გია ყანჩელს 10 წლის წინ შევხვდი. მაშინ ტელევიზიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი. იგი მშობლიურ ქალაქში თავისი საკონცერტო პროგრამით ჩამოვიდა და კონცერტის წინა დღეს, რეპეტიციები რუსთაველის თეატრში გამართა. მე და გადამღები ჯგუფი სასწრაფოდ ადგილზე მივედით, მაგრამ, სამწუხაროდ, დავაგვიანეთ. მაესტროს რეპეტიციები უკვე დაემთავრებინა და წასულიყო. გარდა ამისა, როგორც ერთ-ერთმა ორგანიზატორმა თქვა, ადგილზე რომ დამხვედროდა, ჩემთან საუბარს არ ისურვებდა, რადგანაც ჯერ ერთი, კონცერტებისთვის ემზადება და ამის გამო ძალიან დაკავებულია; მეორეც, მას ჟურნალისტები მაინცადამაინც არ უყვარს, ამიტომ საეჭვოა, ჩემთან შეხვედრას დასთანხმდეს. ერთი სიტყვით, მირჩია, იმედი არ მქონოდა. მხოლოდ ჟურნალისტებს შეუძლიათ გაიგონ, როგორი შეგრძნებაა, როდესაც პირველივე სერიოზული და საპასუხისმგებლო დავალება ჩაგიფლავდება… იმ მომენტში გირჩევნია ბოსფორი ყოველგვარი უნარ-ჩვევების გარეშე გადაცურო, ვიდრე ასე მარტივად დანებდე. ამიტომ, მაესტროს საკონტაქტო ნომერი მოვიძიე და დავურეკე.

– საკმაოდ დაკავებული ვარ, არ გამოვა, – გაისმა პასუხი და ჩემს თავში თითქოს ელვამ გაიარა – ახლა ყურმილს დაკიდებს და ჩემი პირველი სიუჟეტის ჩაწერის შანსიც სამუდამოდ დაიკარგება.

– ბატონო გია, გთხოვთ, სანამ ტელეფონს გამითიშავთ, მომისმინეთ, – ვთქვი ენის გასატეხივით. – აქამდე პრესაში ვმუშაობდი. ყოველთვის მინდოდა საკუთარი ძალების ტელევიზიაში მოსინჯვა. ბევრი რამ ვისწავლე და კიდევ ბევრის სწავლა მომიწევს. დღეს პირველი სერიოზული დავალება მომცეს – თქვენს თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებით სიუჟეტი უნდა გავაკეთო. ჩემთვის ეს ძალზედ მნიშვნელოვანია! – ჩამოვარაკრაკე სასოწარკვეთილი ხმით.

ხანგრძლივი პაუზა… ალბათ, ჩემი გულისცემის ხმა ტელეფონის მეორე მხარეს ისმოდა.

– კარგი, – თქვა მაესტრომ შეცვლილი ხმით, – დამირეკეთ ხვალ, დღის პირველ ნახევრში და შეხვედრაზე შევთანხმდეთ.

კომპოზიტორს დათქმულ დროს დავურეკე და მან თავისთან მიგვიპატიჟა. წარმოიდგინეთ ჩემი გაკვირვება, როდესაც მისამართზე მივედით და ყანჩელი საკუთრი სახლის წინ, ქუჩაში დაგვხვდა.

– ალბათ, თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ სადმე ბაღში, ბუნებაში გადაიღებთ, – შემოგვაგება შეთავაზება.

როგორც აღმოჩნდა, მან წინასწარ დაურეკა მეგობარს და ინტერვიუს ჩასაწერად ადგილიც მოამზადა. ერთი სიტყვით, მაესტრომ მთელი სიუჟეტი წინასწარ შეადგინა და ჩვენი შეხვედრისთვის სიმფონიაც დაწერა.

