პოლიტიკური პარტია “თეთრების” ლიდერი, იმერეთის რეგიონის ექსგუბერნატორი თემურ შაშიაშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ბოლო დღეებმა დაარწმუნა, რომ “ნაცმოძრაობა”, როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაცია უნდა გასამართლდეს, “ქართული ოცნება” კი ხელისუფლებიდან გასაშვებია და უნდა მოვიდეს ახალი ძალა, რომელიც პროფესიონალებით იქნება დაკომპლექტებული და ქვეყნის გარედან არ იმართება.

მისივე თქმით, ასეთი მძლავრი ძალა დღეს საქართველოში არ არსებობს. პოლიტიკოსთა აბსოლუტურ უმრავლესობას პატრონი გარეთ ჰყავს, ხალხი მიტოვებულია, ასეთი ძალა შესაქმნელია და ამაზე სერიოზულად უნდა იფიქრონ სახელმწიფო კაცებმა, მეცნიერებმა, მოღვაწეებმა, ანუ იმ ხალხმა, ვისაც თვითონ კი არ უნდა ხელისუფლებაში მოსვლა, არამედ სურს ძლიერი საქართველო და მთელი ცხოვრება ამ განწყობით ცხოვრობდა.
თეთრების ლიდერს მიაჩნია, რომ ქვეყნის დღევანდელი სავალალო მდგომარეობა სწორედ პოლიტიკურ პარტიათა და პოლიტიკოსთა თავგასულობის შედეგია.

“ქვეყნის გადარჩენა არც ბელადშია და არც მილიარდელში. საქართველოში უნდა დასრულდეს პოლიტიკურ სამთავროებად დაყოფა, კინკლაობა და დაპირისპირება. ეს რთული გზა გასავლელია, თუ გვინდა საქართველოში დამთავრდეს ქუჩიდან მოსული ხელისუფალთა ერა” – აცხადებს შაშიაშვილი.

“თეთრების” ლიდერი ხალხს მოუწოდებს განსაკუთრებულ სიფრთხილე გამოიჩინონ საქველმოქმედო ფონდების შემქმნელთა და ეკლესიების მშენებელთა მიმართ. მისი აზრით, ძალიან ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც ეკლესია ააშენა, ქველმოქმედება გასწია და მოსახლეობისგან პოლიტიკური დივიდენდები და მხარდაჭერა არ მოითხოვა.