პარიზის კინოთეატრში მთელი რამე რიგები იდგა! საბჭოთა კავშირში კი აღნიშნულ ფილმზე გარკვეული შეზღუდვა იყო დაწესებული და 16 წლამდე ახალგაზრდებს მისი ნახვა არ შეეძლოთ, რადგან საკმაოდ თამამი სცენა იყო გადაღებული, სადაც მსახიობი ტატიანა ბესტაევა შიშვლდებოდა. წარმოიდგინეთ, 1964 წელს, საბჭოთა კავშირში, ფარაჯანოვმა გადაიღო ფილმი, სადაც ქალი გაშიშვლდა. მაშინ ეს ნამდვილი სენსაცია იყო. ფარაჯანოვის მომდევნო ფილმები, კიდევ უფრო საოცარი იყო. რეჟისორმა თავისი საკუთარი ენა შექმნა კინემატოგრაფიაში, რომლითაც მაყურებლებთან საუბარს ახერხებდა.

როდესაც პირველად ვნახე საიათ-ნოვას ცხოვრების და მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმი “ბროწეულის ფერი”, მივხვდი, რომ მჭირდებოდა სახელმძღვანელო, ერთგვარი ლიბრეტო, რათა შინაარსი უფრო ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ჩვეულებრივი კადრობრივი ტექსტის გარეშე, ფილმი ნათელი სიმბოლური გამოსახულებებით ივსება, რაც მაყურებელში იმაზე სიღრმისეულ გრძნობას იწვევს, ვიდრე ჩვეულებრივი თანაგრძნობა. ინოვაციური ენა, რომელიც დასავლეთში მაყურებლისთვის გასაგები იყო, სამშობლოში სრულიად უცხო აღმოჩნდა და ხელისუფლებამ დაიწუნა. გადაღებული ვიდეომასალა, დიდი ხნის განმავლობაში თაროზე იყო შემოდებული. ფარაჯანოვმა ფილმის გადაკეთებაზე უარი თქვა. შედეგად ის, რეჟისორმა სერგეი იუტკევიჩმა დაამონტაჟა. ნეგატივი ამოჭრეს, ფილმის შინაარსი გააბუნდოვნეს. ამბობენ, ფილმი ძალიან შორს იყო რეჟისორის თავდაპირველი ჩანაფიქრისგან. ფარაჯანოვის მიერ გადაღებული მასალა “სომხურფილმის” სარდაფებში დარჩა.

მომდევნო ფილმზე მუშაობა ფარაჯანოვმა, ძალიან მალე დაიწყო, მაგრამ ექსცენტრული შეტევების გარეშე ცხოვრება მისთვის გაუსაძლისი იყო. საინტერესოა, კულტურის რომელ მოღვაწეს მოუვიდოდა თავში პოლიტბიუროს წევრების ინტიმურ პრეტენზიებში დადანაშაულება. ფარაჯანოვმა იუმორის გრძნობით, ოდიოზურობით და გამბედაობით მოიძულა ყველა ის საშიშროება, რომელიც ცხოვრების გზაზე შეიძლებოდა შეხვედროდა. ერთ-ერთ უცხოურ გამოცემასთან საუბარში აღიარა, რომ სკკპ-ს ცენტრალური კომიტეტის ოცამდე წევრი მისი კეთილგანწყობის მოპოვებას ცდილობდა. რეაქცია მყისიერი იყო. უფრო მეტიც, სამართლებრივი მუხლი, რომლის მიხედვითაც ფარაჯანოვს ციხეში ჩასვამდნენ, ვერ მიუსადაგეს, რადგანაც ხელჩასაჭიდი არაფერი ჰქონდათ. მთელი რიგი ვარიანტების განხილვის შემდეგ, გადაწყვიტეს იგი მამათმავლობაში დაედანაშაულებინათ. მოწმეც კი იპოვეს, რომელმაც რეჟისორი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. ერთი სიტყვით, ხელისუფლებამ იგი ციხეში 5 წლით გამოკეტა. გათავისულების შემდეგ კი, სცენარების წერა დაიწყო.

