საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჯერ კიდევ მოქმედ პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას UEFA-მ 10 წლით სამსახური შესთავაზა, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, რა პოზიციაზე იმუშავებს სიჭინავა ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანიზაციაში. ამის შესახებ ინფორმაციას worldsport.ge ავრცელებს.

ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურშიც ადასტურებენ.

Dalma news-ი მანამდე წერდა, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმაზვიად სიჭინავამ, თანამდებობის დატოვების შესახებ რამდენიმე დღის წინ, უეფა-ს სუპერთასის მატჩის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იგი მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს. “როგორც დიდ ფეხბურთშია, ნებისმიერი ადამიანი უნდა წავიდეს თავის პიკზე, დღეს კი ჩემი პიკი იყო”, – განმარტა სიჭინავამ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ოქტომბერს გაიმართება. ამდროისთვის პრეზიდენტობის სურვილი მხოლოდ ორმა, ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რევაზ არველაძემ და ეროვნული გუნდის ექს-კაპიტანმა, ნაკრების რეკორდსმენმა ჩატარებული მატჩების მიხედვით ლევან კობიაშვილმა გამოთქვეს.