ადგილზე მალე მივედით. სახლს ულამაზესი ბაღი ჰქონდა. მაგიდას შემოვუსხედით და ჩაწერა დავიწყეთ. ვისაუბრეთ მუსიკაზე, 90-იან წლებში საქართველოდან წასვლაზე, მეგობრებზე და ბევრ სხვა საკითხზე. მაესტრო წყნარად და შესვენებებით საუბრობდა, ზუსტად ისე, როგორც მისი მუსიკა. საუბრისას სიჩუმე ისადგურებდა, რომელიც განსაკუთრებული აზრით ივსებოდა. “პაუზები” რომელსაც ყანჩელი სიგარეტის მოწევით ახანგრძლივებდა, ჩვენი ნაწარმოების დრამატურგიული ნაწილი ხდებოდა.

– არ ვიცი, ასე რატომ ხდება, მაგრამ ხშირად მომიხსენიებენ, როგორც კომპოზიტორს, რომელმაც ფილმ “მიმინოსთვის” მუსიკა დაწერა. ა-ა-ა, ეს ხომ ის არის ჩიტო-გვრიტო რომ დაწერა,- თქვა შეჭმუხნული სახით, – დიახ, მეტი მე ხომ არაფერი დამიწერია.

გია ყანჩელმა მუსიკა 50 კინოსურათისთვის შექმნა. აქედან 7 ფილმის რეჟისორი კიდევ ერთი ლეგენდარული ქართველი გიორგი დანელიაა. მაესტრო მუსიკას სპექტაკლებისთვისაც წერდა. გარდა ამისა, მან 7 სიმფონიური და კამერული მუსიკა შექმნა, რომლებიც მსოფლიოში ცნობილმა დირიჟორებმა და ორკესტრებმა შეასრულეს. ყანჩელის კალამს ეკუთვნის ასევე ორ-აქტიანი ოპერა.

– ინსტრუმენტზე არ დავუკრავ, -თქვა ყანჩელმა გადაჭრით მაშინვე, როგორც კი საუბარი მუსიკალური ინსტრუმენტის ქონას შეეხო.

შეხვედრის დასრულებამდე თავის პოზიციაზე იდგა და ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სახლამდე მიყვანა გვთხოვა. ისევ ავტომობილში ჩავსხედით. მძღოლი და ოპერატორის წინ დასხდნენ, მე და მაესტრო – უკან. მთელი გზა ხუმრობაში გავიარეთ.

ამგვარად, სახელგანთქმული და გენიალური გია ყანჩელი ჩემი პირველი სატელევიზიო სიუჟეტის გმირი გახდა. მას შემდეგ, უამრავი – ცნობილი და უცნობი, ნიჭიერი და არაფრით გამორჩეული ადამიანის შესახებ გამიკეთებია სიუჟეტი, მაგრამ ყანჩელი ჩემს ბედნიერ თილისმად იქცა. საკმარისი იყო მისი, რომელიმე მელოდია სიუჟეტის ფონად გამომეყენებინა, რომ ნამუშევარი შეუდარებლად ლირიული და თბილი გამოდიოდა.

ნახევარსაუკუნოვანი ტანდემი – სამუშაო და მეგობრობა

ყანჩელი ექიმის ოჯახში დაიბადა. იგი განათლებით გეოლოგია, თუმცა მე -20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ლეგენდარული კომპოზიტორი გახდა. განა ეს ბედის ირონია არ არის?! თუმცა, არა, ალბათ ეს მაინც კანონზომიერებაა. ამ მასშტაბის ნიჭი ნებისმიერი გზით და ფასად უნდა გამოვლენილიყო. როგორ წარმოგიდგენიათ, იოჰან სებასტიან ბახი მწერალი, მხატვარი ან მსახიობი რომ გამხდარიყო? ცხადია, რთული წარმოსადგენია, რადგან ეს იყო მისი მოწოდება, დანიშნულება, მისია. სხვათა შორის, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში გიას მეგობრებმა მეტსახელად სწორედ იოჰან სებასტიან ბახი შეარქვეს. სხვათა შორის, გია ყანჩელის ბავშვობამ ომის წლებში გაიარა. დედასთან ერთად პურის მაღაზიაში გრძელ რიგში დგომისას, იგი ოცნებობდა გამხდარიყო არა კოსმონავტი, ან მფრინავი, არამედ პურის გამყიდველი.

