პირველი ველოსიპედის, როგორც სატრანსპორტო პროგრესის როლი დღეს მართლაც დასაფასებელია, რადგან სწორედ მისგან დაიწყო ტრანსპორტის სხვა სახეობების – ავტომობილებისა და თვითმფრინავების ტექნიკური ბაზის შექმნა. მართლაც გასაოცარია, რომ ველოსიპედები, რომლებსაც დღეს ვიყენებთ, 130 წლის წინ არის შექმნილი და პირვანდელი – ორსაბურავიანი სახით გამოიყენება დღესაც.

უნდა ითქვას ისიც, რომ ველოსიპედი მხოლოდ ბავშვური გართობა არ არის, როგორც ზოგიერთ ავტომოყვარულს მიჩნია, არამედ ატმოსფეროში სათბური გაზების  დაგროვების  შემცირებისა და ადამიანებს გარესამყაროსთან დასაახლოვებელი ერთ-ერთი საშუალებაა. ზოგისთვის კი ეს ბევრად უფრო მეტია, ვიდრე გართობა. ეს მათი ცხოვრების წესი, სპორტი,  ჯანმრთელობა, გადაადგილების საშუალება და წამახალისებელი ფაქტორია.

თითოეული უფროსი ასაკის ადამიანი, რომელიც ველოსიპედზე ჯდება, ბავშვობას იხსენებს. აქვს თავისუფლებისა და  დამოუკიდებლობის შეგრძნება. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე, როდესაც მეგობრის ველოსიპედით გასეირნება გადავწყვიტე. მან ტრანსპორტის ეს საშუალება ყოველდღიური ცხოვრების გასამრავალფეროვნებად შეიძინა და ვშიშობ, რომ იგივე ძლიერი სურვილი მეც მეუფლება. თუმცა, კარგი ის არის, რომ თბილისში სულ უფრო მატულობს ველოსიპედით მოსიარულეთა რიცხვი.

ველოსიპედი შედარებით პოპულარულია ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. მაგალითად, დანიის საშუალო შემოსავლიანი მოქალაქე ველოსიპედით წელიწადში 890 კილომეტრს გადის, ნიდერლანდებში – 850 კილომეტრს, დანარჩენ ქვეყნებში – უფრო ნაკლებს. ასეთი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი ევროპული ქვეყნების მთავრობების მიერ გატარებული საშინაო პოლიტიკაა.  ტრანსპორტის ამ საშუალების გამოყენებას ერთბაშად სამი დადებითი მხარე აქვს: მეგაპოლისის ცენტრალური საავტომობილო ქუჩების განმუხტვა, ეკოლოგიური ზარალის შემცირება და მოქალაქეების ჯანმრთელობის გაუმჯობესება.

დავუბრუნდეთ თბილისს. 18 სექტემბერს ველოსიპედისტთა კლუბმა „Tbilisi Bicycle Group“-მა თავისი დაარსებიდან ერთი წლისთავი აღნიშნა. დედაქალაქისთვის ეს შედარებით  ახალი  სატრანსპორტო საშუალებაა, თუმცა პერსპექტიული. ამ ჯგუფს სოციალურ ქსელ facebook-ში გვერდი აქვს გახსნილი და ბევრი მხარდამჭერიც ჰყავს.

Tbilisi Bicycle Group-ის დამფუძვნებელი თამაზ ტიკანაძე ჰყვება: „ბავშვობიდან მიყვარს ველოსიპედი. როდესა ჩემი ტოლი ბიჭები ეზოში ფეხბურთს თამაშობდნენ, მე ველოსიპედით ვსეირნობდი. ჩემის აზრით ბუნების სილამაზემ და  სიმშვიდის სიყვარულმა გამიჩინა სურვილი ველოსიპედით მევლო. დღეს უკვე რამოდენიმე ველოსიპედი მყავს, თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული მოგონება მაკავშირებს. როდესაც თბილისში სასწავლებლად ჩამოვედი, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ აქ  იქნებოდა მაღაზიები, სადაც უცხორული წარმოების ველოსიპედები იყიდებოდა. ერთ-ერთ ტრენინგზე გავიცანი ადამიანი, რომელსაც სწორედ ასეთი მაღაზია ჰქონდა.