სერგეი ფარაჯანოვის მთელი ცხოვრება სირთულეების გადალახვისგან შედგებოდა, როგორც პროფესიონალურ, ისე პირად სფეროში. კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტში სწავლობდა, როცა ლამაზი გოგონა, სახელად ნიგიარი შეუყვარდა. წყვილი დაქორწინდა. ამის შესახებ ნიგიარის ძმებმა შეიტყვეს და თათრული წესებისამებრ, დიდი გამოსასყიდი მოითხოვეს. სერგეის ფული არ ჰქონდა, ამიტომ ნიგიარისგან მისი ძმები მოითხოვდნენ, რომ უსაქმური მეუღლე მიეტოვებინა. გოგონა უარზე იყო. ძმები მას ამის გამო სასტიკად მოექცნენ, მოძრავი მატარებლის ქვეშ ჩააგდეს და მოკლეს. ფარაჯანოვი ძალიან დიდხანს გლოვობდა და განიცდიდა. დრო გადიოდა. მოგვიანებით იგი უკრაინაში გაემგზავრა და იქ თავის მეორე მეუღლეს შეხვდა. ახალდაქორწინებულებს მალე ვაჟი შეეძინათ. ოჯახში მალე იფეთქა განხეთქილებამ, ცოლმა ვერ გაუძლო ნიჭიერი ქმრის უცნაურობებს, შვილს ხელი მოკიდა და წავიდა. გენიალური ადამიანისთვის დამახასიათებელი უცნაურობები ფარაჯანოვს საკმარისზე მეტი ჰქონდა.

ადამიანები, რომლებსაც რეჟისორი უყვარდათ, ამ უჩვეულო ქცევებს პატიობდნენ. თუმცა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ხშირად კამათობდნენ მასთან და ვერ უძლებდნენ მის არაორდინალურ ქცევებს.

კეფირის სახურავის მედალი

სამყარო სპირალურად მოძრაობს და ყველა მოვლენა და ხალხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. მოზარდობის ასაკში ერთი ქართული ფილმი ვნახე. კარგი, კეთილი, თბილი. მას “ჩიორა” ჰქვია. ჩვენი ეზოს ბავშვებმა მოვილაპარაკეთ, პრემიერაზე ერთად წავსულიყავით, მაგრამ ისინი ჩემს გარეშე წავიდნენ. ძალიან გავბრაზდი. დიდხანს ვბრაზობდი. შემდეგ ფილმი ტელეეკრანებზეც აჩვენეს და მაშინვე მომეხსნა სიბრაზე. ფილმის სიუჟეტი უბრალოა, ყოველგვარი გადაჭარბების და ფანტაზიების გარეშე. იგი მოგვითხრობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ცხოვრებაზე, სიკვდილზე. ფილმმა ღრმა კვალი დატოვა ჩემს სულში. იმაზეც კი ვოცნებობდი, რომ მსახიობებს პირადად შევხვედროდი. გამიმართლა, რომ ჩემი ჟურნალისტური კარიერის დასაწყისში ინტერვიუ სწორედ ამ ფილმის სცენარისტთან ჩავწერე.

სწორედ ასეთმა საოცარმა შემთხვევითობამ დააკავშირა ერთმანეთთან გიორგი დანელია, ფედერიკო ფელინი და სერგეი ფარაჯანოვი. ციხეში ყოფნისას ფარაჯანოვმა კეფირის სახურავზე პუშკინის პორტრეტი ფრჩხილით გამოსახა. ათი წლის შემდეგ, ეს პორტრეტი რეჟისორ ფედერიკო ფელინის ხელში აღმოჩნდა, რომელმაც ამ ნიმუშის მიხედვით ვერცხლის მედალი ჩამოასხმევინა. ეს ჯილდო იტალიის კინოფესტივალზე გიორგი დანელიამ მიიღო.