სკოლის დამთავრების შემდეგ, ყანჩელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა. მუსიკალური განათლება უნივერსიტეტის შემდეგ მიიღო. ჯერ კონსერვატორიაში ჩააბარა, შემდეგ კი იქვე მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ყანჩელმა იმ პერიოდში კლასიკური საორკესტრო ნაწარმოებები, სიმფონიები დაწერა. შესაძლოა, ყანჩელი მხოლოდ კლასიკური ნაწარმოებების ავტორად დარჩებოდა, რომ არ შეხვედროდა ძალიან ნიჭიერ ადამიანს – გიორგი დანელიას. მათი ნახევარსაუკუნოვანი ტანდემი ფილმ “არ დაიდარდო”-სთვის მუსიკის დაწერით დაიწყო “მიმინოთი”, “პასპორტით”, “ქინ-ძა-ძათი” და სხვებით გაგრძელდა.

დანელიას ფილმებისთვის ყანჩელის მიერ დაწერილი მუსიკა, არც ფონია და არც მუსიკალური გზა, ეს არის მთავარი პერსონაჟი! მაგალითად, ფილმ “მიმინოში” სიმღერა “ჩიტო-გვრიტო” იმდენად სრული და თვითმყოფადია, რომ მსმენელი აუცილებლად დაფიქრდება, ვინ არის ფილმის მთავარი გმირი ჩიტი-გვრიტი, თუ ვალიკო მიზანდარი?!

– ეს მუსიკა არ არის, ეს არის “ტრიპერი”, – თქვა ყანჩელმა ჩიტო-გვრიტოზე.

– რატომ ტრიპერი?

– იმიტომ, რომ სწრაფად ჩაგაფრინდება და რთულია თავიდან მოშორება, – პასუხობდა ის.

გიორგი დანელიას მოგონებებიდან

დანელიას ფილმებისთვის დაწერილი მუსიკა ყოველთვის დიდებული იყო. ამასთან, დანელია გამუდმებით ითხოვდა, რომ ყანჩელს მისი ფილმებისთვის მელოდიები გაემარტივებინა. სხვათა შორის, დანელიას ანტიუტოპია “ქინ-ძა-ძა”-სთვის დაწერილი “უცხო პლანეტელების მუსიკა” რეჟისორს საკმაოდ პრიმიტიულად და საზიზღრად “ესმოდა”. მაესტროს “ცუდი” მუსიკის დაწერა არ შეეძლო. საბოლოოდ მოიფიქრეს, რომ ჟანგიანი საკეტის ჭრიჭინის და მინაზე ე.წ. ბრიტვის ფხაჭუნის ხმები ჩაეწერათ.

– (დანელია) «გია ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს. დროდადრო ანტვერპენიდან რეკავს, ამბობს: “მოუსმინე” და როიალზე უკრავს. რაღაც შესწორებებს ვაძლევ. ვუხსნი, რომ მონაკვეთი, რომელიც “ტა-ტა-ტა-ტა”-ს (ვცდილობ წავიმღერო) შემდეგ მოდის, მოსაშორებელია და პირდაპირ “ტი-ტი-ტი”-ზე (ისევ ვცდილობ წამღერებას) უნდა გადავიდეს.

— (ყანჩელი) რომელ ტაქტში?

— (დანელია) არ მახსოვს. მაგრამ როგორც კი “ტა-ტა-ტა” მთავრდება, მაშინვე უნდა გადახვიდე “ტი-ტი-ტი”-ზე. ის უკრავს.

— (ყანჩელი) ასე?

— (დანელია) არა! ხომ გეუბნები: “ტა-ტა-ტა”-ს მერე! ვმღერი.

