ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ალექსანდრე ქართველის დაბადების დღეზე, თბილისში ავიაციის კვირეული წელსაც გაიხსნება. ღონისძიება 9 სექტემბერს დაიწყება და 19 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მომავალი წელი საიუბილეოა, დიდ ქართველ გამომგონებელს 120 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტრო გეგმავს სამხედრო მუზეუმის მოწყობას, რომელიც უცხოეთში მოღვაწე ქართველების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.

როგორც Dalma News-ს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, კვირეულის საორგანიზაციო საკითხებსა და უცხოეთში მოღვაწე ქართველი სამხედროების პოპულარიზაციაზე იმსჯელეს თავდაცვის სამინისტროში, სადაც მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “ალ.ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” პრეზიდენტსა და ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლებს უმასპინძლა.

“გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ წლევანდელი კვირეული და 2016 წლის ღონისძიებისთვის მეტი პარტნიორი მოვიზიდოთ. თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურ პოპულარიაზაციას გაუწევს ალექსანდრე ქართველის სახელს შემოდგომაზე დაგეგმილი საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში. გვსურს, რომ ავიაშოუ დავამთხვიოთ ამ კონფერენციის გახსნას, იქ წარმოდგენილ უცხოელ პარტნიორებს გავაცნოთ ალექსანდრე ქართველი და ვიამაყოთ მისი სახელით”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელი.

თავის მხრივ სამინისტროსთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა “ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების” პრეზიდენტმა ლელა ქართველიშვილმა: “დიდი მხარდაჭერა გვაქვს მინისტრისგან და მადლიერები ვართ ამის გამო. ალბათ ერთობლივად შევქმნით საკოორდინაციო კომისიას, რომელიც შესაბამის საკითხებს განიხილავს, განვახორციელებთ დასახულ მიზნებს და მოვემზადებით ალექსანდრე ქართველის 120 წლის იუბილესთვის,” – განაცხადა ლელა ქართველიშვილმა და დასძინა, რომ ალექსანდრე ქართველის იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში აქტიურად არის ჩართული ამერიკული მხარეც.

აშშ-ში მოღვაწე ქართველ ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველი (ქართველიშვილი) აშშ-ის სამხედრო და აკადემიურ წრეებში ავიაციის ლეგენდად მიიჩნევენ. მის სახელს უკავშირდება 14 ამერიკული სამხედრო-საბრძოლო თვითმფრინავის შექმნა.

ალექსანდრე ქართველი აშშ-ის ატომური კომიტეტის წევრი იყო, მუშაობდა NASA-ს გასაიდუმლოებულ და მთვარის პროექტებზე. მის მიერ შექმნილი პროექტები დღემდე ხორციელდება.