“1991 წელს, იტალიაში, ქალაქ რიმინიის ფესტივალზე ვიყავი, სადაც ფილმი «Настя» ჩავიტანე”, – ყვება რეჟისორი გიორგი დანელია თავის წიგნში «Безбилетный пассажир» (“უბილეთო მგზავრი”). – ფილმი კონკურსში არ მონაწილეობდა, ამიტომ დასკვნით ცერემონიალზე მშვიდად ვიჯექი, არანაირ ჯილდოს არ ველოდი. მოულოდნელად სცენაზე ჩემი მეგობარი, შესანიშნავი სცენარისტი ტონინო გუერა ავიდა და იტალიურად საუბარი დაიწყო. თავდაპირველად გავიგე სიტყვა “ფელინი”, შემდეგ “ფარაჯანოვი” და შემდეგ – “დანელია გრანდა რეჯისტა”. დარბაზში ყველამ ტაშის დაკვრა დაიწყო და ტონინომ სცენაზე მიმიწვია, რაღაც ყუთი გადმომცა და მთხოვა, რომ გამეხსნა და აუდიტორიისთვის მეჩვენებინა. ასეც მოვიქეცი. ყუთში პატარა ვერცხლის მედალი იდო, რომელზეც ქალწული მარიამი იყო გამოსახული.

მადლობა გადავუხადე და დარბაზში ჩავედი. ნორმალურად, ვერც ვერაფერს მივხვდი. მაშინ, 30-წლიანი მეგობრობის განმავლობაში ტონინო პირველად იყო მეუღლის – ლორას გარეშე, რომელიც მის საუბარს მითარგმნიდა ხოლმე. მხოლოდ ცერემონიალის შემდეგ ამიხსნა ლორამ, რომ ციხეში ფარაჯანოვი მაწვნის ბოთლის თავსახურებისგან მედალს აკეთებდა და მასზე ლურსმნით გამოსახულებას ტვიფრავდა. ერთ-ერთი ასეთი მედალი მან ტონინო გუერას აჩუქა. ტონინომ კი ვერცხლის მედალიონი ჩამოასხმევინა და თავის მეგობარს – ფედერიკო ფელინის აჩუქა, რომლისთვისაც რამდენიმე სცენარი აქვს დაწერილი. იმ დროს ფელინი უკვე შეუძლოდ იყო და საავადმყოფოში იწვა. მაშინ ფელინიმ ტონინოს უთხრა:

– მოდი, ამ მედლისგან ჯილდო გავაკეთოთ და დავარქვათ “ამარკორდი”, რომელსაც რიმინის, ქალაქის სადაც ჩვენ გავიზარდეთ და სადაც ფილმი “ამარკორდი” გადავიღეთ, ფესტივალზე გადავცემთ. ეს იქნება ჩვენი ჯილდო.

ტონინომ ფელინის მოუთხრო, რომელი ფილმები მონაწილეობდნენ კონკურსში და რომელი რეჟისორები ჩავიდნენ ფესტივალზე. ფელინიმ ჯილდოს ჩემთვის გადმოცემა შესთავაზა.

– შენ ხომ დანელიას მიერ გადაღებული ფილმი არ გინახავს, – უთხრა გუერამ.

– არც არის საჭირო. მე ნანახი მაქვს “არ დაიდარდო!” და ჩემთვის ესეც საკმარისია.

ამგვარად, გადმომეცა ფელინისგან ჯილდო “ამარკორდი” ფილმისთვის «Настя» , რომელიც მას არ უნახავს, თუმცა ძალიან უყვარს “არ დაიდარდო!” , და ფარაჯანოვისგან ჯილდო ფილმისთვის “არ დაიდარდო!”, რომელიც მას არ მოსწონს”.

“რეჟისორად უნდა დაიბადო”, – ამბობდა სერგეი ფარაჯანოვი ერთ-ერთ ინტერვიუში. რეჟისორობას ვერ ისწავლი ისეთ იდეალურ უნივერსიტეტშიც კი, როგორიცაა კინემატოგრაფიის საკავშირო სახელმწიფო ინსტიტუტი…

ეკატერინე მინასიანი