— (ყანჩელი) კარგი. მგონი, მივხვდი, რაც გინდა. დაგირეკავ, – ნახევარი საათის შემდეგ რეკავს. უკრავს. – ასე?

— (დანელია) არა! შენ არ ამოგიღია. “ტა-ტა-ტა”-ს შემდეგ უნდა ამოაგდო “ლა-ლა-ლა” და არა “ტი-ტი-ტი”-ს შემდეგ!

— (ყანჩელი) რას ნიშნავს “ლა-ლა-ლა” და “ტი-ტი-ტი”?! – ყვირის გია – შენ 100 წლის ხარ! ისწავლე ბოლოსდაბოლოს ნოტები! სულ შვიდია! (დანელიას წიგნიდან “Тостуемый пьет до дна”.).

სადისტი, ტირანი, — ფიქრობდა გულში ყანჩელი დანელიაზე და ამბობდა, რომ მართალია, ციხეში არასოდეს მჯდარა, თუმცა დანელიასთვის მუსიკის დაწერას პატიმრობაში ყოფნას ადარებდა. ამის საპირისპიროდ რეჟისორ რობერტ სტურუასთან ერთად მუშაობა მოჰყავდა და ამბობდა, რომ მასთან თავისუფლად სუნთქავდა.

ყანჩელი და დანელია ხშირად ჩხუბობდნენ, რიგდებოდნენ, მერე ისევ ჩხუბობდნენ. მათი ურთიერთობა რაღაცით მიზანდარი-ხაჩიკიანის ურთიერთობას წააგავდა. ყანჩელის მუსიკის გარეშე მუშაობა დანელიასთვის წარმოუდგენელი იყო. მაესტროც, სიმფონიებზე მუშაობისას კინემატოგრაფიაშიც მოღვაწეობდა.

გია ყანჩელი

“ბოლო წლებში მე და გია ტელეფონით სიკვდილზე ხშირად ვსაუბრობდით. ვამბობდით, ვინ უფრო ადრე წავიდოდა ამ ქვეყნიდან”,- ამბობდა ყანჩელი მეგობრის გარდაცვალების შემდეგ.

დანელია მაესტროზე, რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.

“შეუძლებელია მუსიკის გაგება, ის მხოლოდ უნდა იგრძნო. მუსიკა არც პოეზიაა
და არც პროზა… ეს აბსოლუტურად აბსტრაქტული მოვლენაა”,- ამბობდა ყანჩელი.

ყანჩელის მუსიკა, ჰგავს დიალოგს კოსმოსში, ღმერთთან. არა, ეს არც ლოცვაა და არც აღსარება. ეს არის საუბარი თანატოლთან. საუბარი იმის შესახებ, რომ ადამიანი არის სუსტი და უძლური, შესანიშნავი და იმავდროულად საშინელია, ცოდვილი და მართალი, ბრძენი და სულელი და სხვა მრავალზე.

“ნოტებში ჩამალული ფიქრების ბოლომდე ამოცნობა, იგივეა, რაც სამყაროს შექმნის საიდუმლოს ჩაწვდე. საბედნიეროდ, ჯერ კიდევ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს”, – ამბობდა მაესტრო განვლილი გზის გაანალიზებისას.

თუმცა, ყანჩელმა ერთი მიუღწევადი საიდუმლოს ამოცნობა მაინც შეძლო. ეს არის სიჩუმე.

“პაუზა – ეს არის სიჩუმეში წასვლა. სიჩუმე სხვადასხვაგვარი არსებობს. არსებობს ჟღერადი, როდესაც ის წარმოსახვითი მუსიკით ივსება. პაუზა უნდა აღიქმებოდეს, როგორც მუსიკის გაგრძელება, ან მომდევნო ეპიზოდის დასაწყისი…”, – ამბობდა მაესტრო.

ეკატერინე მინასიანი

PAN Photo/Vahan Stepanyan-ის ფოტოები

თარგმანი: ხათუნა პაპაშვილი