მან რამოდენიმე რჩევა მომცა და 2014 წელს სამოყვარულო კლასის  მთაზემავალი ჩემი პირველი ველოსიპედი შევიძინე. იმ დროისთვის უკვე დამთავრებული მქონდა ინსტიტუტი და სამუშაო განრიგის მიხედვით ბევრი თავისუფალი დრო მქონდა. ამიტომ შემეძლო ბევრი მევარჯიშა და თავგადასავლები მეძებნა,ან უბრალოდ ველოსიპედით მესეირნა და დამეთვალიერებინა ის ადგილები, რომლებიც მანამდე არ მენახა. ამგვარად მოვიარე ველოსიპედით თბილისის გარეუბნები, „კუს ტბა“ და „ლისის ტბა“, ასევე კოჯორი, წყნეთი და სხვა ლამაზი ადგილები. იმ დროისთვის თბილისის ქუჩებში ველოსიპედით თითქმის არავინ დადიოდა. ამაოდ ვეძებდი  ველოსიპედისტთა ჯგუფს.

ერთხელ ერთი უცხოელი მომიახლოვდა და მითხრა, რომ ის საქართველოში ველოსიპედით ჩამოვიდა და სურდა  მთელი ქვეყნის მასშტაბით ველოტური მოეწყო, რათა უკეთ გასცნობოდა მას. შემდეგ მთხოვა, რომ მისთვის გიდობა გამეწია. მეორე დღეს ალფ-ასლანთან (თურქეთის მოქალაქე) და მის რამოდენიმე თანამგზავრთან ერთად მთელი თბილისი შემოვიარეთ. იმ დღეს შემომთავაზა ალფ-ასლანმა  შემექმნა „თბილისელი ველოსიპედისტების ჯგუფი“. ამის შემდეგ მე და ნიკა (იგი ასლანთან ერთად ტურის მოწყობისას გავიცანი) თბილისის ქუჩებში ვეძებით მარტოხელა ველოსიპედისტებს და ჩვენს ჯგუფში გაერთიანებას ვთავაზობდით. ისინი სიხარულით გვთანხმდებოდნენ და შედეგად, ორ თვეში ჯუგუფის მონაწილეების რაოდენობამ რამოდენიმე ასეულს მიაღწია. ასე შეიქმნა TbilisiBicycleGroup, რომელშიც ამ დროისთვის დაახლოებით 2 ათასი ადამიანია დარეგისტრირებული.“

საყვარელი საქმიანობის გარშემო ადამიანების ამგვარი გაერთიანების კონცეფცია საზოგადოებრივი განვითარების საფუძველია და რაც უფრო მეტ თანამოაზრეს შეხვდებით, მით უფრო იზრდება პირადი თვითშეფასება და გარშემო მყოფთა მიმართ დამოკიდებულება.

ჩემი მეობარი ალექსანდრე, რომელსაც კვირაში ერთხელ ვხვდები, ყოველთვის მიყვება თავის ისტორიებს ველოტურების შესახებ და  სულ უფრო მეტად ვრწმუნდები, რომ ველოსპორტი ძალიან მაგარია. თუმცა, ამ ისტორიებში ბევრია ტრამვა და იარა, მაგრამ ნამდვილი მამაკაცისთვის ეს ყველაფერი გამოცდილებასთან ერთად მოდის, რაც რთულადმისაღწევი მიზნისაკენ სწრაფვაში გაბედულებას სძენს.

ველოსპორტი ნამდვილად არ არის ადვილი.  დიდი ძალისხმევაა საჭირო, რომ ეს გართობა სიაოვნებად იქცეს. მსგავსი აქტიური სპორტით დაკავება ცხოვრებას უკეთესობისკენ ცვლის და ამის გაკეთება თითქმის ყველას შეუძლია.  Tbilisi Bicycle Group-ის წევრებს შორის არიან სხვადასხვა ასაკისა და სქესის ადამიანები. მეგონა, რომ ეს მხოლოდ მამაკაცური სპორტია, მაგრამ ვცდებოდი, რადგანაც  სუსტი სქესის წარმომადგენლები მამაკაცებს ტოლს არ უდებენ.

ჯგუფის წევრები ხშირად მართავენ საქველმოქმედო და გასართობ ღონისძიებებს. ველოტურების დროს ერთად შეკრებილი ველომოყვარულები ძალიან მეობრულ ატმოსფეროს ჰქმნიან.

მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფს ოფიციალური სტატუსი არ აქვს, დედაქალაქში მცხოვრებ ველომოყვარულებს შორის ის მაინც სარგებლობს პოპულარობით. დამწყებ ველოსიპედისტებს თბილისში უკვე აღარ ხვდებათ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინათ ჩემი ამბის გმირებს გადახდათ თავს. მათთვის შექნილია გარემო, სადაც გამოცდილი ველოსიპედისტების გვერდით თავს კომფორტულად გრძნობენ.