კომპანია “ვისოლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის სოსო ფხაკაძის განცხადებით, სახელმწიფომ და ბიზნესმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ და ერთად იბრძოლონ, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში.

როგორც ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რეგიონში შექმნილი არასახარბიელო ვითარება საქართველოზეც აისახება და ქვეყანაში დღეს შექმნილი ვითარების განცალკევებით განხილვა არ შეიძლება. “ძალიან რთული ვითარებაა რეგიონში. თითქმის ყველა ქვეყანა დიდი პრობლემების წინაშეა და ამ დროს სახელმწიფომ და ბიზნესმენებმა ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ, ერთად უნდა ვიბრძოლოთ, რათა რაც შეიძლება მეტი უცხოური ვალუტა შემოვიდეს ქვეყანაში”, – განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, ლარის კურსი მოქმედებს, როგორც ბიზნესზე, ასევე მოსახლეობაზე.

“ბიზნესი კეთდება მომავალზე გათვლით. რასაკვირველია, თუ გაქვს პოზიტიური მოლოდინები, უფრო მეტი ინვესტიცია იდება ბიზნესსა და ეკონომიკაში,” – აცხადებს ბიზნესმენი.

რაც შეეხება მოლოდინებს, ფხაკაძე აცხადებს, რომ ქვეყანა თანდათან მიიღებს ჯანსაღ, ნორმალურ სახეს, ძლიერი ბიზნესსა და ეკონომიკას, “ეს არ მოხდება ერთ-ორ წელიწადში, მაგრამ აქეთ მივდივართ”, – აცხადებს იგი.